ვიცი, განა არ ვიცი, რატომაც დამითხოვეს ერთი რადიოდან და რატომ არ მიმიღეს მეორეში: გენაცვალე, ნიჭიერები არსად არ სჭირდებათ, თორემ მუსიკალური გადაცემის წაყვანა ჩემი პრეროგატივაა და ჩემი სტიქიაა. ეს მე ვთქვი პირველმა ღია ეთერში, ,,ჩვენ ურთიერთობისა და სიამოვნებისათვის დაგვრჩა სულ რაღაც სამი საათი და ოცი წუთი, ვინაიდან და რადგანაც სამ საათსა და ოც წუთში სწორედ უნდა დაგემშვიდობოთ სიამოვნებით და, თუმცა გარეთ წვიმს და საშინელი ამინდია ჩვენს ერთადერთ დედაქალაქში, მაგრამ იფიქრეთ მხოლოდ და მხოლოდ მშვენიერებაზე, ვინაიდან და რადგანაც ცხოვრება მშვენიერია და ჩვენს საეთერო სტუდიაში თქვენთვის და მხოლოდ თქვენთვის მუშაობას განაგრძობს თქვენი ერთგული მანიკო”. მერე აიტაცეს გოგო დიჯეებმა ჩემგან, თიკომ, თაკომ, მაკომ, მიმიკომ და ტატიკომ. ხანდახან, თქვენ წარმოიდგინეთ, დაწერაც არ მჭირდებოდა, თავისით გამომდიოდა. ერთხელ, მაგალითად, ასე ვთქვი: ,,თუმცა გარეთ წვიმს და ქარია და ბევრ თქვენგანს იქნებ ელექტროენერგიაც არ მოგეწოდებათ და ვერ მისმენთ, მაგრამ მერწმუნეთ, იფიქრეთ მხოლოდ და მხოლოდ კარგზე, რადგან ცხოვრება მშვენიერია და თქვენს ბედნიერებას საზღვარი არა აქვს, ვინაიდან და რადგანაც მე მოვედიიი!” ბოლოში ასე ვაგრძელებდი – ,,მე მოვედიიი”. მერე ესეც აიტაცეს დიჯეი გოგოებმა, პირველად მე გავაკეთე. თან ნაღდად არსად არ მეწერა. ჩემს უფროსს ალბათ ეგონა, რომ მეწერა, რა ვიცი. ახლა ფილოსოფიურები! აბა მარტო ამინდზე ხომ არ ჩავიციკლები! ვერ ვიტან ამინდზე ჩაციკლვას. ფილოსოფიურებიც მე შემოვიტანე ქართულ საეთერო სივრცეში: ,,...ნეტავ რა არის, საიდან მოდის ეს ღამის სიჩუმის უფაქიზესი დაგვიანება და საით მიიჩქარის იგი ნაზი სევდით მოსილი და იდუმალებით დაფიქრებული? ნუთუ ამ ზანგი ბიჭების დაღლილი გულებისაკენ?” და აქ გავუშვებდი ხოლმე ,,Gloomy Boys”_ის ,,Take My Iron Fist”! ვაგიჟებდი ხალხს! ეს ჩემი სტილია, ჩემი პრეროგატივაა!
მერე ჩემი საავტორო გადაცემა ,,მიქს-ბოქსი” პირველად რომ გავიდა ეთერში, ყველა გაგიჟდა, ამდენი ქუდები და ტიხარები და ეფექტები რა ამბავიაო. ყველაზე მეტი ეფექტები მე მქონდა. საათს ხომ ყოველ სამ წუთში ვაცხადებდი. დიქციები ისეთი მქონდა, ინგლისურისგან ვერავინ არჩევდა. კითხვარები, ზოგიერთი უნიჭო დიჯეისავით სხვისგან კი არ მქონდა მოპარული, სულ ჩემი შედგენილი იყო. რომ შევეკითხებოდი ჩემს სტუმარს ,,ვინ ზრუნავს თქვენს ჩაცმულობაზე?”, ანდა ,,კურიოზს ხომ ვერაფერს გაიხსენებდით?”- მეც მბურძგლავდა და იმასაც. ეს ჩემი პრეროგატივაა, მე ამისთვის ვარ დაბადებული, ეს ჩემი მოწოდებაა, მაგრამ, რა გინდა! თბილისში ყველაფერი ჩაწყობით არის. სხვა რომ ვეღარაფერი მოიმიზეზა ჩემმა უფროსმა, ერთ დღეს ფურცელი დამიდო წინ _ აი შენი ფრაზებიო, სტილისტურად გაუმართავებიო, სულ ერთი გადაცემიდანო.
ფურცელზე ეწერა:
1....იგი 15 წლისაა და აქედან გამომდინარე, არასრულწლოვანია.
2.ცხელი წყლის გამაცხელებელი.
3....იგი ფეხმძიმედაა და ახლო პრესპექტივაში მომავალი დედა უნდა გახდეს.
4.ახლა კი რეკლამა, ხოლო რეკლამის შემდეგ – სკანდალი.
5.მოვლენათა განვითარების ექსკალაცია.
6.მოგეხსენებათ ქართველი კაცის თანდაყოლილი თვისება - მიწის ყივილი.
7.აპლოდისმენტები დაუკრეს.
8.ახლა კი კვარტეტი თქვენი საყვარელი ხუთი ბიჭის შემადგენლობით.
9.თავი იქნა შეკავებული.
10.სამწუხაროდ, ამ ასაკში ელვის პრესლი ჩაიციკლა.
ჰმ! სად არის აქ შეცდომები, გეკითხებით. თვითონაც ვერ ამბობენ, რატომ დამითხოვეს. მე ხომ ვიცი, არა? ვის ჭირდება სიმართლის მთქმელი და ნიჭიერი პროფესიონალები! ჩაიციკლა ეს ელვის პრესლი და ჩემი ბრალია?! მაგრამ აბა რის პროფესიონალი ვარ, თუ გული გავიტეხე და დროებითმა წარუმატებლობამ ფარ-ხმალი დამაყრევინა?
ავდექი და მივადექი რადიო ,,ახალ ვარიანტს” და იქ შევთავაზე გადაცემის გაკეთება. ახალი რადიოა, ამბობენ, მათ უკან მართლა არავინ დგასო და მართლა ნიჭის მიხედვით არჩევენ დიჯეებსო. რაღა მიშლიდა ხელს? მივედი...
სამხატვრო ხელმძღვანელმა მითხრა, ეგეთი გადაცემის გაკეთებას მაინც ვაპირებთ და, რაღა ბევრი გავაგრძელოო და ერთი ჩაწერილი ინტერვიუ მომიტანე და მერე ვილაპარაკოთო. კი ბატონო –მეთქი. ეგ გამიჭირდება? წამოვედი. წამოსვლისას მომაძახა:
_ იფიქრეთ სათაურზეც. არ გვინდა ,,ბოქსები”, ,,მიქსები”, ,,ფანები” და ,,კლუბები”. ნუ დაგავიწყდებათ, რომ ქართული სიტყვებიც არსებობენ, მაგალითად, ,,ქალამნები”, ან ,,წისქვილი”, ან რამე. დაღეჭილი ვარსკვლავები არ გვინდა. რამე ახალი! ცოტა მდოგვიანი! გესმით?...
მაინც რატომ არის ყველა სამხატვრო ხელმძღვანელი ცოტათი დარტყმული? სად ვეძებო ახლა მე მდოგვიანი ვარსკვლავები? მოკლედ, რა ბედი მაქვს, ნორმალური კი არავინ შემხვდება!
...ნიკუშას მივადექი, იქნებ რამე ახალი მირჩიოს-მეთქი. სულ სხვა კონცერტებზე დადის და ჩემს გადაცემას საერთოდ არ უსმენს, მაგრამ მუსიკა კი ძალიან კომპეტენტურად ესმის.
_ მაგის დარდი გაქვს? – ასეც ვიცოდი, რამეს მომიხერხებდა ნიკუშა, თემებსაც სულ ეგ მიწერდა სკოლაში, _ წავედით ახლავე ვაჩესთან, მდოგვიანიც არის და ვაფშე გენიოსია. დაიხსომე, ეგ არის ერთადერთი ნამდვილი ვარსკვლავი. რო განახა დარბაზს რა დღეში აგდებს, ვაფშე აღარ მოუსმენ მაგ პიდარასტებს...
მთელი გზა არ გაჩუმებულა. ქუჩა-ქუჩა დავეძებდით ვაჩეს. ნიკუშა კი ამ დროს ისეთი აღფრთოვანებით მიყვებოდა ვაჩეზე, რომ სუნთქვა გაუჭირდა:
_ ჯერ მარტო სიმღერების სათაურები ნახე: ,,შევდივარ სულის აფთიაქში, ვეძებ ტკივილგამაყუჩებლებს,”ერთი აქვს ,,ისუნთქე ვაკუუმი,” კიდე ,,ფეხებით აკრეფილი სიფრთხილე,” ,,გრილი კრემატორიუმი.” ,,გრილ კრემატორიუმს” როცა ასრულებს, ხალხი კივილს იწყებს. სიყვარულზე ვაფშე არ მღერის. თუ იმღერებს და ფოთლებს და ზღვას კიარ უმღერის, სხვანაირი გასაღებები აქვს რა, სხვანაირად აღებს ბოქსებს. სიყვარულზე, მაგალითად, იცი როგორ მღერის? ,,საღამოს ცხრა არ არის კენტი საათი, დილის ცხრა არის კენტი.” ჯობდა ჯერ მოგესმინა რამე, მარა ვაფშე არა აქ ჩანაწერები, ტო! ფული არა აქ და თბილისში ხო ვისაც ფული აქ, პოეტიც ის არის, მუსიკოსიც, მხატვარიც და კაი ბიჭიც. ჩვენი კულტურა ხო ფულია!
ბევრი ვერაფერი გავიგე, მაგრამ ერთი სული მქონდა, როდის ვნახავდი ვაჩეს. გავძვერით-გამოვძვერით, გავიკითხ-გამოვიკითხეთ და ბოლოს ერთ სახინკლეში მიგვასწავლეს.
ქვა ავაგდე და თავი შევუშვირე:
- სახინკლეში რა მინდა! კი, მდოგვიანს ვეძებ, მაგრამ ვარსკვლავებს და არა სასისკებს.
- მერე, უკეთესი რაღა გინდა! მდოგვიანი ვარსკვლავი სახინკლეში ჩამოგიგდო ღმერთმა! ეს შენი ბედია, დამიჯერე. შენი ჰოროსკოპია.
ჰოროსკოპების ისე მჯერა, შევყევი. თან იმ დღის ჰოროსკოპში მეწერა: ,,იყავით რისკიანი და თამამად შეაღეთ ახალი კარი. თქვენ პროფესიულ სარბიელზე წარმატება გელით”... აი, ამის მერე როგორ აღარ მჯეროდეს ჰოროსკოპების! რას წარმოვიდგენდი, თუ მე ოდესმე სახინკლის კარს შევაღებდი! ოდესმე კიარა და, პირდაპირ იმ დღეს არ შევაღე?!...
ორ ბიჭთან ერთად იჯდა ვაჩე მაგიდასთან. კათხებით ლუდს სვამდნენ. ნიკუშა ახლობლურად მოიკითხეს, მე თავები დამიქნიეს. ერთმა მკითხა:
- ლუდს ხომ არ დალევთ?
- არა, გმადლობთ.
წავიდა და ნიკუშასთვის ლუდი მოიტანა, ჩემთვის – ,,ფანტა” და შოკოლადის ფილა. ეს და ვაჩე ცოტა ნასვამები იყვნენ. მესამე ბიჭი, ჯონდი, ძალიან მთვრალი.
- ეს არაფერს არ ცვლის, - წამჩურჩულა ნიკუშამ, - მთლიანად ფხიზელი ვაჩე ბუნებაში არ არსებობს.
მერე ვაჩეს მიუბრუნდა:
- ეს ჩემი დეიდაშვილია, მანიკო, შენგან ინტერვიუ უნდა.
ვაჩე დამაკვირდა:
- დარწმუნებული ხართ?
- დიახ!
- ნიკუშა, კარგად გაარკვიე, რა. ერთხელ ჩემმა დეიდაშვილმა აიღო ჩემგან ინტერვიუ და სამსახურიდან დაითხოვეს. ისე გამწარდა თურმე იმისი რედაქტორი, მთელი დღე ფეხებით კეტავდა უჯრებს.
_ ასეთი რა თქვით? – ვკითხე ყოველი შემთხვევისთვის.
_ არაფერი, რაც მკითხეს, ის ვთქვი.
_ არა, ვაჩე, ეს ,,ახალი ვარიანტიდან” არის. ხო იცი, სხვა დონეა.
_ მაშინ დამაყარეთ შეკითხვები - თქვა ვაჩემ.
_ იცით, მე მოვედი, რომ დრო და ადგილი დავთქვათ შეხვედრის...
_ კი ბატონო. თხუთმეტ წამში ერთმანეთს ვხვდებით აი აქ და ვიწყებთ. ერთი, ორი, თხუთმეტი- დაიწყეთ!
_ ვერ გავიგე!
_ ჩათვალეთ, რომ დავთქვით დრო და ადგილი და ის დათქმული დრო და ადგილია აქ, ახლა.
ნიკუშამ მითხრა:
_ მე შენს ადგილზე უკვე ჩავრთავდი ჩამწერს, ვაჩესთან მთელი სიტუაცია უნდა ჩაიწერო. თუ მართლა რამე ახალი უნდათ იმ შენს ,,ვარიანტში”, აი ეს არის.
კი ბატონო! იყოს აქ და ახლა. კითხვები არა მაქვს მზად, თუ რა! ამოვიღე ჩემი ბლოკნოტი, დიქტოფონი. ხომ არ ჩავიციკლები! მე პროფესიონალი გახლავართ და ცხელ ხაზზე მუშაობა ჩემი სტიქიაა!
ვაჩე დაკვირვებით ათვალიერებს ჩემს ნივთებს და ბოლოს ამბობს:
- ბიჭებო, დაწექით! ჩემგან ინტერვიუს მგონი მართლა იღებენ!
ძალიან მთვრალმა ჯონდიმ თავი ასწია და მკითხა:
- ვა, ჟურნალისტი ხართ? თქვენ, ხომ არ იცით, ორჯონიკიძის ყოფილ ძეგლთან რომ მიწა ამოთხარეს და იქ რომ წყალი ჩადგა და დიდი გუბე გაკეთდა, ვისი სახელობისაა?
_ რაებს ბოდავ, ბიჭო, ე! – გააჩუმა მეორემ.
მე დიქტოფონი ჩავრთე, ქეთი ლამუნაშვილისთვის დასასმელი შეკითხვების სია მოვძებნე ბლოკნოტში, ბლოკნოტს ისე ჩავკარი თვალი, რომ არც არავის შეუმჩნევია (ერთი თვალის მოკვრითაც, უკვე გარეგნობით ვცნობ ჩემს შეკითხვებს. ასეთ წამყვანს რომ გაუშვებ რადიოდან!), პირველი შეკითხვა ადვილად ვიცანი, მერე ცოტა ხანს სივრცეს გავხედე და ფიქრიანი პაუზებით ჩუმად დავიწყე (იმ დღეს ლურჯი ტუში მესვა):
_ ვაჩე, თქვენ პოპულარული ხართ ყველა ასაკის მსმენელთა შორის და რას ფიქრობთ, რამ განაპირობა თქვენი ასეთი პოპულარობა?
ცოტა უცნაური ბიჭები იყვნენ. რატომღაც გაოცებით გადახედეს ერთმანეთს. ვაჩემ აქეთ მკითხა:
_ დარწმუნებული ხართ, რომ ჩემთან მოხვედით?
ჯონდიმ თავი ასწია, კათხა აიღო და ყარაჩოღლური ტონით და თავის ქნევით წარმოსთქვა ასე სხვათა შორის:
_ მოდით ბიჭებო, ამ კათხა ლუდით ისეთ კეთილ ტყუილს გაუმარჯოს, რომელიცა რომა დათვურ სამსახურებს აუყვება და ჩაუყვება და...
_ ბიჭო, ჩუმად იყავი-მეთქი, ხო გითხარი, არა? – ისევ გააჩერა მეორემ.
_ აპატიეთ, დაბადებითაა ვირი! – ამიხსნა ვაჩემ და განაგრძო, - იცით რა, ჩემო დაიკო, მე არ მიმაჩნია, რომ პოპულარული ვარ და თუ გინდათ გონებას დავძაბავ და ჩამოვაყალიბებ, ეს რამ განაპირობა.
_ მე არაფერი არ განმიპირობებია, ახლა ეგეც მე დამბრალდება. – თქვა ჯონდიმ და თავი ისე ძალიან ჩაქინდრა, მეგონა - ჩაეძინა. მეორე ბიჭმა უხმოდ შეხედა.
მე ჩუმ-ჩუმად ვათვალიერებ ვაჩეს. ძალიან გამხდარია, რაღაცნაირი საინტერესო სათვალიერებელია. წაბლისფერი თმები აქვს და აცვია მუქი შინდისფერი მაისური, მხარზე ორიგინალური, რაღაც უცხო ყვავილისებური, თუ ნეკერჩხლის ფოთლისებური ჭრილით.
_ ჰო, რას ვამბობდი? – გაიხსენა ვაჩემ. – მე არ მიმაჩნია, მაგრამ დამავიწყდა, რა არ მიმაჩნია. რაღაც არ მიმაჩნია...
_ ვაჩე, ვხედავ ძალიან ორიგინალურად გაცვიათ. ვინ ზრუნავს თქვენს ჩაცმულობაზე? – ვკითხე ასე იმპროვიზებულად.
_ აჰ, ესა? – ხელი დაიდო სწორედ იმ ნეკერჩხლის ფოთლისებურ ჭრილზე. – ჩემს ჩაცმულობაზე ზრუნავს ჩემი თაგვი, ცქვიტინა. ეს მაიკა წუხელ გადამიკეთა. დავდებ ღამით ტანსაცმელს, დილით გადაკეთებული მხვდება.
_ ვანაში უნდა ჩადო და ვეღარ გადაგიკეთებს, მე ფიცხელას ეგრე ვასრიალებ. - ჯონდი მე უკვე ღრმა ძილში მეგონა.
_ ჯონდი, ცქვიტინას მაგას როგორ ვაკადრებ! შენ ცუდად იცნობ ცქვიტინას. _ ვაჩე მე მომიბრუნდა, ნაწყენი სახე ჰქონდა. _ მთელი ღამე მუშაობს, ძალას და ენერგიას არ იშურებს, იცით, უნიჭიერესი დიზაინერია და ფაქტიურად, უანგაროდ მეხმარება.
_ ვინ გეხმარება, ბიჭო, უანგაროდ! იმ დღეს ნახევარი პური წაიღო, მშივრები დაგვტოვა. ღორია, დიზაინერი კიარა!
ჩვენ გავიცინეთ.
_ ესეც იუმორი! _ თქვა ვაჩემ. _ რაღა დაგვრჩა? სკანდალი, ინტრიგა და კურიოზი.
_ უფრო სერიოზულად? – არ მოვეშვი მე.
_ უფრო სერიოზულად, მეოთხე კლასში მიყიდა ბაბუაჩემმა პირველი პალტო. ბაბუას გაზრდილი ვარ. ჩქარა რომ არ დამპატარავებოდა, იმხელა პალტო მიყიდა, მეტრა ოთხმოცდა ორი ვარ და დღესაც კარგადა მაქვს. ასე რომ, ჩემს ჩაცმულობაზე ბაბუაჩემი და ცქვიტინა ერთად ზრუნავენ. ბაბუა საიქიოდან, ცქვიტინა – სარდაფიდან.
_ აუუ, გენიოსი ხარ! _ წამოიყვირა ჯონდიმ, _ იცი რა დავარქვათ, ვაჩე, ალბომს? ,,ბაბუაჩემის ბუტიკი,,! რა თავი ვიმტვრიეთ... ,,ბაბუაჩემის ბუტიკი ცაში”, ჰა, რას იტყვი, ვაჩაჩო?...
ვაჩემ დახვეწა:
_ ,,ბაბუაჩემის ბუტიკების ქსელი საიქიოში’’. პლაგიატი არ გამოგვივიდეს, ,,ლუსი ცაში”_ს ავტორები არ მოგვედავონ.
_ ნეტა ეგენი რამეზე მომედავონ, დავჯდები, თითს აღარ გავატოკებ. გენიოსი ხარ! ანდა, ,,ბაბუაჩემის ბუტიკების ქსელი საიქიოს მრავალ ქვეყანაში’’. არა, გოგონა-კორესპონდენტო, იცოდე, თუ მართლა რამე გაინტერესებს: ამ ბიჭს დღეში სამჯერ ეცემა ვაშლები თავში, ჭამის წინ და ჭამის შემდეგ...
აქ იმ მესამე ბიჭმაც ხმა ამოიღო და თქვა:
_ ჯონდი, გვაცალე რა!
_ შენ რა გაცალო? რას აკეთებ, რო? სიჩუმეს აკეთებ, ძმაო, და აკეთე, ხაბარდა!...
_ რა სუნამოს ანიჭებთ უპირატესობას, ვაჩე?
ის მესამე ბიჭი რაღაცნაირად უხერხულად იღიმება, ხოლო ჯონდი, თავჩაქინდრული, ხმამაღლა ფრუტუნებს. ვაჩე იცინის:
_ მე ვხმარობ სუნამოს ,,დიონისეს ღიმილი”. უძველესი ფირმაა და მისი კლიენტები ჩემს გარდა არიან ძალიან ცნობილი ვარსკვლავები.
_ მაგალითად?
_ რა ვიცი, თვითონ დიონისეთი დაწყებული, ვისოცკით, ესენინით და ოთარ რამიშვილით დამთავრებული.
_ ხოო? უნდა გამოვტყდე, რომ პირველად მესმის.
ჯონდიმ ხელები გაშალა და ამიხსნა:
_ ნუ, ახლა, თავმდაბალი ფირმაა, სოლიდური და რეკლამაზე არ ქაჯობს. მერსედესის რეკლამა სადმე გინახავს?
_არა, სახელწოდება თითქოს მეცნობა, მაგრამ სუნამოს თუ ერქვა...
_ გოგო, რაებს ეკითხები! _ იდაყვი წამკრა ნიკუშამ.
,,აჰა, გასაგებია!” გავიფიქრე მე და ის ფურცელი მოვძებნე, სადაც დათო ჯერგენიძისთვის მისაცემი შეკითხვები მეწერა.
_ ვაჩე, რას ფიქრობთ ქართულ შოუ-ბიზნესზე?
_ არაფერს.
_ და მაინც?
_ ეს ,,დამაინც” რა ბალისტიკურია, არა? ეგრევე მკლავს. კარგი, თუ ძალიან გინდათ, რამეს ვიფიქრებ.
_ და რას იფიქრებთ?
_ ახლავე ვიფიქრო?
_ თუ არ შეწუხდებით, ახლავე, რა!
_ ვიფიქრებ, რომ ეს არის პროდუქტთაგან ყველაზე უფრო კონტრაბანდული, ყველაზე ფალსიფიცირებული, ყველაზე ვადაგასული, ყველაზე განუბაჟებელი და ყველაზე მომწამვლელი პროდუქტი დღეს ჩვენს ბაზარზე. მისგან გარემოს გასუფთავებაზე დროა სერიოზულად იმუშაონ სპეციალისტებმა და, რა ქვია, შესაბამისმა უწყებებმა. მისი განადგურება უკვე ელემენტარული ხერხებით აღარ შეიძლება. თუ უბრალოდ დავწვავთ _ კვამლი მოგვწამლავს, თუ ნაგავსაყარზე გადავყრით – ღორები შეჭამენ და მერე იმათი ხორცი ხალხს მოწამლავს. არა მარტო ჩვენ. თაობებს! მის გასანადგურებლად სპეციალური კრემატორიუმებია საჭირო.
_ ბარკლებივით არი, რა, და ძეხვებივით, გლდანის სანაგვეზე რო დაწვეს. _ განმიმარტა ჯონდიმ.
_ და თქვენს მუსიკაზე რაღას იტყვით? _ ჩიხში შემყავს ვაჩე.
_ ჩემი მუსიკა ერთ-ერთი ასეთი კრემატორიუმია. _ მომიგო რაღაცნაირად მკაცრად.
_ ძალიან კარგი! _ არ დავიბენი მე.
_ რა ძალიან კარგი?! დარწმუნებული ხართ, რომ ძალიან კარგი? _ ჩამკითხა ვაჩემ. ეს უკვე მესამედ მეკითხება ,,დარწმუნებული ხართ”?
_ ვაჩე, _ მივუგე ამაყად და კატეგორიულად, _ ჩემს ჰოროსკოპში იცით რა წერია? ,,თევზებმა ყოველთვის ზუსტად იციან რა უნდათ და მიზანსაც ადვილად აღწევენ”!
_ რაღა მეთქმის! _ აღიარა ვაჩემ.
ჯონდიმ წარბები ასწია და ძალიან წმინდა სასოებით წარმოსთქვა:
_ ნეტარ იყვნენ თევზნი, სასწორნი, თხის რქანი და ხბონი და ყოველნი მჩხიბავნი მათ თანა, რამეთუ ჰოროსკოპირებულ და გამჩხიბულ იქნენ ცათა შინა! _ არა, ნამდვილად განათლებული და ღვთის მორწმუნე ბიჭები ჩანდნენ, მაგრამ ახლა მე რით გამაკვირვებდნენ.
ხომ გითხარით, უცებ ვუღებ ალღოს ექსტრემალურ სიტუაციას. ვგრძნობ, რომ ჩემი რესპოდენტი იუმორითYდა მდოგვით საუბრობს, მაგრამ მეც რომ ტოლს არ ვუდებ! ყური უგდეთ ჩემს შეკითხვებს _ რა უკომპრომისო ვარ, რა მოუსყიდავი:
_ ამ ბოლო დროს ქართველი ვარსკვლავები ჩივიან, რომ სცენაზე გოიმები და არაპროფესიონალები მომრავლდნენ. თქვენც ასე ფიქრობთ, ვაჩე?
_ კი, ვფიქრობ, მაგრამ მე როცა ასე ვფიქრობ, თვითონ იმათ ვგულისხმობ და ნეტა, ისინი ვიღას გულისხმობენ?
_ შენ! _ მიახარა ჯონდიმ.
_ ალბათ, მე.
_ რას იტყვით თანამედროვე სიმღერების ტექსტებთან დაკავშირებით, რამდენად შინაარსიანია ისინი? _ ნეტა სადამდე გაუძლებს ჩემი უკომპრომისობის სიმწვავეს.
_ იცით, მე ასე წარმომიდგენია: დგას ვიღაც სადღაც, უდგას წინ ლოტოტრონი და იქ უყრია ქაღალდის პატარ-პატარა ნაჭრები წარწერებით: ,,მენატრები,” ,,მაჩუქე ეს ღამე,” ,,ზღვის პირას გელოდები,” ,,დამიბრუნდი,” ,,ლამაზ სიზმრებში გეფერები” ,,სევდას ვეღარ ვერევი,, და ასე შემდეგ. მივა მასთან ვარსკვლავი, გადაიხდის ფულს და ის დაუტრიალებს ლოტოტრონს, ამოუღებს ამ სიტყვებს, აყრის ჰაერში და იატაკზე დაცვივდება ტექსტი. მერე მეორე ვარსკვლავი მივა, გადაიხდის, ის მელოტოტრონე ისევ დაატრიალებს და ახლა სხვა თანმიმდევრობით დაყრის იგივე სიტყვებს. ეგეც მეორე სიმღერის ტექსტი! ატრაქციონია ერთგვარი. სხვანაირად იმ ტექსტებს ვერ დაწერ, გენიოსიც რომ იყო.
_ ვაჩე, თქვენი ტექსტები მაგ ლოტოტრონში არ ყრია? _ ეს შეკითხვა არც მეწერა, ისე მოვიდა სპონტანურად. ეს ჩემი შეკითხვაა, მაგრამ ვინ დამიჯერებს? ამასაც უნამუსოდ მომპარავენ. მაინც იქვე ჩავიწერე, რომ არ დამვიწყებოდა: ჩემი შემოქმედებიდან არაფრის დაკარგვა არ მიყვარს, მერე ვნანობ ხოლმე. დათო ჯერგენიძისთვის მომზადებულ კითხვებში შეკითხვა #4-ს ,,რას იტყვით თანამედროვე სიმღერების ტექსტებთან დაკავშირებით, რამდენად შინაარსიანია ისინი?” ქვეშ მივაწერე: #5 - ,,თქვენი ტექსტები მაგ ლოტოტრონში არ ყრია?”
_ არა, არ ყრია. აქ დიდი შეუსაბამობაა და აი რატომ: მე რომ იქ ჩავყარო ჩემი სიტყვები, დავუშვათ, ,, გაჩუმდი, ნუ მომდევ – დაბრუნდი. თავში მაქვს ორმოცი ჭაბურღილი, შენგან გაბურღილი,” და ეს სიტყვები სხვას შეხვდეს, რაში გამოიყენებს ის სხვა იმ ჭაბურღილებს, რომლებიც მე მართლა მაქვს თავში? ან ამაში ფულს ვინ გადაიხდის? მე კიდე ზღვის პირას არავის არ ველოდები. ასე რომ, ლოტოტრონთან ჩემს ურთიერთობას აზრი არა აქვს, კიდეც რომ მინდოდეს.
ბევრი ვერაფერი გავიგე, მაგრამ რაღაც მდოგვიანად კი ლაპარაკობდა, ალბათ ეს უნდა ჩემს მომავალ შეფსაც.
ჯონდი გაოცდა:
_ თვითონ დაიდგან სახლში ეგეთი ლოტოტრონები მაგ ქლიავებმა, რაში ყრიან Fფულს!
_ ვაჩე, ფონოგრამების აკრძალვის თაობაზე რას იტყვით? _ ვამწვავებ და ვამწვავებ.
_ რა მნიშვნელობა აქვს, ჩემო დაიკო, სისულელე ფონოგრამით შესრულდება, თუ უფონოგრამოდ. უბრალოდ, აფიშა გეუბნება: ,,სისულელეების კონცერტი”. გინდა წადი, გინდა ნუ წახვალ.
_ ახლა ერთი პირადული ხასიათის შეკითხვა. თქვენი ოჯახური მდგომარეობა როგორია?
_ ამჟამად უოჯახო.
_ რატომ, ,,ამჟამად”?
_ რატომ? _ ვაჩე დაფიქრდა, ნამწვი საფერფლეს დაასრისა და რაღაცნაირად, ძალიან გულახდილად ამიხსნა. _ ერთი-ორჯერ მე შევეცადე ქალი დამერწმუნებინა: ,,მე ერთი ცარიელ-ტარიელი გიტარიანი ბიჭი ვარ და არ ვიცი, მომავალში რა იქნება. რაში გჭირდება ოჯახი ჩემთან?” ქალი მარწმუნებს: ,,მე შენ აი ასეთი ცარიელ-ტარიელი მიყვარხარ!” მერე აღმოჩნდება, რომ ,,ცარიელ-ტარიელიდან” უყვარს მარტო ტარიელი.
_ თანამედროვე შემსრულებელთაგან ვინ არიან თქვენი იდეალები?
ჯონდიმ წამოისროლა:
_ ეუჰ, ჩამოიყვანეს ბაქოდან ჩეჩენი ავტორიტეტები!
ვაჩემ კი თქვა:
_ ნუღა სვამ, ჯონდი, გეყოფა. _ მერე მე მომმართა. _ მე ვისაც დავასახელებდი, მათი სახელები ჯერ არაფერს არ გეტყვით. ყოველი შემთხვევისათვის, თუ გინდათ, ეს ორი სახე დაიმახსოვრეთ.
ჯონდიმ თავი ასწია და თვალები დამიჭყიტა:
_ დამიმახსოვრე!
მეორემ დაბლა დაიხედა.
_ სანამ ინტერვიუს დავამთავრებდეთ, მინდა ერთი რამე გკითხოთ: ჩვენს რადიოში ახალ მუსიკალურ გადაცემას ვაკეთებთ. თქვენ რომ იყოთ წამყვანი, რას დაარქმევდით ამ გადაცემას?
_ ,,ბაბუაჩემის ბუტიკი”, _ არც დაფიქრებულა ჯონდი.
ვაჩემ ძალიან ცოტა ხანს იფიქრა. მერე უეცრად გამოცოცხლდა.
_ ჩემს გადაცემას დავარქმევდი ,,თავი და ფეხები.”
_ რატომ?!
_ იმიტომ, რომ არსებობს მუსიკა თავის და მუსიკა ფეხების. ჩვენს მსმენელს ახლა გონია, რომ მარტო ფეხების მუსიკა არსებობს. მე ორივე მუსიკას ვაჩვენებდი და შანსს მივცემდი, აირჩიოს რომელიც უნდა. დარწმუნებული ვარ, სწორად აირჩევს. ახლა უბრალოდ არჩევანი არა აქვს.
_ თქვენ პირადად რომელი მუსიკა გირჩევნიათ, ალბათ თავის, არა?
ვაჩე ისევ დაფიქრდა, მერე უეცრად გამხიარულდა, სკამი ოდნავ უკან დასწია და, კარგად არ მესმის სიტყვა ,,ექსტაზი” დეტალებში რას გულისხმობს, მაგრამ რაღაც მსგავსში კი ჩავარდა.
_ თქვენ წარმოიდგინეთ, არა. მე სრულყოფილი მუსიკა მინდა. თავი ძალიან არ უნდა გაგისრისოს. მე ვთვლი, რომ მუსიკა ერთი თავიდან უნდა შემოვიდეს და მეორე – ფეხებიდან და სადღაც ჭიპთან უნდა შეხვდნენ ერთმანეთს. ჭიპში უნდა იდუღოს. მე ჭიპის მუსიკა მირჩევნია...
_ თუ მზის წნულის?_ შეუსწორა ჯონდიმ.
_ ვა, მზის წნულის მუსიკა! ჯონდი, ეს შენა ხარ?! _ მკლავში ჩაავლო ვაჩემ ჯონდის და შეანჯღრია. _ ეს კაცი არც ისეთი მოზვერია, როგორც გამოიბღვირება. ხანდახან, ჭამის შემდეგ ამასაც ეცემა წვრილ-წვრილი ვაშლები.
_ მართალს ამბობს. ნახე, გოგონა-კორე, მე როგორ ვიაზროვნე: ,,მზის წნული’’! სუფთად, ნაზად. ახლა ნახე, ამან როგორ იაზროვნა: ,,ჭიიპი”. ჯგუფის ლიდერად მაინც ეს ითვლება, მე მოზვერს მეძახიან. გეკითხები, გოგონა-კორე, ვინ უფრო დიდი მოზვერია, ვინც მზის წნულებით აზროვნებს, თუ ვინც ჭიპებით აზროვნებს?
_ და მაინც?...თქვენი რჩეული მუსიკის შესახებ... _ ვუბრუნდები ვაჩეს და თუმცა მისი სიტყვები და პოზიციები, აგრეთვე სახინკლეში ჯდომის მომენტის არაადექვატურობა ჩემთვის სრულიად მიუღებელია, მაგრამ ვგრძნობ, რომ რაღაცნაირად მეც აზარტში შევდივარ და უკვე მაინტერესებს რას მიპასუხებს ვაჩე. აფსუს! რა დროს მიმთავრდება შეკითხვები! ვაჩე კი მპასუხობს:
_ ის მუსიკა, რომელიც ფეხებიდან შემოდის, თავში უნდა აგივარდეს, ხოლო ის მუსიკა, რომელიც თავიდან შემოდის, ფეხებში უნდა ჩაგივარდეს.
_ რა კარგი რამე მოიფიქრა! _ აღფრთოვანდა ჯონდი, _ ბოდავს, მაგრამ კარგად.
_ მე სერიოზულად გეკითხებით...
_ მაგრამ თავი არ უნდა გახდეს ფეხებზე უფრო მძიმე და ფეხები არ უნდა იყოს თავზე უფრო სწრაფი...
ვაჩემ რაღაცნაირად აიწყვიტა, გაბრწყინდა, თითქოს ჩვენ ვეღარც გვამჩნევდა, საკუთარ იმპროვიზაციებს დაედევნა.
_ თუ მუსიკა მარჯვენა ფეხიდან შემოვიდა, მაშინ მარცხენაზე რეზინის კალოში უნდა გეცვას, რომ თავში და გულში არ გაიაროს და გამტარი არ გახდე, თუარა მოგკლავს. თუ გამტარი ხარ, მოგკლავს. აი ჩემში რომ შემოვიდა ჯონ ლენონის მუსიკა, არ მეცვა რეზინის კალოში და მომკლა. სიცოცხლე და უკვდავება სხვადასხვა რამეა. უნდა გაარჩიო, რომელი გინდა და რომელი შეგიძლია და იმის მიხედვით ჩაიცვა ან გაიხადო კალოშები. ლენონი, მორისონი, ბობ მარლი, ვისოცკი, ჰენდრიქსი, კობეინი უმაღლესი ხარისხის გამტარები იყვნენ და ... მოკლა! ვინც ფეხების მუსიკას ქმნის, ის, მართალია, უკვდავი ვერ არის, მაგრამ სამაგიეროდ ცოცხლობს. ცოცხლობს და მთელ ცხოვრებას კალოშებში ატარებს. არსებობენ უმაღლესი გამტარები, კარგი გამტარები, საშუალო და ცუდი გამტარები. არსებობენ გაუმტარები. სრულიად, ყრუდ გაუმტარები. ყველა გამტარი სხვადასხვანაირად გამტარია და ყველა გაუმტარი, ერთნაირად გაუმტარია. არა მარტო მუსიკაშია ასე!
ჯონდი აღტაცებით შეაცქერდა ვაჩეს და ასეთი ვარიანტი შესთავაზა:
_ ვაჩე, ე, ვაჩე, მამენტ კაცს რო კალოში არ ეცვას და რეზინის პრეზერვატივი ეცვას, ვერ გაქაჩავს?
_ გაათრიე ეს ვირი რა, თემო, გაათრიე გარეთ! _ გაფითრდა ვაჩე.
_ წამო, წამო, ბიჭო, რაებს ბოდავ! _ ადგა თემო და იდაყვში ჩააფრინდა ჯონდის.
_ რატო, კაცო, რახან პრეზერვატივი მიწას ვერ წვდება და დამიწებას აბანძებს? ზოგის კი წვდება, დედას გეფიცები, იმ დღეს ,,დისქავერიზე” აჩვენეს...
_ რა აჩვენეს, ბიჭო, ,,დისქავერიზე”! გაათრიეთ, წყალში ჩააყუდეთ, ან რამე ქენით! _ იყვირა ვაჩემ.
_ შენ თვითონ გამათრიე. თემო რა, შენი შისწიორკაა?!
_ მე არა მცალია: ინტერვიუები, გადაღებები...
_ თუმცა ვისი პრეზერვატივიც მიწას წვდება, ის ისედაც უკვდავია! იმას რა მოკლავს! _ დაასკვნა ჯონდიმ.
_ ბიჭო, მოგხვდება ცხვირში, ქალთან რაებს ლაპარაკობ, შე დეგენერატო! _ გაწითლდა თემო.
_ აუ, ქალიი?! _ შეიცხადა ჯონდიმ და საფეთქლებზე ხელები მოიჭირა, _ ბოდიში, დაიკო, გამიფრენია და ეგ არის, მეც არა ვთქვი, რატო უნდა გამათრიონ, ძმობაში ხუარ ჩავიჭერი... სულ დამავიწყდა გოგონა-კორე, აუ! მორჩა, გამიშვი, გამიშვი, მე თვითონ გავეთრევი და ჩავეყუდები სადმე წყალში, ახია ჩემზე...
ჯონდი გასასვლელისკენ წავიდა თავის გმობის ბუზღუნით. როცა კარებში გადიოდა, ვიღაც უცხო შემომსვლელი გააჩერა და უთხრა; ,,მორჩა! წყლის ჰარაკირი!”...
_ მე მაპატიეთ. _ მითხრა ვაჩემ და სიგარეტს მოუკიდა.
_ კარგი ბიჭია და ძალიან კარგი ბასისტია, მაგრამ სიმთვრალეში ცოტა ურევს. _ თავი იმართლა თემომ.
_ ცოტა კიარა, კარგად ურევს. მოკლედ, კარგი ბასისტია და კარგადაც ურევს. _ დაასკვნა ვაჩემ.
_ არაუშავს... და ბოლოს, ვაჩე, შეგიძლიათ გაიხსენოთ რაიმე კურიოზი?
_ რაღა გახსენება უნდა! აგე, ჯონდი, ანდა აგე ქართული კალოშებიანი შოუ-ბიზნესი.
_ სულ ეს არის?
_ არა, ეგეთი კურიოზები ბევრია.
_ რას ერჩით ქართულ შოუ-ბიზნესს?
_ არაფერს, როგორ შეიძლება კურიოზს ვერჩოდე!
ამ დროს ჯონდი დაბრუნდა, ლუდის კათხა ასწია და თქვა:
_ მოდით, ბიჭებო, ამ კათხა ლუდით იცით რას გაუმარჯოს? წელიწადში ერთხელ რომ დაგირეკავენ ტელეფონზე და ისიც სხვაგან მოხვდებიან...
* * *
როცა ,,ახალი ვარიანტის” სამხატვრო ხელმძღვანელი ამ ჩანაწერს უსმენდა, ხან იღიმებოდა, ხან იბღვირებოდა. ბოლოს მობღვერილ-გაღიმებული და დაფიქრებული დარჩა...
მოკლედ, ის გადაცემა არ გამაკეთებინა, ეს ჩვენი სტილი არ არისო. როცა ვკითხე, ,,რა მოხდა, არაფერი მოგცათ ამ ინტერვიუმ?”_ მიპასუხა: ,,პირიქით, ძალიან ბევრი მომცა. განსაკუთრებით, ჯონდის ბოლო სადღეგრძელომ.” ხომ ვამბობ, ყველა სამხატვრო ხელმძღვანელი ცოტა დარტყმულია. Mმერე დაამატა: ,,მაგრამ შენ ისეთი საქმე გამიკეთე, აუცილებლად რაღაცით უნდა გადაგიხადო.”
მართლაც, სულ ცოტა ხანში თავის მეგობართან, რადიო ,,ფინალ პლიუსში” დამაწყებინა მუშაობა. მეტ-ნაკლებად პატიოსანი კაცი ყოფილა და ჩემს ნიჭიერებას ვეღარსად წაუვიდა.
კი, სანთელ-საკმეველი თავის გზას არ დაკარგავს და არ დავრჩი უმუშევარი. ახლა ,,ფინალ პლიუსში” ვაკეთებ ჩემს ,,მიქს-ბოქსს”, მაგრამ მთლად დიდი პატიოსნებაც ვერ არის! აბა თავად განსაჯეთ: ორიოდ თვეში რადიო ,,ახალი ვარიანტის” ეთერში გამოჩნდა გადაცემა ,,თავი და ფეხები” და მისი წამყვანი, ვაჩე, უნდა ვაღიარო, უკვე ჩემზე პოპულარულია. წარმოიდგინეთ!.. უარესსაც გეტყვით: ის მთვრალი ჯონდიც ეთერში ზის და რასაც უნდა აბრახუნებს და ისიც კი მოუთხოვია, თემოც თუ არ დასვით ეთერში, მე ვერ ვიმუშავებო, მე მაგის სიჩუმე მჭირდება და პერმანენტული შეძახილი ,,რაებს ბოდავ ბიჭო, ე”. ეს გაზეთში წავიკითხე, მათი სამხატვრო ხელმძღვანელის ინტერვიუში. ეკითხებოდნენ, ის მესამე წამყვანი რას აკეთებს, სამნი არიან და ორის ხმა ისმისო. ის კიდევ ამით იწონებდა თავს, ჯონდის თემოს სიჩუმეზე მოსდის მუზა და სხვა მარტივი სიჩუმე უბრალოდ ჩააგდებდა გადაცემასო. ყური უგდეთ თემოს სიჩუმეს, როგორი სავსეა და ფუნდამენტური, ბიჭები მის წიაღში ფეიერვერკებივით ფეთქდებიანო. თავში ქვა უხლიათ. თუ უნდათ, ათნი დასხდნენ ეთერში და აქედან რვა გაჩუმდნენ. რვაჯერ მეტი მუზა მოუვა ჯონდის. ყველას თავისი სტილი აქვს. მე პირადად არავის სიჩუმე არ მჭირდება, ყველაფერს მარტო ვაკეთებ. ერთ რამეს ვაღიარებ _ ნამდვილად არ არიან ჩაციკლულები. მაგრამ, მე?... სად გაქრა ჩემი ღვაწლი?... სხვათა შორის, წელს ,,ვივას” დაჯილდოების ცერემონიალმა მაგრად მომფხანა გული: ორი საათი იქაფებიან ეთერში ვაჩე და ჯონდი და ყველაზე ორიგინალურ წამყვანად კი თემო დაასახელეს! მეტის ღირსები არიან. არ შეიძლებოდა ჩემი დამსახურება რომ ორიოდ სიტყვით მაინც აღენიშნათ?! როცა ჯონდის ჰკითხეს, თუ როგორ დაიბადა ამ გადაცემის იდეა, უპასუხა: ,,ერთხელ სახინკლეში ერთი გოგონა-კორე მოვიდა და აშკარად ვერ ქაჩავდა...”. ეგ იყო და ეგ. საავტორო უფლებებზეც კი არ შემითანხმდნენ. მეწყინა...