-თუკი დედამიწას გარშემოვუვლით აღმოსავლეთის მიმართულებით, მოიგებთ ერთ დღეს,-უთხრეს ერთხელ ჯონ ჰეის სწავლულებმა.
შემდგომ წლებში ჯონ ჰეიმ მოიარა ქვეყნიერება, აგვარებდა საქმეებს, ეტრფოდა ქალებს, შექმნა ოჯახიც სხვა ადამისშვილთა მსგავსად. ის კი, რაც მეცნიერთაგან ჩაეწვეთა, მეხსიერების სიღრმეში ჩარჩა მრავალ ნანახსა და განაგონთან ერთად.
როდესაც ერთი შორეული ნათესავი გარდაეცვალა, ჯონ ჰეის მოულოდნელად მდიდარი მემკვიდრეობა დარჩა. ჯერ კიდევ დიდი ხნით ადრე, ვიდრე მემკვიდრეობას მიიღებდა, ჯონ ჰეის ტვინში გაჩნდა პატარა ღრუბელი-გონების მყისიერი დანთქმა-რომელიც წამოუვლიდა და უმალ გაქრებოდა. ასე აშრიალდებიან ხოლმე ღამურები სახლის ლავგარდანებთან, გვამცნობენ რა ღამის დადგომას. იგი დიდი ქონების მფლობელი გახდა: ფულის, მიწის, სახლების, მაგრამ მის სიხარულს აედევნა აჩრდილი, რომელიც მოსძახოდა, რომ დიდი ხანი არ ეწერა, დამტკბარიყო ყველა ამ სიკეთით. ეს გახლდათ მოლანდება მისი მდიდარი სახლიკაცისა, რომელიც ამქვეყნად იმად მობრუნებულიყო თავისი ძმიშვილი გაეგზავნა საიქიოს. ჯონ ჰეის საქმით დატვირთული გულგრილი ადამიანის იერი ჰქონდა. არც კი ამხელდა სულში აჩენილ აჩრდილს, ფასიანი ქაღალდები, სახლები, მიწები,-ყველაფერი აქცია მრგვალ, წითელ ინგლისურსოვერნებად, თითოეული ოც შილინგს რომ უტოლდება.
შესაძლოა ისე მოხდეს, დაეცეს მიწის ფასი და სახლებიც ცისკენ გაფრინდნენ ცეცხლის წითელი ფრთებით, მაგრამ ვიდრე არ დამდგარა განკითხვის დღე, სოვერენი მარად დარჩება სოვერენად, ანუ ამქვეყნიურ სიამეთა გამრიგედ.
ან სიმდიდრეს ჯონ ჰეი ხალისით მიაფლანგავდა ათასგვარ თავშესაქცევში. ოღონდ ეს უყო, მოუცილებლად სდევდა სიკვდილის შიში, რადგან სახლისკაცის აჩრდილი ალანდულიყო დერეფანში, ქუდების საკიდარს ზემოთ. ჩამოსძახოდა: სიცოცხლე ხანმოკლეა და დღეთა სათვალავიც დარწყულიაო. სიკვდილის შიში ჯონ ჰეის ჭკუაზე შლიდა. ერთხელაც მისი გონების სიღრმიდან, სადაც ათასგვარი უსარგებლო ცნობა დახვავებულიყო, მოიზიდა ერთი მეცნიერული მოსაზრება აღმოსავლეთით მოგზაურების სიკეთეზე და როცა ბიძამ კვლავ ჩამოსძახა, მეორე-უფრო გამყინავმა ხმამ იყვირა: ის, ვინც ერთხელ შემოუვლის მსოფლიოს აღმოსავლეთის მიმართულებით, მოიგებს ერთ დღეს.
კარჩაკეტილობა და კოცბრიობისადმი უნდობლობა- აი მიზეზი, რის გამოც ჰეი არ უმხელდა ამ საიდუმლოს ნაცნობ მეგობრებს. შესაძლებელი იყო, მათ ეს ამბავი მსჯელობის საგნად ექციათ. მართალია, ჯონ ჰეი დარწმუნებული გახლდათ ამ აზრის ჭეშმარიტებაში, მაგრამ ფიქრი, რომ იდეას აიტაცებდნენ, მწვავე ტკივილს ჰგვრიდა. მთელი დამაშვრალი კაცობრიობიდან მარტოოდენ სამს ხვდა წილად პატივი, შეეცნო უკვდავების საიდუმლო. ღვთის წინაშე მკრეხელობა იქნებოდა მთელი კაცობრიობის გარეკვა აღმოსავლეთით. გარდა ამისა, გემები გაიტენებოდა ხალხით და მგზავრობა აუტანელი გახდებოდა, ჯონ ჰეის მარტოობა ყველაფერს ერჩივნა. თუკი ორ თვეში გარს შემოუვლიდა დედამიწას (სადღაც ამოეკითხა, ერთ ვინმეს თურმე ოთხმოც დღეში დაეფარა ეს მანძილი), მთელ დღე-ღამეს მოიგებდა. ბოლო ოცდაათი წლის განმავლობაში კი დაინარჩუნებდა ას ოთხმოც დღეს-ლამის ნახევარ წელიწადს. ეს ბევრი როდია, მაგრამ დროთა განმავლობაში, ცივილიზაცია რომ წინ წავა და ევფრატის ველზე რკინიგზას გაიყვანენ, ჯონ ჰეი უფრო სწრაფად იმგზავრებს.
სოვერენებით აღჭურვილი, ოცდათხუტმეტ წელს მიღწეული ჯონ ჰეი გაემართა სამოგზაუროდ, ორივ ხმა თან სდევდა მას როცა დუვრიდან კალეში მიცურავდა. ბედი სწყალობდა. ევფრატის ველის რკინიგზა სწორედ იმ ხანებში ამუშავდა და ჯონ ჰეი პირველი იყო, ვინც აიღო ბილეთი კალედან კალკუტამდე - მატარებელში უნდა დაეყო ცამეტი დღე. ამდენი ხანი მგზავრობა მართალია გუნებას ახდენს, მაგრამ მსოფლიო კი მოიარა ამერიკიდან კალეში ორ თვესა და თორმეტ დღეში დაბრუნდა და უძვირფასესი ოცდაოთხი საათი დაინარჩუნა.
იგი მოწამებრივად უვლიდა გარს დედამიწას დროის მოსაგებად, რათა შემდგომ დამტკბარიყო მონარჩენი სოვერენებით. ასეთ ყოფაში გავიდა სამი წელი.
ჯონ ჰეის რკინიგზის ხაზებზე ისეთ კაცად იცნობდნენ, მუდამ მოგზაურობას რომ ესწრაფვის. როცა ხალხი ეკითხებოდა, ვინ იყო იგი და რას საქმიანობდა, ჯონ ჰეი პასუხობდა:
-მე ვარ კაცი, მარადიულ ცხოვრებას რომ მისტანებია და იცოდეთ, ჩემსას ვიქმ კიდეც.
მთელი დღეები ან გემის კიჩოს თეთრ ხვეულ კვალს აკვირდებოდა, ანდა უსწრაფესი მატარებლების ფანჯრებს მიღმა მიმქროლავ ყავისფერ მიწას. უბის წიგნაკში ინიშნავდა ყოველ განვლილ წუთს, ანდა წამს, ულმობელ მარადისობას რომ გამოსტაცა.
აბა, ლოცვა ხომ ვერ უშველის საქმეს,- წარმოთქვა მან და რიგით მეოცე მოგზაურობისთვის შეემზადა. ჯონ ჰეის ბედი სწყალობდა. ბრაჰმაპუტრას ველზე რკინიგზის ლიანდაგის გაყვანას, რომელიც შიდა ჩინეთს უერთთდებოდა, ის სიკეთე მოჰყვებოდა რომ კალეკში აღებული ბილეთით კარაჩისა და კალკუტის გავლლით ჰონკონგამდე მივიდოდა კაცი. მოგზაური მსოფლიოს ახლა ორმოცდაშვიდ დღეში შემოუვლიდა გარშემო.
წერას ატანილმა ჯონ ჰეიმ თავისი საიდუმლო გაანდო ერთადერთ მეგობარს - მისი სახლის მეთვალყურეს ლონდონში. მერე აღარ დაანახა და უმალ გაემგზავრა კიდეც. ეს ქალი გამჭრიახი აღმოჩნდა და მყის იმ ვექილებს მოეთათბირა რომელთაც პირველად ამცნეს ჯონ ჰეის მდიდარი მემკვიდრეობის ამბავი. ამ ქონებიდან ჯერ კიდევ ბევრი სოვერენი იყო დარჩენილი და ახლა ჰეის გვარეულობის სხვა ჩამომავალს სწადდა ისინი დაეხარჯა უმეტეს საზრიან რაიმეზე, ვიდრე რკინიგზის ბილეთები და გემის კაიუტები გახლდათ. სრბოლამ ძალზე დიდხანს გასტანა, რადგან მარადიულ ცხოვრებას მიდევნებული მოგზაური გზად როდი ყოვნდება. ჰეიმ კვლავ შემოუარა მსოფლიოს და მადრასში დაეწია დადევნებულ, ქანცგაწყვეტილ ექიმს.
აქ მას ებოძა თავისი შრომის ჯილდო, ჯონ ჰეი კი კურთხეული უკვდავების რწმენით აღივსო. ექიმი კარგა ხანს აკვირდებოდა მის შემხმარ ტუჩებს, აკანკალებულ ხხელებს და თვალებს, რომლებიც ჩააგონებდა ბინა დაედო მადრასში, სანაპიროზე გადმომდგარ ერთ პატარა სახლში, რომლის შორიახლო ზღვა მოქცევისას აზავთებს ტალღებს.
ჰეი ახლა ზის ოთახში ჭერზე თოკებით ჩამოკიდებულ სავარძელში და მის ქვეშ თავისუფლად ბრუნავს დედამიწა. ახდა მისი ნანატრი.
ეს არა სჯობს გემით ან მატარებლით მგზავრობას, ამგვარად ხომ წამსაც არ დაკარგავს და უკვდავი მზის ბადალი გახდება.
მერე ჰეიმ პირობა დადო, მარადიულად ეხადა მისი შესანახი ხარჯები.
ჯერ არ მოჭრილა კალედან ჰონკონგამდე სამგზავრო ბილეთი; თუმცა თხუტმეტი წლის შემდეგ ვინძლო ესეც ახდეს. ამბობენ კი, ვინც ინდოეთის სამხრეთ სანაპირობზე მოხვდება, იქ, ერთად შეფეთქილ პატარა ბუნგალოში შეუძია მოინახულოს ჭერზე მიმაგრებულ თხელ რკინის ფურცელზე (იგი ხომ აბათილებს დედამიწის მიზიდულობას) ჩამოკიდებულ სავარძელში მჯდომი უძლური მოხუცი, ხელში წამზომით თვალმოუშორებლად რომ მისჩერებია მზეს.
იგი ეჯიბრება მარადიულობას, ღვინოს ვერ ეწყობა, თამბაქოს არ ეწევა და მისი შესანახი ხარჯები არ აღემატება თვეში 25 რუპიას. ეს სულდგმული უკვდავი ჯონ ჰეი გახლავთ.
გარედან ესმის, როგორ გრუხუნებს მბრუნავი სამყარო, რომელთანაც, მისივე თქმით, აღარაფერი ესაქმება. ოღონდ იტყვით, რომ ეს მხოლოდ ზღვის მოქცევის ხმაურია და სხვა არაფერი, მწარედ აქვითინდება.
როცა მისი ტვინი წყვეტს გამალებულ მუშაობას, იგი გონს მოდის, ჩრდილიც გადაქრება ხოლმე და ჟამი-ჟამ ეჭვიც შეაქვს ექიმის სიმართლეში.
-რად არა დგას მზე ნიადაგ შუბის ტარზე?-წუხს ჯონ ჰეი.