ყველაზე მეტად ზაფხულის ბოლო უყვარდა... არა, შემოდგომა... მგონი შემოდგომა...
სანაპიროზე უკვე ციოდა და სიამოვნებდა მზის ჩასვლის შემდეგ წყალთან ხეტიალი. გარშემო სიჩუმე იდგა... წყალი ჭუჭყისფრად და საზიზღრად ეჩვენებოდა... თოლიებს არ ეძინათ... ვერ იტანდნენ ძილს. ქვემოთ ეშვებოდნენ... ახლოს მის თვალებთან, მის სულთან...
მისი სულის ნარჩენებს ითხოვდნენ...
თუ სული აღარ გაგაჩნია და ამას ხვდები, ეს იმას ნიშნავს, რომ სულის ნაწილი მაინც დაგრჩა.
მერე დაჯდებოდა ხოლმე და ოკეანეს უყურებდა... ასეთ დროს ყველაფერი ძნელად დასაჯაერებელი ხდება... თუნდაც, ის, რომ არსებობს ისეთი ქვეყანა, როგორიცაა ჩინეთი ან ამერიკის შეერთებული შტატები, ან თუნდაც ისეთი ადგილი როგორიც ვიეტნამია... ან ის, რომ ოდესღაც ბავშვი იყო, თუმცა როცა ამაზე დაფიქრდებოდა, ადვილად იჯერებდა... მას საშინელი ბავშვობა ჰქონდა და ამის დავიწყება არ შეეძლო... არც ახალგაზრდობის: ახსოვდა ყველა სამსახური, ყველა ქალი. ბოლოს კი აღარცერთი ქალი და აღაც სამსახური...
სამოცი წლის უსახლკარო, ჩამოწერილი, არარაობა, რომელსაც აღარაფერი გააჩნდა ერთი დოლარისა და ოცი ცენტის გარდა, საცხოვრებლის ქირა იმ კვირაში გადახდილი ჰქონდა...
ოკეანე... გონებაში ამოტივტივდნენ ქალები. რამდენიმე სულაც არ ახსენდებოდა ცუდად, უმეტესობა კი სასტიკები, სულელები და საზიზღრები იყვნენ. ოთახები და ლოგინები, სახლები, სხვადასხვა სამსახურები, შობის დღესასწაულები, საავადმყოფოები... ყველაფერი გაახსენდა... სიბნელე, მძიმე დღეები, ღამეები და არავითარი სიახლე, უმოქმედობა...
და ყველაფრის დასასრული სამოცი წლის თავზე: დოლარი და ოცი ცენტი.
ცოტა ხანში სიცილი მოესმა.
გადასაფარებელი, ბოთლები, ყავა, სენდვიჩები და ლუდი მოიტანეს. ხმამაღლა იცინოდნენ... ორი ბიჭი და ორი გოგო... მშვენიერები, მოხდენილი სხეულებით, უდარდელები. მერე ერთ-ერთმა შეამჩნია.
"ეს რა არის?"
"ღმერთო... წარმოდგენა არ მაქვს..."
არ განძრეულა.
"ადამიანია?"
"სუნთქავს? მოძრაობს?"
“მოძრაობს?"
ყველას გაეცინა.
მან თავისი ღვინის ბოთლი აიღო და შეანჯღრია. რაღაც კიდევ იყო დარჩენილი...
"მოძრაობს, შეხედე, მოძრაობს."
წამოდგა და ქვიშა ჩამოიფერთხა.
"ხელები აქვს, ფეხებიც, სახეც..."
"სახეც?"
ისევ ხმამაღლა გაიცინეს...
მას არ ესმოდა მათი... ბავშვები არ არიან ასეთი სასტიკები. მაშინ ესენი ვინ იყვნენ?
ახლოს მივიდა მათთან...
"სიბერეში სირცხვილის გრძნობა აღარ გააჩნიათ"
ერთმა ბიჭმა ლუდის ბოთლი გამოცალა და მოისროლა.
"სირცხვილია უსაქმურად დროის გაყვანა. უსაქმური ხარ ჩემთვის..."
"მე ისევ ღირსეული ადამიანი ვარ, შვილო"
"წარმოიდგინე, რომ ერთ-ერთმა გოგომ ფეხები გადაგიშალა წინ, რას იზამდი?"
"როდ, ნუ ლაპარაკობ ასე!"
უთხრა წითელთმიანმა გოგომ, რომელიც გაწეწილ თმებს ისწორებდა ქარში... თითქოს მთელი არსებით ქარს მისცემოდა... და ფეხებით სილაში ჩაფლულიყო.
"რას იზამდი ასეთ შემთხვევაში? ჰა? რას იზამდი რომელიმე გოგომ შენთან დაწოლა რომ მოინდომოს?"
შეტრილდა, შემოუარა მათ და გზისკენ წავიდა.
"როდ, რატომ ელაპარაკე ასე ამ საცოდავ მოხუცს? ზოგჯერ ვერ გიტან"
"მოდი აქ… "
"არა… "
უკან მიიხედა და დაინახა როგორ მისდევდა როდი წითელთმიან გოგოს, მერე დაეწია და ერთად წაიქცნენ ქვიშაში. იცინოდნენ...
იქვე მეორე წყვილი იჯდა... ერთმანეთს კოცნიდნენ.
გზაზე რომ გავიდა, ჩამოჯდა, ქვიშა ჩამოიფერთხა ფეხებიდან, ისევ ჩაიცვა ფეხსაცმელი და ზუსტად ათი წუთის შემდეგ უკვე თავის ოთახში იყო. შუქი არ აუნთია ისე გაიხადა და დაწვა.
კარებზე დააკაკუნეს.
"მისტერ სნიდ... "
"დიახ... "
კარები გაიღო. სახლის პატრონი მისის კონერსი იყო სამოცდახუთი წლის ქალი. მას არ შეეძლო მისი სახის დანახვა სიბნელეში.
და უხაროდა, რომ ვერ ხედავდა...
"მისტერ სნიდ,"
"დიახ..."
"გემრიელი წვნიანი მოგიმზადეთ, მისტერ სნიდ. ხომ არ გნებავთ?"
"არა... გმადლობ..."
"მისტერ სნიდ, კარგით რა. მართლა გემრიელი წვნიანი მოვამზადე, მოგიტანთ რა, გსაინჯეთ მაინც..."
"როგორც გენებოთ."
მაგიდასთან გადაჯდა. მისის კონერსმა ოთახის კარები ღია დატოვა და დერეფნიდან შემოსული შუქი მის ფეხებს, მუხლებს ეცემოდა... და იმ ადგილს, სადაც თეფში და კოვზი იდო.
"მოგეწონებათ მისტერ სნიდ, გემრიელი წვნიანია."
"გმადლობ… "
იჯდა და წვნიანს უყურებდა - შარდივით ყვითელ, ქათმის წვნიანს, უხორცოს. ცხიმის ბუშტებს აკვირდებოდა.
ცოტა ხანი ასე იყო, მერე კოვზი გვერდით გადადო, თეფში ფანჯარასთან მიიტანა და გარეთ გადაასხა. ორთქლი ამოვარდა მიწიდან და მალევე გაქრა. თეფშიც კამოდზე დადო, კარები დახურა და ისევ ლოგინზე წამოწვა. ისე ბნელოდა , როგორც არასოდეს აქამდე. მას მოსწონდა სიბნელე, სიბნელეში ფიქრი შეეძლო...
დაძაბული იყო და ამ სიჩუმეში ოკეანის ხმა ესმოდა... უსმენდა ამ ხმას ცოტა ხნის განმავლობაში... მერე ამოისუნთქა, ღრმად ამოისუნთქა და მოკვდა...