Litclub.ge

* * * "სულში ნათელი ისე მიღამდა"
სულში ნათელი ისე მიღამდა... 
ეს ბედიც ჩემი ტყუპის ცალია; 
როგორც შევძელი ისე მიყვარდა, 
მე არ შემეძლო უფრო ძალიან. 

ამ წუთისოფლის მთელი ავ-კარგი 
დუღდა და სული კბილით მეჭირა, 
არდასაკარგი მაინც დავკარგე 
და ვერ შევძელი გადამერჩინა; 

ოცნებაც სულში ისე მიმიცხრა... 
და ღველფი შემრჩა-კვამლის შემცველი; 
მან ხელაღებით გადამივიწყა, 
მე დავივიწყე-როგორც შევძელი. 

დავრჩი ამარა უფლის შეწევნის, 
დრო კი მიფრინავს ქაფის მოგდებით... 
ისე ვიცოცხლე, როგორც შევძელი, 
და როგორც შევძლებ-ისე მოვკვდები.