ქუჩაში ნახეს,
დავიწყებოდა მისამართი მშობლური ბინა-სახლისა,
ის გზა, რომლითაც მილიონჯერ წასულიყო.
შუქის ქვითარი აღმოაჩნდა ჯიბეში მხოლოდ.
ქვითრის მიხედვით
14 ლარი და 15 თეთრი
ჰქონდა ამ კაცს გადასახადი,
გადასახადი ხუთიოდ თეთრით
აღემატებოდა
მის შემოსავალ -ყოველთვიურ პენსიას მისას.
ერთმა თქვა: ხუთი თეთრის ბრალია მისი სკლეროზი,
სხვამ კი მოუჭრა: ხუთი თეთრი რა შუაშია,
ორმოც თეთრსა და
ორმოცდა ათს შორის მერყეობს
"მარშრუტკებით" მგზავრობის ფასი.
სწორედ ამიტომ
დგას და მერყეობს ეს საცოდავი.
ის კი ჯიბეში სინათლის ქვითრით
იდგა და ირგვლივ იყურებოდა.