Litclub.ge

დავით აღმაშენებელი
ეს მეფური მართვა-კიდევ უნდა დავლოცოთ გენია ქართული სიტყვისა: “მართვა”, ანუ დგინება “მართლისა”-ეს მეფური მართვა, საკრალურად მიჩნეული, გვხვდება არა მარტო ქართულ მითოსში, არამედ ქართულ “ისტორიაშიც”.
“რამეთუ თქვენ ხელმწიფენი უფალგყვა ღმერთმა ქვეყანასა განგებასა”-ვკითხულობთ გიორგი მერჩულის უკვდავ ნაწარმოებში: “ცხოვრებაი წმინდა გრიგოლ ხანძთელისა”, “სამეფო ტახტი მერწმუნა პირველ ღვთისაგან და მერე მშობელთა ჩემთაგან”-ამბობს დიდი დედოფალი თამარ. კიდევ უფრო საოცარი: საქართველოში ჩვენ გვხვდება თვით “მეფე-ღვდელიც”. სახელი მისი აღმაშენებელი დავით, დიდი მხედარი და ნათელმოსილი პიროვნება. ომში მას “საღმთო წერილიც” მიჰქონდა ხოლმე თან. ერთხელ “სამოციქულოს კითხვამ ისე გაიტაცა იგი, რომ კინაღამ წააგო ბრძოლა მან. თავის სახელს იგი სჭრიდა ფულზე ხან როგორც “ხრმალი ქრისტესი” ხან კი როგორც “ყრმა ქრისტესი”: ხრმალი აქ მეფეა, ყმა კი “მღვდელი”. გავიხსენოთ Saint Bernard და მისი
“Règle de l’Ordre du Temple”, მის მიერ როგორც “Milice de Dieu”, წოდებული. ჯვაროსანთა მიერ დავითი უდიდეს პიროვნებად იყო მიჩნეული. მოვიყვანოთ ის ცნობანი, რომელნიც შესანიშნავად “მონივთა” ზ. ავალიშვილმა თავის ცნობილ ნარკვევში. 1109 წელს პარიზში მიიღეს ჯვარი, რომელზედაც ქრისტე აცვეს გადმოცემით. გამომგზავნი იყო ანსელიუს, წმინდა საფლავის კანტორი იერუსალიმში. ჯვარი დაასვენეს დიდი მოწიწებით ერთ პატარა ბაზილიკაში, რომლის ალაგს შემდგომ აღიმართა ცნობილი ტაძარი “Notre Dame”. 1793 წელს, რევოლუციის დროს, ეს ტაძარიც დაარბიეს და ააოხრეს: ჯვარი დაიკარგა უკვალოდ. კანტორი სწერს თავის ეპისტოლეში: მე ეს ჯვარი საქართველოს მეფის დავითის ქვრივისაგან მივიღეო. ნუ გამოვუდგებით აქ ისტორიულ შეცდომას: დავითი იმ დროს ჯერ კიდევ ცოცხალი იყო. ჩვენთვის საგულისხმოა ეპისტოლეში ერთი თქმა: დავითმა “გოგსა და მაგოგს” კასპიის ბჭენი გადაურაზა და გზები მოუჭრაო.
ვინ არიან ეს გოგი და მაგოგი? ჰინდოარიულ ტრადიციაში ხშირად იხსენიება “საკრავატრი”: მეფე ქვეყნისა, რომლის სამყოფელ ადგილად იგულვებენ ჩრდილო პოლიუსის არეს, საიდანაც იგი ებრძვის ბნელსა და ქაოტურს. “მზე-მეფენი”-გადმოცემათა მიხედვით-ამ “საკრავატრის”-ის მსახიერებელნი არიან, რომელნიც ავსა და უკუღმართთან ბრძოლაში წარღვნას გადაურჩებიან ხოლმე და მაღალ მთებს აფარებენ თავს-გავიხსენოთ ნოე და მისი კიდობანი. ისინი მეფეებად ითვლებიან თორმეტისა: როგორც ზიგფრიდი, კარლოს დიდი და მეფე არტუს. ხალხთა თქმულებაში ამნაირადვე ისახება ალექსანდრე დიდი, აგრეთვე ცეზარიც. ახლოვდება თუ არა ბნელი ხანა, ანუ “ღმერთთა დაბნელება”, ეს მზე მეფენი ევლინებიან კვლავ ქვეყანას სხვადასხვა განპიროვნებით, აღვივებენ თავიანთ ქმედებით ძალას ღვთიურისა მოწოლილი ბნელისა და ქაოტიურის წინააღმდეგ. გოგი და მაგოგი, ტრადიციათა ცნობით, ხალხია: ბოროტისა და უკუღმართების მატარებელნი. საკვირველი არაა, თუ ეს რწმენა გაცხოველდა ჯვაროსანთა რიგებში, რომელნიც იბრძოდნენ წმინდა საფლავის განთავისუფლებისათვის. და აი ერთი ჯვაროსანი აღნიშნავს სიხარულით-დავითმა,

საქართველოს მეფემ, გოგსა და მაგოგს კასპიის საზღვარზე ბჭენი გადაურაზაო. და ვის შეეძლო ეს, თუ არა “მზე მეფეს”, ანუ “მღვდელ მეფეს”?
ხედავ კარდუ, სად ასულა სახელი აღმაშენებლისა?
გავყვეთ ქვევით. სირიაში და პალესტინაში საქრისტიანო სამთავროების დაარსებით საგრძნობლად შელახეს მუსლიმის სამფლობელო. ხოლო უკანასკნელი არ თვლის თავის თავს დამარცხებულად: იგი იკრებს ძალას და უცდის ხელსაყრელ ჟამს, რომ შეუტიოს ჯვაროსნებს და უკუაგდოს იგინი. 1119 წელს ნადიმ ედდინ ელღაზმა, ალეპოს სულტანმა, დაამარცხა ანტიოქიის მმართველი როჟერ, ანტიოქიელად წოდებული. მუსლიმთა სამფლობელოს იმედი მიეცა. ხოლო ამ იმედს ჩრდილიც მოადგა: სწორედ იმ დროს მძლავრდება ჩრდილოეთში ერთი საქრისტიანო მხარე: საქართველო. მუსლიმთა წინაშე გეგმა წამოიჭრა: ჯერ საქართველოს მოსპობა და შემდეგ ჯვაროსანთა გარეკვა, გეგმა სწორი და კარგად ნაანგარიშევი. 1121 წლის აგვისტოში, საქართველოს მოადგა ნადინ ედდინ ელღაზის მეთაურობით დიდი ლაშქარი: 600.000 მხედარი-არაბები, სელჯუკები, თურქმენები. აგვისტოს 14-ს დიდგორის ველზე დავით აღნმაშენებელმა დიდი საომარი ოსტატობით დაამარცხა ეს ურდოები. ნადინ ედდინ ელღაზ თავში დაიჭრა და განადგურებული ჯარი უკუიქცა. დავითმა გაანთავისუფლა ტფილისი საემიროსაგან და ძველი ქალაქი სომხეთისა ანი საქართველოს შემოუერთა.
ადვილად შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, თუ რა დიდ შთაბეჭდილებას გამოიწვევდა ჯვაროსანთა რიგებში დიდგორის გამარჯვება. დავითმა ამ გამარჯვებით არა თუ იხსნა მხოლოდ საქართველო განსაცდელისაგან, არამედ ამით მან ფასდაუდებელი დახმარებაც გაუწია ჯვაროსნებსაც.
და აი იზრდება მისი სახელი ლეგენდათ კიდითი კიდემდე. ერთი ინგლისური ქრონიკა-როგორც ეს აქვს მოყვანილი ტიტე მარგველაშვილს ერთს ისტორიულ ნარკვევში, აგრეთვე ა. სანდერსს წიგნში “კაუკაზიან”-მოგვითხრობს: დავითმა, საქართველოს მეფემ, დაირქვა სახელი “Presbyter Johannes”, გადავიდა აღმოსავლეთში და იქიდან მოდის ეხლა საქრისტიანოს მოსაშველებლადო.
შევჩერდეთ ამ ცნობაზედ. საშუალო საუკუნოებში წამოიჭრა მძაფრად ევროპაში იდეა “მეფე-მღვდლისა.”Das Heilige Römische Reich” გერმანელ მეფეთა მიერ ქმნილი, მსოფლმნიშვნელოვანი ცდა იყო ამ იდეის განხორციელებისა. ცდა ცდად დარჩა, რადგან “მღვდელისა” და “მეფეს” შეერთება ერთ პიროვნებაში არ მოხდა.კიდევ მეტი: იგი მღვდელისა და მეფის ერთიმეორესთან შეხლად იქცა. ამ შეხლაში მღვდელი დარჩა თავისთვის და მეფე თავისთვის. მარცხი ამ ცდისა საბედისწეროდ იქცა მთელი დასავლეთისათვის, ნატვრა მღვდელისა და მეფის ერთ-სახედ ქცევისა ისე ღრმად იყო საშუალო საუკუნეთა ევროპაში ფესვგამდგარი, რომ მნატვრელთ მონატრებული სინამდვილედ წარმოესახად: შორს აღმოსავლეთში არსებობს მფლობელი, რომელიც ერთსა და იმავე დროს “მღვდელიც” არის და “მეფეც”, სახელით: “პრესბიტერ იოჰანეს”, ფიქრობდნენ დასავლეთში. პრესბიტერ: მღვდელთმთავარი. და აი ინგლისურ მატიანეს ეს მღვდელთმთავარი დავით აღმაშენებელი ჰგონია.

არც ერთ ისტორიულ მფლობელს, თუ გინდ “მზემეფედ” სახულს, არ რგუნებია სახელის ასეთი ამაღლება: მითიური რეალობის ისტორიულ პიროვნებად ქცევა. ეს ქცევა არ არის შემთხვევითი ამბავი. წიაღში იმ ხალხისა, რომლის მდგენის პირველ-ხილვით მფლობელი “მწიფე ხელიანია”, ესე იგი ხელკურთხეული და ხელმადლიანი, ერთხელც არის, “ხელ-მწიფე უნდა მოვლენილიყო. დავით აღმაშენებელი არის ხელმწიფე შენი გაგებით კარდუ, და როგორც ასეთი; მღვდელი და მეფე ერთსა და იმავე დროს.
მისი ხელის “სიმწიფეს”, მის სიმარჯვეს, საქართველოს ისტორიაში შემდგომ განმტკიცებულს, განუწყვეტლივ გრძნობდნენ ჯვაროსანნი შემდეგშიაც. ერთი რაინდი ჯვაროსანი სწერს ბეზანსონის მთავარ-ეპისკოპოზს: საქართველოს ჯარმა, თამარ დედოფლის ახალგაზრდა ვაჟის მეთაურობით, გადმოლახა მძლეობით მცირე აზია, აიღო ცხრა დიდი ქალაქი და სამასი ციხე შეანგრია; გამარჯვებულ სარდალს თან მოაქვს ნეშტი განსვენებული დედისა, რომლის სურვილი იყო იერუსალიმის განთავისუფლება; აღფრთოვანებით მოველით აქ ჩვენ მასო-აბოლოვებს რაინდი. ეს ლეგენდაა მხოლოდ, ჯვაროსანთა ნატვრით შექმნილი, მაგრამ ხშირად ლეგენდა უფრო ნამდვილია ვიდრე ისტორიული ამბავი.
“აი დავით, დიდი მეფე ჩვენი, შენ მიერ კურთხეული კარდუ!”
“იგი მარჯვენაა ჩემი!”
“მარჯი შენს მარჯვენას, კარდუ!”
მინაწერი.
1. წინადადებას ვიძლევი: გადაუშალოს აქ მოყვანილი “მადანი” რომელიმე მკითხველმა რომელიმე მკვლევარს დიდ კულტურათა. დაინახავს: მკვლევარი განცვიფრებული დარჩება.
2. როცა ჩვენ ვაცნობთ ხოლმე საქართველოს უცხოელებს, ზემოთქმულიდან უნდა გამოვდიოდეთ-თორემ “ისე” ჩვენს სიტყვას ზრდილობით მოისმენენ. ეს როგორც “რჩევა.”
3. განმარტება. როცა ქართულ შაირს ვეხებოდი, მაგალითები მოვიყვანე „აბრუნდისა“: ერთი აკაკის და მეორე ილიას შაირიდან. ვახსენებდი: თუ არ ვცდები, ასეთი „აბრუნდი“ ვაჟასაც უნდა ჰქონდეს მეთქი ერთ შაირში. გერმანიიდან გადარჩენილ წიგნებიდან მივიღე ვაჟას წიგნიც შაირთა. აი ის „აბრუნდი“ (შაირში „ღამე მთაში“) ნათქვამია: 
„მთვარე კი ჯერ არსად სჩანს,
არ დაგვნათოის თავზედა.“
პირველი სტრიქონი გამართულია „მაღალი“ ზომით, მეორე კი „დაბალი“ ზომით. ყოვლად შეუძლებელია, პირველი წარმოვთქვათ ისე როგორც მეორე და მეორე ისე როგორც პირველი. ასეთი აბრუნდი დეტალია, ხოლო უნდა გვახსოვდეს, რომ ხშირად დეტალზე უფრო აშკარად მოინახვის „მთავარი“. ვიმეორებ: ვისაც სურს გაიგოს

ქართული შაირის საიდუმლოება ზომის მხრივ, ამ დეტალს უნდა სწვდეს პირველ ყოვლისა.