Litclub.ge

სოფლის ექიმი
უკიდურეს გასაჭირში ვიყავი ჩავარდნილი; სასწრაფოდ უნდა გავმგზავრებულიყავი; ათი მილით დაშორებულ სოფელში მძიმე ავადმყოფი მელოდებოდა; მთელ ამ სივრცეზე საშინელი ქარბუქი მძვინვარებდა; მსუბუქი, დიდბორბლიანი ოთხთვალა მქონდა, ჩვენი სოფლის გზებისთვის ზედგამოჭრილი; ქურქში გახვეული, სამგზავრო ჩანთით ხელში შუა ეზოში ვიდექი, წასასვლელად გამზადებული; მაგრამ ცხენები, ცხენები არ მყავდა! ჩემი ლაფშა, რომელმაც ამ მკაცრი ზამთრის სიძნელესა და გაჭირვებას ვეღარ გაუძლო, წინა ღამეს მოკვდა; მოახლე სოფელში გავარდა ცხენის სათხოვნელად, ეს, ჩემი აზრით, ამაო მცდელობა იყო და მეც, სულ უდრო და მეტად დათოვლილი და უძრაობისგან გაშოთილი, უმიზნოდ ვიდექი და ვიცდიდი. აი მოახლეც, მარტოკა; მან ჯერ კიდევ ჭიშკარში მანიშნა ფარნით; დიახაც, ამ დროს და ისიც ასეთ გზაზე ცხენს ვინ გათხოვებს! ეზოში ერთხელ კიდევ გავისეირნე, მაგრამ ახალი ვერაფერი მოვიფიქრე; შეწუხებულმა უნებურად მიგდებული საღორის კარს ვკარი ფეხი. კარი გაიღო და ანჯამებზე გაჯახუნდა. საღორიდან სითბო და თითქოს ცხენის სუნი გამოვიდა.მქრალი ფარანი ჭერზე დაკიდებული თოკით ქანაობდა. პატარა საკუჭნაოში სამად მოკაკული ვიღაც ბრგე ყმაწვილი იჯდა. იგი მობრუნდა და თავისი ცისფერი თვალებით მომაშტერდა.
-ცხენების შებმას ინებებთ?- მკითხა მან და ოთხით გამოძვრა.
არც ვიცოდი, რა მეპასუხა და მხოლოდ დავიხარე, რათა იქაურობისთვის თვალი მომევლო, კიდევ ვინმე ხომ არ არის მეთქი. მოახლე გვერდით იდგა.
-მდიდარმა არასოდეს იცის, რა აქვს შემონახული,- თქვა მან და ორივეს გაგვეცინა.
-ეჰე, ძმაო, ეჰე, დაიკო!- შესძახა მეკინიბემ და ორი მძლავრი რაში, აქლემებივით ფეხმორთხმული და თავდარეკილი, ერთმანეთის მიყოლებით ძლივძლივობით გამოძვრნენ კარის ჭრილში და მაშინვე გამართეს გრძელი ფეხები; ბზინვარე ბეწვიდან ორთქლი ბოლქვებად ასდიოდათ.
-მიეხმარე,- მივუგე მოახლეს და დაუზარებელმა გოგონამაც სასწრაფოდ მიუტანა მეკინიბეს ცხენების აკაზმულობა.
მაგრამ როგორც კი მიუახლობდა, ყმაწვილი მოეხვია და სახით მის სახეს მიეკრა. გოგონამ შეჰყვირა და ჩემკენ გამოქანდა, ლოყაზე წითელ ნაწიბურებად აღვეჭდა კბილების ორი რიგი.
-ოჰ, პირუტყვო!-ვიყვირე გააფთრებულმა.-გამოლტვა მოგინდა?
და უცებ გამახსენდა, რომ ეს კაცი ჩემთვის სრულიად უცხოა, რომ არ ვიცი, აქ საიდან გაჩნდა და რომ თვითონ იდო თავს ჩემი დახმარება, როცა სხვა ყველა უარზე იდგა. თითქოს ჩემი აზრები ამოიცნოო, მეჯინიბემ მუქარას წაუყრუა და კვლავინდებურად ცხენებთან მოფუსფუსე წამით მე მომიბრუნდა.
-დაბრძანდით,- თქვა მან; და მართლაც, ყველაფერი მზად იყო.
ასეთი ჩინებული ეტლით, როგორც ვატყობ არასოდეს მიმგზავრია და მეც ხალისით ვჯდები.
-მე თვითონ წავიყვან, შენ გზა არ იცი,- ვაცხადებ მე.
-მაშ, როგორ, მე არც მოგყვებით,- ამბობს იგი,- როზასთან დავრჩები.
-არა!- შეჰყვირა როზამ და თავისი გარდაუვალი ხვედრის საშინელი წინათგრძნობით ატანილი სახლში შევარდა; მესმის, როგორ ჟღარუნობს ჯაჭვი, რითაც იგი კარს კეტავს, როგორ ჩხრიალებს საკეტი; ვხედავ, დევნისგან თავდასაღწევად როგორ აქრობს სინათლეს წინა ოთახში, ხოლო შემდეგ სხვაგანაც.
-შენ ჩემთან ერთად მოდიხარ,- ვეუბნები მეკინიბეს,- ანდა მე უარს ვიტყვი გამგზავრებაზე, როგორი აუცილებელიც უნდა იყოს. საიდან მოიტანე, რომ გაწეული სამსახურისთვის გოგონას დაგითმობ?
-ჰეი, ფასკუნჯებო!- შესძახა მან, ტაში შემოჰკრა და ეტლიც ისე გააქროლეს ცხენებმა, როგორც ნაფოტს მიაქანებს სწრაფი დინება; ამასთან, მესმის, როგორ სკდება და იფშვნება სახლის კარი მეჯინიბის დარტყმებისგან, და აქ თანაბარზომიერი, ყურთასმენის წამღები შხუილი ჩემს ყველა გრძნობას ახშობს, თვალებსა და ყურებს მივსებს, მაგრამ ეს მხოლოდ წამიერად გრძელდება; უკან მიხედვას ვერ ვასწრებ, რომ უკვე მიზანთან ვარ, თითქოს ჩემი კარმიდამოს ჭიშკარი პირდაპირ სნეულის ეზოში გადის; ცხენები მშვიდად დგანან; ქარბუქი დაცხრა; მთვარე ანათებს; ავადმყოფის მშობლები ჩემ შესახვედრად გამოდიან; უკან სნეულის და მოჰყვება, დამხვდურებს ხელით ძვლივს გადავყავარ ეტლიდან; მე არ მესმის მათი არეულ-დარეული განმარტებები; ავადმყოფის ოთახში სუნთქვა ჭირს; ნაცარტუტიანი ღუმელი ბოლავს; ფანჯრის გაღებას ვაპირებ, მაგრამ ჯერ ავადმყოფის გასინჯვა მინდა. ის გამხდარი ბიჭია, უპერანგო, ტემპერატურა ნორმალურია, არც მაღალი და არც დაბალი, თვალები ჩასცვენია, იგი თივთიკის საბანს იხდის, ყელზე მეხვევა და ყურში ჩამჩურჩულებს:
-ექიმო, ნება მომეცი მოვკვდე.
აქეთ-იქით ვიყურები; ეს არავის გაუგია; მშობლები მდუმარედ, თავჩაქინდრულნი დგანან და ჩემს განაჩენს ელიან; ავადმყოფის დამ სკამი მომაწოდა სამგზავრო ჩანთისთვის. ვხსნი მას და ინსტრუმენტებში ვიქექები; ბიჭი საწოლიდან წამდაუწუმ ჩემკენ იშვერს ხელს და თან თავის თხოვნას მახსენებს; პინცეტს ვიღებ, სანთლის შუქზე ვამოწმებ და უკან ვდებ. ,,დიახ- გახელებით ვფიქრობ შეურაწყოფილი,-სწორედ ასეთ დროს მოდის დასახმარებლად ზეციერი გიგზავნის შენთვის საჭირო ცხენს, ნაჩქარევად მეორესაც და უკვე ყოველგვარი საჭიროების გარეშე მეჯინიბეზე იკლავს თავს...“  და მხოლოდ ახლა მახსენდება როზა; რა ვქნა, როგორ ვუშველო, როგორ დავიხსნა ამ მეჯინიბისგან- სახლიდან ათ მილზე, იმ ცხენების გადამკიდე, რომლებსაც ეშმა შეუჩნდათ? რომლებმაც რაღაც ძალისხმევით მოუშვეს ჭაპანი და ახლა კაცმა არ იცის, გარედან ყურთამდე როგორ გააღეს ფანჯრები; ორივემ ოთახში შემოყო თავი და იქ არსებული ალიაქოთის მიუხედავად, ავადმყოფს მიშტერებიან. ,,ახლავე სახლში მივდივარ“,- ვიღებ გადაწყვეტილებას, თითქოს ცხენები მიხმობენ, მაგრამ ნებას ვრთავ ავადმყოფის დას, რომელსაც მიაჩნია, რომ მე შეხუთულმა ჰაერმა გამაბრუა, ქურქი გამხადოს.წინ ჭიქა რომს მიდგამდნენ, მოხუცი მხარზე ხელს მითათუნებს- ასე დიდი მსხვერპლის მას მოურიდებლობის უფლებას აძლევს.მე თავს ვაქნევ; ამ დაჩაჩანაკებულ ბებრუცუნასთან მომავალი საუბრისგან წინდაწინ მაზიდებს; მხოლოდ ამიტომ ვიკავებ თავს დალევისგან. დედა ლოგინთან დგას და მიწვევს; სნეულის მორჩილად ვადებ თავს მკერდზე,-ამასობაში, როცა ერთ-ერთი ცხენი ჭერისკენ იშვერს დრუნჩსდა ხმამაღლა ჭიხვინებს, ბიჭიც კრთის ჩემი სველი წვერის შეხებით. ყველაფერი ისეა, როგორც მე განვჭვრიტე: ბიჭი ჯანსაღია, მხოლოდ ოდნავ სისხლნაკლული, მზრუნველი დედილო მეტისმეტად გულმოდგინედ ჭყიპავს ყავით; მიუხედავად ამისა, იგი ჯანმრთელია, ცემა-ტყეპით უნდა წამოაგდოს კაცმა ლოგინიდან, მაგრამ მე არავის აღზრდას არ ვაპირებ, დე ეგდოს! აქ რაინული ხელისუფლების მიერ ვარ დანიშნული და პატიოსნად ვშრომობ, შეიძლება ითქვას, ხშირად ვამლაშებ კიდეც.თუმცა გროშებს მიხდიან, მე მაინც ხალისით, თავდაუზოგავად ვეხმარები გაჭირვებულთ. ახლა როზაზე დარდიც დამემატა, ბიჭი, შეიძლება, მართალიცაა, ჩემი სიკვდილის დროც დადგა. რა უნდა გავაკეთო აქ ამ უსასრულო ზამთარში?! ჩემს ცხენს სული ამოხდა, დამთელ სოფელში თავისას არავინ დამითმობს. საღორეში მიწევს შებმული ეტლის მოპოვება; ეს ცხენები რომ არა, ალბათ ღორებს გავაჭენებდი. აი ასეასაქმე! ჯალაბს თავით ვანიშნებ. მათ არ უწყიან ჩემი დარდები, მოვუყვები და - არ დაიჯერებენ. რეცეპტების გამოწერა იოლია, ხალხთან მორიგებაა ძნელი. რა გაეწყობა, დროა ვიზიტი დავასრულო, ისევ ამაოდ გავისარჯე, ჰო, უსაქმოდ ყოფნა არ მჩვევია, ჩემი ღამეული ზანზალაკის წყალობით მთელი ოლქი მტანკავს, ამჯერად კი როზაც დავთმე, ეს საყვარელი გოგონა,- რამდენი წელია, რაც იგი ჩემს სახლშია, მე კი ძნელად თუ ვამჩნევდი მას- არა, ეს მსხვერპლი უზომოდ დიდია, და მე ყველაზე გაწაფულ მოსაზრებას მივმართავ, რათა როგორმე საკუთარი თავი დავიყოლიო და არ დავეტაკო ადამიანებს, რომლებსაც დიდი სურვილის მიუხედავად, ძალა არ შესწევთ როზა დამიბრუნონ. მაგრამ როცა მე სწრაფად ვხურავ სამგზავრო ჩანთას და თავის დაქნევით ვითხოვ ქურქი მომართვან, მაშინ როცა ოჯახობა სგას და იცდის- მამა რომის ჭიქას ყნოსავს, რაც ჯერ კიდევ ხელში უჭირავს, დედა, როგორც ჩანს, ძალზე გულგატეხილი-მაგრამ, კაცმა რომ თქვას, რა სწადია ამ ხალხს?- ცრემლიანი თვალებით იკვნეტს ტუჩებს, და კი დროგამოშვებით მთლად სისხლით გაჟღენთილ პირსახოცს იქნევს,- მე ეჭვი მიჩნდება, მართლა ავად ხომ არ არის ბიჭი? მე მას ვუახლოვდები, იგი საპასუხოდ მიღიმის, თითქოს მისთვის უგემრიელესი ბულიონი მიმაქვს,-ოჰ, ახლა კი ორივე ცხენი აჭიხვინდა, შესაძლოა, ისინი ზეგარდმო არიან მოწოდებული ავადმყოის გასინჯვისას დამმოძღვრონ-და აი ვხედავ: ბიჭი ნამდვილად ავადაა. მარჯვენა მხარეს, ბარძაყის არეში ხელისგულისოდენა ღია ჭრილობა აქვს. მოვარდისფრო ელფერით მოელვარეს, სიღრმეში მუქსა და ნაპირებისკენ თანდათან ნათელს, წვრილხორკლებიანი ქსოვილითა და შედედებული სისხლის უთანაბრო კოლტებით დაფარულს მაღაროს კარიერივით დაუღია პირი. მაგრამ ეს მხოლოდ რაღაც მანძილზე. ახლოდან ვხედავ, რომ ავადმყოფს გართულებული მდგომარეობა აქვს. აქ ისეთი რამ ხდება, რომ მხოლოდ ხელებს გაასავსავებ. ნეკის სიგრძე და სიმსხო, ვარდისფერი და ამასთან სისხლში გათხუპნილი ჭიები ჭრილობის სიღრმეში ფუთფუთებენ, მთელი სხეულით უჯკაკნებიან და თეთრ თავებს სინათლისკენ იშვერენ. საბრალო ბიჭო, შენ ვერავინ ვერ დაგეხმარება! მე დიდი ჭრილობა აღმოვაჩინე; ეს საბედისწერო ყვავილი ბარძაყზე შენთვის დამღუპველია. მღელი ოჯახი ხარობს, ხედავს, რომ უსაქმურად ვარ; სნეულია და დედას უყვება ამის შესახებ, დედა-მამას, მამა-მეზობელს, ჩანს, მთვარის შუქზე წონასწორობის შესანარჩუნებლად ხელგაშლილები ღია კარში როგორ გაჭიმულან.
-შეგიძლია მიშველო?- ჩურჩულებს აქვითინებული ბიჭი, თავის ჭრილობაში ამ საშინელი ქმნილებით შეძრწუნებული.
ასეთი ხალხია ჩვენს მხარეში. ექიმისგან შეუძლებელს ითხოვენ. ძველი რჯული დაივიწყეს, ხუცესი თავისთან ოთხ კედელში ჩაიკეტა და საეკლესიო შესამოსელს ნაკუწებად ხევს; ახლა სასწაულებს ელიან ექიმისგან, ქირურგის სუსტი ხველებისგან. რა ვუყოთ, როგორც გენებოთ, წმინდანად არ მომაქვს თავი; გსურთ თქვენს რწმენას მსხვერპლად შემწიროთ- მე ამისთვისაც მზად ვარ; რისი იმედი უნდა მქონდეს მე, მოახლის გარეშე დარჩენილ სოფლის მოხუც ექიმს? ოჯახობასა და სოფლის თავკაცებს ერთად მოუყრიათ თავი, ისინი ტანთ მხდიან; მოწაფეთა გუნდი მასწავლებლის ხელმძღვანელობით სახლის წინ მწკრივდება და მარტივ ჰანგს მღერის:
გააშიშვლეთ და მოგვარჩენს,
თუ არადა, სად წაგვივა!
ეგ საწყალი ექიმბაში...
და აი, მეც ტიტლიკანა ვდგავარ მათ წინაშე; წვერში თითებგაჩრილი მშვიდად, თავჩაქინდრული შევცქერი ამ ხალხს. არაფერი მაღელვებს, ზემოდან დავცქერი მათ და ჩემი უპირატესობით ვხარობ, თუმცა ეს არაფრად მარგია, რადგანაც ისინი თავსა და ფეხებში მავლებენ ხელს და ლოგინში მიმათრევენ. კედლისკენ, ჭრილობის მხარეს მაწვენენ; მთვარე ღრუბლებით იბურება; თბილი საბანი მახურავს; ფანჯრებისან ბუნდოვნად მოჩანს ცხენების თავები.
-იცი,- ყურში ჩამჩურჩულებს სნეული,- მე შენი არ მჯერა. ჩემსავით უბედური ხარ, შენ თვითონ ძლივს დგაზარ ფეხზე. სახმარების ნაცვლად სასიკვდილო სარეცელზე შემავიწროვე! როგორ მინდა თვალები ამოგკაწრო!
-მართალი ხარ,- ვეუბნები მე,- თავი მომეჭრა! მე ხომ ექიმი ვარ! რა ვიღონო? დამიჯერე არც მე მილხინს.
-და ასეთ პასუხს უნდა შევურიგდე? მაგრამ ასეთი ბედი მაქვს- ყველაფერს უნდა შევურიგდე. მშობლებმა ლაზათიანი ჭრილობით დამაჯილდოვეს; ესაა მთელი ჩემი მორთულობა.
-ჩემო ახალგაზრდა მეგობარო, - მივმართე მე,- მართალი არ ხარ, გონებრივი ჰორიზონტი არ გყოფნის.მე ჩვენი ოლქის ყველა ავადმყოფის სარეცელთან ვყოფილვარ და გეუბნები- შენი ჭრილობა უმნიშვნელო რამეა: მჭრელი პირით ნაჯახის ორი დარტყმა. ბევრი სიხარულეთ დაახვედრებდა ბარძაყს, მაგრამ მათ მხოლოდ ბუნდოვნად ესმით ნაჯახის დარტყმები ტყეში და არ მოდიან.
-ეს  მართლა ასეა თუ აბდაუბდას ჩმახავ? ავადმყოფს ხომ არ ატყუებ?
-ეს სრული სიმართლეა, სოფლის ექიმის პატიოსან სიტყვას გაძლევ.
ისიც მენდო- და გაყუჩდა. ახლა კი დრო იყო ჩემი თავისთვის მეშველა. ცხენები წინანდებურად ერთგულად იდგნენ ადგილზე. ტანსაცმელი, ქურქი და სამგზავრო ჩანთა იღლიაში ამოვიჩარე; ჩაცმა არ მიცდია, ეს კიდევ უფრო დამაყოვნებდა; თუ ცხენები აქედან ისევ სწრაფად გაჭენდებიან, როგორც აქეთა გზაზე, მე, შეიძლება ითქვას, ამ ოჯახიდან ჩემსაში გადავჯდები. ერთ-ერთი ცხენი მორჩილად გაეცალა ფანჯარას: ჩემი ბოხჩა ეტლში მოვისროლე; ქურქმა გვერდით ჩაუქროლა და მხოლოდ სახელოთი წამოედო რაღაც კაუჭს. არა უშავს, ასეც ივარგებს. ცხენს ვახტები. აკაზმულობა მიწაზე ეთრევა, ცხენები ძლივძლივობით ებმიან ერთმანეთს. ეტლი აქეთ-იქით ჯაყჯაყებს, სულ ბოლოს ქურქი ავლებს კვალს თოვლზე.
-ჰეი, ფასკუნჯებო!- ვყვირი, მაგრამ არ გამოდის: ნელნელა, მიხრწნილი ბებრებივით მივლასალასებდით თოვლის უდაბნოში; კიდევ დიდხანს მიგვყვება ბავშვთა ახალი მაგრამ უკვე დაგვიანებული სიმღერა:
მხიარულად, სნეულებო!
ექიმი ხომ თქვენთან წვს!
ასე  მე უკვე აღარ მიწერია შინ დაბრუნება; ჩემს დიდ პრაქტიკას ჯვარი შეიძლება დავუსვათ; მემკვიდრე გამძარცვავს, თუნდაც ყოველგვარი სარფის გარეშე, იგი ხომ მე ვერ შემცვლის; ჩემს სახლში მძვინვარე მეჯინიბე მბრძანებლობს; როცა მის ხელთაა; ამის გაფიქრებაც კი მაშინებს. შიშველი, ბედუკუღმარში, სამუდამოდ ყინვაში გაგდებული, მიწიერი ეტლითა და ზეციური ცხენებით დავეხეტები ქვეყნად მოხუცი ადამიანი. ჩემი ქურქი ეტლიდან ეთრება, მაგრამ მას ვერ ვწვდები, და არც ჩემი პაციენტებიდან - ამ გაქნილი ნაძირალებიდან გაანძრევს თითს ვინმე მის ასაღებად. მოვტყუვდი! შევცდი! ჩემი ღამეული ზანზალის ცრუ განგაშს ვენდე- და საქმესაც აღარაფერი ეშველება!