ტუსაღი ძლივსღა სწვდებოდა საბრალდებო სკამის თავს,- წერენ ხოლმე ინგლისური გაზეთები. თუმცაღა, ამ შემთხევის გამო პრესაში სიტყვაც არ დაძრულა. აბა, ვის რაში ენაღვლებოდა პატარა ტობრას ბედ-იღბალი?! გაგანია სიცხეში შუადღემდე ვერ გამოაღწიეს ნაფიცმა მსაჯულებმა სასამართლოს აგურისფერი შენობიდან. ამ საქმეს არჩევდნენ. ბიჭი, როცა კი რამეს შეეკითხებოდნენ, წელში ოთხად იკაკვებოდა და კუთავდა. ნაფიცმა მსაჯულებმა ბრალდება უსაფუძვლოდ ცნეს და მოსამართლეც დაჰყვა მათ ნებას. პატარა ტობრას დის სხეული მართლაც ჭის ფსკერზე აღმოაჩინეს, იქიდან ნახევვარი მილის მანძილზე. თავად ტობრას გარდა კაციშვილის ჭაჭანება არა ჩანდა. აგრე იყო ესა. მაგრამ ხომ შეიძლებოდა, გოგონა შემთხვევით ჩავარდნილიყო შიგ, ამიტომ გაათავისუფლეს პატარა ტობრა, ოთხივ მხრივ გზა დაულოცეს.
კაცმა რომ თქვას, დიდი ვერაფერი წყალობა უყვეს. პატარა ტობრას ხომ არც საჭმელი ჰქონდა, არც სასმელი, სამოსიც არ გააჩნდა და არც მისასვლელი ეგულებოდა სადმე. გამობადუნდა სასამართლოს ეზოში, ჭის გვიმზე ჩამოჯდა. ერთი მარჯვე ნახტომი სამუდამოდ გაამგზავრა მოუსავლეთში. ამ ფიქრში იყო.
მეჯინიბეს აგურით მოკირწყლულ ქუჩაზე ცხენის ტოპრაკი დარჩენოდა და დამშეული პატარა ტობრა შეუდგა შიგ ჩარჩენილი ხორბლის გამლხვალი მარცვლების ამოკრეფას.
-უყურე ამ ბაცაცას, ეს წუთია შეიწყალეს და მაინც თავისას არ იშლის,-წამომყე ახლავე- მეჯინიბემ ყურში სტაცა ხელი ბიჭს და ერთ ჩაკურატებულ, ზორბა ინგლისელს მიჰგვარა.
-ოჰო! - ბარე სამგზის შეიძახა ინგლისელმა. მაგრად შეიკურთხა თანაც.- გალიაში შეაგდეთ და ჩემსას წაიყვანეთ, - გასცა განკარგულება.
პატარა ტორბა, რომელსაც ეგონა, ახლა კი გოჭივით გამომღადრავენ ყელსო, შეამწყვდიეს გადახურულ ფურგონში და ინგლისელის სახლისკენ გააქანეს.
-ოჰო!- კვლაინდებურად გაიკვირვა ინგლისელმა,- გამლღვალი ხორბალი? გაგონილა, ღმერთო ჩემო! ეი, ვინა ხართ მანდ, აჭამეთ რამე ბედშავს და თავლაში იმსახურეთ. ეს რა მესმის? გამლღვალი ხორბალიო, ღმერთო ძლიერო!
-აბა, გვითხარი შენი სადაურობა,- მიმართა უფროსმა მეჯინიბემ ბიჭს, როცა მსახურები ჭამას მორჩნენ და ყველა მილაგდა უკანა კართან.
-შენ მეჯინიბის მოდგმისა არ გცხია რა, კუჭის წკრიალმა თუ მოგიყვანა ჩვენთან. როგორ მოხვდი სასამართლოში, გვიპასუხე ეშმაკის კერძო.
-ლუკმაპური სანატრელი მქონდა,- დინჯად თქვა პატარა ტობრამ.-აქ კარგი ალაგია.
-ნუ მიედ-მოედები, მიპასუხე კითხვაზე, თორემ აგერ, იმ ქურანა აჯილღას თავლას გაწმენდინებ, აქლემივით რომ იკბინება.
-ტელი ვარ მე,-თქვა პატარა ტობრამ და თითი მტვერში ჩარგო,-მთელი ოჯახი კარაქს ვდღვებავდით. მამაჩემი, დედაჩემი, ოთხი წლის უხნესი ძმა და ჩემი და.
-ჭის ფსკერზე რომ მკვდარი იპოვეს, ის?
-ჰოოდე!-დინჯად დაადასტურა პატარა ტობრამ.- ის, ვინც ჭის ფსკერზე იპოვეს მკვდარი.-ერთხანობას სენი მოედო სოფელს- პირველად ჩემს დას შეეყარა და დააბრმავა კიდეც. ეს სენი მატა იყო - ყვავილბატონები.
მერე დედ-მამა დამიხოცა. დამრჩა თორმეტი წლის ძმა და თვალდაველებული დაი. თავად რვა წლის ვიყავი მაშინ. ერთი ეგ იყო, ხარი შეგვრჩა და კარაქის სადღვებელი. ნაჩევ დასი თვალსა და ხელს შუა გვატყუებდა. ღმერთების გულის მოსაგებად ნარგიზების ყვავილწნულით მოვრთეთ ხარი და დედაბოძიც შევამკეთ ნარგიზის ყვავილებით. სულ ტყუილად. სარჯან დასმა ნარი არ იცვალა.
-ბაპრი-ბაპ,-ქოთქოთებდნენ მეჯინიბეთა დიაცები. გაგონილა ბალღის მოტყუება. მაგრამ ვინ იცის, რა ხითოცაა ეს ბანიას მოდგმა.
-სადღვებელი ძველი დრო იყო. არც მე და ჩემს ძმას გვერჩოდა ღონე და ბუდეში ვეღარ ჩავამარგეთ დედაბოძი.
-რა გასაკვირია,- მოსაუბრეთა წრეს უფროსი მეჯინიბის მორთულ-მოკაზმული ცოლი შემოუერთდა.-ეს ჯანიანი ვაჟკაცის საქმეა. აი, ჩემს ქალიშვილობაში...
-ენა ჩაიგდე, დედაკაცო,-გააწყვეტინა უფროსმა მეჯინიბემ.-განაგრძე, ბიჭო.
-არა უჭირს რა,- თქვა პატარა ტობრამ და განაგრძო,-ერთხელაც, არც კი მახსოვს როდის, დედაბოძი დაყანთრდა, თან ჭერი ჩამოანგრია და სახლის მთელი უკანა კედელიც. ხარი მოიყოლა ქვეშ და ხერხემალი გადაუმსხვრია. ასე დავრჩით ცარიელ-ტარიელნი, მე, ჩემი ძმა და თვალდასველებული და. აღარც ხარი გვყავდა, არც სადღვებელი გვქონდა და არც სახლ-კარი გაგვაჩნდა. ხელი ჩავკიდეთ ერთმანეთს და ტირილ-ტირილით გავშორდით იქაურობას. ღობე-ყორედ ავხეტიალდით. იმ ხარის სახელს ვერ გეტყით, სადაც დავდიოდით, ის კი კარგად მახსოვს, იქ დიდი შიმშილობა იყო. ერთხელ ღამით, როცა გვეძინა, ჩემმა ძმამ ჩაიჯიბა ხუთი ანა, ჯერ კიდევ რომ დაგვრჩენოდა, და გაიპარა. დღესაც არ ვიცი, სად არის. მიეწიოს ჩვენი ცოდვა. მე და ჩემი და ვწოწიალებდით ხელგაწვდილები. მაგრამ ყველა ზურგს გვაქცევდა - წადით, ინგლისელებს მოსთხოვეთო. მე არ ვიცოდი, ვინ იყვნენ ინგლისელები. ასე ამბობდნენ, თეთრკანიანები არიან და კარვებში ცხოვრობენო. მშივრებს სულ აგვებნა გზა-კვალი. ერთხელ, ღამით ატირდა ჩემი და, პური მომთხოვა. ამასობაში ჭას მივადექით. კიდეზე ჩამოსვი და ხელი ვკარი. ის ხომ ბრმა იყო. თანაც შიმშილს სიკვდილი არ ერჩივნა განა?!
-აი, აჰაი! ერთხმად შეიცხადიეს მეჯინიბეთა ცოლბმა; - უყურე ერთი, შიგ ჩააგდო. შიმშილს სიკდილი სჯობიაო...
-მეც ვაპირებდი გადახტომას, მაგრამ ჩემი და უცბად არ მომკვდარა. საშველად მიხმობდა ჭის ფსკერიდან. შემეშინდა და გავიქეცი. სიმინდის ყანიდან ვიღაც კაცი გამოვიდა. ასე თქვა, ამან თავისი და მოკლა და ჭა წაბილწაო. დამიჭირეს და ერთ თეთრ, საფრთხობელასავით ინგლისელს მიმგვარეს, რომელიც კარავში ცხოვრობდა. მოწმე არავინ დამსწრებია, ჩემი და ბრმა იყო და თან უმწეო ბავშვი.
-უმწეო ბავშვიო!- ექოსავით დაიბუბუნა უფროსი მეჯინიბის ცოლმა.- შენ ვიღა ხარ, ჩიტივით უღონო, ახალშობილი კვიცივით გამწლეულო, შენა?
-მე ვარ ის, ვინც ადრე დაფშუტული იყო, ახლა კი გაიტიკნა.-თქვა პატარა ტობრამ და მტვერში გაწვა.- ერთი სული მაქვს, დავიძინო.
მეჯინიბის ცოლმა საბანი გადააფარა და პატარა ტობრამაც მყისვე მართალი კაცივით, ღრმა ძილს მისცა თავი.