უილსონის ტრაგედიიდან — „ჟამიანი ქალაქი“
ქუჩა. გაშლილი მაგიდა.
რამდენიმე მონადიმე მამაკაცი და ქალი.
ახალგაზრდა კაცი
პატივცემულო თავმჯდომარევ! მე მოგაგონებთ
ერთ ადამიანს, ჩვენთვის ასე ნაცნობს, ახლობელს,
ვისი ხუმრობაც, მონათხრობი გასაცინარი,
ენაკვიმატი პასუხები და რეპლიკები, —
თავშესაქცევი, საქმიანიც იმავდროულად, —
ახალისებდა მუდამ სუფრას, აცხოველებდა
ფრიად მუსაიფს და ფანტავდა სევდიან წყვდიადს,
აქ რომ ჩამოწვა მას შემდეგ, რაც გვესტუმრა ჟამი, —
თვით უბრწყინვალეს გონებათა მაშფოთებელი.
ორიოდ დღის წინ ხარხარით და აღფრთოვანებით
შევასხით ხოტბა ამბებს მისგან განაგონს. არა,
არ შეიძლება დავივიწყოთ ჩვენ დღეს ჯექსონი,
ამ ჩვენს ნადიმზე მხიარულზე! რა ცარიელნი
დგანან ეს მისი სავარძლები, თითქოს ელიან
უებრო მომლხენს. — მაგრამ იგი აწ განისვენებს
ცივ მიწისქვეშა საცხოვრისში, არ დაბრუნდება;
თუმც ენას მისას დადუმება არ სურდა მჭევრსა, —
თვით კუბოშიც კი. ჩვენ ბევრნი ვართ
ჯერაც ცოცხლები,
და ამიტომაც მოწყენისთვის ვერ ვხედავ მიზეზს.
მაშ, შევსვათ მისი მოგონების, ავაწკრიალოთ
ეს სასმისები უდარდელად, თითქოს ვუცქერდეთ
მას ცოცხალს.
თავმჯდომარე
იგი პირველია, ვინც ჩვენ დაგვაკლდა.
დავლიოთ ჩუმად მისი ხსოვნის.
ახალგაზრდა კაცი
მოდი, დავლიოთ!
(ჩუმად სვამენ)
თავმჯდომარე
მშობლიურ ჰანგებს ვით უხდება შენი ხმა, კარგო,
ველურ სიტკბოს, რომ ღვრის იდუმალ.
გვიმღერე, მერი,
გვიმღერე რამე ხანგრძლივი და დასაღონები,
რათა ჩვენ მერე კვლავ გიჟმაჟი თავდავიწყებით
მივმართოთ ლხინს და სიხარულსა, როგორც ნეტარმა
სულმა ამ მიწას განარიდმა, ზეცას ასულმა.
მერი
(მღერის)
ცისქვეშ ერთ დროს ჩვენი მხარეც
ჰყვაოდა და იყო ლაღი,
კვირაობით ივსებოდა
ეკლესია — უფლის სახლი.
და სკოლებში მოწკრიალე
ზარად რეკდა ბავშვთა ხმები,
ნამგლის შუქით ნათდებოდა
ჩვენი მწვანე სანახები.
აწ ტაძარში არვინაა,
სკოლა არის ჩარაზული,
ჭირნახული არ გვარგია,
გულს ჰკლავს ჭალა უკაცური.
და სოფელი საყვარელი
ჩანს, ვით სახლი ნახანძრალი,
დუმს ყოველი, ჩქამობს მარტო
სასაფლაო ვერგამძღარი.
დიან ცხედართ გრძელი რიგნი
და ცოცხლების მოთქმაც დიდობს,
ღმერთს შესთხოვენ შიშნეულად, —
განსაცდელი აარიდოს.
ჭირს ადგილის შოვნაც უკვე
და სამარხი სამარხს ეკვრის,
ვით შემკრთალი ირმის ჯოგი,
მინდვრად როცა გნიასს შექმნის.
თუ საფლავმა ნაადრევმა
მე მომისპო ყვავილობა,
შენ, ჩემს მიჯნურს, ვისი ტრფობა
გულზე მაჩნდა ტკბილ ჭრილობად, —
გევედრები: არ შეეხო
შენი ჯენის ტანს სასურველს,
მკვდარს ბაგეს ნუ დაუკოცნი,
გაშორდი, ვით შხამიან გველს.
გაეცალე სოფელს სულაც!
წადი სადმე, სადაც გნებავს,
სადაც შეძლებ ტკივილების
დაყუჩებას, დასვენებას.
როს გაქრება ჟამი, მაშინ
ჩემს საფლავთან მოდი ობლად,
ჯენი კი ღმერთს შეავედრებს
ძვირფას ედმონდს იმასოფლად!
თავმჯდომარე
მადლობას გიძღვნით, ფიქრნათელო მერი, ყველანი;
მიიღე იგი სევდიანი ამ სიმღერისთვის.
წარსულ დღეებში ასეთივე ჟამიანობა
ესტუმრა ლამაზ სერებს თქვენსას, თქვენს საცხოვრებელს,
ასე ისმოდა კიდით-კიდე ირგვლივ გოდება
და გულისმწყვლელად ხევ-ნაკადულთ ეფინებოდა;
იმ ნაკადულებს, აწ რომ ხტიან ქვებზე ანცები,
რომ კისკისებენ შენი მიწის ველურ ედემში.
შავბნელმა წელმა შავი მიწა მრავალს არგუნა:
კეთილს, მშვენიერს, გულმამაცს და დიდბუნებოვანს,
და მაინც იმ წლის მოგონება მკრთალად თუ გაკრთა, —
მხოლოდღა ამო სევდის მომგვრელ მწყემსურ ღიღინში.
არა, ჩვენ ისე არაფერი გვაღონებს ლხინში,
როგორც დაღლილი, მშვიდი ბგერა გულსმოსახვედრი.
მერი
რა იქნებოდა, რომ მშობელთა ქოხის კიდეგან
მე არ მემღერა არასოდეს! როგორ უყვარდათ
ჩემი მოსმენა. მშობლიური კერის მახლობლად
მიჯობდა მღერა, საკუთარ თავს იქ უკეთ ვგრძნობდი.
მაშინ ხმა მქონდა უფრო ტკბილი და გამჭვირვალე,
რადგან ბადებდა მას სიწმინდე, უცოდველობა.
ლუიზა
აწ აღარაა ეს ჰანგები უკვე მოდაში!
თუმცა არიან ჯერაც ისევ მარტივი სულნი,
ქალურ ცრემლზე რომ ჩვილდებიან და მისი ბრმად სწამთ.
ქალი კი ფიქრობს — ვერა ძალა ვერ აღუდგება
წინ მის ცრემლიან გამოხედვას... ის რომ ღიმილზეც
ასე ფიქრობდეს, გაღიმებულს ნახავდი მუდამ.
ფრიად აქებდა ვალსინგამი ჩრდილოელ ასულთ, —
მტირალა ტურფებს: და ამანაც მოთქმა დაიწყო.
ვერა, სიყვითლეს შოტლანდიურ თმისას ვერ ვიტან.
თავმჯდომარე
მიაყურადეთ: მგონი მესმის ხმაური თვლების!
(მოდის ურემი, ცხედრებით დატვირთული, რომელსაც ზანგი მართავს)
აჰა! ლუიზა ცუდად არის. მისმა სიტყვებმა
მაფიქრებინა, რომ უძგერდა მამაცი გული,
თუმც სისასტიკე სინაზეზე უფრო სუსტია,
და სულში შიში მწველ ვნებათა გვერდით ბინადრობს.
მერი, მიასხი მას სახეზე წყალი... მოკეთდა.
მერი
დავ ჩემი დარდის და შერცხვენის, მოდი, მომეყრდენ
ამ მკერდზე
ლუიზა
(გონს მოსული)
ვნახე ამაზრზენი დემონი სიზმრად:
მთლად შავი, შავი, უელავდა თეთრი თვალები,
თავის ურემში მე მიხმობდა, ის სავსე იყო
მკვდრებით, რომლებიც ჩურჩულებდნენ საშინელ სიტყვებს.
ზმანება იყო თუ სიცხადე, მითხარით მალე,
მართლა ურემმა ჩაიარა?
ახალგაზრდა კაცი
აბა, ლუიზა,
გამხიარულდი. მართალია, ქუჩა ჩვენია,
თავშესაფარი — სიკვდილისგან ჩვენი დამხსნელი,
ადგილი ლხინთა სად არ-რაა აღმაშფოთები,
მაგრამ ეს კია, ამ შავ ურემს ყოველგან ძალუძს
მისვლა-მოსვლა და ჩვენც გზა უნდა მივცეთ უთუოდ.
ახლა მისმინე შენ, ვალსინგამ: რომ მსწრაფლ აღკვეთო
აქ კამათი და გულისწასვლა ქალების, მოდი,
გვიმღერე რამე, — ვნებიანი, ძალისმომცემი,
და არა რაღაც შოტლანდიურ სევდით აღსავსე;
მჩქეფი სიმღერა, აწყვეტილი, ცეცხლში შობილი.
თავმჯდომარე
არა-რა ვიცი მე ასეთი, მაგრამ გიმღერებთ
ჰიმნს, შავი ჭირის სადიდებელს, — მე ის დავწერე
წუხელის, როცა ჩვენ დავშორდით ერთურთს, მას შემდეგ.
ლტოლვა ვიგრძენი უცნაური — რითმებისადმი
პირველად მთელ ჩემს ცხოვრებაში! მაშ, მომისმინეთ.
შეეფერება ჩახრინწული ჩემი ხმა ამ ჰანგს.
მრავალნი
მშვენიერია! ჰიმნი ჟამის პატივსაცემად!
ჰიმნი შავ ჭირზე! bravo! bravo! გისმენთ ყველანი.
თავმჯდომარე
(მღერის)
როცა ზამთარი მკაცრი, თავნება,
მხნე ბელადივით გამოუძღვება
ჩვენსკენ ურიცხვ და დაწყობილ ლაშქარს
თვისი ყინვების და ფანტელების, —
ელავს ბუხრები და ჟამი დგება
ზამთრეულ ლხინთა შმაგი ცხელების.
. .
აწ დედოფალი მძვინვარე — ჟამი,
უფრო ანჩხლდება წამითი-წამით,
მსუყე საკვებით ვეღარ გამძღარი.
ბარს გვიკაკუნებს მესაფლავისას
ფანჯრებზე დღისით, შუაღამისას...
რა, რა ვიღონოთ, შველა სად არი?
. .
ვით ზამთარს, ასე რომ ავობს, ბრაზობს,
შავ ჭირსაც კარი ჩვენ ჩავურაზოთ!
ცეცხლი დავაგზნოთ, შევავსოთ ჭიქა,
თავს სიხარულის მივცეთ უფლება,
ლხინით, მეჯლისით აქაც და იქაც
ხოტბა შევასხათ ჟამის სუფევას.
. .
რაღაცით გვხიბლავს და გვართობს ბრძოლა,
მერე რა, მასში შიშიც რომ ხრჩოლავს.
როს ოკეანე ღმუის, ჩვენ ვტკბებით,
შვებას გვგვრის ბნელში ტალღების ომი;
ვით ფრენას მძაფრი გრიგალის ფრთებით,
ვუმღერი შავ ჭირს, აგზნების მდომი.
. .
ყოველი, რაიც მოკვლას გვიქადის,
გულში უტკბილეს ჟრუანტლად დადის.
უკვდავებაა ეს აღტყინება
და ბედნიერი იგი იქნება,
ვინაც იხილავს თავის წინაშე
სიკვდილის აჩრდილს საფრთხის წვიმაში.
. .
ასე, იდიდე, ჟამო, მარადის!
საფლავზე ფიქრით გული აღარ თრთის:
არ ვეპუებით დამნაცრავ გუგუნს,
ვსვამთ და ვქეიფობთ დღითა თუ ღამით...
და ვეწაფებით ვარდივით გოგოს
სუნთქვას... ვინ იცის, აღსავსეს ჟამით!
(შემოდის მოხუცი მღვდელი)
მღვდელი
ეს რა ნადიმი გაგიმართავთ ღვთისმგმობელ შეშლილთ!
მაგ ღრეობით და გახრწნილ ჰანგით ბილწავთ სიჩუმეს,
სიკვდილის მიერ გავრცელებულს ირგვლივ, ყოველგან!
ვლოცულობ მუდამ: გულისმომწყვლელ დაკრძალვებს შუა,
სასაფლაოზე — გაფითრებულ სახეთა შორის,
ხოლო ეგ თქვენი აღტაცების შეძახილები
სიმშვიდეს ურღვევს კუბოებს და აშფოთებს მიწას,
მიცვალებულებს რომ აყრია ჟამით შემუსრულთ.
დედაკაცთა და მოხუცებულთ ლოცვა რომ არა,
რაიც ანათებს უვრცეს უფსკრულს პირქუშ სიკვდილის,
ვიტყოდი — ალბათ ტარტაროზნი სტანჯავენ-მეთქი
სულს წაწყმედილი უღმერთოსი და თან ხორხოცით
მას მიათრევენ სამუდამო წყვდიადისაკენ.
რამდენიმე ხმა
ის ჯოჯოხეთზე ოსტატურად მსჯელობს ძალიან!
ჰე, ბერიკაცო! სჯობს, რომ ისევ შენს გზას გაუყვე!
მღვდელი
ჩვენთვის ჯვარცმული მაცხოვარის გაფიცებთ სისხლსა,
შეწყვიტეთ ლხინი საზიზღარი, თუ გინდათ ზეცად
შეხვდეთ დაკარგულ ძვირფას სულებს. წადით სახლებში!
თავმჯდომარე
სახლები სევდით არის სავსე. ჩვენს სიჭაბუკეს
სწყურია მხოლოდ სიცილი და მხიარულება.
მღვდელი
ვალსინგამ, ნუთუ ეს შენა ხარ? სწორედ ის, ვინაც
სამი კვირის წინ იხუტებდა გულში დედის ნეშტს
და ქვითინებდა დაჩოქილი მშობლის საფლავთან?
იქნებ გგონია, ახლა იგი მწარედ არ მოთქვამს,
ციდან მოლხინარ შვილის მჭვრეტი, გაოგნებული,
მსმენელი შენი მღვრიე ხმის და ბილწი ჰანგების?
ყველგან გაისმის მხოლოდ წმინდა ლოცვა-ვედრება
და მძიმე ოხვრა! გამომყევი!
თავმჯდომარე
რატომ მოდიხარ,
სულს რად მიშფოთებ? ვალად არ მძევს, რომ შენ წამოგყვე.
აქ მიმაჯაჭვა საზარელმა მოგონებებმა,
განწირულობის ცივმა გრძნობამ, შეგნებამ ჩემივ
უმწეობისა; ჩქამმა მკვდარი სიცარიელის,
რომელიც მესმის გამუდმებით საკუთარ სახლში!
აქ ვპოვე კრულმა ზღვარსგამცდარი მხიარულება,
და ამ თასების ტკბილი შხამი, და მოფერება
მიცვალებული, საყვარელი არსების (ღმერთო,
შემინდე ცოდვილს, რაც ბაგიდან ამომცდა ახლა)...
ამ ადგილს ვეღარ განმაშორებს დედის აჩრდილიც,
აწ გვიანაა, — თუმცა კარგად მესმის შენი ხმა,
ასე რომ მიხმობს. ვაფასებ ცდას ჩემი შველისას,
წადი მშვიდობით, ბერიკაცო! მაგრამ რომელიც
შენ თან გამოგყვეს, წყეულ იქმნეს სამარადჟამოდ!
მრავალნი
ო, bravo! bravo! ღირსეული თავმჯდომარე გვყავს!
ეს ქადაგება შენთვის იყო! წა, გასწი, გასწი!
მღვდელი
უმანკო სული მატილდასი მოგიხმობს ზეცით!
თავმჯდომარე
(დგება)
მაღლა აღაპრე ეგ გამხმარი, ფერმკრთალი ხელი
და შემომფიცე, რომ მის სახელს შენ დაეხსნები,
ვისაც კუბოში სძინავს უკვე მარადი ძილით.
ნეტავი მისი მზერისათვის, აწ უკვდავისთვის,
დაფარულიყო ეს სურათი აქ გადაშლილი,
ოდესღაც იგი მიმიჩნევდა ზვიად და წმინდა,
თავისუფლების მეტრფე კაცად და კიდეც ჰპოვა
სამოთხე ჩემთან, ჩემს მკლავებში... სად ვარ ამჟამად?
უბიწო შვილო ნათლისაო! გხედავ იქ, სადაც
ვერ ამოაღწევს ჩემი სული ეგზომ ცოდვილი!
ქალის ხმა
ჭკუას გადასცდა, ბოდავს ცოლზე მიცვალებულზე!
მღვდელი
წავიდეთ, შვილო...
თავმჯდომარე
დამეხსენი, გვედრებ, მამაო,
ღვთის გულისათვის!
მღვდელი
დაგიფაროს ისევ უფალმა!
შემინდე, შვილო.
(მიდის. ლხინი გრძელდება. თავმჯდომარე რჩება,
ღრმა ფიქრებში დანთქმული.)