მისი საიმპერატორო უდიდებულესობის, ინგლისის დედოფლისა და ინდოეთის იმპერატორის ნდობით აღჭურვილი მოკავშირე, მისი სამეფო უმაღლესობა, ავღანეთის ამირა აბდურ რაჰმანი ის კაცი გახლავთ, ვისი დიდი რიდი მართებს ყოველ ჭკვიან ადამიანს. ამა ქვეყნის ძლიერთა მსგავსად იგი ქვეშერმდომთ თავზე როდი უსვამს ხელს. დედამიწის ზურგზე ხომ იშვიათად მოიძებნება ამათსავით თავნება ხალხი. იქაურებს სხვისი სიცოცხლე, საკუთრება, გინდა კანონი და მთელი სამეფო არად უჩანთ. მათთვის არაფერია წმიდათაწმიდა. მკვლელებით, ქურდებით და მრუშებითაა სავსე ეს კუთხე. უზნეობა თაობიდან თაობას გადაეცემა მემკიდრეობით. ამას ადათ-წესებიც დიდად უწყობს ხელს. და მაინც, ეს ხალხი მთლად წყალწაღებული როდია. თავისებური ღირსება მოსავთ და ღირს მათი ხასიათის შესწავლა. ადგილობრიი მკვიდრი ხან სრულიად უმიზეზოდ ატეხს ჩხუბს და არ დაშოშმინდება ვიდრე არ აკუწავენ, ანდა საერთოდ არ გაანძრევს ხელს. ასე რომ, ავღანელი ისე ძნელად შესაცნობია, როგორც მისი ღვიძლი ძმა, რუხი მგელი.
სიკვდილის შიში - აი მიზეზი, რის გამოც მორჩილებს ხალხი ამ გამგებელს. ზოგნი ამის გამო ამირას აღმოსავლური სიბრძნის მიმდევრად ნათლავენ. სხვანი იმასაც ამბობენ, ამირას სიტყვა მხოლოდ ტყვიის მისაწევარზე ჭირსო. ასეა თუ ისე, ხალხს მაინც დიდი რიდი აქვს ამირასი, რადგან არავინ უწყის, როდის დააცხრებათ თავს ქვეყნის სრულუფლებიანი მეუფე.
შიშის ზარი ადგათ ჰგოლამ ჰიდერის - ავღანეთის ჯარის მთავარსარდლისა, რადგან მას ძალუძს, ვითომდაც არაფერიაო, ისე გასვას კაცი ძელზე. მთელი ქაბულ-ქალაქი თრთის გუბერნატორის წინაშე, რომლის ხელშიცაა მათი ბედ-იღბალი.
რის გუბერნატორი და რის მთავარსარდალი-ყველაზე დიდი ზაფრა აქვთ ამირასი, თუმცა ქვეყნის განაპირას ბინადარი ზოგ-ზოგი ტომები, როცა მას შორს დაიგულებენ, ცუდბაქიობენ- ჩვენი თავი ჩვენვე გვეკუთვნისო.
ამირას კანონი სისხლისფერია. მისი ერთი დარისხებით წყდება ადამის შვილის სიცოცხლის ფოთოლი და მისი წყალობაც კი შემზარავია.
ამირას დევნიდნენ, ვიდრე ტახტზე ააღწევდა. ბევრი განსაცდელი ნახა, ათას თოკშია გამოვლილი და, ყველა ჯურის ხალხი ნაცნობია მისთვის.
აღმოსავლური ადათის მიხედვით მავანი მომჩივანი ან შურისმაძიებელი, კაცი თუ ქალი, უფლებამოსილია ეახლოს მეფეს ყოველდღიურ თავყრილობაზე. ეს გახლავთ ერთპიროვნული მთავრობა. ასე იყო კურთხეული ჰარუნ ალ რაშიდის დროს, ასეა ახლაც და ასე იქნება მაშინაც, ოდეს ინგლისელები ფეხს ამოიკვეთავენ ამ არე-მიდამოდან. მეფესთან მისული ბეწვის ხიდზე დგამს ფეხს. მბრძანებელი შესაძლოა, მოიხიბლოს მომჩივნის პირდაპირობით და გულახდილობით, აღაზევოს იგი, ორიოდ წუთის მერე კი უმოწყალოდ გასწიროს ასევე ალალად მოსიტყვე სხვა ქვეშერმდომი. ხალხს მაინც ძვირად ეთმობოდა თავისი უფლება. ეს მოხდა ქაბულში, იმ დღეს, როცა ამირამ ირჩია ღია ცისქვეშ, ქალაქგარე ბაღნარში განეხილა საქმეები. წინ მსუბუქი მაგიდა ედგა, რომლის ირგვლივ საზოგადოებრივი წოდებების შესაბამისად განლაგებულიყვნენ გენერლები და მეხაზინეები. სამეფო კარის დიდებულთა, ამ უწყალო სისხლისმწოველთა და ფეოდალთა წინამძღოლების გრძელი ამალა გარს შემორკალოდათ მათ და ქაბულის ხეხილის ბაღებიდან მობერილი ნიავი განუგრილებდათ შუბლებს. ყოველი კუთხიდან წამდაუწუმ მოქანდებოდნენ ხოლმე ოფლში გახვინთქული შათირები, უსტარებს მიართმევდნენ, იტყობინებდნენ ჯანყის, ქიშპობის, შიმშილობის, აუკრეფავი გადასახადებისა თუ შარაზე ნაპოვნი განძეულის ამბავს.
ამირას მთელი დღე თავი ჰქონდა ჩარგული ამ საბუთებში, თავის სახელზე მოწერილ ბარათებს ტოვებდა, დანარჩენს მოხელეებს გადასცემდა და ჟამი-ჟამ ახსნა-განმარტებისთვის მოუხმობდა ხოლმე იქვე მომლოდინე თანაშემწეს. ავღანეთის ამირას ნათლად და გარკვევით უნდა მოხსენდეს ყოველივე, შემდგომ ამისა მძიმედ დაიხრება ალმასის ვარკვლავიანი კრაველის ქუდით დამშვენებული პირქუშად მომზირალი მეფის თავი და თავის საწმყსოს მიუბრუნდება. ნაშუადღევს ვიღაც ქალი შემოიჭრა ყვირილით: ჩემი ქმარი ქაჩალია და გამყარეთ მასთანო. ამირამ უსმინა ორთავე მომჩივანს და ქალი დამოძღვრა: ქმარს აჭრილი რძე დაასხი მოტვლეპილ თავზე, ვინძლო ბალანი ამოუვიდესო. მოსამართლეებმა ხარხარი ატეხეს. ქალი გაბრუნდა. გულში წყევლა-კრულვას უთვლიდა მეფეს. როცა წყვდიადი ჩამოდგა და სასამართლოს საქმეები შეცოტავდა, მეფის წინ წარდგა ერთი ჩასკვნილი, მცველებით გარშემოტყმული, ნაცემ-ნაბეგვი კაცი, ვისაც თურმე სამი რუპია მოეპარა. მისი აღმატებულება არც ასეთ უმნიშვნელო საქმეებს ტოვებდა უყურადღებოდ. - რად იქურდე? -ჰკითხა მეფემ.
ყველამ იცოდა, ამირასთან ცრუობა დიდი ვერაფერი სახეირო იყო. - ღარიბ-ღატაკს ვინ რას მამუშავებდა, კუჭი მიხმებოდა.
-რად არ მუშაობდი?
-ვინ გამიკარა ახლოს, ღარიბთა ქომაგო, სული კინაღამ ამომხდა შიმშილით.
-ცრუობ, გაჭირვებული კი არა, ლოთი ხარ მრუში და მცონარა. ამიტომაც იპარავდი.
ტუსაღმა თვალები დახარა. ჩანდა, ის ადრეც იყო ნასამართლევი და ამირას ხმის კილოში იგრძნო, სიკვდილი არ ასცდებოდა.
-სამუშაოს ყველა იშოვის, თუკი მოინდომა. ჩემზე უკეთ ეს ვინ იცის. ბევრჯერ მომნატრებია ლუკმაპური, მაგრამ ისე ვიქცეოდი, როგორც შეჰფეროდა ღმერთისა და კაცის მიერ განწირულ ალალ ადამიანს. ამირას ლაპარაკის საღერღელი აეშალა. წინ წამოშვერილი ხმლის ტარი იდაყვით გადასწია და დიდებულებს მიუბრუნდა:
-ამ ტყუილების გუდას დამიხედეთ! ვინ ლაპარაკობს გაჭირვებაზე! ერთხელ შიმშილი მეც მომადგა კარს. რაც შემეძლო, მაგრად შემოვჭირე ქამარი მუცელზე.ვიდრე ტახტზე ავიდოდი, მდევნიდნენ. უპატრონო ძაღლივით ვეხეტებოდი ქანდაჰარში. თუმცა ერთი ადამიანი მაინც მედგა გვერდით. ჩემს გროშებს წირვა გამოუვიდა. დავრჩი ცარიელზე-აი, ასე. - მან ხელის გული უჩვენა დამსწრეთ,- დღითი დღე მეცლებოდა ძალა ძლივსღა მივაღწევდი ხოლმე ჩემს თავშესაფრამდე.ღმერთმა იცის რით გამქონდა თავი. ერთ მშვენიერ დღეს ხელი დავავლე ჩემს საუცხოო აბრეშუმის ლიჰაფს - შესანიშნავი ირანული ნახელავი გახლდათ, ასეთს ახლა ვეღარსად შეხვდებით ორ კაცს წვდებიდა ეს ღუნღულა მოსასხამი. ამის გარდა რიგიანი არაფერი გვებადა. ჰოდა, ეს ლიჰაფი მევახშეს წავუღე,რომელიც ვიწრო ქუჩაბანდში სახლობდა. მივუტანე და სამი რუპი მოვთხვოე. ქურდი ხარო,- მაკადრა მევახშემ მე, ამჟამინდელ მეფეს,- ეს ლიჰაფი სულ ცოტა სამასი რუპია მაინც ღირსო, არ ვარ მეთქი ქურდი, ვიტკიცე. ქურდი კი არა, კეთილშობილი თავადი ვარ-მეთქი, ოღონდ სახსარდაკარგული. მოხეტიალე მათხოვრების თავადი მიწოდა მევახშემ და ასე მითხრა: ფული თან არა მაქვს, აგერ ეს მოხელე წაგყვება ჩემს სახლში და ორ რუპიას მოგცემს და რვა ანას, მეტს ვერ შემოგთავაზებო. მასლაათი გავაბით გზაში მე და იმ ახალგაზრდამ. კეთილი გულის ადამიანი გამოდგა. ასე მითხრა, მევახშისგან ამ ლიჰაფში მეტი გერგებოდაო და ორი რუპია დამიმატა. უარზე დავდექი უმჯობესია რამე სამუშაო მიშოვოთ-მეთქი. და მე, აბდურ რაჰმანი, ამირა ავღანეთისა, დღე და ღამეს ვასწორებდი, ხელებდაკაპიწებული, ყულივით ვათრევდი ტვირთსა და ჩემი ოფლისა და ატყავებული ზურგის საზღაუროდ ოთხ ანას ვიღებდი.ამ უკეთურმა კი უნდა იქურდოს თურმე. წელიწადი და ოთხი თვე მუხლი არ ჩამირგია, ვერავინ დამწამებს ცრუობსო. მე მოწმეც მყავს. თუნდაც ის მოხელე ახლა რომ ჩემს მეგობრადაა შერაცხილი.
სარდალთა და კეთილშობილთა რიგიდან წამოდგა ყანაოზით მოსილი კაცი, ხელები გულზე დაიჭდო და თქვა: ღვთისა და ამირას სადიდებლად მოგახსენებთ, მე ვარ ის კაცი, ვინც ადრე მევახშის მოხელე იყოო. ამირა ერთხანს დუმდა, მერე ხაფი ხმით აყვირდა, თავსლაფს ასხამდა ტუსაღს. ამ ლანძღვა-გინების ბოლო ხანჯალივით სიტყვები იყო: -დარ არიდ!- რაც მოასწავებდა სასამრთლოს დასრულებას. ქურდი წაიყვანეს, რათა ასო-ასო აეკუწათ და ამირას შემყურე მსაჯულებმა ირგვლივ ჩამოვარდნილ სიჩუმეში ჩურჩულით წარმოსთქვეს: ,,ალაჰსა და მუჰამედს ვფიცავთ, კაციც ამას ჰქვია".