სდექ!
ბატონებო,
არ გაბედოთ თხოვნა წყალობის,
არ ხართ –
მათხოვრად ხელგაწვდილი მაწანწალები!
ჩვენ, გოლიათებს,
ვეებერთელა ნაბიჯებით,
გვმართებს რომ –
არც კი მოვუსმინოთ, ისე გავგლიჯოთ
ორადგილიან საწოლებზე მიწებებული,
როგორც უფასო დამატება –
ყველა ბაღლინჯო!
მათ დავეღრიჯოთ : „დამეხმარე“ ?!
არა, ბატონო!
შეიტენონ საკუთარი ჰიმნები და ორატორია!
ჩვენ თავადა ვართ შემოქმედნი მხურვალე ჰიმნის,
ის მოგუგუნე ფაბრიკებში დასაწერია.
ან რა საქმე მაქვს მე ფაუსტთან,
რაკეტების ფეიერვერკი! –
მეფისტოფელთან უსხლტის ფეხი ზეცის პარკეტზე,
როცა ვიცი, რომ
ჩემს ჩექმაში არის ლურსმანი –
უკოშმარესი
თვით გოეთეს წარმოსახვებზე!
მე,
ოქროპირი,
ვისი ყოველი სიტყვა
სულებს ახლად შობს,
და სხეულებს სახელებს არქმევს,
თქვენ გეუბნებით:
ერთი ციდა ცოცხალიც კი სჯობს,
ჩემს დამთავრებულ
ანდა აწი დასაწყებ საქმეს!
ისმინეთ!
კვნესით, ბორგვით ქადაგებს
ბაგემყვირალა,
დღევანდელი დღის ზარატუსტრა!
ჩვენ სახე გვიგავს ნახმარ „პროსტინებს“,
ხოლო ტუჩები - დაშვებულ „ლიუსტრას“,
კატორღელები
ქალაქ-ლეპროზორიუმების,
სადაც კეთრი ამოჭამა ოქრომ და ჭუჭყმა,
ვართ განბანილნი მზით და ზღვაურით,
ვენეციურ ლაჟვარდზე სუფთა!
თარგმნა ნინო ქოქოსაძემ