Litclub.ge

ელეგია
მოდის წვიმა,
ძველებურად მოდის წვიმა...
მოდიოდა, როგორც შარშან
ამ დროს,
მაგრამ ახლა
უცნაურად ცივი წვიმა,
ჩემს სულსა და
ჩემს მზერაშიც სახლობს.
შარშანც წვიმდა,
თუმცა წვიმა იყო თბილი,
მოალერსე, კეთილი
და სათნო...
მაგრამ ახლა შენ
ჩემს გვერდით აღარა ხარ
და ეს წვიმა
ბოლო სხივსაც აქრობს.
მოდის წვიმა...
მოდის ისევ ისე,
ტირე-ტირე,
თითქოს მღერის სოლოს...
არაფერი არ შეცვლილა
ირგვლივ,
ეს მე და შენ
შევიცვალეთ მხოლოდ.
თავშიშველი
და მორჩილად მდგარი...
სახეს ვუშვერ
მოალერსე წვეთებს,
მოვარდება
შლეგიანი ქარი,
შეციებულ პალმებს
დააფეთებს.
ჩემთვის ახლა
სულერთია წვიმა...
ჩემთვის ახლა
სულერთია ქარი...
წამწამებზე ცრემლის წვეთი
ბრწყინავს,
რადგან ჩემსკენ
აღარ მოიჩქარი.