Litclub.ge

დიდი გეტსბი
თავი I
ყრმობისას, როცა კაცზე ყველაფერი დიდ შთაბეჭდილებას ახდენს, მამაჩემმა დამარიგა და დღემდე მახსოვს მისი სიტყვები.
– გაკიცხვა თუ დააპირო ვისიმე, - მითხრა, - გაიხსენე, რომ ამ ქვეყნად ყველას შენებურად არ უცხოვრია.
სხვა არაფერი უთქვამს, მაგრამ ჩვენ უსიტყვოდაც ვუგებდით ერთმანეთს, მივხვდი, რომ ნათქვამზე მეტი იგულისხმა. ბოლოს, დავეჩვიე ჩემი აზრის გამოთქმისგან თავის შეკავებას და, ამის გამო, ვინ იცის რამდენმა ახირებულმა კაცმა გამიხსნა გული, რამდენჯერ აღმოვჩნდი მოსაწყენ პიროვნებათა აღსარების მსხვერპლი. გონებაარეული კაცი მყისვე ცნობს და ეტმასნება ასეთ ადამიანს, თუ იგი ნორმალურ პიროვნებათაც დაიგულა. ერთხელ, კოლეჯში, პოლიტიკანობაც კი დამწამეს, რადგან მე ვიყავი ყველა მარტოსულისა და უკარებას მესაიდუმლე. აღმსარებელთა უმრავლესობას გავურბოდი. როცა შევამჩნევდი ჰორიზონტზე მორიგი აღსარების ნიშნებს, ძილს მოვიგონებდი ხოლმე, მოუცლელი, ანდა ქარაფშუტა კაცის იერს მივიღებდი; საქმე ისაა, რომ აღსარებანი, ყოველ შემთხვევაში სიტყვები, რომლებითაც ყმაწვილი გულისნადებს გიმჟღავნებს, უფრო ხშირად ნაპარავივით გავს ერთმანეთს და აშკარად ემჩნევა, რომ სიმართლეს ჩქმალავს. საკუთარი აზრის გამოთქმისგან თავის შეკავება დიდად საიმედო რამეა. ზოგჯერ ახლაც მეშინია არ წამომცდეს რა, თუ დამავიწყდა, რომ თავაზიანობის გრძნობა (მამაჩემის სნობური ქადაგებით, რასაც მეც სნობურად ვიმეორებ) დაბადებითვე უთანასწოროდ ეძლევათ ადამიანებს.
ახლა, ჩემი მოთმინების უნარით ამდენი რომ ვიტრაბახე, უნდა ვაღიარო - მოთმინებასაც საზღვარი ჰქონია. ადამიანის ქცევას ყოველთვის აქვს რაღაც საფუძველი, ან კლდესავით მაგარი ან ჭაობივით რბილი, მაგრამ თუ მოთმინების ფიალა ამევსო, აღარაფერს დავეძებ. გასულ შემოდგომას, აღმოსავლეთიდან რომ დავბრუნდი, იმასაც კი ვფიქრობდი, ნეტავ მთელი მსოფლიო ერთნაირად გამოეწყოს და ზნეობრივადაც ერთნაირად მოწესრიგდეს-მეთქი, სამუდამოდ. ვეღარ ვიტანდი შმაგ აღსარებებს, ადამიანთა სულში ფათურს.
ერთადერთი გამონაკლისი, ვისაც ზურგი ვერ შევაქციე, იყო გეტსბი, კაცი, რომლის სახელიც ჰქვია ამ წიგნს. გეტსბი, რომელიც თითქოს განასახიერებდა იმას, რაც მე მართლა მეზიზღება. თუ პიროვნების საზომი წარმატებაა, მაშინ გეტსბისაც ჰქონდა რაღაც ღირსება - იგი მძაფრად შეიგრძნობდა ცხოვრებას, თითქოს ჩართული იყო იმ საოცარ მანქანაში, რომელიც მოსალოდნელი მიწისძვრის ნიშნებს ათი ათას მილზე აღრიცხავს. ამ უნარს უნიათო მგრძნობელობას ვერ დაარქმევდი, მაღალფარდოვნად „შემოქმედებით ტემპერამენტს“ რომ უწოდებენ; არა, ეს გახლდათ ნიჭი იმედისა თავისებური რომანტიკული ხალისი, რაც სხვისთვის არ შემინიშნავს. ასეთ ადამიანს ალბათ ვერც მომავალში გადავეყრები. არა, გეტსბი, ბოლოს და ბოლოს, ალალმართალი კაცი გამოდგა. მე აღმაშფოთა იმ ამბავმა, რაც თავს დაატყდა, აღმაშფოთა შხამიანმა მტვერმა, კვალდაკვალ რომ სდევდა მის ოცნებას და ერთხანს გამიქარწყლა ინტერესი ადამიანთა ამაო დარდისა და ნაჩქარევი სიხარულისადმი. ჩემიანები - კაროუეითა მესამე თაობა, აქ, შუადასავლეთის ამ ქალაქში, სახელგანთქმული და შეძლებული ხალხი იყო. საგვარეულო გადმოცემის თანახმად,
ბაკლუს ჰერცოგის შთამომავლები უნდა ვიყოთ, მაგრამ თვით ჩვენი შტოს დამფუძნებელი გახლდათ ბაბუაჩემის ძმა, რომელიც აქ ათას რვაას ორმოცდათერთმეტში ჩამოსულა, სამოქალაქო ომში თავისი ბადალი გაუგზავნია და რკინა-კავეულით საბითუმო ვაჭრობისთვის მოუკიდია ხელი; დღეს მამაჩემი აგრძელებს ამ საქმეს.
ბაბუაჩემის ძმა არასოდეს მინახავს. მარწმუნებენ, ჰგავხარო და საბუთად მამაჩემის კანტორაში ჩამოკიდებულ ერთ უხეიროდ დახატულ პორტრეტს ასახელებენ. 1915 წელს ნიუ-ჰეივენის უნივერსიტეტი დავამთავრე. მეოთხედი საუკუნის წინ მამაჩემიც თურმე იქ სწავლობდა. შემდეგ მონაწილეობა მივიღე ტევტონთა გაუთავებელ მიგრაციაში, რომელიც დიდი ომის სახელით არის ცნობილი. კონტრშეტევები იმდენ სიამოვნებას მგვრიდა, რომ სახლში დაბრუნების შემდეგ მოსვენება დავკარგე. შუადასავლეთი მთელი ქვეყნის ცხელ გულად კი არა, სამყაროს გაცრეცილ კიდედ მომეჩვენა. გადავწყვიტე, წავალ აღმოსავლეთში და საფინანსო საქმეს შევისწავლი-მეთქი. ყველა, ვისაც კი ვიცნობდი, საფინანსო დარგში მსახურობდა და მწამდა - მეც, მარტოხელა კაცი, უსახსროდ არ დავრჩებოდი. ჩემმა ბიძებმა და მამიდებმა ამის თაობაზე ისეთი საფუძვლიანი სჯა-ბაასი გამართეს, გეგონებოდათ დაწყებით კლასში მიპირებდნენ შეყვანას და სკოლას მირჩევდნენ. ბოლოს, დაბღვერილებმა, ყოყმანით დასძინეს: „ჰო-ო, რა უჭირს...“. მამაჩემიც დამპირდა, ერთი წლის განმავლობაში ფული ეძლია და, როგორც იქნა, მრავალი დაბრკოლების შემდეგ, გადავბარგდი აღმოსავლეთში, სამუდამოდ-მეთქი, ასე ვფიქრობდი მაშინ, 1922 წლის გაზაფხულზე.
პრაქტიკული თვალსაზრისით ჯობდა ბინა ქალაქშივე მეშოვნა, მაგრამ ზაფხული იყო, ცხელოდა, მე კი ხეების ჩრდილს და ფართო გაზონებს ვიყავი მიჩვეული. როდესაც ერთმა თანამშრომელმა მითხრა, სახლი გარეუბანში ზიარად ვიქირაოთო, აღვფრთოვანდი. მართლაც იმ ყმაწვილმა ერთი ძველი ქოხი იშოვნა, თვეში ოთხმოც დოლარად, მაგრამ ფირმამ იგი ვაშინგტონში გადაიყვანა და გარეუბანში მარტო მომიხდა დასახლება. ძაღლი მოვიყვანე, თუმცა რამდენიმე დღის მერე გამექცა, ნახმარი „დოჯი“ ვიყიდე და ფინელი დედაკაცი დავიყენე - ლოგინს მისწორებდა, საუზმეს მიმზადებდა, თანაც, ელექტროღუმელთან ფუსფუსის დროს, ფინურ სიბრძნეებს დუდუნით აფრქვევდა.
ორიოდე დღე მარტოობას ვგრძნობდი. ერთ დილას, ვიღაც ჩემს შემდეგ ჩამოსულმა მამაკაცმა შემაჩერა.
– უესტ-ეგის გზას ხომ ვერ მასწავლით? - მომმართა სასოწარკვეთილმა.
ავუხსენი როგორ წასულიყო და გზა განვაგრძე. მარტოობის გრძნობა უეცრად გამიქრა: გზა შემეძლო მიმესწავლებინა, მეგზურობა გამეწია, უკვე აქაური ვიყავი. უცნობი გამვლელის წყალობით, თავი ისე ლაღად ვიგრძენი, თითქოს ახლობელთა შორის ვყოფილიყავი.
მზემ, დარმა, კვირტებმა, ისე სწრაფად რომ გაიშალნენ ჩემს თვალწინ, როგორც კინოში, კვლავ აღმავსო ნაცნობი რწმენით, რომ ყოველ ზაფხულს სიცოცხლე თავიდან იწყება.
რამდენი რამ მქონდა წასაკითხი, რა საღი და სუფთა იყო ჰაერი, რომლის შესუნთქვა ყმაწვილური ძალით მავსებდა! ათზე მეტი წიგნი ვიყიდე კაპიტალდაბანდებათა და საბანკო-საკრედიტო საქმის შესახებ. ოქროსფერით და წითლით მოვარაყებული
წიგნები ახალმოჭრილი ფულის დასტებივით აელვარდნენ თაროზე, თითქოს აღმითქვამდნენ - გაზიარებთო საიდუმლოს, რომელიც მხოლოდ მიდასმა, მორგანმა და მეცენატმა უწყოდნენ. განზრახული მქონდა, ამ წიგნების გარდა ბევრი სხვაც წამეკითხა. კოლეჯში ლიტერატურით ვიყავი გატაცებული - ერთ წელს „იელსის ახალი ამბებისთვის“ დავწერე წერილების მთელი სერია. ახლა მსურდა დავბრუნებოდი ამ საქმიანობას და სპეციალისტთა შორის ყველაზე უფრო ვიწრო სპეციალისტი - „ფართო ჰორიზონტის“ კაცი გავმხდარიყავი. ეს ლიტონი სიტყვები როდია - ცხოვრებას ერთადერთი ფანჯრიდან უკეთ ადევნებ თვალს.
სახლი შემთხვევით დავიქირავე ჩრდილოეთ ამერიკის ამ საოცარ დასახლებაში, ნიუ-იორკიდან აღმოსავლეთით, ვიწრო, პატარა კუნძულზე. აქ, ბუნების სხვა საოცრებებთან ერთად, ყურადღებას იქცევს ორი უცნაური კონცხი. ქალაქის ცენტრიდან ოც მილზე, ლონგ აილენდის დიდ სრუტეში, რომელიც დასავლეთ ნახევარსფეროს მლაშე წყლის აუზში ყველაზე მეტად არის ათვისებული, შეჭრილია ორი, სრულიად ერთნაირი მოხაზულობის, ვეება კვერცხის მსგავსი კონცხი. პატარა უბე ჰყოფს მათ. კონცხები ბოლომდე ოვალური როდია, - კოლუმბის კვერცხივით ფუძე ორივეს ბრტყელი აქვს. მაგრამ, ეს ფიზიკური მსგავსება თოლიებს თუ გააკვირვებდა, თორემ უფრთო არსებებს ის აოცებთ, რომ კონცხები, გარდა ზომისა და მოხაზულობისა, ერთმანეთისაგან ყველაფრით განსხვავდებიან.
დასავლეთ კონცხზე, უესტ-ეგში დავბინავდი. ამ ორი დასახლებიდან იგი ნაკლებ.... დიახ, ნაკლებ მდიდრულია, თუმც ეს მეტისმეტად ზერელე და გაცვეთილი გამოთქმა ვერ გადმოგვცემს იმ საოცარ და ავბედით სხვაობას, რომელიც მათ შორის არსებობს. ჩემი სახლი სწორედ კვერცხის წვერზე იდგა, სრუტიდან ორმოცდაათიოდე იარდით იყო დაშორებული; ორივე მხრიდან ორი დიდი ვილა ესაზღვრებოდა. თითოეული, მთელი ზაფხულით, თორმეტი ან თხუთმეტი ათასი ეღირებოდა. ერთ-ერთი მარჯვნიდან რომ მესაზღვრებოდა, საუკეთესოთა შორის საუკეთესო იყო; რომელიღაც ნორმანდიული შენობის ასლი გახლდათ. სუროს ფოთლებში ელვარებდა მისი ახალი კედლები. მშვენიერი საცურაო აუზი მარმარილოთი იყო მოპირკეთებული. სახლს გარს ერტყა ორმოც აკრზე მეტი ბაღი და მწვანით დაფარული ეზო-მინდორი. ეს გახლდათ გეტსბის სასახლე - ან, უფრო სწორად, ეს სასახლე ეკუთვნოდა ვინმე გეტსბის, რომელსაც მე არ ვიცნობდი. ჩემი სახლი უშნო გახლდათ, პატარა იყო და ვერავინ ამჩნევდა. სამაგიეროდ თვალწინ მეშლებოდა მშვენიერი ხედი - გავყურებდი მოლივლივე წყალს და მეზობლის ეზო-ბაღის ერთ ნაწილს; მანუგეშებდა მილიონერთა სიახლოვეც - და ყოველივე ეს თვეში ოთხმოცი დოლარი მიჯდებოდა.
მყუდრო უბის გაღმა ნაპირზე, აღმოსავლეთის კონცხთან, წყალში ლიცლიცებდა ისტ-ეგის ფეშენებელურ თეთრ სასახლეთა ანარეკლი. ჰოდა, ამბავი, რომელიც იმ ზაფხულს მოხდა, დაიწყო მაშინ როცა ერთ საღამოს ჩავჯექი ჩემს მანქანაში და სადილად გაღმა, ტომ ბიუქენენის ოჯახს ვეწვიე. დეიზი ჩემი მისხი მისხისა გახლდათ, ტომს კოლეჯიდან ვიცნობდი. ომი რომ დამთავრდა, სწორედ მათთან გავატარე ორი დღე, ჩიკაგოში.
დეიზის ქმარი, ტომი, ფიზიკურად ყოველმხრივ სრულყოფილი კაცი, უძლიერეს ფეხბურთელად ითვლებოდა ნიუ-ჰეივენში - ლამის ეროვნული მნიშვნელობის ფიგურად. ერთი იმათგანი იყო, ვინც ბრწყინვალე წარმატებებს ოცდაერთი წლის
ასაკში აღწევს, მაგრამ მერე რაც უნდა მოიმოქმედოს, მაინც დაღმა სვლად ეჩვენებათ. განუზომლად მდიდარი მშობლები ჰყავდა. კოლეჯშივე საძრახისად ფლანგავდა ფულს, მაგრამ ახლა ჩიკაგოდან აღმოსავლეთში ისეთი ამბით წამოსულა, კაცს თავზარი დაეცემოდა. სათქმელად ისიც კმარა, რომ ლეიკ-ფორესტიდან პოლოს სათამაშოდ წამოუსხამს პონების მთელი რემა. ვერც წარმოვიდგენდი თუ ჩემი თაობის კაცს ამდენი სიმდიდრე ექნებოდა და ასე ხელგაშლილ ცხოვრებას შეძლებდა.
არ ვიცი რატომ ჩამოვიდნენ აღმოსავლეთში. ერთი წელი საფრანგეთში უქმად გაატარეს. შემდეგ, ერთ ადგილზე ვერ ისვენებდნენ, დაეხეტებოდნენ ყველგან, სადაც კი თავს იყრიდა მდიდარი ხალხი და პოლოს თამაშობდა. დეიზიმ ტელეფონით მითხრა, მოხეტიალე ცხოვრება დავასრულეთო, მაგრამ ვერ დავიჯერე. დეიზის გულში ჩახედვა არ შემეძლო; იმას კი ვგრძნობდი, რომ ფეხბურთელის ძლიერ განცდებს მონატრებული, ცოტა სევდიანი ტომი დაუსრულებლად იხეტიალებდა.
ასე იყო თუ ისე, ერთ თბილ საღამოს ისტ-ეგისაკენ გავწიე ჩემს ძველ მეგობრებთან, რომლებსაც სინამდვილეში წესიერად არც კი ვიცნობდი. მათი სახლი უფრო ლამაზი აღმოჩნდა, ვიდრე წარმოდგენილი მქონდა. გეორგიანულ-კოლონიური სტილით ნაგები თეთრ-წითელი, ნათელი შენობა უბეს გადაჰყურებდა. ხასხასა კვალედი სანაპიროდანვე იწყებოდა და მთავარ შესასვლელამდე მეოთხედ მილზე მაინც გრძელდებოდა, გზად მზის საათს გადაევლებოდა, გადაჰკვეთდა აგურის ფხვნილით მოფენილ ბილიკებს, ალმურადენილ ბაღჩა-ბაღებს და სახლთან, კედელზე შეფენილ, მზით გაჩახჩახებულ ვაზებში იკარგებოდა. წინა მხრიდან სახლს მაღალი, ფრანგული ფანჯრები ჰქონდა. იმ საღამოს თბილი, საამური სიო ჰქროდა და ოქროსფრად მოელვარე ფანჯრები ფართოდ გაეღოთ. მხედრის ტანსაცმელში გამოწყობილი ტომ ბიუქენენი გალაჯული იდგა აივანზე.
ნიუ-ჰეივენის შემდეგ საკმაოდ შეცვლილიყო. ოცდაათი წლის, ჯან-ღონით სავსე, ქერა მამაკაცი თავნება და მზვაობარი ჩანდა. ამაყი, ელვარე თვალები შეტევისათვის გამზადებული თავდამსხმელის იერს აძლევდა; სხეულის განუზომელ სიძლიერეს ვერ უფარავდა ქალურად კოპწია მხედრული ტანსაცმელი; ლაპლაპა, მაღალყელიანი ფეხსაცმლის თასმები დაწყდომაზე ჰქონდა, მხრების ყოველ შერხევაზე თხელ სამოსელში ინაკვთებოდა დიდრონი კუნთები. დიდი ძალის კაცი იყო, სასტიკი, ხრიწიანი ტენორი შეეფერებოდა მის თავნება შესახედაობას. ყველას, განურჩევლად, იმათაც კი ვინც მოსწონდა, ისე ექცეოდა, თითქოს მამობრივი სულგრძელობით უთმობდა რამეს. ნიუ-ჰეივენში ამის გამო ბევრს ეჯავრებოდა.
ისეთი იერი ჰქონდა, თითქოს გეუბნებოდა: ჰო, ამ საქმეში ჩემ აზრს საბოლოოდ ნუ მიიჩნევ, მაგრამ მხოლოდ იმიტომ გითმობ, რომ შენზე ღონიერიც ვარ და კაცადაც გჯობივარო. ორივე ერთსა და იმავე საზოგადოებაში ვტრიალებდით. ეჭვიც არასდროს შემპარვია, რომ კეთილი თვალით მიყურებდა, მაგრამ ჩვეულებისამებრ პირქუშად, უხეშად, გამომწვევად ცდილობდა ჩემი კეთილი განწყობის მოპოვებას.
ერთ ხანს მზით განათებულ აივანზე ვიდექით.
– მშვენიერი კარ-მიდამო შევიძინე, - მითხრა. თვალებს მოუსვენრად აცეცებდა.
შემომაბრუნა და ფართო, ბრტყელი ხელი მთავარი ხეივნისაკენ გაიშვირა. თვალწინ გადამეშალა მწვანეში ჩაფლული იტალიური ბაღი, ნახევარ აკრზე გაშენებული
ნაირფერი, სურნელოვანი ვარდნარი; ცხვირაბზეკილი მოტორიანი ნავი ნაპირთან ირწეოდა.
– დიმეინს ეკუთვნოდა, ნავთობის მეწარმეს, - მითხრა და კვლავ შემომატრიალა, მკვეთრად, მაგრამ ზრდილობიანად, - შინ შევიდეთ.
მაღალი დერეფანი გავიარეთ და ნათელ, ვარდისფერ სივრცეში აღმოვჩნდით; ფრანგულ ფანჯრებს იგი სათუთად შემოეზღუდა და ოთახად ექცია. გამოღებული ფანჯრები აბიბინებული ბალახის ფონზე თეთრად ქათქათებდა. ლორთქო ბალახი ლამის სახლში შემოჭრილიყო. გამჭოლი ნიავი ფარდებს ოთახის ერთ ბოლოში შიგნით ეზიდებოდა, ხოლო მეორეში - გარეთ გაჰქონდა თეთრი ბაირაღებივით; ფრიალით აიტაცებდა საქორწინო ნამცხვარივით მორთულ-მოკაზმულ ჭერისკენ, შემდეგ ღვინისფერ ფარდაგს აქოჩრავდა და ჩრდილს დააფენდა, ვით ქარი ტალღააშლილ ზღვას.
ოთახში ერთადერთი საგანი იდგა მყარად - ვეება ტახტი, რომელზეც ორი ახალგაზრდა ქალი ისე გაწოლილიყო, როგორც დაბმულ აეროსტატზე. თეთრი კაბები უფრთქიალებდათ, თითქოს სახლისთვის გარს შემოეფრინათ და ქარს უკანვე შემოჰყოლოდნენ. წამით შევჩერდი და ყური მივუგდე ფარდების ტლაშატლუშს, კედელზე ჩამოკიდებული სურათის ღრჭიალს, შემდეგ ჯახანი გაისმა - ტომ ბიუქენენმა უკანა ფანჯრები მიხურა. ქარი ოთახს გარედან ეძგერა და იქვე დალია სული. ნელ-ნელა ძირს დაეშვა ფარდებიც, ხალიჩაც და ის ორი ახალგაზრდა ქალიც.
ქალთაგან უმცროსს არ ვიცნობდი. იგი ტახტის ერთ მხარეს იყო გაშოტილი. იწვა უძრავად, ნიკაპი ოდნავ აეწია, თითქოს ზედ ჯამბაზივით რაღაცას ათამაშებდა - უნდა გადმოვარდნოდა და მაინც ახერხებდა გაწონასწორებას. იქნებ თვალი მომკრა, მაგრამ არ შეიმჩნია. შევცბი, ბოდიშის მოხდა დავაპირე - შეგაწუხეთ-მეთქი.
მეორემ, დეიზიმ, წამოდგომა სცადა, ოდნავ წინ წამოიწია დარცხვენილმა. მერე უეცრად გაეცინა, უაზროდ, მაგრამ ეშხიანად, სიცილში მეც ამიყოლია და ოთახში თამამად შევედი.
– სიხარულით გაოგნებული ვარ, - მითხრა.
ისევ გაეცინა, თითქოს საოხუნჯო ეთქვას რამე. ერთხანს ხელი არ გამიშვა და სახეში მომაჩერდა - აქაოდა ასე არავის ნახვა არ გამხარებიაო. ეგეთი იყო. ჩურჩულით მაცნობა ჯამბაზი ქალიშვილის გვარი - ბეიკერი (ამბობდნენ, დეიზი ჩურჩულით იმიტომ ლაპარაკობს, რომ მოსაუბრე გადაიხაროსო მისკენ. ეს უადგილო გაკილვა ვერაფერს აკლებდა მისი ჩურჩულის მომხიბლაობას). მისს ბეიკერმა ტუჩები მგონი შეარხია: ძლივს დამიქნია თავი და სასწრაფოდ უკანვე გადაიხარა, თითქოს ნიკაპზე გაჩერებული საგანი შეუტოკდა და შეშინდაო. კვლავ ბოდიშის მოხდა მომინდა. მაოცებს ხოლმე თვითკმაყოფილების ყოველგვარი გამოვლინება.
ისევ ჩემს ახლობელს მივუბრუნდი. შეკითხვები დამაყარა დაბალი, ნარნარი ხმით. მიმზიდველი ხმა ჰქონდა, სულ გინდოდა გესმინა, ვით მშვენიერ მუსიკისათვის, რომელიც აღარ განმეორდებოდა. ლამაზ, სევდიან სახეს მოციმციმე თვალები და
წითელი, ვნებიანი ბაგეები უმშვენებდა; მაგრამ ხმა მაინც გამოირჩეოდა, ვერასოდეს დაივიწყებდი მის უფლისმოყვარე, ამღერებულ კილოს, ვერც ჩურჩულით წარმოთქმულ - „მისმინეს“, ლაღ დაპირებას, განვლილ მღელვარებას და საამური აღტყინების მოლოდინს.
დეიზის ვუთხარი, აღმოსავლეთში რომ მოვდიოდი, ერთი დღით ჩიკაგოში შევჩერდი და უამრავმა ხალხმა შენთან მოკითხვა დამაბარა-მეთქი.
– ვენატრები? - წამოიძახა აღფრთოვანებულმა.
– მთელი ქალაქი დამწუხრებულია; გლოვის ნიშნად მანქანებს უკანა ბორბალი, მარცხნივ, შავად აქვთ შეღებილი; ჩრდილოეთ სანაპიროსთან ყოველ ღამით ქვითინი ისმის.
– დიდებულია! დავბრუნდეთ, ტომ, ხვალვე! - შემდეგ უეცრად დაუმატა, - შენ ჩემი გოგონა უნდა ნახო.
– სიამოვნებით ვნახავდი.
– ახლა სძინავს. სამი წლისაა, ჯერ არ გინახავს?
– არა.
– ოო, უნდა ნახო. ისეთი...
ტომ ბიუქენენი ოთახში მოუსვენრად დაბორიალობდა. უეცრად შეჩერდა, მხარზე ხელი დამადო და მკითხა:
– რას საქმიანობ, ნიკ?
– ფინანსებში ვარ.
– ვისთან მუშაობ?
მე დავუსახელე.
– არასოდეს გამიგონია, - გადაჭრით მითხრა
– გაიგონებ, - გაღიზიანებულმა მეც მოკლედ მივუგე, - გაიგონებ, თუ დარჩი აღმოსავლეთში.
– შენ ნუ გეშინია, აღმოსავლეთში დავრჩები, - მითხრა და დეიზის გაჰხედა, მერე ისევ მე შემომხედა, თითქოს რაღაც უფრო მნიშვნელოვანმა შეაშფოთაო, - ბრიყვი ვიქნები, სხვაგან რომ წავიდე.
ამ დროს მისს ბეიკერს აღმოხდა : „ნამდვილად!“ მოულოდნელობისაგან შევკრთი. ეს მისი პირველი სიტყვა გახლდათ, ჩემი მოსვლის შემდეგ წარმოთქმული. უთუოდ თავადაც შეცბა, რადგან დაამთქნარა და სწრაფი, მოხდენილი მოძრაობით წამოიმართა.
– გავშეშდი, - აბუზღუნდა. - რაც თავი მახსოვს, აქ ვწევარ, ამ ტახტზე.
– მე რას გადმომხედე, - მიახალა დეიზიმ, - შუადღიდან გახვეწები, ნიუ-იორკში წავიდეთ-მეთქი.
– არა გმადლობთ, - მის ბეიკერმა უარი თქვა კოკტეილზე, რომელიც ის იყო შემოუტანეს, - გამუდმებით ვვარჯიშობ.
ოჯახის უფროსი უნდობლად მისჩერებოდა.
– გამუდმებით! - ტომმა კოკტეილი ისე გადაკრა, თითქოს ჭიქაში წვეთიღა იყო ჩარჩენილი. - ნეტავ როგორ აღწევ რამეს, ვერ გამიგია.
მისს ბეიკერი შევათვალიერე, დამაინტერესა რას „აღწევდა“. სიამოვნებით შევცქეროდი. კენარი, თხელმკერდიანი გოგო ყელმოღერებული, ახალგაზრდა კადეტივით მხრებგაშლილი იდგა. მკრთალი, მომხიბვლელი, ჭირვეული სახე ჰქონდა; მყიე თვალები მზეზე მოეჭუტა და ცნობისმოყვარეობით მომჩერებოდა. თითქოს მეცნობოდა, თითქოს ნანახიც მყავდა, თვითონ თუ არა, სურათი მაინც.
– უესტ-ეგში ცხოვრობთ? - ამაყად ჩამეკითხა, - ერთს ვიცნობ იქ.
– მე არავის ვიცნობ...
– გეტსბის უნდა იცნობდეთ.
– გეტსბის? - იკითხა დეიზიმ, - რომელ გეტსბის?
ვიდრე ვიტყოდი, ჩემი მეზობელია-მეთქი, სუფრაზე მიგვიწვიეს. ტომ ბიუქენენმა ძლიერი მკლავი გამომდო და ისე წამაჩანჩალა, თითქოს ჭადრაკის პაიკი უჯრიდან უჯრაზე უნდა გადაედგა.
ორი ახლაგაზრდა ქალი ნაზი, ნატიფი გრაციით, მაგრამ უხალისოდ გაგვიძღვა წინ. ჩამავალი მზით განათებულ ვარდისფერ აივანზე გავედით. მაგიდაზე ოთხი სანთელი ენთო. ქარის მისუსტებული ქროლვა ალს ალიცლიცებდა.
– რად გვინდა სანთლები, - უკმაყოფილოდ შენიშნა დეიზიმ და ალი თითებით მოაქრო, - ორი კვირის შემდეგ მზებუდობაა, - შემოგვხედა სახეგაბრწყინებულმა. - ყოველთვის დიდი ამბით ველი წლის უდიდეს დღეს, მაგრამ ისე გამეპარება ხოლმე, რომ ვერ ვიგებ. თქვენ?
– რაღაც უნდა მოვიფიქროთ, - დაამთქნარა მისს ბეიკერმა. მაგიდასთან ისე დაჯდა, თითქოს დასაწოლად ემზადებოდა.
– კარგი, - დაეთანხმა დეიზი, - რა მოვიფიქროთ? - სასოწარკვეთილმა მომმართა, - რას აკეთებს ხოლმე ხალხი?
სანამ ვუპასუხებდი, შეწუხებულმა ნეკა თითზე დაიხედა.
– ხედავთ? - დაიწიწუნა, - ვიტკინე.
ყველამ თითზე დავხედეთ. ნეკი სახსარში ჩალურჯებოდა.
– შენ მატკინე, ტომ, - უსაყვედურა, - არ გინდოდა, მაგრამ მაინც შენი ბრალია. ახია ჩემზე, ამ მხეცს რომ გავყევი ცოლად, ამ ვეება, უშველებელ ოყლაყს...
– სიტყვა ოყლაყი მეჯავრება, - შეება ტომი, - თუნდაც ხუმრობით ნათქვამი.
– ოყლაყი! - დაიჩემა დეიზიმ.
დროდადრო დეიზი და მისს ბეიკერი ორიოდ სიტყვით გამოელაპარაკებოდნენ ხოლმე ერთმანეთს; უაზროდ ქილიკობდნენ, ამას საუბარი არც კი ეთქმოდა; ცივი, უშინაარსო იყო ყოველი სიტყვა, ვით მათივე თეთრი კაბები და სურვილდაშრეტილი, გულგრილი თვალები. აქ იყვნენ, გვმასპინძლობდნენ მე და ტომს, ზრდილობის გამო თავს ძალას ატანდნენ, გვართობდნენ და თვითონაც ერთობოდნენ. იცოდნენ, სადილობაც სულ მალე გათავდებოდა, საღამოც მიიწურებოდა და უდარდელად გადაგორდებოდა ეს დღეც. დასავლეთი ამ მხრივ სულ სხვაა. იქ ჩქარობ, ხელისმოცარვის შიშით ათრთოლებული ფეხდაფეხ მიჰყვები საღამოს, დასასრულამდე.
– დეიზი, ცივილიზებული კაცი ასე უხერხულ მდგომარეობაში რატომ ჩამაყენე, - ვუსაყვედურე, როცა შემპარავი, შუშხუნა ღვინოს მეორე ჭიქაც გადავკარი, - არ შეიძლება მოსავალზე ან სხვა რამეზე ისაუბრო?
ამ სიტყვებით განსაკუთრებულს არაფერს ვგულისხმობდი, მაგრამ სხვანაირად ჩამომართვეს. ამას არ ველოდი.
– ცივილიზაცია დაღუპვის გზაზეა, - ბრაზით წამოიძახა ტომმა, - საშინელი პესიმისტი გავხდი. წაიკითხე გოდარდის „ფერადკანიანთა იმპერიების აღმავლობა?“
– არა, - მისმა ტონმა ცოტა განმაცვიფრა.
– ოო, შესანიშნავი წიგნია. ყველამ უნდა წაიკითხოს. აზრი ესაა: თუ თეთრ რასას არ ვუპატრონეთ, საბოლოოდ დაიღუპება. დასაბუთებულ, მეცნიერულ მონაცემებს ემყარება.
– ტომი ერთობ ბრძენი გაგვიხდა, - მწუხარედ თქვა დეიზიმ. - ღრმააზროვან და გრძელ სიტყვებიან წიგნებს კითხულობს. ის რა სიტყვა იყო...
– დიახ, მეცნიერულ წიგნებს, - ჯიუტად დასძინა ტომმა და უკმაყოფილომ შეხედა დეიზის. - ეს საკითხი ყოველმხრივ აქვს განხილული. გაბატონებულ რასას სიფრთხილე გვმართებს, თორემ ქვეყანას სხვა რასები დაეპატრონებიან.
– უნდა დავამარცხოთ, - წაიჩურჩულა დეიზიმ და გავარვარებულ მზეს მკაცრად ჩაუპაჭუნა თვალები.
– კალიფორნიაში უნდა გეცხოვრათ... - წამოიწყო მისს ბეიკერმა, მაგრამ ტომი მძიმედ შეირხა სავარძელში და სიტყვა შეაწყვეტინა.
– საქმე ისაა რომ ჩვენ ნორდიული მოდგმის ხალხი ვართ. მეც, შენც, შენც... - განაგრძო ტომმა და, წამიერი ყოყმანის შემდეგ, თავის ოდნავი დაქნევით, დეიზიც ჩვენ მოგვათვალა. ქალმა თვალი კვლავ ჩამიკრა. - ჩვენი მონაპოვარია ყველაფერი, რაც ცივილიზაციამ შექმნა: მეცნიერება, ხელოვნება და ყველაფერი, გესმით?
ჯიუტად ნათქვამს პათეტური კილო გადაჰკრავდა; თვითკმაყოფილების გრძნობა გამძაფრებოდა და გული აღარაფრით უჯერდებოდა, ამ დროს ოთახში ტელეფონმა დარეკა და მსახური აივნიდან გავიდა. დეიზიმ დრო იხელთა და ჩემკენ გადმოიხარა.
– ოჯახის საიდუმლოს გაგანდობ, - ხალისიანად წამჩურჩულა, - ჩვენი მსახურის ცხვირზე. გაინტერესებს ჩვენი მსახურის ცხვირის ამბავი?
– მაშ რისთვის მოვედი თქვენთან!
– იცი, ყოველთვის მსახური კი არ იყო. ერთი ნიუ-იორკელის ოჯახში, სადაც ორას კაცზე ჰქონდათ ვერცხლის ჭურჭელი, ვერცხლის მწმენდავად მუშაობდა. დილიდან დაღამებამდე ვერცხლს აპრიალებდა, ვიდრე ამან ცხვირი არ გაუღიზიანა.
– უარესიც დაემართა, - ჩაურთო მისს ბეიკერმა.
– დიახ, უარესიც დაემართა; საბოლოოდ იძულებული გახდა დაეთმო თავისი ადგილი.
ჩამავალმა მზემ სხივი სტყორცნა დეიზის და ალმურადენილს ეშხი შემატა; წინ წახრილი, სუნთქვაშეკრული ვუსმენდი მის მოღუღუნე ხმას. მერე შეფაკლული სახე თანდათან გაეცრიცა. ლიცლიცა სხივი ზლაზვნით, მწუხარედ სტოვებდა ასულს, როგორც ბავშვები სიამით სავსე ქუჩას მიწურულზე.
მსახური დაბრუნდა და ტომს რაღაც ჩასჩურჩულა. ტომი მოიღუშა, სკამი გასწია და უსიტყვოდ შევიდა ოთახში. თითქოს ამან ააფორიაქაო, დეიზი კვლავ გადმოიხარა და აღგზნებულმა ნარნარი ხმით მითხრა:
– როგორ მიხარია, რომ ჩემს სუფრასთან გხედავ, ნიკ. იცი, რას მაგონებ... ვარდს, ნამდვილ ვარდს, არა? - თანხმობა გამოსთხოვა მისს ბეიკერს, - ნამდვილ ვარდს!
სცრუობდა. ვარდის აჩრდილიც არა ვარ. რაღაც გამოიგონა. მაგრამ ისეთი ამაღელვებელ სითბოს აფრქვევდა, თითქოს ლამობდა დაგუდულ ხმასა და მთრთოლვარე სიტყვებში თავისი გულიც ჩაემალა და მოერთმია. უეცრად ხელსახოცი მაგიდაზე დააგდო, ბოდიში მოიხადა და ოთახში შევიდა.
მე და მისს ბეიკერმა თვალი შევავლეთ ერთმანეთს, ისე, უაზროდ. საუბარი დავაპირე, მაგრამ იგი სმენად იყო ქცეული და დაუყოვნებლივ ჩამაჩუმა - „შშ!“ ოთახიდან სიფიცხედაურვებული ჩურჩული ისმოდა. მისს ბეიკერმა ურცხვად წაიგრძელა კისერი, იქნებ რამე გავიგონოო. ჩურჩული თრთოდა გაგონება-არგაგონების ზღვარზე. ხან სულ მიჩუმდებოდა, ხან მღელვარედ აღზევდებოდა და ბოლოს მთლად მიწყდა.
– თქვენ რომ მისტერ გეტსბი ახსენეთ, ჩემი მეზობელია, - ვუთხარი მისს ბეიკერს.
– გაჩუმდით, უნდა გავიგო რა ხდება.
– განა ხდება რამე? - მიამიტად ვიკითხე.
– რა გინდა დამაჯეროთ, რომ არაფერი იცით? - შემესიტყვა გულწრფელად გაკვირვებული, - მე მეგონა, ყველამ იცოდა.
– მე არ ვიცი.
– ჰოო, - ყოყმანით წარმოთქვა, - ტომს ნიუ-ორკში სხვა ქალი გაუჩენია.
– სხვა ქალი გაუჩენია? - უგულოდ ჩავეკითხე.
მისს ბეიკერმა თავი დამიქნია.
– იმდენი ზრდილობა უნდა ჰქონოდეს, სადილობისას მაინც არ დარეკოს. ასე არ არის?
ვიდრე ნათქვამის აზრს ჩავწვდებოდი, კაბის შრიალი და ტყავის ფეხსაცმლის ჭრაჭუნი გაისმა. ტომი და დეიზი სუფრას დაუბრუნდნენ.
– უჩემოდ ვერაფერს მოაგვარებდნენ, - თქვა ნაძალადევად გამხიარულებულმა დეიზიმ და დაჯდა. გამომცდელად მოგვაჩერდა, ჯერ მისს ბეიკერს შეავლო თვალი, მერე მე და განაგრძო: - ერთი წუთით გარეთ გავიხედე, მშვენიერებაა. ბაღში რაღაც
ფრინველი, მგონი ბულბული უნდა იყოს, თავდავიწყებით უსტვენს, უთუოდ რომელიმე გემს ჩამოჰყვა. - წკრიალებდა მისი ხმა, - მშვენიერია, არა ტომ?
– მშვენიერია, - უპასუხა ტომმა და სასოწარკვეთილმა მომმართა, - თუ ნასადილევს ძალიან არ დაბნელდა, ცხენები მინდა გაჩვენო.
ოთახში ტელეფონმა მჭახედ დარეკა. დეიზიმ ტომს შეხედა და ისე მრავალფეროვნად გადაიქნია თავი, რომ ჩვენი საუბარი საჯინიბოზე თუ სხვა თემებზე, ცაში გამოეკიდა. სუფრასთან გატარებული ბოლო ხუთი წუთიდან მეხსიერებას ნაკლებ ნაწყვეტ-ნაწყვეტ შემორჩა ზოგი რამ. მახსოვს, სანთლები კვლავ უმიზნოდ აენთოთ; მე ამეკვიატა სურვილი ყველა იქ მყოფისთვის ჩამეხედა თვალებში ისე, რომ მათ ვერ შეემჩნიათ. არ ვიცი რას ფიქრობდნენ დეიზი და ტომი, მაგრამ მგონი თვით მისს ბეიკერიც კი, ეს გამოწრთობილი სკეპტიკოსი, ვერ ახერხებდა ყურადღება არ მიექცია ამ აბეზარი, თუჯივით უდრეკი და მოძალადე მეხუთე სტუმრისათვის. ზოგს ასეთი ვითარება იქნებ დააინტერესებდა კიდეც. მე პირადად, მხოლოდ ერთი სურვილი აღმეძრა - სასწრაფოდ დამერეკა პოლიციაში.
ცხენები აღარავის უხსენებია. ტომმა და მის ბეიკერმა დინჯად გასწიეს ბიბლიოთეკისკენ. საღამოს ბინდი ჩამდგარიყო მათ შორის. ისე მიდიოდნენ, თითქოს მიცვალებულისთვის ღამე უნდა ეთიათ. მე დეიზის გავყევი ცოტა ყრუ, მაგრამ ზრდილი ადამიანის კვალობაზე ყველაფრით დაინტერესებული კაცის იერით. ჯაჭვივით გადაბმული აივნები გავიარეთ და მთავარი აივნის ბნელ კუთხეში სელის მერხზე ჩამოვსხედით.
დეიზიმ სახეზე ხელის გულები შემოიწყო, თითქოს ლამაზი მოყვანილობის შეგრძნობა სურდა, ხავერდოვან ბინდბუნდს თვალი დინჯად მოავლო. მოზღვავებულ განცდებს ებრძოდა. გავიფიქრე, ბავშვზე საუბარი დაამშვიდებს-მეთქი და დავუწყე გამოკითხვა.
– კარგად არ ვიცნობთ ერთმანეთს, ნიკ, - მითხრა მოულოდნელად, - თუმც ნათესავებად ვითვლებით; ჩემს ქორწილზე არც კი ჩამოხვედი.
– მაშინ ომში ვიყავი.
– ჰო, მართლა, - წაილუღლუღა, - იცი, მძიმე დღეები გამოვიარე, ნიკ, და ყველაფერს საკმაოდ ცინიკურად ვუყურებ.
უთუოდ ჰქონდა საამისო მიზეზი. მე გავილურსე, მაგრამ ხმა აღარ ამოიღო. საქციელწამხდარი კვლავ ბავშვზე საუბარს დავუბრუნდი.
– ალბათ უკვე ლაპარაკობს, თავისით ჭამს...
– ჰო, რა თქმა უნდა, - შემომხედა, მაგრამ სხვაგან ჰქროდა მისი ფიქრი და გონება. - მისმინე, ნიკ. იცი რა ვთქვი, ეგ რომ დაიბადა! გაინტერესებს?
– ძალიან.
– მაშინ მიხვდები ჩემს გულისწუხილს. ბავშვი ერთი საათისაც არ იქნებოდა, რომ ღმერთმა უწყოდა სად გაქრა ტომი. ნარკოზი როცა გამომინელდა და გამოვფხიზლდი, მარტოობის საშინელმა გრძნობამ შემიპყრო. მომვლელ ქალს პირველად ის ვკითხე - ბიჭია თუ გოგო-მეთქი. გოგოაო, მითხრა და ავტირდი. ძალიან კარგი, ჩემთვის
გავიფიქრე, მიხარია, რომ გოგოა, იმედი მაქვს, სულელიც იქნება, უკეთესი ბედი გოგოს არც უნდა. ლამაზი, პატარა სულელი.
– ასეა თუ ისე, მაინც საშინელია ყოველივე, - განაგრძო თავდაჯერებულმა, - ყველა ასე ფიქრობს, ყველაზე ჭკვიანი ადამიანებიც კი. მეც კარგად ვიცი ეს. ქვეყანა მოვიარე, ყველაფერი ნანახი და გამოცდილი მაქვს, - თვალები ზვიადად აუელვარდა, როგორც ტომს, და მომხიბლავად, მაგრამ იქედნურად ჩაიცინა, - ღმერთო ჩემო, სოფისტიკაში გადავიჭერი, ვსოფისტობ!
როგორც კი გაჩუმდა და ჩემს ყურადღებას, ფიქრსა თუ გონებას აღარ იპყრობდა მისი ხმა, მყისვე ვიგრძენი ნათქვამის სიყალბე. გუნება ამემღვრა. მომეჩვენა, თითქოს, ჩემი თანაგრძნობის მოსაპოვებლად თვალთმაქცობდნენ მთელი საღამო. გავჩუმდი. მართლაც, ერთი წუთის შემდეგ, ლამაზ სახეზე კმაყოფილების ღიმილი გადაეფინა. ისე გამომხედა, თითქოს დამიმტკიცა, რომ ტომთან ერთად რაღაც პრივილეგიური, საიდუმლო საზოგადოების წევრი იყო.
ჟოლოსფერ ოთახში შუქი ციმციმებდა. გრძელი ტახტის ერთ ბოლოში ტომი იჯდა, მეორეში - მისს ბეიკერი. ქალი „სატერდი ივნინგ პოსტს“ უკითხავდა. სიტყვა სიტყვას მისდევდა გაბმით, დუდუნით, ძილის მომგვრელად. შუქი კაცს ფეხსაცმელს უელვარებდა, ქალს კი მრუდედ ეფინებოდა შემოდგომის ფოთოლივით ყვითელ თმაზე. მისს ბეიკერმა ჟურნალი რომ გადაფურცლა და მკლავის კუნთები ლამაზად შეუთამაშდა, სხივმა ქაღალდზე გაიელვა.
ოთახში შევედი თუ არა, ხელი შემართა - გაჩუმდითო.
– „გაგრძელება შემდეგ ნომერში“, - ბოლომდე ჩაიკითხა და ჟურნალი მაგიდაზე დააგდო.
მისს ბეიკერმა მუხლი შემართა, წელში ამაყად გაიშალა და ფეხზე წამოდგა.
– ათი საათია, - ისე გვითხრა, თითქოს ჭერზე აღმოეჩინოს დრო-ჟამი. - კარგი გოგოს დაძინების დროა.
– ჯორდანს ხვალ შეჯიბრება აქვს, - ამიხსნა დეიზიმ, - უესტჩესტერში უნდა წავიდეს.
– აა, თქვენ ჯორდან ბეიკერი ხართ!
მივხვდი, რატომ მეცნობოდა - ეშვილის, პოტსპრინგსის თუ პალმ ბიჩის სპორტულ ქრონიკებში, ფოტოებზე, ბევრჯერ მინახავს ეს სანდომიანად ამპარტავანი სახე. რაღაც საძრახის, უსიამო თავგადასავალსაც ჰყვებოდნენ, მაგრამ რას - დიდი ხნის დავიწყებული მქონდა.
– ღამე მშვიდობისა, - გვითხრა ნაზად, - რვა საათზე გამაღვიძეთ, კარგი?
– თუ ადგები.
– ავდგები. ღამე მშვიდობისა, ბატონო კარაუეი. ალბათ მალე გნახავთ.
– რა თქმა უნდა, ნახავ, - კვერი დაუკრა დეიზიმ, - უთუოდ. მგონი დაგაქორწინოთ კიდეც. ხშირად გამოდი, ნიკ, და მოვახერხებ რამეს... ჰო... ერთად დაგტოვებთ ხოლმე. ხომ იცი... უცაბედად ჩაგკეტავთ საკუჭნაოში, ან ზღვაში შეგაცურებთ ნავით ან...
– ღამე მშვიდობისა, - კიბეებიდან დაიძახა მისს ბეიკერმა, - ერთი სიტყვაც არ გამიგონია.
– მშვენიერი გოგოა, - ცოტა ხნის შემდეგ დასძინა ტომმა, - აღმა- დაღმა სიარულის ნებას არ უნდა აძლევდნენ.
– ვინ არ უნდა აძლევდეს? - ცივად იკითხა დეიზიმ.
– ოჯახი. ერთადერთი დედა ჰყავს, ისიც, მგონი ათასი წლის ბებერია. ახლა ნიკი მოუვლის, არა, ნიკ? ამ ზაფხულს, ყოველ შაბათ-კვირას, ჩვენთან იქნება. ოჯახური გარემო, მგონი, კარგ გავლენას იქონიებს.
დეიზიმ და ტომმა მდუმარედ შეხედეს ერთმანეთს.
– ნიუ-იორკელია? - საჩქაროდ ვკითხე. – ლუისვილიდანაა. ბავშვობის უდარდელი წლები ერთად გავატარეთ. მშვენიერი, უდარდელი წლები...
– მოასწარი აივანზე ნიკთან გულითადი საუბარი? - უეცრად იკითხა ტომმა.
– მე? - შემომხედა დეიზიმ. - არ მახსოვს. მგონი ნორდიული რასის შესახებ ვსაუბრობდით. ჰო, დარწმუნებული ვარ. სიტყვამ მოიტანა და, პირველ რიგში, მოგეხსენება...
– მაგას ყველაფერს ნუ დაუჯერებ, ნიკ, - მირჩია ტომმა.
ისეთი არაფერი უთქვამს-მეთქი, უდარდელად ჩავილაპარაკე და რამდენიმე წუთის შემდეგ სახლში წასასვლელად გავემზადე. კარებამდე მომაცილეს - გაჩირაღდნებულ ოთხკუთხედში გვერდიგვერდ დადგნენ. მანქანა რომ ავამუშავე, დეიზიმ დამიძახა:
– მოიცა! რაღაც უნდა მეკითხა და დამავიწყდა. ყური მოვკარი, დასავლეთში თურმე ჯვარი დაგიწერია ვიღაცაზე.
– მართლა, - კეთილმოსურნედ დაუდასტურა ტომმა, - ასე გვითხრეს, საცოლე ჰყავსო.
– ცილისწამებაა. სამაგისოდ ღარიბი კაცი ვარ.
– კი მაგრამ, ჩვენ გვითხრეს, - დაიჩემა დეიზიმ, ჩემდა განსაცვიფრებლად კვლავ ყვავილივით გულგაშლილმა და ხალისიანმა, - სამმა ადამიანმა გვითხრა, მართალი იქნება.
ცხადია, ვიცოდი, რასაც გულისხმობდნენ, მაგრამ არ ვიყავი ჯვარდაწერილი. აღმოსავლეთში გადაბარგების ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ამ ჭორის გავრცელება გახლდათ - ჯვარი დაიწერაო. უბრალო მითქმა-მოთქმისთვის ძველი მეგობარი ვის მიუტოვებია, მაგრამ, მეორეს მხრივ, არც ის მსურდა ჭორებს ცოლ-ქმრობის უღელში შევები.
ყურადღება მესიამოვნა, მახლობელ ხალხად უფრო დამესახნენ, ვიდრე უსულგულო მდიდრებად. მიუხედავად ამისა, მაინც უკმაყოფილო და ამრეზილი წამოვედი. ჩემი აზრით, დეიზის მხოლოდ ერთი გამოსავალი დარჩენოდა - დაევლო ბავშვისთვის ხელი და სახლიდან გაქცეულიყო. მაგრამ, ეტყობა, არ ჰქონია ისეთი განზრახვა. რაც შეეხება ტომს - ნაკლებად გამიკვირდა ნიუ-იორკში რომ ვიღაც ქალი გაუჩენია, ვიდრე ის, რომ წიგნმა ააფორიაქა. რაღაც უბიძგებდა წამოგებოდა ამ დამყარებული აზრების ანკესს, თითქოს ხორციელი სიამენი აღარ ასაზრდოებდა მის უფლებისმოყვარე გულს.
შუა ზაფხული სუნთქავდა გზისპირა დუქნების სახურავებზე, გარაჟების წინ, სადაც ელექტროშუქზე ელავდნენ ბენზინის ახალი, წითელი ტუმბოები. ჩემს სავანეს რომ
მივაღწიე, უესტ-ეგში, მანქანა ფარდულში დავაყენე და ეზოში უპატრონოდ მიგდებულ ბალახის საკრეჭელაზე ჩამოვჯექი. ქარი ჩამდგარიყო, გამოთხოვებოდა ამ მომხიბვლელ, ნათელ ღამეს, ხის ტოტებში მოფრთქიალე ფრინველთ და ორგანის ხმასავით გაბმულ ყიყინს ბაყაყებისას; თითქოს, ხალისით აღსავსე მყვარნი თან მოჰყვებოდნენ დედამიწის მძლავრ საბერველთა ყოველ ამოქშენას. მთვარის შუქზე კაცის სილუეტი დავლანდე და იქით გავიხედე. მაშინღა ვიგრძენი, რომ მარტო არ ვიყავი. ჩემი მეზობლის დაბურულ ბაღში ვიღაც იჯდა და ჯიბეებში ხელებჩაწყობილი მისჩერებოდა ვარსკვლავების ვერცხლისფერ ციმციმს. აუჩქარებელ, დინჯ მიხრა-მოხრაზე და მტკიცე ნაბიჯზე შეატყობდით, რომ ეს თვით მისტერ გეტსბი იყო. ალბათ თავისი წილხვედრი ცისთვის სურდა თვალის შევლება და გამოისეირნა.
გადავწყვიტე, დავუძახებ-მეთქი. სადილობისას მისს ბეიკერმა ახსენა და ეს გაცნობის საბაბად გამომადგებოდა. მაგრამ არ დავუძახე. აშკარად ემჩნეოდა, რომ მარტო ყოფნა სურდა. ბნელში დანთქმული ზღვისკენ ხელები უცნაურად გაიშვირა. საკმაოდ შორს გახლდით, მაგრამ დავიფიცებ, რომ მთლად ცახცახებდა. უნებლიეთ ზღვას გავხედე. ვერაფერი გავარჩიე, გარდა ეული მწვანე შუქისა, რომელიც უთუოდ ნავსადგურიდან მოჩანდა, ისევ გეტსბისკენ გავიხედე, მაგრამ იგი სადღაც გაუჩინარებულიყო. ღამის ბინდბუნდში კვლავ მარტო ვიყავი.
თავი II
ვიდრე უესტ-ეგიდან ნიუ-იორკში ჩავიდოდეთ, შუა გზაზე, სამანქანო გზატკეცილი უეცრად რკინიგზას ებჯინება და მეოთხედი მილის მანძილზე გვერდიგვერდ მიჰყვება, თითქოს გაურბისო იქვე გაშლილ უკაცრიელ მიდამოს, ნაცრის ველს, ამ ფანტასტიკურ ხოდაბუნს, სადაც ხორბლის ხვავივით იზრდება ნაცრის ქედები, მთები და მახინჯი ბაღნარები, სადაც ნაცარი ხან სახლებს ემსგავსება, ხან საკვამურებს, ხან ახრჩოლებულ კვამლს; და თუ ზებუნებრივ ძალას მოიკრებთ, შეამჩნევთ, რომ რაღაც ადამიანთა მსგავსნიც გამოისახებიან ხოლმე - აჩრდილებივით დაბორიალებენ ისინი და უმალვე ქრებიან ნაცრით გაჯერებულ სივრცეში. მატარებლის რუხი შემადგენლობა დროდადრო შემოგორდება გაუჩინარებულ ლიანდაგზე, ყურისწამღებად გაიღრჭიალებს და გაინაბება. რუხნაცრისფერი მამაკაცები დაუყოვნებლივ აფუთფუთდებიან ლითონის ნიჩბებით და იმისთანა ბუღს აყენებენ, რომ ნაცარი ნისლივით დანთქავს ხოლმე ისედაც დაბურულ თვალსაწიერს.
მცირე ხნის შემდეგ, ამ რუხი გარემოსა და მორიალე შავი ბოლქვების თავზე, უთუოდ შეამჩნევთ ექიმ ტ.ჯ ეკლბარგის თვალებს. ექიმ ეკლბარგის უზარმაზარი, თითო იარდის ოდენა ცისფერი თვალები სახეს როდი უმშვენებენ ვინმეს, თუმც ფხიზლად იმზირებიან ვეება ყვითელი სათვალიდან, რომელიც არარსებულ ცხვირზეა წამოდგმული. უთუოდ, ვიღაც ახირებულმა თვალის ექიმმა აღმართა იგი იმ იმედით, რომ ქვინსში პაციენტებს მოიმრავლებდა. მაგრამ მერე, ალბათ, თვითონაც სამუდამოდ დაეშრიტა თვალის სინათლე, ან საცხოვრებლად სხვაგან გადავიდა და წაღება დაავიწყდა. მზესა და წვიმაში უპატრონოდ შთენილი და ჟამთა სვლისაგან ოდნავ გამქრქალებული თვალები ფიქრმორეული გადმოჰყურებენ ამ ტრიალ სანაგვეს.
ნაცრის ველს პატარა, მღვრიე მდინარე ჩამოუდის. როცა ხომალდების გასატარებლად მდინარეზე ხიდი იხსნება, მატარებლის მგზავრები იძულებულნი არიან ნახევარ საათს მაინც უცქირონ ამ სულისშემხუთავ სურათს. სარკინიგზო მიმოსვლა აქ ყოველთვის ფერხდება, ერთი წუთით მაინც, და სწორედ ეს გახდა ტომ ბიუქენენის ქალბატონთან ჩემი პირველი შეხვედრის მიზეზი.
ყველგან, სადაც ტომს იცნობდნენ, ამ ქალის შესახებ იყო ლაპარაკი. ნაცნობ-მეგობრები ძრახავდნენ, ხალხმრავალ რესტორნებში დაჰყავსო. დასვამდა მაგიდასთან და თავად დარბაზში დახეტიალობდა, ნაცნობებს ესაუბრებოდა. მიუხედავად იმისა, რომ მაინტერესებდა ამ ქალის ნახვა, მასთან შეხვედრაზე არ მიფიქრია, მაგრამ მაინც შევხვდი. ერთ საღამოს მე და ტომი ნიუ-იორკში მატარებლით წავედით. ნაცრის მთებთან რომ შევჩერდით, უეცრად წამოხტა, მკლავში ხელი ჩამავლო და მატარებლიდან თითქმის ძალით ჩამიყვანა.
– ჩავიდეთ, - დაიჩემა, - ჩემი გოგო უნდა გაჩვენო.
საუზმობისას, მგონი, გვარიანად ჰქონდა გადაკრული და ახლა, რაკი ჩემთან ერთად დროს გატარება მოინება, ძალადობასაც არ მოერიდებოდა, იმ გულზვიადი ვარაუდის გამო, რომ კვირა საღამოს უკეთესს მაინც ვერაფერს გავაკეთებდი.
რა მექნა, გავყევი. გადავაბიჯეთ თეთრად შეღებილ მესერს და ასამდე იარდი უკან გამოვიარეთ გზის გასწვრივ. ექიმი ეკლბარგი დაჟინებით მოგვჩერებოდა. უკაცრიელი ველის კიდეზე, იმ არემარეში ერთადერთი, ისიც პატარა, ყვითელი აგურის შენობა ჩანდა. იგი არც უკავშირდებოდა რამეს, არც ესაზღვრებოდა. უკაცრიელი ველი გახლდათ მისი მთავარი ქუჩა. შენობის სამი დარბაზიდან ერთი გასაქირავებელი იყო, მეორე - სადღეღამისო რესტორანს დაეკავებინა, ნაცრის ბილიკი სწორედ იქით მიდიოდა; მესამეში გარაჟი მოეწყოთ. აბრას ეწერა: „ჯორჯ ბ. უილსონი. მანქანების ყიდვა-გაყიდვა და შეკეთება“. ტომს შიგ შევყევი.
შიგ სიღატაკე სუფევდა, ყველაფერი ჩამოტყავებული იყო. ერთადერთი მანქანა ჩანდა. ისიც დამტვრეული „ფორდი“, მტვრით დაფარული და ბნელ კუთხეში მიგდებული. რატომღაც ვიფიქრე, ეს გარაჟის მსგავსი სადგომი თვალის ასახვევადაა მოგონილი და ზედა სართულზე, ალბათ, მდიდრული, იდუმალებით მოცული დარბაზები იმალება-მეთქი. კანტორის კარებში თვით მეპატრონე გამოჩნდა, ჩვრით იწმენდდა ხელს. ქერა იყო, ბეჩავი, ავადმყოფური იერით, მაგრამ არცთუ ურიგო გარეგნობა ჰქონდა. ჩვენ რომ დაგვინახა, ცისფერ თვალებში იმედის სხივი აუკიაფდა.
– გამარჯობა, უილსონ, შე ძველო, - მიმართა ტომმა და მხარზე მეგობრულად დაუტყაპუნა ხელი.
– როგორა გაქვს საქმე?
– საყვედურს ვერ ვიტყვი, - გაუბედავად უპასუხა უილსონმა, - როდის მომყიდით მანქანას?
– იმ კვირაში. ახლა ჩემი ხელოსანი მუშაობს, წესრიგში მოჰყავს.
– ნელი მუშაობა სცოდნია, არა?
– არა, რაზე ეტყობა, - ცივად მიუგო ტომმა. - თუ ასე ფიქრობთ, მაშინ სხვას მივყიდი.
– არა, ეგ არ მითქვამს, - სასწრაფოდ აუხსნა უილსონმა, - მე ვთქვი, რომ ....
ხმა თანდათან ჩაუწყდა ... ტომი ვეღარ ისვენებდა, მთელი გარაჟი მოათვალიერა. კიბეებიდან ფეხის ხმა მოესმა. ვიღაც დუნდრუცა დედაკაცი კანტორის კარებში ჩამოდგა და შუქს აეფარა.
ოცდაათს გადაცილებული იქნებოდა, სიმსუქნე შეპარვოდა, მაგრამ ხორცსავსე ტანს მგრძნობიერად მოარხევდა, როგორც სჩვევიათ ასეთ ქალებს. კოპლებიანი, მუქი ლურჯი კრეპდეშინის კაბა ეცვა; სახე არ ჰქონდა ლამაზი, მაგრამ თვალში გეცემოდათ მისი ცხოველი აღტყინება, თითქოს ყოველი ნერვი ცეცხლივით უღვივოდა. დინჯად ჩაიღიმა, ქმარს წინ აეფარა, ვით აჩრდილს, ტომს აგზნებული თვალები მიაპყრო, ხელი ჩამოართვა და ტუჩები გაილოკა. ქმრისკენ არ შებრუნებულა, ისე უთხრა განაზებული, ხრიწიანი ხმით:
– სკამები მოიტანე, რაღას უყურებ, იქნებ დაჯდეს ვინმე.
– ჰო, მართლა, - უმალვე დაეთანხმა უილსონი, გაეშურა პატარა ოთახისკენ და ცემენტისფერ კედლებში გაუჩინარდა. ნაცრის ლეგა მტვრით ჰქონდა გაჯერებული მუქი ტანსაცმელი და უფერული თმა, მტვრით იყო გაჯერებული ყველაფერი, მხოლოდ უილსონის ცოლს არ ეკარებოდა იგი. ქალი ახლოს მივიდა ტომთან, თითქმის მიეხუტა.
– შენი ნახვა მინდა, - მტკიცედ უთხრა ტომმა, - შემდეგი მატარებლით მივდივართ.
– კარგი.
– ქვემოთ, გაზეთის ჯიხურთან ვიქნებით.
ქალმა თავი დაუქნია და უკან დაიხია. ამ დროს ჯორჯ უილსონიც გამოჩნდა.
ქვემოთ დავუცადეთ, გზასთან, მოფარებულ ადგილას. ოთხ ივლისამდე რამდენიმე დღე იყო დარჩენილი და გაძვალტყავებული იტალიელი ბიჭუნა ლიანდაგებზე მწკრივად აწყობდა სანიშნებელ ჭექუნებს.
– საშინელი ადგილია, არა? - თქვა ტომმა და ექიმ ეკლბარგს თვითონაც შეუბღვირა.
– საშინელი.
– ამიტომაც უხარია ხოლმე ჩემთან წამოსვლა.
– ქმარი არაფერს ამბობს?
– უილსონი? დარწმუნებულია, რომ ნიუ-იორკში დასთან დადის. გამოჩერჩეტებულია, მგონი არც კი იცის ცოცხალია თუ არა. ტომ ბიუქენენმა, მისმა ქალბატონმა და მე ნიუ-იორკისკენ ერთად გავწიეთ. არა, მთლად ერთად კი არა - ქალბატონი უილსონი სიფრთხილისათვის სხვა ვაგონში იჯდა. ასე დიდ ანგარიშს უწევდა ტომი უესტ-ეგელებს, რადგან ადვილი შესაძლებელი იყო, რომ ისინი იმავე ვაგონში იქნებოდნენ.
ქალს ყავისფერი მუსლინის კაბა ჩაეცვა. ნიუ-იორკში, ტომის დახმარებით ბაქანზე რომ ჩამოდიოდა, განიერ თეძოებზე კაბა მჭიდროდ შემოეტმასნა. გაზეთების ჯიხურში „თაუნ თეთლის“ და რომელიღაც კინოჟურნალის ახალი ნომრები იყიდა, სადგურის აფთიაქში კოლდ-კრემი და პატარა შუშით სუნამო შეიძინა. ზემოთ, უჟმურ, ხმაურიან ავტომოსაცდელში, სადაც მანქანები პირდაპირ გადახურულში
შემოდიოდნენ, ოთხი ტაქსი დაიწუნა, ვიდრე გული მიუვიდოდა ახალ ლავანდისფერ მანქანაზე, რუხი გამოსაკრავით. ჩამოქურუხებული ვეება სადგურიდან მზის ჩახჩახა შუქზე გავსრიალდით. უეცრად ქალბატონმა უილსონმა მანქანის ფანჯარას ზურგი შეაქცია, წინ გადაიხარა და მძღოლს მინაზე დაუბრახუნა.
– ძაღლს ყიდის ვიღაც, უნდა ვიყიდო, - მტკიცედ გამოაცხადა, - ბინაში მინდა მყავდეს. კარგია, ძაღლი როცა გყავს.
მანქანა უკან დავწიეთ და ჭაღარა ბერიკაცის წინ შევჩერდით. საოცრად ჰგავდა ჯონ დ. როკფელერს. კისერზე ჩამოკიდებულ კალათში გაურკვეველი ჯიშის თორმეტი ახალშობილი ლეკვი ჩაესხა.
– რა ჯიშისა გყავს? - იკითხა უილსონის მეუღლემ, როცა მოხუცი ტაქსის ფანჯარას მოადგა.
– ყველა ჯიშისა. თქვენ რომელს ინებებთ, ქალბატონო.
– პოლიციელთა ძაღლის ჯიშისას. მგონი არც გყავთ?
მოხუცმა ეჭვით ჩახედა კალათას, სტუცა შიგ ხელი და ასხმარტალებული ლეკვი ქეჩოთი ამოიყვანა.
– ეს არ არის ნაგაზი, - მიახალა ტომმა.
– არა, ზუსტად იმ ჯიშის არ გახლავთ. - გაბზარული ხმით წარმოთქვა იმედგაცრუებულმა ბერიკაცმა, - ეს უფრო ერდელტერიერია, - ლეკვს ყავისფერ ზურგზე ხელი გადაუსვა, - ამის ბალანს დახედეთ ერთ რამედ ღირს. არასოდეს გაგიცივდებათ, არც ავადმყოფობით შეგაწუხებთ.
– კარგი ძაღლი იქნება, - აღმოხდა გახარებულ ქალბატონ უილსონს. - რა ღირს?
– ეს ძაღლი - სიყვარულით დახედა მოხუცმა, - ეს ძაღლი ათი დოლარი დაგიჯდებათ.
ერდელტერიერმა (თუმც ლეკვს ხასხასა თეთრი ფეხები ჰქონდა, მის წინაპრებში უთუოდ ერდელტერიერიც ერია) ხელიდან ხელში გადაინაცვლა და ქალბატონ უილსონის კალთაში მოიკალათა. აღფრთოვანებული ქალი ძაღლის ღუნღულა ბალანს მიეალერსა.
– ბიჭია თუ გოგო? - დელიკატურად იკითხა მან.
– ეს ძაღლი? ეს ძაღლი ბიჭია.
– ძუკნაა, - გადაჭრით გამოაცხადა ტომაა, - ჰა, ფული. წადი და კიდევ ათი ძაღლი იყიდე.
განვაგრძეთ გზა, მეხუთე ავენიუზე გავედით. აქ ისეთი სითბო იდგა, ისეთი პასტორალური სიმყუდროვე, არ გამიკვირდებოდა, რომ სადმე ქუჩის კუთხიში ცხვრის ფარა დამენახა ამ ზაფხულის კვირა დღეს.
– გააჩერე, - გავძახე შოფერს, - აქ უნდა დაგშორდეთ.
– არა, არ წახვიდე, - სასწრაფოდ მომიჭრა ტომმა, - მირტლს ეწყინება, სახლში რომ არ წამოგვყვე, არა, მირტლ?
– წამოდით, - ისიც ჩამაცივდა, - ჩემს დას, ქეთრინს დავურეკავ, ძალიან ლამაზია, ასე ამბობს ის ხალხი, ვისაც რამე გაეგება.
– სიამოვნებით, მაგრამ ...
გავყევი. გადავსერეთ პარკი და დასავლეთის ასიან ქუჩებს მივაშურეთ. თეთრ ტორტს მოგაგონებდათ სახლების გრძელი რიგი. 158-ე ქუჩაზე ტორტის მოზრდილ ნაჭერთან შევჩერდით. ქალბატონმა უილსონმა სამშობლოში დაბრუნებული დედოფალივით თვალი მოავლო გარემოს, ძაღლი და ნაყიდი ნივთები ერთად აიტაცა და გაბღენძილმა მიაშურა ბინას.
– მაკ-კიებიც უნდა ამოვიყვანო, - ლიფტში გამოგვიცხადა; - რა თქმა უნდა, ჩემს დასაც დავიბარებ.
ბინა ბოლო სართულზე გახლდათ - პატარა სასტუმრო ოთახი, პატარა სასადილო, პატარა საძილე და სააბაზანო. სასტუმრო ოთახი გობელენებგადაკრული ავეჯით იყო გაჭედილი. ამ ოთახისთვის ავეჯი იმდენად დიდი გახლდათ, რომ ყოველ მიბრუნება-მობრუნებაზე თვალში გეჩხირებოდათ გობელენზე გამოხატული სანახაობა - ვერსალის ბაღში საქანელებით ქანაობდნენ ქალბატონები. კედელზე ერთადერთი სურათი ეკიდა, მეტისმეტად გადიდებული ფოტო, ალბათ, ქათამი იყო ჩამუქებულ კლდეზე წამოსკუპებული. მაგრამ, შორიდან თუ შეხედავდით, ქათამი უფარფლო ქუდად გადაიქცეოდა და სქელი მოხუცი ქალბატონი შემოგაცქერდებოდათ. მაგიდაზე ეწყო „თაუნ თეთლის“ რამდენიმე ძველი ნომერი, „სვიმონ-პეტრედ წოდებულის“ ერთი წიგნი და ბროდუეის ჭორების რამდენიმე პატარა ჟურნალი. ქალბატონი უილსონი უპირველეს ყოვლისა, ძაღლზე ზრუნვას შეუდგა. მელიფტე ბიჭი უხალისოდ წაიზლაზნა და თივით გატენილ ყუთთან ერთად რძეც მოიტანა; ერთი კოლოფი ძაღლის ბისკვიტი თავისით ეყიდნა ლეკვისთვის; ბისკვიტის ნატეხი მთელი საღამო რძეში ლბებოდა. ტომმა ჩაკეტილი ბიურო გააღო და ვისკი გადმოდგა.
ჩემს სიცოცხლეში სულ ორჯერ დავთვერი. იმ დღეს მეორედ იყო. ბუნდოვნად მახსოვს, თითქოს ყველაფერი ბნელში იყო დანთქმული, თუმც მზე საღამოს რვა საათამდე ადგა ბინას. ქალბატონი უილსონი კალთაში ეჯდა ტომს, ტელეფონით ხან ვის ესაუბრებოდა, ხან ვის.
სიგარეტი აღარ აღმოგვაჩნდა და გარეთ გავედი, კუთხის აფთიაქში ვიყიდი-მეთქი. უკან, რომ დავბრუნდი, ისინი აღარსად ჩანდნენ. წყნარად დავჯექი სასტუმრო ოთახში და „სვიმონ პეტრედ წოდებულის“ ერთი თავი ჩავიკითხე, მაგრამ ვერაფერი გავიგე - არ ვიცი, არ ვარგოდა თუ ვისკიმ ამიბნია თავგზა.
ის იყო ტომი და მირტლი ოთახში გამოჩნდნენ (პირველი ჭიქის შემდეგ მე და ქალბატონი უილსონი ერთმანეთს სახელებით მივმართავდით), რომ მოწვეული ხალხიც მობრძანდა.
მირტლის და, ქეთრინი, თხელი, ცხოვრებანანახი ქალი, ოცდაათამდე წლის იქნებოდა. სქელი, წითელი თმა მოკლედ შეეჭრა, წარბები ამოეპუტა და მერე ხელახლა მოეხატა, უფრო მაღლა აეპრიხა. მაგრამ ნაკვთთა ძველი მიჯნები ასაღორძინებლად ბუნება ძალას არ იშურებდა და ქალის სახე დათხუპნილ, გაურკვეველ იერს იღებდა. ხელის ყოველ შერხევაზე უთვალავი კერამიკული სამაჯური გაბმული რაჩხარუჩხით ჩამოუცურდებოდა ხოლმე. სახლის მფლობელივით შემოგვეჭრა და მეპატრონის თვალით გადახედა ავეჯს. მეგონა აქ
ცხოვრობდა, მაგრამ როცა შევეკითხე - გულიანად გადაიხარხარა, შეკითხვა ხმამაღლა გაიმეორა და განმიმარტა, მეგობარ ქალთან ერთად სასტუმროში მაქვსო ბინა.
ბატონი მაკ-კი, ფერმკრთალი, ქალაჩუნა კაცი, ქვედა სართულზე ცხოვრობდა.
ახალგაპარსულს ღაწვზე საპნის ქაფი შერჩენოდა. დიდის თავაზიანობით მოგვესალმა. მე მითხრა, ხელოვნებას ვემსახურებიო. მოგვიანებით გავიგე, რომ ფოტოგრაფი იყო. მის მიერ გადიდებული ქალბატონ უილსონის დედის სურათი უცხო სხეულივით კონწიალობდა კედელზე. ყურისწამღები ხმა ჰქონდა მის მიბნედილ, ლამაზ, მაგრამ საშინელ მეუღლეს. ამაყად მითხრა, გათხოვების შემდეგ ქმარმა ასოცდაშვიდი სურათი გადამიღოო.
ქალბატონმა უილსონმა ტანსაცმელი კიდევ გამოიცვალა. ახლა დიდებულ, კრემისფერი შიფონის საღამოს კაბაში გამოწყობილიყო და შარიშურით დაგოგმანობდა. ტანსაცმლის გავლენით თავადაც მთლიანად შეცვლილიყო. ცხოველი, დაუოკებელი ენერგია, გარაჟში ასე აშკარად რომ ემჩნეოდა, ახლა ამპარტავნობით შეცვლოდა. სიცილიც, მიხრა-მოხრაც, სიტყვა-პასუხი წამისწამ სულ უფრო გაპრანჭული და არაბუნებრივი უხდებოდა; თანდათან იფურჩქნებოდა, იფხორებოდა, ოთახში ვეღარ ეტეოდა, თითქოს თავისი მეობის ჭრიალა და ხმაურიან ღერძზე ბრუნავდა, ამ კვამლით დაბინდულ სივრცეში.
– ჩემო ძვირფასო, - ხმამაღლა, გადაჭრით ეუბნებოდა დას, - ეგ ბიჭები ყოველთვის მოგატყუებენ. მაგათ მხოლოდ ფული აინტერესებთ, სხვა არაფერი, გასულ კვირას ქალი მყავდა აქ, ფეხები მომიწესრიგა, ფული იმდენი მომთხოვა, იფიქრებდი, ბრმა ნაწლავი ამოჭრაო.
– რა ქვია იმ ქალს? - იკითხა ქალბატონმა მაკ-კიმ.
– ქალბატონი ებერჰარდტი. ბინაზე დადის და ფეხებზე ფრჩხილებს უწესრიგებს ყველას, ვინც მოისურვებს.
– როგორ მომწონს თქვენი კაბა, - შენიშნა ქალბატონმა მაკ-კიმ, - შესანიშნავია.
ქალბატონმა უილსონმა არ მიიღო ეს ქათინაური და წარბები უკმაყოფილოდ აქაჩა.
– ძველია, უვარგისი, - წაიდუდუნა, - გადავიცვამ ხოლმე, როცა არავის ვეპრანჭები.
– საოცრად გიხდებათ, თუ დამიჯერებთ, - დაიჩემა ქალბატონმა მაკ-კიმ. - ჩესტერს რომ დაუდგეთ გადასაღებად, დამერწმუნეთ, რაღაცას გამოიყვანს.
ყველა ქალბატონ უილსონს მივაჩერდით. თვალებზე ჩამოშლილი დალალები გადაიწია და მომნუსხველი ღიმილით შემოგვაცქერდა. მისტერ მაკ-კის თავი გვერდზე გადაეხარა, ყურადღებით აკვირდებოდა უილსონის მეუღლეს; ხელს ხან ახლოს მიიტანდა თვალებთან, ხან თავისივე სახის გასწვრივ ნელა გასწევდა წინ.
– განათებას შევცვლიდი. - ცოტა ხნის შემდეგ განმარტა, - მიყვარს, როცა მკაფიოდ ჩანს სახის ნაკვთები. შევეცდებოდი, რომ თმაც მთლიანად გამომეჩინა.
– განათების შეცვლა რა საჭიროა, - წამოიძახა ქალბატონმა მაკ-კიმ. - მე მგონი, მისი...
– შშ, - ჩააჩუმა ქმარმა, კვლავ მთავარ მოქმედ პირს მივაჩერდით. ამ დროს ტომმა ხმამაღლა დაამთქნარა და წამოდგა.
– თქვენ, მაკ-კიებო, დალიეთ რამე, - მიმართა მათ, ყინული და მინერალური წყალი კიდევ მოიტანე, მირტლ, სანამ ყველას დასძინებია.
– უკვე ვუთხარი ბიჭს, ყინული მოიტანე-მეთქი. - მირტლმა ბრაზით აზიდა წარბები, აქაოდა ლერდანიაო ყველა მდაბიო. - ეს რა ხალხია! სულ კუდში უნდა სდიო.
შემომხედა და უაზროდ შემომცინა, მერე ძაღლს ეცა, მაგრად ჩაკოცნა და სამზარეულოში ისე გაგოგმანდა, თითქოს მზარეულთა ჯარი ელოდებოდა მის განკარგულებას.
– კარგი რამეები გადავიღე ლონგ-აილენდზე, - დასძინა ბატონმა მაკ-კიმ.
ტომი ქუშად მისჩერებოდა.
– ორი ცალი ქვედა სართულზე, ჩემს ბინაში ჰკიდია.
– ორი რა? - ჰკითხა ტომმა.
– ორი ნამუშევარი. ერთს ასე დავარქვი: „მონტაუკ პოინტი - თოლიები“. მეორეს დავარქვი „მონტაუკ პოინტი - ზღვა“.
ქეთრინი გვერდით მომიჯდა, ტახტზე.
– თქვენც ლონგ-აილენდზე ცხოვრობთ? - შემეკითხა.
– უესტ-ეგში ვცხოვრობ.
– მართლა? ერთი თვის წინ ვიყავი იქ. ნადიმზე გახლდით ერთ კაცთან, გეტსბი ჰქვია. იცნობთ?
– იცით, ასე ამბობენ, კაიზერ ვილჰელმის დისშვილია თუ ბიძაშვილიო. ამიტომაც აქვს ამდენი ფული.
– მართლა?
თავი დამიქნია.
– მეშინია მაგ კაცის. არ მინდა ჩემს შესახებ იცოდეს რამე.
ამ წარმტაცი ინფორმაციის მიღება ქალბატონმა მაკ-კიმ არ მადროვა, საუბარი შეგვაწყვეტინა და ქმარს ქეთრინზე მიუთითა:
– ჩესტერ, ალბათ ამისგანაც გამოიყვანდი რამეს. - წამოაყრანტალა მან, მაგრამ გაბრაზებულმა მაკ-კიმ თავი დაუქნია და ტომმა საუბარი განაგრძო.
– სიამოვნებით კიდევ შევასრულებდი რამდენიმე ნამუშევარს ლონგ-აილენდზე. ხელის შეწყობა მჭირდება. დამაწყებინონ მხოლოდ, სხვას არაფერს ვითხოვ.
– მირტლას სთხოვე, - უთხრა ტომმა და ჩაიქირქილა, ქალბატონი უილსონი ოთახში სინით შემობრუნდა. - წერილს გაგატანს, არა, მირტლ?
– რა? - იკითხა შემკრთალმა.
– წერილი გაატანე მიკ-კის შენს ქმართან და სურათებს გადაუღებს, - ერთხანს უხმოდ აცმაცუნებდა ტუჩებს, ვიდრე მოიაზრებდა, - „ჯორჯ ბ. უილსონი ბენზინის ტუმბოსთან“ ან რაღაც ასეთს დაარქმევს.
ქეთრინი ახლოს მოიწია და ყურში ჩამჩურჩულა:
– ვერც ერთი ვერ იტანს თავის მეუღლეს.
– ვერა?
– ვერ იტანს. - ჯერ მირტლს გადახედა, მერე ტომს. - იმას მოგახსენებთ, რატომ უნდა იცხოვრო ისეთ ადამიანთან, ვისაც ვერ იტან? მე თუ მკითხავთ, ერთიც და მეორეც უნდა გაეყაროს თავის მეუღლეს და ერთმანეთზე იქორწინონ.
– უილსონი არ მოსწონს თქვენს დას?
პასუხი მოულოდნელი იყო. თვითონ მირტლმა მიპასუხა, ჩემი შეკითხვისთვის ყური მოუკრავს და ცოფმორეულმა უწმაწური რამ ჩაიდუდუნა.
– იცით, - გამარჯვებულივით წამოიძახა ქეთრინმა და ჩურჩულით მითხრა, - ამათ ქორწინებას, სინამდვილეში, მაგისი ცოლი აბრკოლებს, კათოლიკეა და განქორწინებას ეკლესია უკრძალავს.
დეიზი კათოლიკე არ იყო. გამაოცა ასე მარჯვედ მოფიქრებულმა სიცრუემ.
– ჯვარის წერის შემდეგ, - განაგრძო ქეთრინმა, - დასავლეთში წავლენ და იქ იცხოვრებენ, ვიდრე ყველაფერი ჩაწყნარდებოდეს.
– ევროპაში უფრო საიმედო იქნებოდა.
– ოჰ, გიყვართ ევროპა? - წამოიძახა განცვიფრებულმა, - ახლახან დავბრუნდი მონტე-კარლოდან.
– მართლა?
– შარშან ვიყავი. მეგობარ ქალთან ერთად წავედი. – დიდხანს დარჩით?
– არა, მარსელზე გავლით ჩავედით მონტე-კარლოში და უკან დავბრუნდით. ათას ორას დოლარზე მეტი გვქონდა, მაგრამ ორ დღეში გაგვფცქვნეს სამორინეში. გამოგიტყდებით, უკან დაბრუნებისას ცუდ მდგომარეობაში აღმოვჩნდით. ღმერთო, როგორ შემჯავრდა ის ქალაქი!
გვიან საღამოს, ფანჯარაში ცა აელვარდა, ვით ხმელთაშუა ზღვის საამო ლაჟვარდი, მაგრამ ქალბატონ მაკ-კის მჭახე ხმამ კვლავ ოთახში მიმიპატიჟა.
– მეც კინაღამ შევცდი, - ქაქანებდა იგი, - კინაღამ ცოლად გავყევი ერთ პატარა ურიას. რამდენიმე წელს დამდევდა. არ იყო ჩემი შესაფერი, ვიცოდი, ყველა ამას მეუბნებოდა: ლუსი, ეგ კაცი შენ არ შეგეფერებაო! მაგრამ ჩესტერს რომ არ შევხვედროდი, ალბათ დამითანხმებდა.
– კი მაგრამ, ყური დამიგდე, - თავის ქნევით უთხრა მირტლ უილსონმა, - საბოლოოდ ხომ არ გაყევი.
– რა თქმა უნდა, არა.
– ჰოდა, მე კი გავყევი, - მრავალმნიშვნელოვნად ჩაურთო მირტლ უილსონმა. - აი ეს სხვაობაა ჩვენს შორის.
– რატომ გაყევი, მირტლ? - ჩაეკითხა ქეთრინი, - ძალას ვინ გატანდა?
მირტლი ჩაფიქრდა.
– იმიტომ გავყევი, რომ ღირსეული კაცი მეგონა, - გვითხრა როგორც იქნა, - მე მეგონა, ზრდილობისა გაეგებოდა რამე. ეგ თურმე ჩემი ფეხსაცმლის მლოკავადაც არ ვარგებულა.
– ერთხანს გაგიჟებით გიყვარდა, - ჩაურთო ქეთრინმა.
– გაგიჟებით მიყვარდა? - შეჰყვირა მირტლმა, - ვინ თქვა, რომ გაგიჟებით მიყვარდა? არასოდეს მყვარებია უფრო მეტად, ვიდრე აი ეს კაცი.
მოულოდნელად ხელი ჩემკენ მოაშვირა და ყველამ ჯიქურ შემომხედა. შევეცადე, გამომეტყველებით მაინც დამეჯერებინა თანამესუფრენი, რომ მის წარსულთან საერთოდ არაფერი მქონდა.
– გიჟი მაშინ ვიყავი, როცა ცოლად გავყევი. ჩემს შეცდომას მალევე მივხვდი. ჯვრისწერაზე თურმე ნათხოვარი ტანსაცმლით მოსულა და მე არაფერი მითხრა. ერთ მშვენიერ დღეს, თვითონ სახლში არ ბრძანდებოდა, ვიღაც მამაკაცი მომადგა, ჩემი ტანისამოსი გამატანეთო. - ქალმა თვალი მოავლო ყველას, შეამოწმა უსმენდნენ თუ არა. - ოჰ, თქვენია? - მე ვუთხარი, პირველად მესმის-მეთქი; გავატანე თავისი ტანსაცმელი, დავეგდე ლოგინზე და მთელი დღე გულამომჯდარმა ვიტირე.
– ნამდვილად უნდა მოშორდეს იმ კაცს, - თავისი დასკვნა გამიზიარა ქეთრინმა, - თერთმეტი წელია გარაჟის თავზე ცხოვრობენ. ტომის გარდა სხვა შეყვარებული არა ჰყოლია.
ვისკის ყველა სიამოვნებით მიირთმევდა, უკვე მეორე ბოთლს სვამდნენ, მხოლოდ ქეთრინი არ ეკარებოდა სასმელს - თავს უმაგისოდაც მშვენივრად ვგრძნობო. ტომმა კარისკაცს გამოუძახა და რაღაც განთქმული სენდვიჩის მოსატანად გაგზავნა - კარგი ვახშმის მაგიერიაო. გარეთ მინდოდა გასვლა და დაისის ბინდბუნდში პარკისკენ გასეირნება, მაგრამ რამდენჯერაც დავაპირე, უშვერმა, უაზრო ბაასმა თოკივით შემბოჭა და სკამს მიმაკრა. ვინ იცის, იქნებ, ჩვენი ბინის ყვითლად მოკაშკაშე ფანჯრები, ზემოდან რომ გადაჰყურებდა სიბნელე-მოძალებულ ქუჩებს, ვინმე გამვლელს იდუმალებით მოსილი მოეჩვენებოდა და ცნობისწადილით შეაჩერდებოდა. ის გამვლელი თავად მე ვიყავი, შინაც მე გახლდით და გარეთაც. კიდეც მხიბლავდა და კიდეც მზარავდა ცხოვრების ეს უსასრულო მრავალფეროვნება.
მირტლმა სკამი ახლოს მოაჩოჩა და ცხელ სუნთქვას ტომთან პირველი შეხვედრის ამბავიც მოაყოლა.
– მატარებელში შევხვდი. ვისხედით ერთმანეთის მოპირდაპირე ორ პატარა სკამზე.
დაგვიანებულები იქ სხედან ყოველთვის. ნიუ-იორკში ერთი ღამით მივდიოდი დის სანახავად. ტომს საღამოს ტანსაცმელი და ლაქის ფეხსაცმელი ეცვა. თვალს ვეღარ ვაშორებდი, მაგრამ რამდენჯერაც შემომხედა, ისეთი სახე მივიღე, თითქოს მის თავთან კედელზე გაკრულ სარეკლამო ფურცელს ვკითხულობდი. სადგურზე, როცა ჩამოვედით, უკან გამომყვა და პერანგის თეთრი გულისპირით მკლავზე მომეკრა, ჰოდა, მაშინ ვუთხარი, პოლიციელს დავუძახებ-მეთქი. მაგრამ მიხვდა, რომ ყაისად ვამბობდი. ისე ავღელდი, ტომთან ერთად ტაქსში ჩაჯდომისას წესიერად ვერც კი გავარჩიე მეტროს ვაგონში ვჯდებოდი თუ მანქანაში. თავში ერთადერთი აზრი მიტრიალებდა: „მუდამ ხომ არ იცოცხლებ, მუდამ ხომ არ იცოცხლებ“.
მერე ქალბატონ მაკ-კის მიუბრუნდა; მისი ნაძალადევი სიცილი ოთახს მოეფინა.
– ჩემო ძვირფასო, - შესძახა, - ამ კაბას მალე მოგცემ, აღარ დამჭირდება. ხვალ ახალს ვიყიდი. უნდა ჩამოვწერო რა საქმე მაქვს სახვალიოდ: მასაჟი უნდა გავიკეთო, თმა დავიხვიო, ძაღლისთვის საყელო შევიძინო, ის მშვენიერი, ზამბარებიანი საფერფლეც მინდა. დედაჩემის საფლავზე მისატანად შავბაფთიან გვირგვინს ვიყიდი - მთელი ზაფხული რომ არ ჭკნება. სიას შევადგენ და აღარ დამავიწყდება რა მაქვს გასაკეთებელი.
ცხრა საათი იყო. თითქოს იმავე წუთს განმეორებით დავხედე საათს და უკვე ათი გამხდარიყო. ბატონ მაკ-კის სკამზე ჩამოსძინებოდა, მუხლებს დაყრდნობოდა დამუშტული ხელებით. შესახედავად საქმიან კაცს ჰგავდა. ცხვირსახოცით მოვწმინდე ღაწვზე მიმხმარი საპნის ქაფი, მთელი საღამო რომ მაღიზიანებდა.
ლეკვი მაგიდაზე დასკუპებულიყო. თამბაქოს კვამლში ბრმა თვალებს აცეცებდა და დროდადრო საცოდავად წკმუტუნებდა. ხალხი გადიოდა, შემოდიოდა, ვიღაცეები გეგმებს აწყობდნენ სადღაც წასასვლელად, შემდეგ ერთმანეთი ეკარგებოდათ, ერთმანეთს ეძებდნენ და ისევ პოულობდნენ იქვე ახლოს, რამდენიმე ნაბიჯზე. ალბათ უკვე შუაღამე იქნებოდა. ტომ ბიუქენენი და ქალბატონი უილსონი პირისპირ იდგნენ და გახელებული დაობდნენ, ჰქონდა თუ არა ქალბატონ უილსონს დეიზის სახელის ხსენების უფლება.
– დეიზი! დეიზი! დეიზი! - გაიძახოდა ქალბატონი უილსონი, - ვიტყვი, როცა მომესურვება. დეიზი! დეიზი! დეი...
ტომ ბიუქენენმა დაჭიმული ხელის მტევანი მოკლედ, მარჯვედ მოიქნია და ცხვირი ჩაუტეხა.
სააბაზანო ოთახში სისხლიანი პირსახოცები ეყარა. ქალები იწყევლებოდნენ, ტკივილით გამოწვეული გმინვა-ზლუქუნი ყველა ხმას ფარავდა. მისტერ მაკ-კი გამოფხიზლდა.
გაკვირვებულმა კარისკენ გასწია. შუა ოთახში შემობრუნდა და ასეთი სურათი გადაეშალა - მისი მეუღლე და ქეთრინი ლანძღვით თუ ნუგეშისცემით ძლივს დაჩოჩავდნენ ავეჯით გაჭედილ ოთახში და პირველი დახმარების საგნები მიჰქონდა-მოჰქონდათ. გამწარებულ, ტახტზე გაშხლართულ ადამიანს სისხლი მოსჩქეფდა, მაგრამ მაინც ცდილობდა გობელენზე, ვერსალის სურათის, „თაუნ თეთლის“ ნომერი გადაეფარებინა. მაკ-კიმ პირი იქცია და კარებს მიაშურა. მეც დავავლე ქუდს ხელი და უკან გავყევი.
– იქნებ ერთად გვესაუზმა, ოდესმე, - შემომთავაზა, როცა ლიფტში ჩავსხედით.
– სად?
– სადაც იქნება.
– სახელურს ხელი გაუშვით. - აბუზღუნდა მელიფტე ბიჭი.
– მაპატიეთ, - საკუთარი ღირსების შეგნებით წარმოთქვა მაკ-კიმ, - არ შემინიშნავს თუ ვეხებოდი.
– კეთილი, - დავეთანხმე მე, - სიამოვნებით.
... მის საწოლთან ვიდექი. ის იჯდა საცვლებისამარა და ხელში ვეება პორტფელი ეჭირა.
– „მშვენიერება და მხეცი“ ... „მარტოობა“... „ბებერი ცხენი“... „ბრუკლინის ხიდი“...
მერე, იმ სიცივეში, პენსილვანიის სადგურის ქვედა სართულზე სკამზე მივწექი და ოთახი საათის მატარებლის მოლოდინში ნახევრად მძინარე ჩავაშტერდი დილის გაზეთს.
თავი III
იმ ზაფხულს, ჩემი მეზობლის სახლიდან ყოველ ღამე მუსიკის ხმა ისმოდა. ლურჯ ბაღნარში ფარვანებით დაფარფატებდნენ ყმაწვილები და ქალიშვილები, ჩურჩულებდნენ, შამპანურს შეექცეოდნენ, შეჰხაროდნენ ვარსკვლავთა ციმციმს. სტუმრები მოდიოდნენ ნაშუადღევს, ზღვის მოქცევისას. ზოგი გეტსბის წილხვედრ სანაპიროზე ნავმისადგომის კოშკიდან წყალში ხტომით ერთობოდა, ზოგი მზეს ეფიცხებოდა, ცხელ სილაში გაშხლართული. გეტსბის ორი მოტორიანი ნავი უბეს სერავდა და აქაფებული ტალღების თავზე აკვაპლანებს დააქროლებდა. ყოველ შაბათ კვირას, დილის ცხრა საათიდან ნაშუაღამევამდე, გეტსბის „როლს-როისი“ ომნიბუსივით დაატარებდა ხალხს, ხან ქალაქისაკენ, ხან ქალაქიდან კუნძულისაკენ. ხოლო მისი საბარგულიანი მსუბუქი მანქანა მკვირცხლი, ყვითელი მწერივით მიჰქროდა ხოლმე სადგურისაკენ და ხან ერთ მატარებელს ეგებებოდა, ხან მეორეს. ორშაბათობით რვა მსახური და მებაღე მთელ დღეს ცოცხებით, ხის სახეხებით, ჩაქუჩებითა და მაკრატლებით ტრიალებდნენ, აწესრიგებდნენ წინაღამით იავარქმნილ კარ-მიდამოს.
ნიუ-იორკელი ხილით მოვაჭრე ყოველ პარასკევს უგზავნიდა ხუთ ვეება ყუთ ფორთოხალსა და ლიმონს, ყოველ ორშაბათს სამზარეულოდან გაჰქონდათ შუაზე გაჭრილი ლიმონებისა და ფორთოხლების პირამიდებად დახვავებული ჩენჩოები. სამზარეულოში იდგა ხილის საწური მანქანა, ორას ფორთოხალს ნახევარ საათში სწურავდა, თუ ლაქია ორასჯერ დააჭერდა ცერა თითს ამ მანქანის პატარა ღილაკს.
ორ კვირაში ერთხელ მაინც ჩამოდიოდა უამრავი ვაჭარი, ასობით ფუტი ტილო და აურაცხელი ფერადი ნათურა ჩამოჰქონდათ, თითქოს საშობაოდ რთავდნენ გეტსბის ვეება ბარს. სუფრები ბრწყინვალე საუზმეულით ივსებოდა; სანელებლით შეზავებული ლორი დახვავებული იყო არლეკინის სამოსელივით ჭრელი სალათების, ცომში შემწვარი გოჭებისა და მუქ ოქროსფრად დაბრაწული ინდაურების გვერდით. მთავარ დარბაზში იდგა მრავალნაირი ჯინითა და ლიქიორით, დიდი ხნის დავიწყებული ტკბილი, სურნელოვანი სასმელებით სავსე ბარი, რომელსაც ნამდვილი თითბრის მოაჯირი ჰქონდა, მაგრამ სტუმრად მისულ ქალთა უმრავლესობა იმდენად ახალგაზრდა იყო, რომ ამ სასმელებს ერთიმეორისგან ვერც კი არჩევდა.
შვიდი საათისთვის ორკესტრიც მოდიოდა, ხუთკაციანი მჭლე ჯგუფი კი არა, სრული შემადგენლობა: ჰობოები და ტრომბონები, საქსაფონები და ვიოლინოები, კორნეტები და პიკოლოები, მცირე და დიდი დაფდაფები. ცურვით გულმოჯერებული სტუმრები სანაპიროდან ბრუნდებოდნენ და ზედა სართულზე ტანსაცმელს იცვლიდნენ; ნიო-იორკიდან ჩამოსულნი მანქანებს სახლის წინ, ხეივნის სიღრმეში ხუთრიგად
აყენებდნენ. პირველქმნილ ფერთა ზეიმი იყო დარბაზებში, სასტუმრო ოთახებში, აივნებზე; თვალს მოგტაცებდათ ახალ ყაიდაზე უცნაურად შეკრეჭილი თმები კასტილიურზე უტურფესი წამოსასხამები. სრული დატვირთვით მუშაობდა ბარი. გარეთ, ბაღის ყოველ კუთხეში, სტუმრებისთვის ტაატით დაატარებდნენ კოქტეილს. გარემო ცოცხლობდა და ჩურჩულითა და სიცილ-კისკისით, გადაკრულად ნათქვამი სიტყვით, ერთიმეორეს ეცნობოდნენ და მყისვე ივიწყებდნენ; ქალები ერთურთს სიხარულით ეგებებოდნენ, თუმც ერთმანეთის სახელიც კი არასოდეს გაეგონათ.
რაც უფრო შორდებოდა დედამიწა მზეს, მით უფრო ძლიერ ანათებდნენ ლამპიონები; ორკესტრი უკრავდა ბულვარულ კოქტეილ-მუსიკას, გნიასი მძლავრობდა. სიცილი თანდათან უადვილდებოდათ, სულ უფრო მეტს ხორხოცობდნენ და კისკისებდნენ ყოველ ლიზღ სიტყვაზე. სწრაფად იცვლებოდნენ გუნდ-გუნდად მდგომნი. ჯერ ახალი ხალხი ემატებოდა ყოველ მათგანს, მერე ერთმანეთში აირეოდნენ და კვლავ გუნდ-გუნდად იშლებოდნენ ხოლმე. გამოჩნდებოდნენ მოხეტიალენიც - თავდაჯერებული გოგონები, ხან აქ რომ ანცობდნენ, ხან იქ, უფროს და დარბაისელ დედაკაცთა შორის, და როდესაც მხიარულება მწვერვალს მიაღწევდა, ერთი წამით ხდებოდნენ ამა თუ იმ გუნდის სული და გული; მერე, წარმატებით აღფრთოვანებულნი, შეუმჩნევლად შეერეოდნენ სახეების, ხმების, ფერების უსასრულო ზღვას.
მოულოდნელად რომელიმე ანცთაგანი, ოპალისფრად მოელვარე სამოსელში გამოწყობილი, ჰაერშივე მოიტაცებდა კოქტეილს, სითამამისთვის გადაჰკრავდა, გაშლიდა ხელებს და მოფარდაგულზე მარტოკა გააჩაღებდა ცეკვას. წამით სიჩუმე ჩამოვარდებოდა. დირიჟორი იძულებული იყო ორკესტრი ქალის ცეკვის რიტმს აყოლოდა. ჩურჩულით ვრცელდებოდა ჭორი - ეს მოცეკვავე გოგონა ჯილდა გრეის დუბლიორიაო ვარიეტეში „ბრიყვები“. ნადიმი იწყებოდა.
დარწმუნებული ვარ, იმ საღამოს, როდესაც გეტსბის პირველად ვეწვიე, ჩემ გარდა სულ რამდენიმე კაცი თუ იქნებოდა ნამდვილად დაპატიჟებული. ხალხი დაუპატიჟებლად დადიოდა. ჩასხდებოდნენ მანქანებში, მიაშურებდნენ ლონგ-აილენდს და ბოლოს, როგორღაც გეტსბის სახლთან ამოყოფდნენ თავს. თუ ვინმე გეტსბის ნაცნობი, მათ ერთხელ მაინც წარუდგენდა მასპინძელს, მერე გართობისა და დასვენების პარკში ეგონათ თავი. ზოგჯერ ისე მივიდოდნენ და წავიდოდნენ, რომ გეტსბის არც ნახულობდნენ. ასე გულუბრყვილოდ დაიარებოდნენ ამ ნადიმებზე, თითქოს გულუბრყვილობა იყო მათი მოწვევის ბარათი.
მე ნამდვილად დამპატიჟა. იმ შაბათ დილას, უთენია, მეჟოლიას კვერცხივით ლურჯ ტანსაცმელში გამოწყობილმა მძღოლმა ჩემი ეზო გადმოკვეთა და თავისი პატრონის ბარათი გადმომცა. ბარათის ოფიციალურმა კილომ გამაოცა: დიდ პატივს დავდებდი გეტსბის, ასე ეწერა ბარათში, თუ ამაღამ ვეწვეოდი „პატარა ნადიმზე“. რამდენიმეჯერ დავუნახივარ და დიდი ხანია სურდა ჩემი მიპატიჟება, მაგრამ სხვადასხვა გარემოებებმა დღემდე დააბრკოლეს. ხელს აწერდა ჯეი გეტსბი, ლამაზად, შთამბეჭდავად.
შვიდს ცოტა რომ გადასცილდა, თეთრ კოსტიუმში გამოწყობილი მივადექი მის ეზოს და უცხო ადამიანთა მორევს ცოტა არ იყოს უხერხულად ავუარ-ჩავუარე, აქა-იქ
თვალი მოვკარი ნაცნობ სახეებსაც, რომლებსაც საგარეუბნო მატარებელში ვხვდებოდი ხოლმე.
მისვლისთანავე შევეფეთე რამდენიმე ახალგაზრდა ინგლისელს, დაბორიალებდნენ ცალ-ცალკე; მშვენივრად ეცვათ, მაგრამ დამშეულებს ჰგავდნენ; თითოეულს მოენახა დარბაისელი, მდიდარი ამერიკელი და ხმადაბლა, ბეჯითად რაღაცას უქადაგებდა. დარწმუნებული ვარ, ყიდდნენ რამეს: ობლიგაციებს ან დაზღვევის ბარათებს, ანდა ავტომანქანებს. ყოველ შემთხვევაში, აწვალებდათ იმის შეგნება, რომ აქ, სადღაც, ფულის იოლად შოვნა შეიძლებოდა და ეჭვიც არ ეპარებოდათ - თუ მოსაუბრეს სწორ გასაღებს მოუნახავდნენ, ფული რამდენიმე დღეში მათი იქნებოდა.
მისვლისთანავე შევეცადე მასპინძელი მომენახა. ორ-სამ კაცს ვკითხე კიდეც, ხომ არ იცოდნენ მისი ასავალ-დასავალი, მაგრამ გაკვირვებული მომაშტერდნენ და ისე მტკიცედ იუარეს, არაფერი ვიცითო, რომ სხვა ვეღარაფერი მოვახერხე და კოქტეილის მაგიდასთან მივიძურწე. მთელ ბაღში ეს იყო ერთადერთი ადგილი სადაც უამხანაგოდ დარჩენილი კაცის სიმარტოვე და დაბნეულობა თვალში არავის ეცემოდა.
უხერხულობის გამო ალბათ სმას გადავყვებოდი და საშინლადაც გავტყვრებოდი, მაგრამ ამ დროს შენობიდან ჯორდან ბეიკერი გამოვიდა, მარმარილოს კიბეებზე შეჩერდა, წელში გასწორდა და ამაყად მოათვალიერა გარემო.
კარგად შემხვდებოდა თუ ცუდად, ამაზე აღარ დავფიქრებულვარ. აუცილებლად უნდა მივკედლებოდი ვიღაცას, თორემ ცოტაც და გამვლელ-გამომვლელს გულითადად შევამკობდი.
– გამარჯობათ! - ვიღრიალე და მივაშურე. ჩემი ხმა უჩვეულოდ მჭახედ მოედო მთელ ბაღს.
– ასეც მეგონა, აქ უნდა ყოფილიყავით, - სასხვათაშორისოდ მითხრა, როცა მივუახლოვდი, - მახსოვდა, რომ მეზობლად ცხოვრობდით.
ხელი ჩამომართვა და აღარ გამიშვა, ისიც სასხვათაშორისოდ, თითქოს იმის ნიშნად, რომ ერთი წუთის შემდეგ ჩემთვისაც მოიცლიდა, ახლა კი ყვითელ, ერთნაირ კაბებში გამოწყობილ ორ გოგონას მიაპყრო ყურადღება. ისინი კიბის ძირას შეჩერდნენ.
– გამარჯობათ! - ერთხმად ამოსძახეს, - როგორ გვეწყინა, რომ ვერ მოიგეთ.
გოლფში შეჯიბრებას გულისხმობდნენ. ჯორდანმა ფინალური შეხვედრა წააგო ამ ერთი კვირის წინ.
– ვერ გვიცანით? - შენიშნა ყვითელკაბიანმა გოგონამ, - დაახლოებით ერთი თვის წინ გნახეთ აქ.
– თმა შეგიღებიათ, - მიუგო ჯორდანმა. ამ სიტყვებმა ცოტა შემაკრთო, მაგრამ გოგონებმა უდარდელად გაიარეს. ჯორდანის შენიშვნას ადრიანად ამოსული სავსე მთვარე თუღა გაიგონებდა, ცაში რომ იყო გამოკიდებული, ვით ვახშმისათვის კალათიდან ამოღებული ნუგბარი რამე. ჯორდანის ნატიფი ოქროსფერი მკლავი ჩემს
მკლავზე დავისვენე და კიბეები ჩავიარეთ, ბაღში გავისეირნეთ. როცა ბინდბუნდში კოქტეილის სინი თვალწინ აგვიტივტივდა, ჩვენ შემოვუსხედით მაგიდას. აქ უკვე მოეკალათად ყვითელკაბიან გოგონებს და სამ მამაკაცს; თითოეული მისტერ მამბლად (ბლუყუნად) გაგვეცნო.
– ხშირად დადიხართ აქ სანადიროდ? - შეეკითხა ჯორდანი მის გვერდით მჯდომ გოგონას.
– უკანასკნელად მაშინ ვიყავი, თქვენ რომ შეგხვდით, - მტკიცედ მიუგო მან და თავის თანამგზავრს მიმართა - შენც, არა ლიუსილ?
ლიუსილიც მაშინ ყოფილა.
– მომწონს აქ, - თქვა ლიუსილმა, - ფიქრით დიდად არ ვიწუხებ თავს, როგორც მსურს ისე ვიქცევი, ასე რომ, ყოველთვის მოლხენით ვარ. ამასწინათ, სკამს კაბა გამოვკარი და გამეხა. მასპინძელმა მისამართი და გვარი მკითხა. ერთ კვირაში ამანათით მომივიდა კრუარეს ფირმის საღამოს კაბა.
– მერე, დაიტოვეთ? - იკითხა ჯორდანმა.
– როგორ არა. ამ საღამოს მინდოდა ჩამეცვა, მაგრამ მკერდთან მაქვს ფართე და უნდა გამოვცვალო. ბაცი ცისფერია, ლავანდისფერი მძივებით, ორას სამოცდახუთი დოლარი ღირს. – რა უცნაური საქციელია, - ცნობისმოყვარეობა ვერ დაფარა მეორე გოგონამ, - ერიდება ყველას და ყოველგვარ გაუგებრობას.
– ვინ? - ჩავეკითხე მე.
– გეტსბი. ვიღაცამ მითხრა ...
გოგონები და ჯორდანი ერთმანეთისკენ დაიხარნენ და ისე განაგრძეს საუბარი.
– ვიღაცამ მითხრა, კაცი უნდა ყავდესო მოკლული.
ჟრუანტელმა დაგვიარა ყველას. სამივე მისტერ მამბლი წახრილიყო და გაფაციცებით უსმენდა მათს საუბარს.
– არ მგონია, - შეეკამთა ლიუსილი, - სიმართლეს ის უფრო ჰგავს, ომის დროს გერმანელების მსტოვარი იყოო.
ერთ-ერთმა მამაკაცმა თავის დაქნევით კვერი დაუკრა და დასძინა:
– მეც ასე მითხრა ერთმა კაცმა, რომელმაც მისი ამბავი კარგად იცოდა. გერმანიაში თურმე ერთად იზრდებოდნენ.
– ოჰ, არა, - თქვა პირველმა გოგონამ, - ეგ შეუძლებელია, ომის დროს ამერიკის ჯარში იყო. - ახლა მას დავუჯერეთ და წახალისებულმა განაგრძო: - დააკვირდით, რა სახე აქვს, როცა თავი მარტო ეგულება და ჰგონია ვერავინ ხედავსო. სანაძლეოს დავდებ, კაცი ჰყავს მოკლული.
თვალები მოჭუტა და გააჟრჟოლა. ლიუსილსაც გააჟრჟოლა. ყველამ გარემო მოვათვალიერეთ, გეტსბის ვეძებდით. იდუმალებით მოსილ ამ მითქმა-მოთქმას ისეთი ხალხიც აჰყოლოდა, ვისაც ჩურჩული და ჭორაობა არაფრად ეჭაშნიკებოდა.
პირველი ვახშამი გააწყვეს. ნაშუაღამევს მეორე იქნებოდა. ჯორდანმა მთხოვა, ჩემს თანმხლებ პირთ შევუერთდეთო. ისინი ბაღის მეორე ბოლოში შემოსხდომოდნენ სუფრას: სამი წყვილი ცოლ-ქმარი და ჯორდანის თაყვანისმცემელი მუდმივი სტუდენტი, ქარაგმით, არაკებით რომ უყვარდა ლაპარაკი. სტუდენტს, ცხადია, იმედი ჰქონდა, ადრე თუ გვიან ჯორდანი რამდენადმე მაინც დაჰყვებაო ჩემს ვნებას. ეს ჯგუფი აღმა-დაღმა როდი დაეხეტებოდა, ერთი წრის ხალხი იყო და ამაყად უფრთხილდებოდა საკუთარ ღირსებას; როგორც აქაური მაღალი საზოგადოების წარმომადგენელთ, თავი მოვალედ მიაჩნდათ, ყველასთვის დაენახვებინათ, რომ უესტ-ეგმა მოწყალება მოიღო და ისტ-ეგს ესტუმრა, მაგრამ აქ გაჩაღებულ გასართობთა მდაბალ ცდუნებას ვერ აჰყვებიან და ფხიზლად დაიცავენ თავს.
– მოვშორდეთ ამათ, - წამჩურჩულა ჯორდანმა, როცა უაზროდ გაიფლანგა თითქმის მთელი ნახევარი საათი, - ამდენ ზრდილობასაც ვერ ვეგუები.
წამოვდექით, ჯორდანმა იქ მყოფთ აუხსნა - მასპინძლის მოსაძებნად მივდივართო. ჩემზე უთხრა, არასოდეს უნახავს და ეუხერხულებაო. სტუდენტმა ცინიკურად, მოწყენით დაუქნია თავი.
ჯერ ბარში შევიხედეთ; ხალხით იყო გაჭედილი, მაგრამ გეტსბი არ ჩანდა. ჯორდანმა კიბეებიდანაც გადაიხედა და ვერსად იპოვნა, არც ვერანდაზე იყო. მერე ლამაზმა კარმა მიიქცია ჩვენი ყურადღება. შევაღეთ იგი და მაღალ, გოთური სტილის საბიბლიოთეკო ოთახში აღმოვჩნდით, მთელი ოთახი მოჩუქურთმებული მუხის ფიცრებით იყო მოპირკეთებული, ინგლისურ ყაიდაზე. უთუოდ ოკეანის გაღმიდან, რომელიღაც გაკოტრებული საგვარეულოს სასახლიდან ჰქონდა წამოღებული.
შუახნის, ჩასუქებული, შეზარხოშებული მამაკაცი, რომელსაც ბუს თვალებივით დიდი სათვალე ეკეთა, ჩამომჯდარიყო მაგიდის კიდეზე და თავს ძალას ატანდა, რომ წიგნები და თაროები კარგად გაერჩია. შევედით თუ არა, აგზნებული შემოტრიალდა და ჯორდანი თავით-ფეხამდე აათვალიერ-ჩაათვალიერა.
– რას იტყვით? - უეცრად იკითხა.
– რაზე?
ხელი წიგნის თაროებისკენ გაიშვირა.
– ამაზე. დამიჯერეთ და ნუ შეამოწმებთ. მე უკვე შევამოწმე. ყველა ნამდვილია.
– წიგნები?
თავი დაგვიქნია.
– სავსებით ნამდვილი. გვერდებიც აქვს და ყველაფერი. მე კი მეგონა, მხოლოდ ლამაზი და მაგარი მუყაო იქნებოდა. არა, სავსებით ნამდვილია! გვერდები და... აი, დახედეთ ამ ყდას!
ჩვენს ურწმუნოებაში ეჭვიც არ შეპარვია, ეცა თაროს და სტოდარდის „ლექციების“ პირველი ტომი გადმოიღო.
– შეხედეთ! - ყვიროდა გამარჯვებულივით. - ნამდვილი წიგნებია, დასტამბული. ამან გადამრია. ეს ყმაწვილი ახალი ბელასკოა. ტრიუმფიც ამას ჰქვია! რა საფუძვლიანადაა მოწყობილი! რა რეალიზმია! ისიც იცის, როდის შეჩერდეს: წიგნების გვერდები არც კი გაუჭრია. მაგრამ სხვა რა გნებავთ! მეტს რას მოითხოვთ?
წიგნი გამომტაცა და ბურდღუნით დააბრუნა თავის ადგილზე - ერთი აგურიც რომ მოაკლდეს, მთელ ბიბლიოთეკას დასაღუპად გავწირავთო.
– თქვენ ვინ მოგიყვანათ? - იკითხა. - თუ ისე, თქვენით მოხვედით? მე სხვამ მომიყვანა. აქ უმრავლესობა ვიღაცის მოყვანილია.
ჯორდანმა მხიარულად ახედ-დახედა, მაგრამ არაფერი უთქვამს.
– მე ერთმა ქალმა მომიყვანა, გვარად რუზველტია, ქალბატონი კლოდ რუზველტი. იცნობთ?
წუხელ გავიცანი სადღაც. თითქმის მთელი კვირა მთვრალი ვიყავი და ვიფიქრე, ბიბლიოთეკაში იქნებ გამოვფხიზლდე-მეთქი.
– მერე?
– მგონი ცოტა გამოვფხიზლდი. ჯერ ვერაფერს ვიტყვი. ერთი საათია რაც აქ ვარ. წიგნების შესახებ თუ გითხარით? ნამდვილი წიგნებია, ნამდვ ...
– ეგ უკვე გვითხარით.
დარბაისლურად ჩამოვართვით ხელი და გარეთ გამოვედით.
ბაღში, მოფარდაგულზე, ცეკვა იყო გაჩაღებული. ბერიკაცები წრეებს ხაზავდნენ; გამორჩეული წყვილები არ შორდებოდნენ მოფარდაგულის კიდეს, ახლებურად როკავდნენ, პრანჭვა-გრეხვით. ძალიან ბევრი მარტო ცეკვავდა, მაგრამ ზოგჯერ რომელიმე მათგანი ორკესტრიდან ცოტა ხნით მაინც გამოთიშავდა ხოლმე ბანჯოზე ან კასტანეტებზე დამკვრელს. შუაღამისას მხიარულებამ იმატა. ცნობილმა ტენორმა იტალიურად იმღერა, სახელგანთქმულმა კონტრალტომ ჯაზური სიმღერები შეასრულა. სტუმრები ნომერსა და ნომერს შუა თავს არ იზოგავდნენ ერთმანეთის გასამხიარულებლად. ცას სწვდებოდა მათი უდარდელი სიცილ-ხორხოცი. ბავშვურ ტანსაცმელში გამოწყობილმა ტყუპებმა - ყვითელკაბიანი გოგონები აღმოჩნდნენ, სადაც საბავშვო სცენა წარმოადგინეს. შამპანური მოზრდილი სასმისებით შემოჰქონდათ. სრუტის მშვიდ წყალში მთვარის სხივი ვერცხლისფერ სამკუთხა ლიბრივით ლივლივებდა და, დროდადრო, როცა ბანჯოს გაბზარული, მოუქნელი ხმა ბაღს გადასერავდა სხივი წყალში თრთოლვას იწყებდა.
ჯორდან ბეიკერი და მე კვლავ ერთად ვიყავით. ჩვენს მაგიდასთან ისხდნენ ვიღაც ჩემი ხნის მამაკაცი და ერთი აჭყლოპინებული პატარა გოგო; იგი ყველაფერზე თავშეუკავებლად კისკისებდა. მე უკვე კარგ გუნებაზე ვიყავი - ორი ჭიქა შამპანური დავლიე და ჩემს თვალში ყოველივემ ფერი იცვალა, ყველაფერი მნიშვნელოვანი, პირველქმნილი და აზრიანი მეჩვენებოდა.
როცა სიცილ-ხორხოცი წამით ჩაცხრა, უცნობმა მამაკაცმა შემომხედა და გამიღიმა.
– მეცნობით, - თავაზიანად მომმართა, - ომის წლებში მესამე დივიზიაში ხომ არ მსახურობდით?
– როგორ არა, მეცხრე საარტილერიო ბატალიონში.
– 1918 წლის ივნისამდე ფეხოსანთა მეშვიდე პოლკში ვმსახურობდი. როგორც კი დაგინახეთ, შეგიცანით, სადღაც მინახავს-მეთქი.
ერთხანს ვისაუბრეთ საფრანგეთის რომელიღაც ნესტიან, მოქუფრულ სოფლებზე. უთუოდ სადღაც ახლოს ცხოვრობდა, რადგან მთხოვა, ჰიდროპლანი ვიყიდე და ხვალ დილით ერთად გამოვცადოთო.
– წამოხვალთ ძმაკაცო? სანაპიროზე მობრძანდით, სრუტის მახლობლად.
– რა დროს? – რა დროსაც გერჩიოთ.
ის იყო სახელის კითხვას ვაპირებდი, რომ ჯორდანმა მოიხედა და შემომცინა.
– რასა იქმთ, გამხიარულდით?
– ბევრად უკეთ ვარ. - კვლავ ჩემს ახალ ნაცნობს მივუბრუნდი; - რა უჩვეულო წვეულებაა. ჯერ მასპინძელი არ მინახავს. აქვე ვცხოვრობ... - ხელი ჩემი ეზოსკენ გავიშვირე, - და ამ კაცმა, გეტსბიმ, შოფრის ხელით გამომიგზავნა მოპატიჟების ბარათი.
ერთხანს ისე მიყურა, თითქოს ვერ გაიგო რას ვეუბნებოდი.
– მე ვარ გეტსბი, - უეცრად დასძინა.
– რაა! - აღმომხდა მოულოდნელობით გაოგნებულს, - ოჰ, ბოდიშს გიხდით.
– მე მეგონა, მცნობდით, ძმაკაცო. მგონი, კარგი მასპინძლობა ვერ გაგიწიეთ.
თანაგრძნობით გამიღიმა, თანაგრძნობით კი არა და უფრო მეტიც. იშვიათია ასეთი ღიმილი, ნდობით და რწმენით რომ აგავსებს კაცს, იშვიათად თუ შეხვდები ცხოვრებაში. ისე იღიმებოდა, თითქოს მთელს ქვეყანას შეჰხაროდა; უმალვე იგრძნობდით, რომ ამ სანდომიანი ღიმილის მომნუსხველი სხივი ნდობით, კეთილად გელაციცებათ. იგრძნობდით, რომ თქვენი ესმით, თანაც იმდენად, რამდენადაც ამას ისურვებთ; სჯერა თქვენი, მაგრამ იმდენად, რამდენადაც თქვენვე გსურთ გჯეროდეთ საკუთარი თავის; რწმუნდებით, რომ სწორედ ისეთი შთაბეჭდილება მოახდინეთ, როგორიც გსურდათ. და აი, ღიმილი გაუქრა და პირისპირ შევრჩი ოცდაათ წელს გადაცილებულ, კარგად მოწყობილ, მაგრამ გაურანდავ კაცს, რომელსაც მეტყველებაც კი აბსურდულად ნაძალადევი, ხელოვნური ჰქონდა. სანამ გავიგებდი მის ვინაობას, მანამდე შევნიშნე, რომ ფრთხილად, დაკვირვებით არჩევდა სიტყვებს.
ბატონი გეტსბი ის იყო გამეცნო, რომ მსახური ეახლა და აცნობა, ჩიკაგოდან გირეკავენო. გეტსბი წამოდგა და ბოდიშის ნიშნად თავი დაგვიკრა.
– რასაც ისურვებთ, მოითხოვეთ, ძმაკაცო, არ მოგერიდოთ, - გამათამამა, - ბოდიშს ვიხდი, მალევე გეახლებით.
როგორც კი წავიდა, ჯორდანს ვეცი გაოცებული. მე მოველოდი, რომ ბატონი გეტსბი ლოყებღაჟღაჟა, ჩასუქებული, შუახნისა იქნებოდა.
– მითხარით, ვინ არის ეს, - ჩავეკითხე, - ნუთუ არ იცით?
– კაცია, რომელიც გვარად არის გეტსბი. – საიდან არის მეთქი, ამას ვგულისხმობ, ან რას აკეთებს?
– თქვენც დაიწყეთ! - გამარჯვებულის ღიმილით მომიგო. - იცით, ერთხელ მითხრა, ოქსფორდში ვსწავლობდიო.
გეტსბის სახეს, ჩემს წარმოდგენაში, თითქოს ბუნდოვანი ფონი გამოესახა, მაგრამ ჯორდანის მომდევნო სიტყვებმა ისიც უმალვე გამიქრო.
– მე კი არ მჯერა.
– რატომ?
– არ ვიცი, - დასძინა, - რატომღაც არ მჯერა, რომ იქ სწავლობდა.
ჯორდანის კილომ იმ გოგოს ნათქვამი მომაგონა: „მგონი, კაცი მოუკლავსო“.
ცნობისმოყვარეობა ამან უფრო გამიღიზიანა. ადვილად დავიჯერებდი, რომ ეთქვათ, გეტსბი ლუიზიანას ჭაობიდან ამობობღდა ან ნიუ-იორკის ისტ-საიდის უმდაბლესი ფენიდან არისო გამოსული. ეს გასაგებიც იქნებოდა. მაგრამ როგორ შეიძლებოდა, ყოველ შემთხვევაში, ჩემი პროვინციული წარმოდგენით, ახალგაზრდა კაცი ასე არსაიდან გამომტყვრალიყო და იმწამსვე სასახლე ეყიდა ლონგ-აილენდის ყურეში.
– ასეა თუ ისე, დიდ წვეულებებს აწყობს, ქალაქური ქედმაღლობით მოერიდა ჯორდანი კონკრეტულ თემაზე საუბარს, - მეც ხალხმრავალი ნადიმი მიყვარს. ბევრად უფრო მყუდროდ ვგრძნობ თავს, ვიდრე პატარა წვეულებაზე. როცა ხალხი ცოტაა, შენთვის ვერ იქნები.
ამ დროს დოლს შემოჰკრეს და ორკესტრის დირიჟორმა მძლავრი ხმით გადაფარა სტუმართა საზეიმო ჟივილ-ხივილი.
– ქალბატონებო და ბატონებო! - დაიგრგვინა მან, - ბატონ გეტსბის თხოვნით თქვენთვის შევასრულებთ ბატონ ვლადიმერ ტოსტოფის უახლეს ნაწარმოებს, რომელმაც დიდი ყურადღება მიიპყრო კარნეჯი ჰოლში, გასული წლის მაისს. გაზეთებს თუ კითხულობთ, გეცოდინებათ, დიდი წარმატება ხვდა, სენსაცია გამოიწვია! - მერე შემწყნარებელი ღიმილით, მხიარულად დაუმატა, - ერთგვარი სენსაცია! - ამაზე ყველამ გადაიხარხარა.
– ნაწარმოებს ჰქვია, - როგორც იქნა დაასრულა თავისი სათქმელი, - „სამყაროს ჯაზური ისტორია“ ვლადიმერ ტოსტოფისა.
ბატონ ტოსტოფის ნაწარმოებს ვერც კი მოვუსმინე, რადგან გეტსბი სწორედ მაშინ დავინახე, როცა ორკესტრმა დაკვრა დაიწყო. იგი მარმარილოს კიბეზე იდგა.
მარტოდმარტო კმაყოფილი გადაჰყურებდა ხან ერთ ჯგუფს, ხან მეორეს. გარუჯული სახე საამურად გადატკეცოდა, მოკლე თმა კოხტად ჰქონდა დავარცხნილი.
ავისმქმნელობას ვერაფერზე ვამჩნევდი. ვფიქრობ, სტუმრებისგან სწორედ ამით გამოირჩეოდა, რომ არ სვამდა, რადგან ჩემი დაკვირვებით, რაც უფრო შინაურული ხდებოდა ღრეობა, მით უფრო მოკრძალებული იყო თვითონ. „სამყაროს ჯაზური ისტორია“ რომ დასრულდა, გოგონებმა შინაურულად, ფინიებივით მხრებზე თავი დაადეს თავიანთ ყმაწვილებს. ზოგი, ვითომ გული შემიწუხდაო, მკლავებში კეკლუცად ჩაუვარდა თანმხლებ ვაჟს, ზოგი პირდაპირ მამაკაცთა ჯგუფში გადაესვენა იმ იმედით, რომ ვინმე ჰაერშივე დამიჭერსო... გეტსბისთან არავინ წაქცეულა, გეტსბის არავინ მიხუტებია, არავის უმღერია მასთან ერთად.
– მაპატიეთ.
ჩვენს წინ გეტსბის მსახური იდგა.
– მის ბეიკერი ბრძანდებით? - იკითხა. - ბოდიშს ვიხდი, მაგრამ ბატონ გეტსბის თქვენთან ცალკე სურს საუბარი.
– ჩემთან? - იკითხა გაკვირვებულმა ჯორდანმა.
– დიახ, ქალბატონო.
ჯორდანი ნელა წამოდგა, წარბებაწეულმა გაკვირვებით შემომხედა და მსახურს სახლისკენ გაჰყვა. შევნიშნე, რომ საღამოს კაბაც და სხვა სამოსელიც სპორტული ტანსაცმელივით კოხტად ადგა ტანზე, მსუბუქად მოძრაობდა, თავდაჯერებულად, თითქოს გოლფის მოედანზე, სუფთა, ჯანსაღ ჰაერზე აედგას ფეხი.
მარტო ვიყავი. ღამის ორი საათი იქნებოდა. გრძელი, მრავალფანჯრიანი ოთახიდან, რომელიც აივანზე გამოდიოდა, გაურკვეველი, ცნობისმოყვარეობის აღმძვრელი ხმა მოისმოდა. ჯორდანის სტუდენტს მაშინ დავუძვერი ხელიდან, როცა ორ მომღერალ გოგონას სამეანო თემაზე ესაუბრებოდა. შემეხვეწა, არ მომშორდეო, მაგრამ გავეპარე, შენობაში შევედი.
დიდი ოთახი ხალხით იყო სავსე. ყვითელკაბიანი ქალიშვილი პიანინოს უკრავდა. მაღალი, წითური ახალგაზრდა ქალი, სახელგანთქმული გუნდის მომღერალი, გვერდით ედგა და გატაცებით მღეროდა. შამპანური ბლომად ჰქონდა დალეული, გონებაარეულს შუა სიმღერაში ცხოვრება მეტისმეტად სევდიანი მოსჩვენებოდა და სიმღერასთან ერთად, ტიროდა კიდეც. პაუზებში სულს ძლივს ითქვამდა, ზლუქუნებდა და ამ ლირიულ წიაღსვლას კვლავ მთრთოლვარე სოპრანოთი ფარავდა. ცრემლი ლოყებზე ღვარად სდიოდა, თუმც გულუხვად შეღებილ-შელამაზებული წამწამები აბრკოლებდა მის თავისუფალ დინებას, მელნისფრად ღებავდა და მუქი ნაკადული დინჯად განაგრძობდა გზას. ვიღაცამ იხუმრა - სიმღერის ნოტები ლოყებზე აწერაო. გაწბილებულმა ხელები სახეზე აიფარა, სავარძელში ჩაეშვა და ღვინონასვამს უმალვე ღრმად ჩაეძინა.
– ერთ მამაკაცს წაეჩხუბა; კაცი გვარწმუნებს, ქმარი ვარო, - ამიხსნა ჩემს გვერდით მდგომმა ქალიშვილმა. თვალი გადავავლე იქაურობას. შემორჩენილი ქალების მეტი წილი ქმრებად წოდებულ მამაკაცებს ეჩხუბებოდა. ჯორდანის თანმხლებ ისტ-
ეგელთა ოთხეულშიც თავი ეჩინა უკმაყოფილებას, დაქსაქსულიყვნენ. ერთი ისტ-ეგელი მამაკაცი გატაცებით ესაუბრებოდა ახალგაზრდა მსახიობ ქალს. მისი ცოლი ერთხანს იხტიბარს არ იტეხდა, ნაძალადევად იღიმებოდა, სიდარბაისლეს ინარჩუნებდა, მაგრამ მერე ერთბაშად გატყდა და ფლანგიდან დაუწყო შეტევა - დროდადრო გაალმასებული მიეტუზებოდა თავის მეუღლეს და ყურში ჩასისინებდა: „ხომ დამპირდი!“ სახლში წასვლა მხოლოდ დაუდევარ ქმრებს როდი ეზარებოდათ. დარბაზში ორი საცოდავი ფხიზელი მამაკაცი და მათი მეტისმეტად აღშფოთებული ცოლები დაბორიალებდნენ. ქალები ერთმანეთს ხმამაღლა უზიარებდნენ გულის ვარამს.
– როგორც კი შეამჩნევს, რომ კარგ ხასიათზე ვარ და ვერთობი, იმ წუთში სახლისკენ გაიწევს.
– ასე თავკერძა არავინ მინახავს.
– ყველაზე ადრე ყოველთვის ჩვენ უნდა წავიდეთ.
– ჩვენც.
– ახლა მგონი უკანასკნელები ვართ, - ცხვარივით წაიდუდუნა ერთმა მამაკაცმა, - ორკესტრიც კი ნახევარი საათის წინ წავიდა.
მართალია, ცოლებს ეს წარმოუდგენელ ბოროტებად მიაჩნდათ, მაგრამ კამათი მაინც იმით დამრთავდა, რომ ქმრებმა, მცირე გაბრძოლების შემდეგ, მეორე ნახევრები ღამის სიბნელეში წააჩიქჩიქეს.
ვიდრე ქუდს მომიტანდნენ, დარბაზში შევჩერდი. ამ დროს ბიბლიოთეკის კარი გაიღო, ჯორდან ბეიკერი და გეტსბი გამოვიდნენ. მამაკაცი ამთავრებდა საუბარს. რაღაცაზე, აღტყინებით ლაპარაკობდა, მაგრამ რამდენიმე კაცი დასამშვიდობებლად მიეახლა და აღტყინება მყისვე ნაძალადევი თავაზიანობით შეეცვალა.
მოთმინებადაკარგულმა თანამგზავრებმა ჯორდანს პარმაღიდან გამოსძახეს, მაგრამ მე მემშვიდობებოდა და დაყოვნდა.
– საოცარი ამბავი მოვისმინე, - წაიჩურჩულა, - დიდხანს დავრჩი იქ?
– რა ვიცი, დაახლოებით ერთ საათს.
– ეს... განსაცვიფრებელია, - გაიმეორა, - მაგრამ დავიფიცე, არავის მოვუყვები - მეთქი, თქვენ კი ცნობისმოყვარეობას გიღიზიანებთ, - განაზებით მომამთქნარა. - მოდით რა ჩემთან, მინახულეთ... ტელეფონების წიგნში ... ქალბატონ სიგურნი ჰაუორდის გვარზე ნახავთ...
დეიდაჩემია... - გარბოდა და თან მიხსნიდა. მზით გარუჯული ხელი მოხდენილად დამიქნია და კარებში მდგარ თანამგზავრებს გაჰყვა.
ცოტა დავირცხვინე, პირველივე დღეს ასე დიდხანს რომ დავრჩი, მაგრამ მაინც შევერიე გვიანობამდე შემორჩენილ სტუმრებს, რომლებიც გარს ეხვეოდნენ გეტსბის. მინდოდა მეთქვა, საღამოს, მოსვლისთანავე დაგიწყეთ-მეთქი ძებნა და ბოდიში მომეხადა, წეღან ბაღში რომ ვერ ვიცანი.
– როგორ გეკადრებათ, - გულითადად მომმართა, გამახალისა. - არც იფიქრო, ძმაკაცო. - სანუგეშებლად, ფამილარულ გამოთქმას ბეჭზე ხელის მოთათუნებაც დააყოლა, - არ დაივიწყო, ხვალ დილით, ცხრა საათზე, ჰიდროპლანით უნდა გავისეირნოთ.
ამ დროს ზურგსუკნიდან მოახლემ აცნობა:
– ტელეფონთან გთხოვენ, ფილადელფიიდან, სერ.
– კეთილი, ახლავე, უთხარით, ახლავე მოვა-თქო... ღამე მშვიდობისა.
– ღამე მშვიდობისა. - ისე გამიღიმა, თითქოს გვიანობამდე ჩემი აქ დარჩენა რაღაც კეთილს მოასწავებდა და აქამდე ამაზე ოცნებობდა. - ღამე მშვიდობისა, ძმაკაცო ... ღამე მშვიდობისა.
კიბე რომ ჩავიარე, მაშინღა შევამჩნიე - ხალხი ჯერაც არ დაშლილიყო. მანქანები შეჩერებულიყვნენ ჭიშკრიდან ორმოცდაათიოდე ნაბიჯზე და საოცარი სანახაობისთვის ძლიერი შუქი მიენათებინათ. გეტსბის ეზოდან ორი წუთის სავალზე, გზის მარჯვნივ, თხრილში ჩაწოლილიყო ცალბორბალმოგლეჯილი ახალი, ორადგილიანი ავტომობილი. მახვილად წამოშვერილი კედელი ღაღადებდა თუ რამ მოაცალა ბორბალი მანქანას.
ცნობისმოყვარე შოფრებს თავიანთი ავტომობილები შუა ქუჩაში მიეტოვებინათ და ბორბალს ყურადღებით ათვალიერებდნენ, მაგრამ ამასობაში გზა ჩაუკეტეს უკან დარჩენილთ და შექმნილ არეულობას საყვირების უწესრიგო, ყურისწამღები გნიასიც მიემატა.
დამტვრეული მანქანიდან გრძელლაბადიანი მამაკაცი გამოძვრა, შუა ქუჩაში გაჩერდა და შეწუხებული, საცოდავად მიაჩერდა ჯერ მანქანას, მერე მის მოგლეჯილ ბორბალს და მერე ხალხს.
– ხედავთ, - განმარტა, - თხრილში ჩამჯდარა!
ამ ამბავმა უსაზღვროდ გააოცა. ჯერ ეს უჩვეულო გაოცება მეცნაურა, შემდეგ თვით კაციც ვიცანი, გეტსბის ბიბლიოთეკის წეღანდელი ბინადარი.
– როგორ დაგემართათ?
– მექანიკის არაფერი გამეგება, - გადაჭრით განაცხადა.
– კი მაგრამ, როგორ დაგემართათ? კედელს შეასკდით?
– მე რას მეკითხებით, - თქვა ბუსთვალამ და მთელ ამ საქმეზე ხელი დაიბანა. - მანქანის ტარებისა არაფერი ვიცი. მოხდა და ეგ არის. მე სხვა არაფერი ვიცი.
– თუ არაფერი იცოდით, რაღა შუაღამისას სცადეთ ტარება.
– არ მიცდია, - აღშფოთებით შეეპასუხა, - მე არა ვცდილობდი.
სამარისებული სიჩუმე ჩამოწვა.
– რა, თავის მოკვლა გინდოდათ?
– თქვენი იღბალი, რომ მხოლოდ ბორბალი დაზიანდა! ტარება არ ვიცი და არცა ვცდილობდიო!
– თქვენ ვერ გამიგეთ, - განმარტა ბრალდებულმა, - მე არ მიმყავდა-მეთქი, მანქანაში სხვაც იჯდა.
ამ განცხადებამ ისე გააოცა გარსშემოჯარული ხალხი, რომ უნებლიეთ აღმოხდათ „უუფ!“ და ვიდრე საერთო გმინვის ხმა მიწყდებოდა, ორადგილიანი მსუბუქი მანქანის დაღეჭილი კარი ფრთხილად შეჯანჯღარდა. ბრბომ - ეს უკვე ბრბო იყო - უნებლიეთ უკან დაიხია და როცა კარი ფართოდ გაიღო, სამარისებული დუმილი ჩამოვარდა. შემდეგ დამტვრეული მანქანიდან ნელ-ნელა, ნაწილ-ნაწილ გამოალაჯა გაფითრებულმა, სიმთვრალით მოდუნებულმა კაცმა და ვეება საცეკვაო ფეხსაცმლით ფრთხილად მოსინჯა ქვაფენილი.
მანქანების ძლიერი შუქით დაბრმავებული და საყვირების გაუთავებელი გნიასით საქციელწამხდარი მოჩვენება ერთხანს ადგილზე დაბორიალებდა, ვიდრე თვალს მოჰკრავდა ლაბადიან მამაკაცს.
– რა მოხდა? - მშვიდად იკითხა, - ბენზინი გამოილია?
– შეხედე!
კაცებმა მოგლეჯილ ბორბალზე მიუშვირეს თითი. ერთხანს ბორბალს მიაშტერდა, მერე მაღლა აიხედა, თითქოს დაეჭვდა, ციდან ხომ არ ჩამოვარდაო.
– მოწყდა ბორბალი, - აუხსნა ვიღაცამ.
იგი თავის დაქნევით დაეთანხმა.
– ვერ ვიგრძენი თუ გავჩერდით.
დუმილი ჩამოწვა. შემდეგ ღრმად ჩაისუნთქა, ბეჭებში გაიშალა და მტკიცედ წარმოთქვა:
– კარგით, გეყოფათ, მითხარით, ბენზინის სადგური სად არის.
უამრავი მამაკაცი შემოესია. ზოგიერთი უფრო მთვრალიც იყო. როგორც იქნა, შეასმინეს, რომ მანქანას და ბორბალს შორის ფიზიკური კავშირიც კი აღარ არსებობდა.
– უკან დავწიოთ, - გადაწყვიტა ცოტა ხნის შემდეგ, - უკანსვლით წავიყვან.
– ბორბალი რომ აღარ აქვს!
შეცბა.
– ცდა არას წაახდენს, - დასძინა ბოლოს.
კატებივით აჩხავლებული საყვირების ხმა თანდათან ძლიერდებოდა. ზურგი ვაქციე ამ აურზაურს და ბაღი პირდაპირ ჩემი სახლისკენ გადავსერე. მხოლოდ ერთხელ მოვიხედე უკან. ბაკმიანი მთვარე დანათოდა გეტსბის სასახლეს, ახალისებდა ამ მშვენიერ ღამეს; ჯერ ისევ გაკაშკაშებულ ბაღს თითქოს ხელახლა ეფინებოდა
გაკრეფილი სტუმრების ჟრიამული. სიცარიელემ აქ უეცრად დაისადგურა; ყველგან, კარ-ფანჯრიდანაც კი გამოსჭვიოდა იგი. თანდათან უფრო საჩინო ხდებოდა აივანზე გადმომდგარი მასპინძლის მარტოსულობა, ხელის ქნევით რომ ემშვიდობებოდა მიმავალთ.
ჩემი ნაწერი რომ გადავიკითხე, ერთი რამ შევამჩნიე: ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, თითქოს იმხანად მხოლოდ ამ სამი, ერთმანეთს რამდენიმე კვირით დაშორებული საღამოს ამბავი მასულდგმულებდა. პირიქით, იმ ზაფხულს გადატვირთული ვიყავი. ეს საღამოები მხოლოდ შემთხვევითი ეპიზოდები გახლდათ და დიდხანს ჩემს პირად საქმეებზე მეტად არც კი მაინტერესებდა.
უმეტეს დროს სამუშაოზე ვატარებდი. ყოველ დილით, ადრიანად, როცა მზე დასავლეთით განფენდა ხოლმე ჩემს ჩრდილს, ნიუ-იორკის ცათამბჯენებს შორის გაწოლილი თეთრი ხეობით მივაშურებდი ჩვენს სანაქებო დაწესებულებას. აქ სახელით ვიცნობდი ყოველ მოხელეს. მათთან ერთად ვსაუზმობდი ხალხით გაჭედილ, ჩაბნელებულ რესტორანში. შევექცეოდით ღორის სოსისებს, კარტოფილის პიურეს და ყავას. ერთხანს საქმეც კი გავჩარხე ჩვენს თანამშრომელ გოგონასთან რომელიც ჯერსი-სიტიდან იყო ჩამოსული, მაგრამ მისი ძმა ავი თვალით მიყურებდა და გოგო შვებულებაში როგორც კი წავიდა, სამუდამოდ გავანებე თავი.
იელელთა კლუბში ვსადილობდი. სწორედ ეს იყო ჩემი ყოველდღიური განრიგის უსიამოვნო ნაწილი. ნასადილევს მაღლა ავდიოდი, ბიბლიოთეკაში, ერთ საათს პატიოსნად ვსწავლობდი კაპიტალდაბანდებებს და გარანტიებს. კლუბში ჰყავდათ, რამდენიმე ამრევი კაცი, მაგრამ ისინი ბიბლიოთეკაში არასოდეს შემოდიოდნენ. ასე რომ, სამუშაოდ საუკეთესო ადგილი გახლდათ, მერე, თუ საამური საღამო იდგა, გავყვებოდი მედისონ ავენიუს, გავცდებოდი ძველისძველ სასტუმროს „მარი-ჰილს“ და 33-ე ქუჩით პენსილვანიის სადგურს მივადგებოდი.
თანდათან მხიბლავდა ნიუ-იორკი. მხიბლავდა აქაური საღამოები, როცა სითამამით, ჟინით ხარ აღსავსე და გაუმაძღარ თვალს ართობ ქალების, მამაკაცების, მანქანების ზიმზიმით.
მიყვარდა მეხუთე ავენიუზე გასეირნება - უამრავ ხალხში მიმზიდველ ქალს ამოვირჩევდი, წარმოვიდგენდი, თითქოს ცოტა ხნის შემდეგ მისი ცხოვრების თანაზიარი უნდა გავმხდარიყავი; თანაც, ვერც გაიგებდა ამას ვინმე, ვერც დამძრახავდა; ოცნებით ზოგჯერ სახლამდე - იდუმალებით მოცულ რომელიმე ქუჩის კუთხემდე - მივაცილებდი და ვიდრე კარს იქით დავანებულ სიბნელეში გაუჩინარდებოდა, შემომხედავდა იგი და საპასუხო ხიბლს შემომაფრქვევდა. ზოგჯერ მომხიბვლელი, ქალაქური მიმწუხრის ჟამს უნუგეშო მარტოობას ვგრძნობდი. ამასვე ვაჩნევდი სხვებსაც, ამას ვამჩნევდი ხელმოკლე ახალგაზრდა მოხელეებს, სადილობამდე უმიზნოდ რომ დაბორიალობდნენ ვიტრინებთან, მერე კი, რომელიმე რესტორანში, მარტოკა მიუსხდებოდნენ სუფრას: ასე უსარგებლოდ, დაისის ბინდბუნდში ფლანგავდნენ ამ საღამოსაც და მთელი სიცოცხლის უძვირფასეს დრო-ჟამს.
საღამოს რვა საათზე, როდესაც ჩაბნელებული ორმოციანი ქუჩები თეატრისკენ მიმავალი ათახთახებული ტაქსებით აივსებოდა, გული კვლავ მწარედ შემეკუმშებოდა ხოლმე. წამით შეჩერებულ ტაქსებში აჩრდილივით დალანდავდით ჩახუტებულ წყვილს. საამოდ ჟღერდა მათი ხმა; ოხუნჯობას სიცილ-ხორხოცი ფარავდა. ანთებული სიგარეტები გაურკვეველ ხაზებს ავლებდნენ ჩაბნელებულ მანქანებში. წარმოვიდგენდი, ვითომ მეც სამხიარულოდ მივიჩქაროდი, თანამოზიარე გახლდით სხვათა ინტიმური სიხარულისა და ყველას სიკეთეს ვუსურვებდი.
ერთხანს ჯორდან ბეიკერი თვალით არ მინახავს, მაგრამ მოგვიანებით, შუა ზაფხულში, კვლავ გადავეყარეთ ერთმანეთს. პირველ ხანებში უბრალოდ მომწონდა ამასთან ერთად გამოსაჩენ ადგილებში ყოფნა - როგორც გოლფის ჩემპიონს ყველა იცნობდა და მეც მსიამოვნებდა ეს. მერე რაღაც სხვა გრძნობაც გამიჩნდა. არა, არ მიყვარდა, მაგრამ აშკარად ნაზი, ცნობისმოყვარეობით აღსავსე გრძნობა მაკავშირებდა მასთან. ნაღვლიანი, ამპარტავანი იერით რაღაცას მალავდა - ნაძალადევი, ხელოვნური გამომეტყველებით ყოველთვის ჩქმალავენ რამეს, თუმც, შეიძლება, თავიდანვე ეს არც ეტყობოდეთ. ჰოდა, ერთ მშვენიერ დღეს საიდუმლო ამოვხსენი. ერთხელ, უორიკში, ოჯახურ წვეულებაზე ერთად წავედით. ნათხოვარი მანქანა წვიმაში თავღია მიატოვა და მერე იცრუა. მაშინ მყისვე გამახსენდა ის ამბავი, იმ ღამეს დეიზისთან რომ ვერაფრით მოვიგონე. ერთხელ, როცა ჯორდანი პირველად გამოდიოდა დიდ საგოლფო შეჯიბრებაში, სასკანდალო ამბავი შეემთხვა, კინაღამ გაზეთებმაც დაწერეს ამის თაობაზე. ხმა გავრცელდა, ნახევარფინალური შეხვედრისას ბეიკერმა არახელსაყრელ პოზიციაში დაგდებულ ბურთს ადგილი შეუცვალაო. ამ ამბავმა დიდი აურზაური გამოიწვია, მაგრამ ბოლოს და ბოლოს მითქმა-მოთქმა ჩაცხრა. ბიჭმა, რომელიც გოლფის მოთამაშეთ მინდორზე ემსახურება, უარყო თავისი ნათქვამი, მეორე მოწმემ კი ჟურნალისტებს განუცხადა, შეიძლება შევცდიო. ეს შემთხვევა და ბეიკერის გვარი ერთად ჩამრჩა მეხსიერებაში.
ჯორდან ბეიკერი ალღოთი სცნობდა და ერიდებოდა ჭკვიან, გამჭრიახ ადამიანებს. ახლა მივხვდი რა იყო ამის მიზეზი - თავს უფრო იმედიანად იმ გარემოში გრძნობდა, სადაც ვერ წარმოიდგენდნენ, რომ შესაძლებელია მიღებული წესის თუნდაც მცირედი დარღვევა. იგი გამოუსწორებლად უტიფარი გახლდათ. წარუმატებლობას ვერ ეგუებოდა, და ვინ იცის, რას არ კადრულობდა სიყმაწვილეში, რათა შერჩენოდა ეს ცივი, თავხედური ღიმილი და დაეოკებინა სიცოცხლით სავსე, მკვრივი სხეულის ყოველგვარი ჭირვეულობა.
ჩემთვის სულ ერთი იყო. ქალის უტიფრობა ისეთი რამაა, რასაც ძალიან მკაცრად როდი ვკიცხავთ ხოლმე. ერთხანს გული მწყდებოდა, მაგრამ მერე გადამავიწყდა. სწორედ მაშინ, იმ ოჯახურ წვეულებაზე, რომ ვიყავით, მანქანის ტარების გამო წავლაპარაკდით. ვიღაც მუშას ისე ახლოს ჩაუქროლა, რომ მანქანის ფრთამ კაცს ხალათზე ღილი შეაწყვიტა.
– ცუდად დაგყავთ მანქანა - გავუბრაზდი, - ან უფრო ფრთხილად უნდა იაროთ ან თავი დაანებოთ მანქანის ტარებას.
– ფრთხილად დავდივარ.
– არ დადიხართ ფრთხილად.
– სამაგიეროდ სხვები ფრთხილობენ.
– მერე თქვენ რა?
– რა და, გზიდან ჩამომეცლებიან, - გაჯიუტდა იგი, - შეჯახებას ორი მხარე სჭირდება.
– ვთქვათ და გადაეყარეთ თქვენსავით თავნებას.
– დარწმუნებული ვარ, ეგ არ მოხდება, - მზად ჰქონდა პასუხი, - მეჯავრება თავნება ხალხი. თქვენ სწორედ ამიტომ მომწონხართ.
ჩემკენ არც კი მოუხედავს. მყიე თვალებში მზე უჭყიტინებდა, მაგრამ ჯიუტად გაჰყურებდა გზას; ვიგრძენი, რომ ჩვენს ურთიერთობას განზრახ მიუმატა ცეცხლი, წამით მომეჩვენა, შეყვარებული ვარ მეთქი, მაგრამ მძიმე კაცი გახლავართ, უამრავ წესს ვიცავ და ეს ამუხრუჭებს ჩემს სურვილებს. ჰოდა, ახლაც გადაწყვეტილი მქონდა, უპირველეს ყოვლისა, სამუდამოდ განვთავისუფლებულიყავი იმ ქალის მარყუჟისაგან, სახლიდან რომ გამომყვა.
კვირაში ერთხელ წერილს ვუგზავნიდი და ხელს ასე ვაწერდი: „სიყვარულით, ნიკი“. ასე ვწერდი, მაგრამ რამდენიც არ უნდა მეფიქრა მასზე, თვალწინ მხოლოდ ის მედგა ჩოგბურთის თამაშისას ზედა ტუჩი რომ დაეცვარებოდა ხოლმე ოფლით. ასე იყო თუ ისე, ჩვენს შორის მაინც არსებობდა რაღაც ბუნდოვანი, გაურკვეველი კავშირი და ვიდრე ამას ფრთხილად, ფაქიზად არ გავწყვეტდი, თავისუფალ კაცად ვერ ჩავთვლიდი თავს.
ყოველ ადამიანს ჰგონია, რაღაც სიქველე მეც მაქვსო მომადლებული; მე, მაგალითად, მიმაჩნია, თითო-ოროლა პატიოსან კაცს შორის ერთ-ერთი მეცა ვარ-მეთქი.
თავი IV
ყოველ კვირა დღეს, როცა სანაპიროს დაბებში ეკლესიები ზარების რეკვას ატეხდნენ, ქალი თუ კაცი, რჩეული ხალხი, გეტსბის სასახლეს მიაშურებდა და მხიარული ყიჟინით შეესეოდა მის ბაღს.
– ბუტლეგერია, - ჩურჩულებდნენ გულუხვი მასპინძლობით და სურნელოვანი ყვავილებით გარემოცული ახალგაზრდა ქალბატონები. - კაცი მოუკლავს, რადგან იმ უბედურს თურმე გაუგია გეტსბი ფონ ჰინდენბურგის დისწული და ეშმაკის ბიძაშვილიაო. ის ვარდი მომიწყვიტე ძვირფასო. კიდევ ერთი ყლუპი დამისხი იმ ბროლის ჭიქაში.
ერთხელ, მატარებლების განრიგის კიდეზე ჩამოვწერე მათი გვარები, ვინც იმ ზაფხულს გეტსბისთან სტუმრად დადიოდა. ახლა ეს განრიგი ძველი, გაცვეთილი ქაღალდია. სათაურთან აწერია „განრიგი ძალაშია 1922 წლის 5 ივნისიდან“. ახლაც ვარჩევ გამოხუნებულ ნაწერს. ეს გვარები უბრალოდაც რომ ჩამოთვალო, მეტ შთაბეჭდილებას მოახდენს, ვიდრე ვრცელი საუბარი გეტსბის მასპინძლობით განებივრებულ ადამიანებზე, რომლებიც სამაგიეროს იმით უხდიდნენ, რომ არ იცოდნენ და არც სურდათ სცოდნოდათ მისი ვინაობა.
ისტ-ეგიდან დადიოდნენ ჩესტერ ბეკერები და ლიჩები, ვინმე ბანსენი, რომელსაც იელიდან ვიცნობდი. ექიმი უებსტერ სივეტი - გასულ ზაფხულს დაიხრჩო მენში;
ჰორნბიმები და უილი უოლტერი მეუღლითურთ; ბლეკბაგების მთელი საგვარეულო - სადმე კუთხეში შეგროვდებოდნენ ხოლმე და თხებივით აცანცარებდნენ თავებს, თუ ვინმე მიეკარებოდათ; ისმეები და კრისტები (უფრო სწორად, ჰუბერტ აუერბახი და ბატონ კრისტის მეუღლე), აგრეთვე ედგარ ბივერი, რომელზეც ამბობდნენ, ზამთრის ერთ საღამოს თმა უეცრად გაუთეთრდაო რაღაც უკეთური მიზეზით.
კლარენს ენდაივიც, მგონი ისტ-ეგიდან იყო. ერთხელ მოვიდა მოკლე თეთრი შარვლით და, მაშინაც, ბაღში, ვიღაც დაღლარა ეტტის ჩაეხუტა. შორიდან დადიოდნენ ჩილდზები და ო.რ.პ. შრედერის ოჯახი, ჯორჯიელი სტოუნელი ჯეკსონ აბრამსი, ფიშგარდები და რიპლ სნელი, მეუღლით. სნელი დაპატიმრებამდე სამი დღით ადრეც გამოგვეცხადა - ერთი მაგრა გამოთვრა, ქვაფენილზე გაიშხლართა და ქალბატონ ულისიზ სუეტის მანქანამ მარჯვენა ხელზე გადაუარა. დადიოდნენ დენსები, ს.ბ. უაიტბეიტი - იგი სამოც წელს კარგა გადაცილებული იქნებოდა; მორის ა. ფლინკი და ჰამერჰედები; თამბაქოს იმპორტის მესვეური ბელუგა და ბელუგას ქალიშვილები.
უესტ-ეგიდან ვინც კი მოდიოდა - პოულებიც და მალრედიებიც, სესილ როუბეკიც და სესილ შონიც, შტატის სენატორი გულიკის და ნიუტონ ორქიდიც (რომელიც კონტროლს უწევდა ფირმას „ფილმ პარ ექსილენს“), ეკჰოსტიც, კლაიდ კოჰენიც, დონს. შვარციც (შვილი), არტურ მაკ-კარტიც - ყველა, ცოტა თუ ბევრად დაკავშირებული იყო კინოსთან. დადიოდნენ კეტლიპები და ბემბერგები, ჯ. ერლ მალდუნი - იმ მალდუნის ძმა, რომელმაც შემდეგ თავისი ცოლი დაახრჩო. მეცენატი და-ფონტანოც მოდიოდა ხოლმე; ედ ლეგრო და ჯეიმს ბ. („ფუყე“) ფერეტი, დე ჯონგები ოჯახებით და ერნესტ ლილი ქაღალდის სათამაშოდ მოდიოდნენ და თუ ფერეტი ბაღში დახეტიალობდა, ეს იმას ნიშნავდა, რომ ჯიბეგაფხეკილი დარჩენილიყო და ხვალ ფირმა „ესოშიეტედ ტრეკშენ“ ფასებს გააძვირებდა.
ვინმე მისტერ კლიპსპრინგერი ისე ხშირად იყო აქ და ისე დიდხანს რჩებოდა ხოლმე, რომ მდგმურის სახელი გაუვარდა - მგონი მართლაც არ გააჩნდა სხვა საცხოვრებელი. თეატრალური საზოგადოებიდან აქ დადიოდნენ გას უეიზი და ჰორას ო ‘დონავანი, ლესტერ მაიერი, ჯორჯ დაკვიდი და ფრანსის ბული. ნიუ-იორკიდანაც ჩამოდიოდნენ ქრომები და ბეკისონები, დენიკერები და რასელ ბეტი, პორიგანები და კელეჰერები, დიუერები, სკელები და ს.უ. ბელჩერი, სმერკები და ახალგაზრდა ცოლ-ქმარი კვინები. (ახლა გაყრილები არიან), ჰენრი ლ.პალმეტო, რომელიც, მეტროს ვაგონს შეუვარდა „ტაიმს-სკვერის“ სადგურზე და თავი მოიკლა.
ბენი მაკ-კლენაჰანი ოთხი გოგოს თანხმლებით ჩამოდიოდა ხოლმე. გოგოები ყოველთვის სხვადასხვა მოჰყავდა, მაგრამ ერთმანეთს ისე ძლიერ ჰგავდნენ, ეჭვიც არ შეგეპარებოდათ, რომ აქ ადრეც გეყოლებოდათ ნანახი. აღარ მახსოვს რა ერქვათ - ჟაკლინი თუ კონსუელა, ან გლორია, ჯუდი თუ ჯუნი. გვარად რამე ყვავილის ლამაზ სახელს ან რომელიმე თვის კეთილხმოვან სახელწოდებას ასაღებდნენ. ანდა რომელიმე დიდი ამერიკელი კაპიტალისტის მყვირალა გვარს დაიჩემებდნენ და თუ ძალიან ჩააცივდებოდით აღსარებასავით გაგანდობდნენ - მისი ბიძაშვილი ვარო.
გარდა ამისა, მახსოვს ფაუსტინა ობრაიენიც მოვიდა სულ ცოტა ერთხელ მაინც; დადიოდნენ აგრეთვე ბედეკერის გოგოები და ახალგაზრდა ბრუერი - იგი ომიანობის დროს ცხვირში დაჭრილა; ბატონი ოლბრუკსბურგერი და მისი საცოლე - მის ჰააგი; არდიტა ფიც-პიტერსი და ბატონი პ. ჯიუეტი რომელიც ოდესღაც ამერიკელთა ლეგიონს მეთაურობდა; მის კლაუდია ჰიპი, ერთი მამაკაცის თანხლებით - მისი შოფერიაო ასე ვიცნობდით, თუმც იმას ამბობდნენ, რაღაცის პრინციც უნდა იყოსო და ჩვენც ჰერცოგს ვეძახდით, მაგრამ რა ერქვა, მგონი, არც მაშინ ვიცოდი და, ცხადია, არც ახლა მახსოვს.
ეს ხალხი გეტსბისთან მთელი ზაფხული დადიოდა.
ერთხელ, ივლისის ბოლოს, დილის ცხრა საათზე, გეტსბის დიდებულმა მანქანამ რწევით გამოიარა ქვიანი გზა და მის საყვირს ჩემს ჭიშკართან აღმოხდა სამხმიანი მელოდია. იმ დღეს პირველად შემომიარა, თუმცა უკვე ორჯერ გახლდით მასთან ნადიმზე ნამყოფი. მისი ჰიდროპლანითაც ვიყავი ნასეირნები და მის პლიაჟზეც მასპინძლისავე დაჟინებული თხოვნით, ჩემს ნებაზე დავდიოდი.
– დილა მშვიდობისა, ძმაკაცო. დღეს ხომ ერთად უნდა ვისაუზმოთ. გამოგიარე, ერთად წავალთ-მეთქი.
მანქანის საფეხურზე იდგა და ამერიკელისათვის ერთობ დამახასიათებელი მოძრაობით წონასწორობას იცავდა. ჩემი აზრით, ასეთ მოძრაობებს იმიტომ ეჩვევიან, რომ ახალგაზრდობაში არც მძიმე შრომა აწუხებთ დ არც ხმელი საწოლი; უფრო მეტიც კი, ეს ჩვენი ნერვიული ხან მეტად მოძრავი, ხან მშვიდი თამაშობების თავისებური გრაციის შედეგი უნდა იყოს. გეტსბის თავდაჭერილ საქციელში იგი მუდმივი მოუსვენრობით გამოიხატებოდა. მშვიდად გაჩერებულს ვერ ნახავდით. ან ფეხს აბაკუნებდა, ან ხელს არ ასვენებდა - მოთმინებადაკარგული მუშტს ხან გაშლიდა, ხან მომუჭავდა.
შეამჩნია, რომ მის მანქანას აღფრთოვანებული მივაჩერდი.
– ლამაზია, არა, ძმაკაცო! - ძირს ჩამოხტა, ხელი არ შემიშალა მანქანის ყურებაში, - აქამდე არ გინახავს?
როგორ არ მენახა. ვის არ ენახა იგი. მდიდრული, მოყვითალო, ნიკელით აელვარებული, ვეება; ალაგ-ალაგ, მთელს სიგრძეზე თავმომწონედ იყო ამობურცული ქუდების, საჭმლის, ხელსაწყოების შესანახი სათავსები; ქარსაფარ მინათა ლაბირინთში ათეულობით მზე ელვარებდა. რამდენიმე ფენა შუშისა და მწვანე ტყავის ამ უცხო სათბურში ჩავსხედით და ქალაქს მივაშურეთ.
გასული თვის მანძილზე გეტსბისთან ექვსჯერ მაინც გახლდით სამასლაათოდ და გამაოცა ჩემმა აღმოჩენამ - ბევრს ვერაფერზე ესაუბრებოდი. პირველი შთაბეჭდილება - უსაზღვრო გავლენის კაცია-მეთქი, მალევე გამინელდა. უბრალოდ, ჩემს მეზობლად მყოფი დიდებული დუქნის მფლობელიღა მეგულებოდა.
მერე ეს ახირებული გასეირნება! უესტ-ეგ ვილიჯს სანამ მივაღწევდით, გეტსბიმ ზოზინით წამოიწყო ლაპარაკი, თავს ვერ აბამდა თავაზიანად წამოწყებულ წინადადებებს და დამწვარ-შაქრისფერ შარვალზე, მუხლთან, უხერხულად იტყაპუნებდა ხელს.
უეცრად, ისეთი რამ მკითხა, რომ გამაოცა.
– მომისმინე, ძმაკაცო. მაინტერესებს, მაინც რას ფიქრობ ჩემზე?
შეკითხვამ ცოტა დამაბნია და რაღაც ზოგადი პასუხის ძებნა დავიწყე.
– იცი, ჩემი ამბავი უნდა გითხრა, - პასუხს არ დაელოდა, - არ მინდა მცდარი წარმოდგენა გქონდეს, ათას რაღაცას მოისმენდი.
თურმე მშვენივრად იცოდა, რომ მისსავე დარბაზებში ტკბილად მოუბარი ხალხი საშინელ ბრალს სდებდა.
– სრულ ჭეშმარიტებას გეტყვი, ღმერთია მოწამე, - მარჯვენა ხელი ისე შემართა, თითქოსღვთაებრივ მსჯავრს ახლავე ელოდა. - შუა დასავლეთში დავიბადე, მდიდარ ოჯახში. ახლა ცოცხალი აღარავინ მყავს. ამერიკაში გავიზარდე, მაგრამ განათლება ოქსფორდში მივიღე. ყველა ჩემი წინაპარი ოქსფორდში სწავლობდა - ჩვენი ოჯახის ტრადიციაა.
თქვა და ალმაცერად გამომხედა. მაშინღა მივხვდი რატომ ფიქრობდა ჯორდან ბეიკერი, გეტსბი ცრუობსო. „განათლება ოქსფორდში მივიღეო“ ნაჩქარევად თქვა. ჩაყლაპა, თუ ყელში გაეჩხირა ეს სიტყვები, თითქოს ადრეც გაწვალებულა მათი წარმოთქმით. ამ ეჭვმა მთელი აღსარება არარად აქცია. გამიკვირდებოდა კიდეც, თუ მართლა არაფერი შემთხვევია უმსგავსო და ავბედითი.
– შუა დასავლეთის რომელი კუთხიდან ხართ? - აღმომხდა უნებურად.
– სან-ფრანცისკოდან.
– ჰო-ო.
– ყველა გარდამეცვალა და დიდძალი ფული მერგო მემკვიდრეობით.
ხმა დაიდინჯა, თითქოს სევდა მოჰგვარაო ოჯახის გარდაცვლილ წევრთა გახსენებამ. ერთი წუთით ეჭვმა გამკრა, ხომ არ მასულელებს-მეთქი, მაგრამ თვალი შევავლე თუ არა, დავრწმუნდი, რომ ვცდებოდი.
– მერე ჭაბუკ რაჯასავით ვცხოვრობდი ევროპის ხან ერთ ქალაქში, ხან მეორეში: პარიზში, ვენეციაში, რომში, ვაგროვებდი ძვირფას თვლებს - უმთავრესად ლალს, ვნადირობდი დიდ ნადირზე; ცოტას ვხატავდი, ისე, ჩემთვის; ერთი სევდიანი თავგადასავლის დავიწყება მინდოდა.
ძლივს შევიკავე ურწმუნო ხითხითი. მისი სიტყვები ისე გაცვეთილი და არაფრის მთქმელი მეჩვენა, რომ მხოლოდ თოჯინას თუ წარმოვიდგენდი, ჩალმიანს - ნასვრეტებიდან ნახერხი რომ სცვივა და ბულონის ტყეში ვეფხვებზე სანადიროდ არის გაჭრილი.
– მერე ომიც დაიწყო, ძმაკაცო. ვიფიქრე, ახლა მეშველება-მეთქი. თავდაუზოგავად ვეძებდი სიკვდილს, მაგრამ მოჯადოებულს, სიკვდილიც არ მეკარებოდა.
თავდაპირველად ლეიტენანტობა მომანიჭეს. არგონის ტყეში მეტყვიამფრქვევთა ორი ქვეგანაყოფით ისე შორს შევიჭერით, რომ ორივე მხრიდან, ფლანგებზე, სადაც ფეხოსან ჯარს გავლა უჭირდა, ნახევარ-ნახევარი მილით მოვწყდით ჩვენებს და ორი დღე ღამე მარტოკები ვუმკლავდებოდით მტერს. ასოცდაათ კაცს თექვსმეტი ცალი ლიუსის სისტემის თოფი გვქონდა. ბოლოს, როცა ფეხოსნებიც შემოგვიერთდნენ, დახოცილი მტრის სამხედრო ნიშნებით გაარკვიეს, რომ სამი გერმანული დივიზიისათვის გაგვივლია მუსრი. მე მაიორის ჩინი მიბოძეს და ყველა მოკავშირე სახელმწიფომ ორდენებით დამაჯილდოვა - ჩერნოგორიამაც, ადრიატიკის სანაპიროს პატარა ჩერნოგორიამაც ორდენი მომცა.
პატარა ჩერნოგორია! ლოცვასავით აღავლინა ეს სიტყვები და ღიმილით მიეალერსა მათ.
თითქოს ამ ღიმილში იგულისხმა, რომ ბედუკუღმართი იყო ჩერნოგორიელთა წარსული, რომ თანაუგრძნობდა ამ ხალხის მამაცურ ბრძოლას. ღიმილშივე გამოსჭვიოდა, რომ კარგად ესმოდა იმ ეროვნული აღტყინებისა, რამაც ჩერნოგორიელთა მხურვალე, პატარა გულს გააღებინა ეს საჩუქარი. ისე მოვიხიბლე, უნდობლობა მთლიანად გამიქრა. ისეთი გრძნობა მქონდა, თითქოს ათიოდე ჟურნალი ერთბაშად გადამეთვალიერებინოს.
ჯიბე მოიქექა და ხელის გულზე დამიგდო ბაფთა შებმული მრგვალი ლითონი.
– აი ეს მომცეს ჩერნოგორიაში.
გავოცდი, ნამდვილსა ჰგავდა „Oderi de Danilo Monten-egro, Nicolas Rex“ - ამოტვიფრული იყო გარშემო.
– გადააბრუნეთ.
„მაიორ ჯეი გეტსბის, განსაკუთრებული სიმამაცისთვის“, - ამოვიკითხე მეორე მხარეს.
– აი, ესეც სულ თან დამაქვს. ოქსფორდში გატარებული დღეების სახსოვარია. ტრინიტი კვედშია გადაღებული. ჩემ მარცხნივ რომ ყმაწვილი დგას, დონკასტერის გრაფია ახლა.
სურათზე ფერად სპორტულ ტანსაცმელში გამოწყობილი ექვსიოდე ყმაწვილი იყო აღბეჭდილი. უდარდელად იდგნენ თაღქვეშ, საიდანაც უამრავი გუმბათი მოჩანდა. ყმაწვილთა შორის გეტსბიც შევიცანი. უფრო ახალგაზრდა იყო, კრიკეტის ჩოგანი ეჭირა.
მაშ ყველაფერი მართალი ყოფილა. ოცნებით წარმოვიდგინე დიდ არხზე, გეტსბის სასახლეში, ალაპლაპებული ვეფხვის ტყავები; წარმოვიდგინე, როგორ ხსნიდა
ლალებით სავსე კოლოფს, რომ მუქ წითლად მოელვარე შუქით დაეამებინა დაჩაგრული გულის სატკივარი.
– ერთი დიდი სათხოვარი მაქვს. დღეს უნდა გაგენდოთ, - კმაყოფილმა ჯიბეებში ჩაიწყო სამახსოვრო წიგნები. - მანამდე კი მინდა სწორი წარმოდგენა გქონდეთ ჩემზე, არარაობა არ გეგონოთ. იცით, ყოველთვის უცხო ხალხში ვტრიალებ, აღმა-დაღმა დავეხეტები, ერთი სევდიანი თავგადასავლის დავიწყებას ვცდილობ, - ცოტა შეყოვნდა. - დღეს გაიგებთ.
– საუზმობისას?
– არა, ნაშუადღევს. შემთხვევით შევიტყვე, მისს ბეიკერი ჩაიზე მიგიწვევიათ.
– რა, მისს ბეიკერი ხომ არ შეგიყვარდათ?
– არა, ძმაკაცო, არა. მისს ბეიკერი კეთილი ქალია; დამპირდა ამ საქმეზე მოველაპარაკებიო.
წარმოდგენაც არ მქონდა, რა „საქმეს“ გულისხმობდა, მაგრამ ცნობისმოყვარეობა როდი აღმეძრა.
პირიქით გავღიზიანდი - ჯორდანი იმისთვის როდი დავპატიჟე, რომ ბატონ ჯეი გეტსბიზე ვესაუბრო. დარწმუნებული ვიყავი, რაღაც საოცრებას მთხოვდა. შევწუხდი. ვნანობდი, რომ საერთოდ ფეხი შევდგი მის ხალხმრავალ ბაღნარში.
ეს იყო და ეს, მერე კრინტიც აღარ დაუძრავს. ქალაქს რომ მივუახლოვდით, გეტსბის თანდათან დაეუფლა მოკრძალებულობა. ჩავუარეთ პორტ რუზველტს, თვალი მოვკარით წითელ არშიიან საოკეანო გემებს, გავიარეთ ქვაფენილიანი, ბნელში დანთქმული ღარიბთა უბანი, ცხრაასიანი წლების ეშხმიმქრალი სასადილოები, რომლებსაც სტუმარი ჯერაც არ დალეოდა. შემდეგ, გზის ორივე მხარეს ნაცრის ველი გადაიშალა და როდესაც გარაჟს ჩავუქროლეთ, ქალბატონ უილსონს მოვკარი თვალი - ტუმბოსთან ქშინავდა ჯან-ღონით აღსავსე.
დამცავი ფარები ფრთებივით გვქონდა გაშლილი და შუა ასტორიამდე ისარივით მოვქროდით, მაგრამ აქ, რკინიგზის ხიდქვეშ, სვეტებს შორის დაკლაკნილ გზას რომ დავადექით, გაცეცხლებული პოლიციელი მოტოციკლის ნაცნობი რახრახით წამოგვეწია.
– ახლავე, ძმაკაცო, - გადასძახა გეტსბიმ. სვლა შეანელა. საფულედან თეთრი ქაღალდი ამოაძვრინა და ცხვირწინ აუქნია პოლიციელს.
– კეთილი, - დაკმაყოფილდა პოლიციელი და თითები ქუდთან მიიტანა. - სხვა დროს მეცოდინება, მისტერ გეტსბი, მაპატიეთ!
– ეგ რა აჩვენეთ? ოქსფორდის სურათი?
– ერთხელ პოლიციის კომისარს რაღაც პატივი ვეცი. მას შემდეგ, ყოველ შობა დღეს მოკითხვის ბარათს მიგზავნის.
დიდ ხიდს დავადექით. სვეტებს შორის დაფრქვეული მზის შუქი მანქანებზე თინათინობდა. მდინარის გაღმა თეთრი ყვავივით, შაქრის ლოდებივით აზიდულიყო მავანთა ნებაზე არამი ფულით ნაგები ქალაქი. კვინსბოროს ხიდიდან ქალაქის ხედი
ყოველთვის უცხო გეჩვენებათ, ყოველთვის, თითქოს პირველად ისმენთ მის მგზნებარე აღთქმას - ყველა ამქვეყნიურ საიდუმლოს და მშვენიერებას აქ იხილავთო.
მიცვალებული ჩაატარეს ყვავილებით ავსილი კატაფალკით. უკან მიჰყვებოდა ჭირისუფალთა ორი, ფარდებჩამოშვებული და რამდენიმე ღია ეტლი ნაცნობ-მეგობრებისათვის. მგლოვიარე მეგობრებმა სევდიანი მზერა გამოგვაყოლეს; მოკლე ზედა ტუჩზე ეტყობოდათ, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპელები უნდა ყოფილიყვნენ. გამიხარდა, რომ გეტსბის დიდებული მანქანის ხილვამ ამ სამგლოვიარო დღეს მათზე წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა. ბლეკუელის კუნძულზე ლიმუზინმა ჩაგვიქროლა. შოფერი თეთრკანიანი იყო, უკან კი სამი გაზიმზიმებული ზანგი იჯდა - ორი მამლაყინწა და ერთი ქალიშვილი. შურით სავსე ჩაყვითლებული თვალებით მედიდურად მოგვაჩერდნენ; მე ხმამაღალი სიცილი ამივარდა.
„ახლა, ხიდი რომ გადმოვიარეთ, ყველაფერი შეიძლება მოხდეს, ყველაფერი...“ - გავიფიქრე.
ისიც შესაძლებელი იყო, რომ თვით გეტსბისთვისაც არავის მიექცია განსაკუთრებული ყურადღება.
ხმაურიანი შუადღე იდგა. ორმოცდამეორე ქუჩაზე, სადაც ყოველთვის საამური ნიავი უბერავს, გრილ სარდაფში შევხვდი გეტსბის. როცა სარდაფში ჩავედი და ქუჩის ჩახჩახა სინათლის შემდეგ თვალები უნებურად დავძაბე, ბუნდოვნად დავლანდე, რომ რესტორნის წინ კარის მეორე მხარეს, გეტსბი ვიღაც მამაკაცთან მუსაიფობდა.
– ბატონი კაროუეი, ეს ჩემი მეგობარია, ბატონ ვულფშიმი.
პატარა, ცხვირგაბრტყელებულმა ურიამ დიდი თავი მაღლა ასწია და ნესტოებში გამოჩრილი ორ-ორი ხუჭუჭა ბალანი მომაშვირა. ბნელში მერეღა გავარჩიე მისი წვრილი თვალები.
– ჰოდა, ერთი შევხედე და, - წარმოთქვა ბატონმა ვულფშიმმა; თან ხელი გულთბილად ჩამომართვა, - როგორ ფიქრობ, რას ვიზამდი?
– რას? - ჩავეკითხე თავაზიანად.
მაგრამ, თურმე, მე როდი მეკითხებოდა. ხელი გამიშვა და ეშხიანი ცხვირით გეტსბი დაფარა.
– კეტსპოს ფული მივეცი და ვუთხარი: კეტსპო, კაპიკიც არ გადაუხადო ვიდრე ხმას არ გაიკმენდს. ეს იყო და ეს, კრინტი აღარ დაუძრავს.
გეტსბიმ მკლავი გამოგვდო და სასადილო დარბაზში შეგვიყვანა. ბატონმა ვულფშიმმა რაღაც კიდევ წაილუღლუღა და გაილურსა, მთვრალივით გაოგნებული.
– სოდიანი ვისკი მოგართვათ, ყინულით? - გვკითხა მთავარმა ლაქიამ.
– მშვენიერი რესტორანი ყოფილა, - შენიშნა მისტერ ვულფშიმმა და პრესვიტერიანული ნიმფებით მოხატული ჭერი შეათვალიერა, - მაგრამ მე ის უფრო მომწონს, ქუჩის იქითა მხარეს რომაა!
– დიახ, სოდიანი, ყინულით, - დაეთანხმა გეტსბი და ვულფშიმს მიუგო, - იქ ძალიან ცხელა.
– ცხელა კიდეც და პატარაცაა, სწორია, - დაუდასტურა ბატონმა ვულფშიმმა, - მაგრამ მოგონებებით მავსებს.
– რომელი რესტორანია? - ვიკითხე მე.
– ძველი მეტროპოლი.
– ძველი მეტროპოლი, - სევდიანად ჩაიდუდუნა ფიქრებში წასულმა ვულფშიმმა, - მიცვალებულთა სახეებით არის სავსე, ამ ქვეყნიდან სამუდამოდ წასული მეგობრებით. რა დამავიწყებს იმ ღამეს, ვიდრე ცოცხალი ვარ, როზი როზენთალი რომ მოკლეს. ექვსნი ვუსხედით სუფრას. როზიმ მაშინ ძალიან მოილხინა, სვა მთელი ღამე. გათენებისას ლაქია მივიდა და უთხრა, გარეთ ვიღაც გიხმობთო. არ მომეწონა ლაქიის გამომეტყველება. კარგიო, უთხრა როზიმ და ადგომა დააპირა, მაგრამ მე ძალით დავსვი სკამზე. შენთან თუ აქვთ საქმე, აქ შემოვიდნენ ეგ ნაბიჭვრები, ფეხი არ დაძრა აქედან, დამიჯერე-მეთქი. უკვე დილის ოთხი საათი იყო. ფარდები რომ აგვეწია, დღის სინათლეს დავინახავდით.
– მაინც წავიდა? - ვკითხე გულუბრყვილოდ.
– რა თქმა უნდა, წავიდა - ბატონ ვულფშიმის ცხვირმა ბრაზით შემომანათა. - კარებიდან მოგვძახა, ჩემი ყავა ლაქიამ არ წაიღოსო და ქუჩაში გავიდა. სამჯერ ესროლეს სავსე ფაშვში და მანქანით გაუჩინარდნენ.
– ოთხნი ელექტრონის სკამზე დასვეს, - ჩავურთე მე.
– ხუთნი, ბეკერიანად. - ნესტოებზე შეეტყო, რომ ჩემმა სიტყვებმა დააინტერესა. - მგონი, საქმიან გონტაქტებს უნდა ეძებდეთ, - თავისებურად მოუქცია ვულფშიმმა.
ჩემს შენიშვნაზე ასეთ პასუხს არ ველოდი და დავიბენი, მაგრამ გეტსბიმ უპასუხა:
– ო, არა. ეს სხვაა.
– არა? - გული აუცრუვდა ბატონ ვულფშიმს.
– ეს ჩემი მეგობარია. ხომ გითხარით, მაგ საქმეზე შემდეგ ვილაპარაკებთ-მეთქი.
– მაპატიეთ, - ამოღერღა ბატონმა ვულფშიმმა, - სხვა მეგონეთ.
ბოსტნეულში ჩაშუშული ხორცი მოგვიტანეს. ბატონ ვულფშიმს აღარ გახსენებია ძველი მეტროპოლის სენტიმენტალური ატმოსფერო და მადაგახელებული შეექცა საჭმელს. თვალი დინჯად მოავლო და მოათვალიერა მთელი ოთახი, ბოლოს გამომცდელად შეხედა ჩვენს უკან მსხდომთაც. მე რომ იქ არ ვყოფილიყავი, ალბათ, ჩვენი მაგიდის ქვეშაც შეიჭვრიტებოდა.
– რა, ძმაკაცო, - მითხრა გეტსბიმ და ჩემკენ გადმოიხარა, - ხომ არ გაწყენინე ამ დილით, მანქანაში.
კვლავ ღიმილით გადაიბადრა, მაგრამ აღარ შევეპუე.
– მეჯავრება საიდუმლოები, - პირში მივახალე, - ვერ გამიგია, თვითონ რატომ არ მოხვედით ჩემთან და გულღიად არ მითხარით, რაც გინდოდათ. რა შუაშია მისს ბეიკერი?
– ჰო, არა, რა საიდუმლოა, - დამიწყო მტკიცება, - მისს ბეიკერი გამოჩენილი სპორტსმენია, ხომ იცი, და ურიგო საქმეში არ გაერევა.
უეცრად საათზე დაიხედა. სასწრაფოდ წამოხტა და ოთახიდან გავარდა. მარტო მიმატოვა ბატონ ვულფშიმთან.
– ტელეფონით უნდა ილაპარაკოს, - თქვა ბატონმა ვულფშიმმა და თვალი გააყოლა. - მშვენიერი ბიჭია, არა? შესახედავადაც კარგია და ზედმიწევნით ზრდილიც.
– დიახ.
– ოგსფორტი აქვს დამთავრებული.
– ოჰ!
– ოგსფორტის კოლეჯში სწავლობდა, ინგლისში. იცით ოგსფორტის კოლეჯი?
– გამიგონია.
– მთელს მსოფლიოშია სახელგანთქმული.
– დიდი ხანია იცნობთ გეტსბის?
– რამდენიმე წელია, - მიპასუხა კმაყოფილმა. - სწორედ ომის შემდეგ გავიცანი. ერთ საათს ვისაუბრეთ და დავრწმუნდი, რომ ზრდილ და განათლებულ კაცთან მქონდა საქმე.
გავიფიქრე: ეს ისეთი კაცია, ოჯახში შეგიძლია მიიწვიო, დედა და და გააცნო-მეთქი. - უეცრად გაჩუმდა. - თქვენ, მგონი, მაჯის საკინძეებზე მომჩერებიხართ.
არ ვუყურებდი, მაგრამ ახლა შევხედე. სპილოს ძვლისფერ პატარა საკინძეებს საოცრად ნაცნობი ფორმა ჰქონდა.
– კაცის კბილებია რჩეული, - მომახსენა.
– მართლა! - ყურადღებით დავაკვირდი, - საინტერესოდ მოუფიქრებიათ.
– ჰო. - პერანგის ჩამოჩაჩული სახელოები პიჯაკში შეიტენა, - ჰო, გეტსბი ძალიან ფრთხილია ქალებთან. მეგობრის ცოლისკენ თვალი არ გაეპარება.
როდესაც ამ ინსტინქტური ნდობის საგანი სუფრას დაუბრუნდა, ბატონმა ვულფშიმმა ყავა ერთბაშად გადაკრა და ფეხზე წამოდგა.
– გემრიელად ვისაუზმე, - გამოგვიცხადა, ახლა დაგტოვებთ, ჯენტლმენებო, ვიდრე თავს მოგაბეზრებდეთ.
– რად ჩქარობ, მეიერ, - ცალყბად შეესიტყვა გეტსბი.
ბატონმა ვულფშიმმა ხელი ისე შემართა, თითქოს ლოცავდა მას.
– ძალზე თავაზიანი კაცი ხართ. მე სხვა თაობის ადამიანი ვარ, - დარბაისლურად შენიშნა, - ისაუბრეთ თქვენს გართობებზე, თქვენს ახალგაზრდა ქალბატონებზე, თქვენს... - ნაგულისხმევი არსებითი სახელის ტალღისებური მოძრაობით დაასურათა. - მე კი ორმოცდაათი წლისა ვარ და რატომ შეგზღუდოთ?
ხელი ჩამოგვართვა და წავიდა. ტრაგიკული ცხვირი ოდნავ უთრთოდა. შევშინდი, ვაითუ საწყენი რამე ვუთხარი-მეთქი.
– ზედმეტად სანტიმენტალურია ზოგჯერ, მომიბოდიშა გეტსბიმ. - დღესაც სანტიმენტალობის ხასიათზე იყო. ნიუ-იორკში თუა ვინმე, ესეც არის. ბროდუეის მკვიდრია.
– მაინც, რას წარმოადგენს, მსახიობია?
– არა.
– კბილის ექიმი?
– მეიერ ვულფშიმი? არა. თამაშობს. - გეტსბი შეცბა, მაგრამ გულგრილად განაგრძო, - მაგან მოაწყო ის საქმე 1919 წელს ბეისბოლის ფინალურ ტურნირზე.
– მაგან? - ჩავეკითხე.
გავოგნდი. რა თქმა უნდა მახსოვდა 1919 წელს მომხდარი ამბავი, მაგრამ არასოდეს დავფიქრებულვარ რა და რატომ მოხდა; ყოველ შემთხვევაში, ეს ისეთი რამ მეგონა, რაც თავისთავად ხდება, როგორც მოვლენათა რაღაც ჯაჭვის გარდუვალი დასასრული. აზრადაც არასოდეს მომსვლია, რომ ერთი კაცი ორმოცდაათი მილიონი ადამიანის ნდობასთან თამაშს გაბედავდა ასე ყაჩაღური პირდაპირობით და გულმოდგინებით
– როგორ მოახერხა? - ვიკითხე ცოტა ხნის შემდეგ.
– შესაძლებლობა შენიშნა და ასეთი შემთხვევა ხელიდან არ გაუშვა, სხვა არაფერი.
მერე, ციხეში რატომ არ ჩასვეს?
– ვერ შეძლეს, ძმაკაცო. მაგარი კაცია.
დანახარჯის გასწორება მე დავიჩემე. ლაქიამ ხურდა რომ მომცა, ხალხით გაჭედილ დარბაზში, საპირისპირო მხარეს, ტომ ბიუქენენს მოვკარი თვალი.
– ცოტა ხნით გამომყევით, - ვთხოვე გეტსბის, - ერთ კაცს მივესალმები და წამოვალ.
ჩვენ დანახვაზე ტომი წამოხტა და შემოგვეგება.
– სად დაიკარგე? - გულწრფელად მისაყვედურა, - გაცოფებულია დეიზი, რატომ აღარ შემოიარაო!
– ეს ბატონი გეტსბია; ბატონი ბიუქენენი.
ხელი უგულოდ ჩამოართვეს ერთმანეთს. გეტსბის სახე დაეძაბა, უჩვეულოდ შეშფოთდა.
– როგორ ხარ, როგორ ცხოვრობ, - მომიკითხა ტომაა, - ასე შორს საჭმელად რამ წამოგიყვანა?
– ბატონ გეტსბისთან ერთად ვისაუზმე.
შემოვბრუნდი მისკენ, მაგრამ გეტსბი აღარსად ჩანდა.
ათას ცხრაას ჩვიდმეტი წლის ოქტომბერში, ერთ მშვენიერ დღეს, ქუჩაში მოვსეირნობდი (იმავე საღამოს, სასტუმრო „პლაზას“ ბაღის საჩაიეში, სწორზურგიან სკამზე კოპწიად იჯდა ჯორდან ბეიკერი და ამ ამბავს მიყვებოდა), ხან ქვაფენილს მივყვებოდი, ხან კვალედს. კვალედზე სიარული უფრო მიხაროდა - რბილ მიწაში
სასიამოვნოდ ეფლობოდა ახალი ინგლისური ფეხსაცმლის დაკბილული რეზინის ლანჩა. კუბოკრული, ნაკეცებიანი თუდონიკაბა მეცვა. ქარი კალთებს რომ ამიფრიალებდა, ყოველი სახლის წინ აღმართული წითელი, თეთრი და ცისფერი დროშები ლარივით დაიქაჩებოდნენ და ძრახვით მოჰყვებოდნენ გაბმულ ტა-ტა-ტა-ტას.
დეიზი ფეის სახლის წინ დიდი კვალედი იყო და დროშაც ყველაზე დიდი აღემართათ. დეიზი უკვე თვრამეტის იქნებოდა, ჩემზე ორი წლით უფროსია. ლუისვილელ ქალიშვილებში ყველაზე პოპულარული გახლდათ, თეთრ კაბებს იცვამდა; პატარა, თეთრი მანქანა ჰყავდა; მთელი დღე წკრიალებდა მისი ტელეფონი - კემპ-ტეილორის ახალგაზრდა ოფიცრები ატაცებული ეხვეწებოდნენ, უფლება მოგვეცით თქვენთან ერთად გავატაროთ საღამო, ან ერთი საათით მაინც შეგვხვდითო.
იმ დილით, მისი სახლის წინ რომ ჩავიარე, დეიზი ვიღაც ლეიტენანტთან ერთად მანქანაში ჯდებოდა. მანამდე იგი არ მენახა. ერთმანეთით ისე იყვნენ გართული, ვერც კი დამინახეს, ვიდრე ხუთიოდე ნაბიჯზე არ მივუახლოვდი.
– ჰელოუ, ჯორდან, - მოულოდნელად შემომძახა დეიზიმ, - შენი ჭირიმე, მოდი ერთი წუთით.
სიხარულით ფრთები შემესხა - უფროს გოგოებს შორის ეგ მიყვარდა ყველაზე მეტად. მკითხა, წითელ ჯვარში სახვევების დასამზადებლად ხომ არ მიდიხარო. სწორედ იქ მივდიოდი. მთხოვა, გადაეცი, ვერ მოვა-თქო. ვიდრე მე და დეიზი ვსაუბრობდით, ოფიცერი ისეთი თვალით შეჰყურებდა, ყველა ახალგაზრდა გოგო ინატრებდა, ნეტავ მეც ასე შემომხედავდესო ვინმე. ისე მომხიბლავი იყო და გულში ჩამწვდომი ეს სურათი, რომ სამუდამოდ დავიმახსოვრე. ის ოფიცერი ჯეი გეტსბი გახლდათ. მას შემდეგ ოთხ წელიწადს თვალიც არსად მომიკრავს გეტსბისთვის. ვერც მაშინ შევიცანი, როცა ლონგ-აილენდზე შევხვდი.
ეს იყო 1917 წელს. მომდევნო წელს, მე თვითონ მყავდა რამდენიმე თაყვანისმცემელი, უკვე შეჯიბრებებშიც ვმონაწილეობდი და დეიზის ხშირად ვეღარ ვხვდებოდი. აღარსად დადიოდა. თუ გავიდოდა სადმე - მხოლოდ თავისზე ცოტა უფროსებთან ერთად. უცნაური ჭორი გაუვრცელეს - დედამისმა შემთხვევით აღმოაჩინა, რომ დეიზის ჩემოდანი ჩალაგებული ჰქონდა და ნიუ-იორკში აპირებდა წასვლას, ვიღაც სამხედროს ოკეანის გაღმა გზავნიდნენ და დამშვიდობება უნდოდა, მაგრამ მშობლებმა მკაცრად დაუშალესო. გამწარებული გოგო რამდენიმე კვირას ხმას არავის სცემდა სახლში. სამხედროებთან კეკლუცობას სამუდამოდ გაანება თავი და მხოლოდ ორიოდე ბრტყელტერფა და სუსტი მხედველობის ახალგაზრდა კაცთან ჰქონდა ურთიერთობა, რომლებიც იმიტომ შემორჩნენ ქალაქს, რომ ჯარისთვის გამოუსადეგარი იყვნენ.
შემოდგომაზე კვლავ ძველებურად მოილხინა. ზავის დადების შემდეგ დაამთავრა სასწავლებელი და, მგონი უკვე თებერვალში, ვიღაც ორლეანელმა კაცმა დანიშნა. ივლისში კი ჩიკაგოელ ტომ ბიუქენენზე იქორწინა ისეთი ზარ-ზეიმით, ლუისვილში რომ არასოდეს ენახათ. ოთხი ცალკე ვაგონით, ასი კაცის თანხლებით ჩამოვიდა ტომი და სასტუმრო „მულბახში“ მთელი სართული დაიქირავა. ჯვრისწერის წინა დღეს
სამასორმოცდაათ ათას დოლარად ღირებული მარგალიტის მძივები მიართვა დედოფალს.
მე მეჯვარე ვიყავი. საქორწინო ნადიმის დაწყებამდე ნახევარი საათით ადრე დეიზისთან შევედი. იგი ლოგინში იწვა, ყვალილებიანი კაბით მორთული, მშვენიერი, ვით ივნისის ღამე, მაგრამ მაიმუნივით იყო მთვრალი, ცალ ხელში სოტერნის ბოთლი ჩაებღუჯა, მეორეში - წერილი.
– მო-მი-ლოცე, - ძლივს წაილუღლუღა, - აქამდე ყლუპიც არასოდეს დამილევია; ო, როგორ მესიამოვნა.
– რა მოგივიდა, დეიზი?
ელდა მეცა. მართლა ასეთ დღეში ჩავარდნილი გოგო ჯერ არ მენახა.
ნაგვის კალათა ლოგინთან ჰქონდა მიდგმული. ხელი ჩაჰყო, მოაფათურა და მარგალიტის მძივები ამოაძვრინა.
– ქვემოთ ... ჩაიტა ... და მიეცი... ვისაც ეკუთვნის. ყველას უთხარი, დეიზიმ გა-და-იფიქრა-თქო!
ეს მითხრა და ატირდა. იქვითინა და იქვითინა. სასწრაფოდ გავვარდი, დედამისის შინამოსამსახურე გოგო მოვნახე. კარები ჩავკეტეთ და ცივ აბაზანაში ძალით ჩავსვით. წერილს არაფრით არ გაუშვა ხელი, აბაზანაშიც თან ჩაიტანა და ხელში მოკუმშა; როცა დაშლილმა ქაღალდმა თოვლის ფიფქივით იწყო დნობა, მაშინღა დამანება და სასაპნეზე დავდევი.
ამის მერე სიტყვა აღარ წამოსცდენია. ნიშადურის სპირტი ვაყნოსეთ, თავზე ყინული დავადეთ და ძალით ჩავაცვით ტანსაცმელი. ნახევარი საათის შემდეგ, მისი ოთახიდან რომ გამოვედით, მარგალიტის მძივები ყელზე ეკეთა; ასე ავიცილეთ უსიამოვნება. მეორე დღეს, ხუთ საათზე, ტომ ბიუქენენზე ჯვარი ისე დაიწერა, რომ წარბიც არ შეუხრია, და სამი თვით სამხრეთის ზღვებზე სამოგზაუროდ წაბრძანდნენ.
მოგზაურობიდან დაბრუნების შემდეგ სანტა-ბარბარაში მოვინახულე. გავოცდი, ქმარზე ასე გაგიჟებული არავინ მინახავს. ტომი ერთი წუთითაც რომ გასულიყო ოთახიდან, ვეღარ ისვენებდა, აქეთ-იქით აცეცებდა თვალებს, უთუოდ იკითხავდა: „სად წავიდა ტომი?“ ვიდრე ტომს კარებში შემოსულს დაინახავდა, პირმოქუფრული იყო. ზღვისპირას საათობით იჯდა სილაში - ქმარი კალთაში თავს ჩაუდებდა ხოლმე და დეიზი განუზომლად კმაყოფილი დასჩერებოდა, თითებით ეფერებოდა ქუთუთოებზე. მათი დანახვა გულს აგიქროლებდათ, მოგხიბლავდათ და კეთილი სიცილიც მოგეძალებოდათ. ეს აგვისტოში იყო. სანტა-ბარბარადან ჩემი წამოსვლის შემდეგ ერთი კვირა თუ იქნებოდა გასული, რომ ღამით, ვენტურის გზაზე, ტომი დიდ სატვირთო მანქანას დაეჯახა და მის ავტომობილს წინა თვალი მთლიანად მოძვრა. გოგოს, რომელიც მანქანაში ეჯდა, მკლავი ჰქონდა მოტეხილი. ამიტომ, გაზეთებში მისი გვარიც დაბეჭდეს - სასტუმრო „სანტა-ბარბარას“ მოახლე გოგონა აღმოჩნდა.
შემდეგი წლის აპრილში დეიზის გოგო შეეძინა და ერთი წლით საფრანგეთში წავიდნენ. ერთ გაზაფხულზე კანაში შემხვდნენ, მერე დოვილში. ბოლოს კვლავ
ჩიკაგოში დაბრუნდნენ იმ განზრახვით, რომ საბოლოოდ დაფუძვნებულიყვნენ. მოგეხსენებათ, ჩიკაგოში დეიზის ყველა იცნობდა. სიმდიდრით გაფუქსავატებული და გათამამებული ახალგაზრდობა იყრიდა მათ გარშემო თავს, მაგრამ დეიზიმ სავსებით უმწიკვლო ქალის სახელი შეინარჩუნა. იქნებ იმიტომ, რომ დეიზი არ სვამს. დიდი უპირატესობაა, როცა მაგარ მსმელებში წვეთს არ დალევ. ჯერ ერთი, ენად არ გაიკრიფები და არაფერს წამოაყრანტალებ, მერე პატარ-პატარა ცოდვებისთვისაც ისე იხელთებ დროს, რომ მთვრალები ვერც შეამჩნევენ და არც დაეძებენ, შეიძლება დეიზის არც იზიდავდა სასიყვარულო თავგადასავალი, მაგრამ ხმაში კი ჰქონდა რაღაც ეჭვის აღმძვრელი...
დიახ, რამდენიმე წლის მანძილზე პირველად ამ ექვსი კვირის წინ გაიგონა გეტსბის სახელი - იმ დღეს, უესტ-ეგში, გახსოვთ, მე რომ გკითხეთ, გეტსბის თუ იცნობთ-მეთქი. თქვენ წახვედით თუ არა, დეიზი ჩემთან შემოვარდა, გამაღვიძა და ჩამეკითხა: როგორიაო ეგ გეტსბი? ნახევრად მძინარემ ავუწერე, დეიზიმ უცნაურ ხმაზე ჩაიდუდუნა - უთუოდ ისაა, მე რომ ვიცნობდიო. მაშინღა დავუკავშირე ერთმანეთს გეტსბი და ის ოფიცერი, თეთრ მანქანაში რომ ჯდებოდა.
როდესაც ჯორდან ბეიკერმა ამ ამბის თხრობა დაასრულა, სასტუმრო „პლაზადან“ უკვე ნახევარი საათის წასულები ვიყავით და ღია მანქანით მივქროდით ცენტრალურ პარკში.
დასავლეთის ორმოცდაათიან ქუჩებთან, კინოვარსკვლავთა მაღალი სახლების უკან ჩაესვენა მზე. ხვატიან დაისს გოგონების წკრიალა ხმა ეფინებოდა:
„მე, არაბეთის შეიხი,
გიყვარვარ, ქალო, მცინარევ;
ღამით მოგნახავ, ჩარდახში,
მოგეპარები მძინარეს“.
– მერე რა უცნაურად დაემთხვა, - ჩავილაპარაკე.
– არაფერიც არ დაემთხვა.
– როგორ არა?
– ეგ სახლი იმიტომ იყიდა გეტსბიმ, რომ წყალგაღმა დეიზი ცხოვრობდა.
თურმე იმ ივნისის ღამით მხოლოდ ვარსკვლავებს როდი შესტრფოდა. მყისვე თვალწინ დამიდგა ამაო ფუფუნების ჩენჩოს განრიდებული გეტსბი, მასში ცოცხალი კაცი დავინახე.
– იცით, - განაგრძო ჯორდანმა, - ამის გაგება უნდა: იქნებ ერთ დღეს დეიზი შინ მოგეპატიჟებინათ და გეტსბისთვისაც ნება დაგერთოთ იმ დროს გწვეოდათ, ცოტა ხნით.
ასე მოკრძალებულმა თხოვნამ გამაოცა, ხუთი წელი იცადა, ვარსკვლავივით კაშკაშა სასახლე იყიდა - მიიზიდა ყველა ჩრჩილი ანუ ფარვანა და ახლა იმას სჯერდება, რომ საღამოს ვიღაცას „ცოტა ხნით ეწვიოს“ დეიზის სანახავად.
– ამოდენა ამბავი უნდა გამეგო ასე უმნიშვნელო სათხოვარისთვის?
– ეშინია, რამდენი ხანია იცდის. ეჭვობს, ვაითუ შეურაცხყოფად მიიღოსო. თუ ამჩნევთ, გულის სიღრმეში პატიოსნებით სავსე ხეპრეა.
რაღაც მეეჭვებოდა.
– თქვენ ვერ გთხოვათ შეხვედრის მოგვარება?
– გეტსბის სურს დეიზის თავისი სახლი აჩვენოს, - ამიხსნა ჯორდანმა, - თქვენ კი მეზობლად ცხოვრობთ.
– ჰოო!
– მგონი იმის იმედი ჰქონდა, დეიზი შემთხვევით აღმოჩნდებოდა მასთან ნადიმზე, - ჰყვებოდა ჯორდანი, - მაგრამ ასე არ მოხდა, მერე ხალხს დაუწყო გამოკითხვა, შემთხვევით დეიზის ხომ არ იცნობთო. და ყველაზე ადრე მე გადამეყარა. იმ საღამოს, გახსოვთ, კაცი რომ გამომიგზავნა და მიმიწვია. უნდა გენახათ, რა შორიდან მომიარა, ვიდრე სათქმელს მეტყოდა. ცხადია, დაუყოვნებლივ შევთავაზე, ნიუ-იორკში საუზმეზე შეგახვედრებთ-მეთქი. რომ იცოდეთ, რა დაემართა. მე მეგონა, გაგიჟდებოდა. უწესოდ არაფერი მინდაო! - დაიჩემა.
მეზობელთან მინდა შევხვდეო. როცა თქვენზე ვუთხარი, ტომის ახლო მეგობარია-მეთქი, კინაღამ ყველაფერს თავი დაანება. ტომის შესახებ ბევრი არაფერი იცის, თუმც დამარწმუნა, რომ წლების მანძილზე ჩიკაგოს გაზეთებს კითხულობდა, იქნებ სადმე დეიზის სახელმა გაიელვოსო.
დაბინდებულიყო. პატარა ხიდის ქვეშ შევედით თუ არა, ჯორდანს მოოქროსფრო მხრებზე ხელი მოვხვიე, ოდნავ მივიზიდე და ვთხოვე ჩემთან ერთად ესადილა. უეცრად გადამავიწყდა დეიზიც და გეტსბიც; მასულდგმულებდა მხოლოდ და მხოლოდ ეს ტანკენარი, მკვრივი, გონებაშეზღუდული არსება, სკეპტიკოსობით რომ იქებდა თავს. მკლავის მარწუხებში მოქცეული ასული კმაყოფილი გაიდრიკა. ყურში რაღაც უცნაური სიშმაგით ამიხმიანდა: „ასე, ან მდევარია კაცი, ან დევნილი, ან მშრომელი, ანდა იალაჯგაწყვეტილი“.
– დეიზიც ხომ უნდა ეღირსოს ცხოვრებაში რამეს, - მეჩურჩულებოდა ჯორდანი.
– თვითონ თუ სურს გეტსბის ნახვა?
– დეიზიმ არც უნდა იცოდეს. გეტსბის არ უნდა, რომ იცოდეს. მხოლოდ ამას ითხოვს, ჩაიზე დაპატიჟოთ და სხვა არაფერი.
დაბინდული ხეივანი გავლიეთ, ორმოცდამეცხრამეტე ქუჩის ნაზმა, მკრთალმა შუქმა ბაღამდე მოაღწია. გეტსბისა და ტომ ბიუქენენისგან განსხვავებით, მე საოცნებო გოგო არ მყავდა, რომ მისი სახე თვალწინ დამდგომოდა ამ ბნელ ლავგარდნებსა და თვალისმომჭრელ ფირნიშებს შორის; რა უნდა მექნა, მივწვდი ჩემს გვერდით მყოფ ასულს და მკლავები მარწუხივით შემოვაჭდე. ფერმკრთალ, ამპარტავან სახეზე ღიმილმა გადაუარა. მეც ეს მინდოდა, მაგრად ჩავიკარი და დავეკონე.
თავი V
იმ ღამით, შინ რომ ვბრუნდებოდი, უესტ-ეგში, შიშმა შემიპყრო - ჩემს სახლს ცეცხლი ხომ არ წაეკიდა-მეთქი. ღამის 2 საათზე კონცხის მთელი სანაპირო კაშკაშებდა. ზღაპრული ელფერი დასდებოდა შუქდაფენილ ბუჩქნარს, ტელეგრაფის მავთულებზეც ელავდა სინათლის სხივი. გაჰკვესავდა წვრილად და ხანგრძლივად. მოსახვევთან რომ მივედით, მაშინღა გავარჩიე - გეტსბის სახლი იყო ასე გაჩირაღდნებული კოშკიდან სარდაფამდე.
ჯერ წვეულება მეგონა, ატაცებული სტუმრები ალბათ დამალობანას ან თევზაობას თამაშობენ და მთელს სახლს მოსდებიან მეთქი. მაგრამ ჩქამიც არ ისმოდა. მხოლოდ ქარი დათარეშობდა ხეებში, მავთულებს არხევდა და შუქი ხან ჩაქრებოდა, ხან ისევ აინთებოდა - გეტსბის სასახლე ღამეს თითქო თვალს უპაჭუნებდა. ის იყო ჩემი ტაქსი ხვნეშით გაბრუნდა, გეტსბის მოვკარი თვალი. ბაღი გადმოჰკვეთა და მომაშურა.
– მსოფლიო გამოფენას დამგვანებია თქვენი კარ-მიდამო.
– მართლა? - უაზროდ გაჰხედა თავის სახლ-კარს. - თვალი შევავლე ზოგიერთ ოთახს. მოდი, კონი აილენდზე წავიდეთ, ჩემი მანქანით.
– ძალიან გვიანაა.
– კეთილი. მაშინ საცურაო აუზში ვიჭყუმპალაოთ! მთელი ზაფხული ფეხი არ ჩამიდგამს.
– უნდა დავიძინო.
– კარგით.
რაღაცას ელოდა. თავს იკავებდა, მაგრამ ცნობისმოყვარეობას მაინც ვერ ფარავდა. ჯიუტად მომაჩერდა.
– მისს ბეიკერს ვესაუბრე, - ცოტა დავაყოვნე და მერე ვუთხარი. - ხვალ ტელეფონით დაველაპარაკები დეიზის და ჩაიზე მოვიპატიჟებ.
– ო, ეს კარგია, - უდარდელად მიპასუხა, - უხერხულ მდგომარეობაში არ მინდა ჩაგაყენოთ.
– როდისთვის გირჩევნიათ?
– როცა თქვენ გნებავთ! - დაუყოვნებლივ მომიგო, - იცით, არ მინდა შეგაწუხოთ.
– რას იტყვით, ზეგისთვის რომ დავიბარო?
ერთხანს ჩაფიქრდა, მერე უნდილად წაილუღლუღა:
– ბალახი მინდა გავკრიჭო.
ბალახს გავხედეთ - მკვეთრი ხაზი ჰყოფდა ჩემს ეზოს მისი მოვლილი ბაღნარისგან. ალბათ, ჩემი ეზოს ბალახს გულისხმობდა.
– ერთი პატარა საქმეც მაქვს, - გაუბედავად თქვა და სიტყვა გაუწყდა.
– რა, რამდენიმე დღით გადავდოთ? - ჩავეკითხე.
– არა, მაგას არ ვამბობ. ბოლოს და ბოლოს... - ერთსა და იმავეს ღეჭავდა, - იცით, ვიფიქრე ... იცით... ყური მიგდე, ძმაკაცო, ფულს ბევრს ვერ შოულობ, არა?
– არც თუ ბევრს.
ამან თითქოს გაათამამაო და უფრო ღიად განაგრძო.
– ბოდიშს კი ვიხდი, მაგრამ მეც ასე ვფიქრობდი. იცი... ჩემი სამუშაოს გარდა, ერთ პატარა საქმეშიც ვარ ჩაბმული, ცოტას ვჩალიჩობ, გამიგე? ჰოდა, ვიფიქრე, თუ ბევრს ვერ აკეთებდი... ფასიან ქაღალდებს ყიდი, არა, ძმაკაცო?
– ვცდილობ.
– დიახ, ამ საქმემ უნდა დაგაინტერესოს. დიდ დროს არ წაგართმევს და ფულს კი ბლომად გააკეთებ. მაგრამ ცოტა საიდუმლო საქმეა.
ახლა ვხვდები, რომ სხვა დროს ამ საუბარს იქნებ გარდატეხაც მოეხდინა ჩემს ცხოვრებაში, მაგრამ ისე აშკარად და უტაქტოდ შემომთავაზა გაწეული სამსახურის გასამრჯელო, მტკიცე უარის მეტი არაფერი მეთქმოდა.
– ყელამდე ვარ საქმეში ჩაფლული. გმადლობთ, სხვას ვეღარაფერს მოვკიდებ ხელს.
– ვულფშიმთან არ გექნება საქმე. - ალბათ ეგონა, იმ „გონტაქტებს“ გავურბოდი, საუზმობისას რომ ახსენა ვულფშიმმა; დავარწმუნე, რომ სცდებოდა. ცოტა ხანს კიდევ დაყოვნდა იმის იმედით, საუბარს გამიბამსო, მაგრამ ერთობ დაქანცული ვიყავი და თავი აღარ მქონდა. ბოლოს პირი იბრუნა და უხალისოდ გასწია სახლისკენ.
იმ საღამოს ბედნიერებით თავბრუდახვეული გახლდით. კარებში შევდგი თუ არა ფეხი, მგონი მაშინვე წამიღო ძილმა. ვეღარ გავიგე, წავიდა გეტსბი კონი აილენდზე თუ არა, ან რამდენ საათს მოუნდა ოთახების დათვალიერებას და რამდენ ხანს კაშკაშებდა მისი სასახლე.
მეორე დღეს, დილით, სამსახურიდან დავურეკე დეიზის და ჩაიზე მოვიპატიჟე.
– ტომს ნუ წამოიყვან, - გავაფრთხილე.
– რაა?
– ტომს ნუ წამოიყვან.
– ვინ არის ტომი? - მიპასუხა უცოდველი კრავივით.
დათქმულ დღეს კოკისპირული წვიმა მოვიდა. თერთმეტ საათზე ვიღაც ლაბადიანმა მამაკაცმა ბალახის საკრეჭელა შემოათრია ჩემს ეზოში და კარზე დამიკაკუნა. ბატონმა გეტსბიმ ბალახის გასაკრეჭად გამომგზავნაო. მაშინღა გამახსენდა, რომ ფინელი ქალი არ გამიფრთხილებია მალევე დაბრუნებულიყო და საძებნელად მივაშურე წვიმით პირდაბანილ უესტ-ეგ ვილიჯის ქუჩაბანდებს. გზად ფინჯნები, ლიმონი და ყვავილები ვიყიდე.
ყვავილები არ უნდა მეყიდა - ორ საათზე ჩემი მეზობლისგან უამრავი გამოზიდეს ქოთნებით. ერთი საათის შემდეგ სადარბაზო კარი ნერვიულად შემოაღო თვით გეტსბიმ. თეთრი ფლანელის კოსტიუმი და ვერცხლისფერი პერანგი ოქროსფერი ჰალსტუხით ჰქონდა დამშვენებული. ჩქარი ნაბიჯით მოდიოდა. გაფითრებულიყო. თვალები უძილობით ამოღამებოდა.
– როგორ არის საქმე? - მაშინვე ეს მკითხა.
– ბალახი დავარცხნილივითაა, თუ ამას კითხულობთ.
– რა ბალახი? - უაზროდ ჩამეკითხა, - აა, ეზოში. - ფანჯრიდან გაიხედა, გამომეტყველებაზე ემჩნეოდა, რომ ვერაფერს ხედავდა. - მშვენივრადაა, - ჩაიდუდუნა. - რომელიღაც გაზეთი წერდა მგონი „ჯორნალი“, წვიმა ოთხი საათისთვის გადაიღებსო. ყველაფერი გაქვს... ჩაისთვის?
სამზარეულოში გავიყვანე. ფინელი ქალის დანახვა მაინცადამაინც არ ესიამოვნა. ტკბილეულობის მაღაზიაში ნაყიდი ლიმონის ნამცხვრები საგულდაგულოდ შევამოწმეთ.
– გამოდგება?
– რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა! მშვენიერია! - და ყრუდ დაუმატა - ... ძმაკაცო.
ოთხის ნახევრისთვის წვიმა ნოტიო ნისლად გადაიქცა. აქა-იქ ცვარივით ელავდა წვრილი წვეთები. გეტსბი უაზროდ ჩასჩერებოდა კლეის „ეკონომიკას“. ფინელი ქალის ყოველ გავლა-გამოვლაზე შეკრთებოდა ხოლმე, ისე ჭრიალებდა სამზარეულოს იატაკი. დროდადრო დანისლულ სარკმელს მიაშტერდებოდა, თითქოს სწორედ იქ სარკმლის მიღმა ხდებოდა რაღაც უჩინარი და შემაშფოთებელი. ბოლოს წამოდგა და გაუბედავად მითხრა - მივდივარო.
– რატომ?
– ჩაიზე არავინ მოდის. უკვე გვიანაა! - საათზე დაიხედა, თითქოს საჩქარო საქმეს მოაცდინესო, - მთელ დღეს ხომ ვერ მოვუცდი.
– ნუ სულელობ. ოთხს ორი წუთი აკლია.
უმწეოდ დაჯდა, თითქოს ხელი უბიძგესო. სწორედ ამ დროს გაისმა ბორბლების ჭრიალი - მანქანამ ჩემი ხეივნისკენ შემოუხვია, წამოვცვივდით. მე ეზოში გავვარდი. ცოტა ვღელავდი კიდეც.
იასამნის სველ, გაძარცულ ბუჩქებში დიდი, ღია მანქანა შემოსრიალდა და ჩემს სახლთან გაჩერდა. სამკუთხა ქუდი ეხურა დეიზის; ყელმოღერებულმა ნათელი, მხიარული ღიმილი შემომაგება.
– ეს სულ შენი საბრძანებელია, ჩემო ძვირფასო?
ხმა ისე საამურად ურაკრაკებდა, რომ ამ წვიმასა და ავდარში სიმხნევე მოგემატებოდათ. ჯერ სმენა ავაყოლე ამ რაკრაკს, ხან აღმა, ხან დაღმა, და მერეღა ჩავწვდი ნათქვამის აზრს. სველი კულული მუქად დაფენოდა ღაწვზე. ნახატი გეგონებოდათ, ხელებზე წვიმის წვეთები უელავდა. მანქანიდან გადმოსვლაში მივეშველე.
– შეგიყვარდი თუ რა, - ყურში ჩამჩურჩულა; მარტო რად დამიბარე?
– ციხე-სიმაგრე რეკრენტის საიდუმლოა, შოფერს უთხარი, სადმე შორს წავიდეს და ერთ საათში დაბრუნდეს.
– ერთ საათში მოდი, ფერდი, - მერე ჩურჩულით მითხრა: - ფერდი ჰქვია.
– ბენზინი ცხვირს არ უღიზიანებს?
– არა მგონია, - გულუბრყვილოდ მიპასუხა, - რა იყო?
სახლში შევედით. გაოცებისგან თავზარი დამეცა - სასტუმრო ოთახი ცარიელი იყო.
– აი სეირი, - ჩემდაუნებურად აღმომხდა.
– რა სეირი?
ამ დროს, სადარბაზო კარზე ვიღაცამ დინჯად დააკაკუნა, დეიზიმ ყურები დაცქვიტა. გავედი და კარი გავაღე. გეტსბი იყო, მიცვალებულივით გაფითრებული, ხელები პიჯაკის ჯიბეებში ჩაეწყო. ტბორში იდგა. სასოწარკვეთილი თვალებში მომაჩერდა.
ჯიბეებიდან ხელები არ ამოუღია, ისე შეიძურწა დერეფანში. მერე, სამართი თოჯინასავით მკვეთრად შემობრუნდა და სასტუმრო ოთახში შერგო თავი. სულაც არ იყო სასაცილო; გულს ბაგაბუგი გაჰქონდა. მივბრუნდი და სადარბაზოს კარი მივხურე. გაძლიერებული წვიმის ხმაური მინელდა.
ერთხანს კრინტიც არ დაუძრავთ. მერე, სასტუმრო ოთახიდან ძლივს გასაგონი ჩურჩული და რაღაც სიცილის მაგვარი შემომესმა, რაზეც დეიზიმ ყალბი ხმით, მაგრამ მკაფიოდ მიუგო:
– მე მართლა ძალიან კმაყოფილი ვარ, ისევ რომ გნახეთ.
დუმილი. იგი აუტანლად დიდხანს გაგრძელდა. დერეფანში საქმე არაფერი მქონდა და სასტუმრო ოთახში შევედი.
გეტსბი, აქაოდა თავს თავისუფლად ვგრძნობო, ბუხართან აყუდებულიყო, ვითომდა უდარდელი, ოდნავ მოწყენილი კაცის ყალბი იერით; თავი უკან ისე გადაეხარა, თითქმის ეხებოდა რაფაზე შემოდგმულ მოშლილ საათს; ასე იდგა და აგზნებული თვალებით გადმოსჩერებოდა დეიზის. ქალი შემკრთალი, მაგრამ ყელმოღერებული იჯდა ხმელ სკამზე.
– ადრეც ვიცნობდით ერთმანეთს, - წაილუღლუღა გეტსბიმ. თვალი შემავლო. გაცინებაც სცადა, პირიც კი დააბჩინა, მაგრამ ამაოდ. ამასობაში ისე მისწოლოდა საათს, რომ ცოტაც და გადმოაგდებდა, მაგრამ მყისვე შებრუნდა, სახიფათოდ გადმოკიდებულს ათრთოლებული ხელი დაავლო და თავის ადგილზე დადგა. მერე უხერხულად ჩამოჯდა დივანზე, სახელურს დაეყრდნო და ნიკაპი ხელის გულში ჩარგო.
– მაპატიეთ, კინაღამ საათი გავტეხე, - ჩაიდუდღუნა.
თავად მეც, ხურვებაშეყრილივით, სახეზე ალმური ამივიდა. ასეთ დროს სათქმელი სიტყვები თავში ათასობით მიტრიალებდა, მაგრამ ვერც ერთი ვერ ამოვღერღე.
– ძველი საათია, - იდიოტივით აღმომხდა ბოლოს.
მგონი, ერთხანს სამივე დარწმუნებული ვიყავით, რომ საათი იატაკზე დაეცა და დაიმსხვრა.
– რამდენი წელია ერთმანეთი აღარ გვინახავს, - მშვიდად, აუღელვებლად წარმოთქვა დეიზიმ.
– მომავალ ნოემბერს ხუთი წელი სრულდება.
გეტსბის სულმოუთქმელმა პასუხმა შეგვაცბუნა. კიდევ ერთი წუთით მაინც შეფერხდა საუბარი. სხვა რომ ვერაფერი მოვახერხე, ვუთხარი, ჩაის მომზადებაში მომეხმარეთ-მეთქი. მყისვე წამოცვივდნენ და სამზარეულოში მომყვებოდნენ, მაგრამ ამ დროს ის ჩემი კუდიანი ფინელი ქალი შემოვიდა და ყველაფერი ლანგრით მოგვართვა.
ფინჯნებისა და ნამცხვრის თავაზიან მიწოდება-გადაწოდებაში ცოტათი მაინც დავმშვიდდით. მე დეიზის გავუბი საუბარი. გეტსბი თავისთვის მიიყუჟა. დარცხვენილი, ხან ერთს მოგვაპყრობდა მღელვარე, შეწუხებულ თვალებს, ხან მეორეს. მაგრამ მხოლოდ სიმშვიდის მოპოვება როდი იყო ჩვენი საბოლოო მიზანი. ამიტომ ბოდიში მოვიხადე და გასვლა დავაპირე.
– სად მიდიხართ? - მეცა შეშფოთებული გეტსბი.
– ახლავე მოვალ.
– ვიდრე წახვიდოდეთ რაღაც უნდა გითხრათ.
გიჟივით გამომედევნა, სამზარეულოში შემომყვა, კარები მიხურა და საწყალობლად ამოიხვნეშა: „ო, ღმერთო!“
– რა მოგივიდა?
– საშინლად შევცდი, - ამოსცრა, თავს გამწარებული აქნევდა, - საშინლად, საშინლად შევცდი.
– რა მოხდა, ცოტა დაიმორცხვე და ეგაა, - ბედზე ესეც დავუმატე, - ცოტა დეიზიმაც დაიმორცხვა.
– დაიმორცხვა? - უნდობლად ჩამეკითხა.
– შენსავით. – ხმამაღლა ნუ ლაპარაკობ.
– ბავშვივით იქცევი, - ვეღარ მოვითმინე და მივახალე, - კი არა და, უზრდელადაც. დეიზი მარტოდ მარტო მიატოვე ოთახში.
ხელით მანიშნა, გაჩუმდიო, საყვედურით შემომხედა - რა დამავიწყებს იმ შემოხედვას, კარი ფრთხილად გააღო და სასტუმრო ოთახში შებრუნდა.
უკანა კარით გარეთ გავედი. ნახევარი საათის წინ გეტსბიც აქედან გავიდა და ნერვიულობისაგან სახლს გარს შემოუარა. ვეება, მხრებგაშლილ ხეს მივაშურე, რადგან ხშირ ფოთლებში წვიმა ვერ ატანდა. ისევ წამოუშინა. გეტსბის მებაღეს კვალედი გულდაგულ კი გაეკრიჭა, მაგრამ ეზო ოღროჩოღრო იყო და წვიმას პატარ-პატარა ტბორებით დაეფარა, აეტალახებინა, წინაისტორიული ხანის წუმპისთვის დაემსგავსებინა. იმ ხის ძირიდან სხვა არაფერი ჩანდა, გარდა გეტსბის ვეებერთელა სახლისა და მეც იმას მივაჩერდი, როგორც კანტი თავისი ეკლესიის სამრეკლოს.
სახლი ვიღაც მელუდეს აუშენებია ამ ათიოდე წლის წინ - მაშინ იყვნენ გატაცებული ასეთი არქიტექტურით. ამბობდნენ, მეზობლებს შეჰპირებია, გადასახადს ყველას მაგივრად ხუთი წლისას წინასწარ გადავიხდი, თუ ქოხებს ისლით გადახურავთო. იქნებ სწორედ ადგილობრივ მცხოვრებთა უარმა ჩაუფუშა ოჯახური თემის დაფუძნების გეგმა და ამან მოუღო ბოლო მის ჯანმრთელობას. შვილებმა სახლი რომ გაყიდეს, კარზე ისევ შავი ბაფთა ეკიდა. ამერიკელებს შეიძლება ზოგჯერ მონობის სურვილი ჰქონდეთ, მაგრამ გლეხად ყოფნას ყოველთვის ჯიუტად გაურბიან.
ნახევარი საათის შემდეგ მზემ კვლავ გამოანათა. გეტსბის ეზოსთან მედუქნის მანქანა ჩამოდგა - მსახურებს სადილისათვის მოუზიდა სანოვაგე; დარწმუნებული ვარ, გეტსბი აქედან ლუკმასაც არ შეჭამდა. მოახლე გოგონა ფანჯრებს აღებდა ზედა სართულზე. იგი ხან ერთ ფანჯარაში გამოჩნდა, ხან მეორეში; შუა, განიერი ფანჯრიდან გადმოიხარა და ჩაფიქრებულმა ბაღში გადმოაპურჭყა. შინ დაბრუნების დრო იყო. ფოთლებზე წვიმის შხაპუნი, ხანდახან რომ აზავთდებოდა და გაძლიერდებოდა, ჩემი სტუმრების გრძნობააშლილ ჩურჩულად მეჩვენებოდა. მაგრამ, როცა გადაიკარა და სიჩუმემ დაისადგურა, ვიგრძენი, ჩემს სახლშიც კვლავ დუმილი იყო გამეფებული.
ვიდრე ოთახში შევიდოდი, სამზარეულოში ღუმელი არ დამინგრევია, თორემ რაც შემეძლო ვიხმაურე, მაგრამ მგონი ჩქამიც არ გაუგონიათ. ჩამომსხდარიყვნენ ტახტის სხვადასხვა კუთხეში და ერთმანეთს ისე მისჩერებოდნენ, თითქოს რაღაც იკითხაო, ანდა ახლა კითხულობდა რომელიმე მათგანი. უხერხულობის ნიშანწყალიც გამქრალიყო დეიზის ცრემლით დაღარვოდა სახე. მე რომ შევედი, წამოხტა, სარკესთან მივიდა და ცხვირსახოცით ღაწვები შეიმშრალა. გეტსბი საოცრად შეცვლილი იყო - ნათელი გადასდიოდა, შინაგანი კმაყოფილების უჩვეულო განცდის გამოსახატავად არც სიტყვა სჭირდებოდა, არც მოძრაობა, ამას ისეც ასხივებდა და სითბოს მატებდა ჩემს პატარა ოთახს.
– ო, გამარჯობა, ძმაკაცო, - ისე შემომძახა, თითქოს რამდენიმე წლის უნახავი ვყოლოდი. წამით ისიც მომეჩვენა, ხელის ჩამოსართმევად შემომეგებება-მეთქი.
– აღარ წვიმს.
– არა?- როცა მიხვდა, რასაც ვეუბნებოდი და შეამჩნია, რომ ოთახში მზის სხივები ლიცლიცებდნენ, ამინდის კაცივით ჩაიღიმა, სინათლის მეუფესავით და ახალი ამბავი დეიზის მოახსენა: - თქვენ რაღას იტყვით, გამოუდარებია.
– მიხარია, ჯეი, - სევდით, ტკივილით ათრთოლდა ხიბლიანი ხმა, რაც ქალის მოულოდნელი სიხარულის მაუწყებელი იყო.
– ჩემთან უნდა წამოხვიდეთ ორივე, - გამოგვიცხადა გეტსბიმ; - ჩემი კარ-მიდამო უნდა ვაჩვენო დეიზის.
– მეც წამოვიდე? ნამდვილად?
– რა თქმა უნდა, ძმაკაცო.
დეიზი მაღლა ავიდა პირის დასაბანად. მაშინღა გამახსენდა პირსახოცები და სირცხვილმა დამწვა, მაგრამ რას ვუშველიდი. მე და გეტსბი ბაღში დაველოდეთ.
– ლამაზია ჩემი სახლი, არა? - იკითხა. - ხედავთ, მზე მთელ წინა მხარეს ანათებს.
მე კვერი დავუკარი - დიდებულია-მეთქი.
– ჰოო, - თვალი მოავლო სახლს, თაღიან კარებს ოთხკუთხა კოშკს, - სამი წლის შრომა დასჭირდა ამის შესყიდვას.
– მე მეგონა, ფული მემკვიდრეობით მიიღე.
– როგორ არა, მივიღე, ძმაკაცო, - დაუფიქრებლად მიპასუხა, - მაგრამ თითქმის მთლიანად დამეკარგა დიდი არეულობის დროს, ომის წლებში.
დარწმუნებული ვარ, არც კი ესმოდა, რას ამბობდა. როცა ჩავეკითხე, რა საქმიანობას ეწევი-მეთქი, ჩემი საქმეაო, მაგრამ მერე მიხვდა, რომ ცუდად გამოუვიდა.
– ხან რას მივდევდი, ხან რას, - გამოასწორა თავისი ნათქვამი, - ჯერ წამლებთან მქონდა საქმე, მერე ნავთობთან, ახლა კი ორივეს თავი გავანებე. - ეს მითხრა და განსაკუთრებული ყურადღებით შემომაჩერდა. - რა, წუხანდელ წინადადებაზე ხომ არაფერი გადაწყვიტე?
ვიდრე ვუპასუხებდი, სახლიდან დეიზი გამოვიდა. კაბაზე ორ მწკრივად ჩაყოლებული თითბრის ღილები მზეზე აელვარდა.
– ეს ვეება მამული შენია? - შორიდანვე დაიძახა.
– მოგწონს?
– ძალიან მომწონს. მაგრამ ვერ წარმომიდგენია, მარტოდ მარტო როგორ ძლებ აქ.
– დღედაღამ სტუმარი არ მელევა, ჩემი სახლი ყოველთვის საინტერესო, სახელგანთქმული ხალხითაა სავსე.
ნაცვლად იმისა, რომ გზა მოკლედ მოგვეჭრა, სანაპიროთი, ქვაფენილს გავყევით და დიდი ჭიშკრით შევედით ოთახში. დეიზიმ ხან ერთი მხრიდან შეხედა ფეოდალური სასახლის სილუეტს ცის ფონზე, ხან მეორედან და აღფრთოვანებისგან საამოდ აღუღუნდა. ხან ბაღს მიეალერსა, ხან ნარგიზის დამათრობელ სურნელს, კუნელისა და ქლიავის გაშლილ ფშვიად ყვავილს, ოქროს ჯიქას ნელსურნელებას. როგორღაც მეხამუშა, რომ მარმარილოს კიბეებამდე მივაღწიეთ და არსად, არც შინ, არც გარეთ, არ დაბორიალებდნენ ზიმზიმა ტანსაცმელში გამოწყობილი სტუმრები, ჩქამიც არ ისმოდა მათი. მხოლოდ ჩიტები ჭიკჭიკებდნენ ხეებზე.
შიგ შევედით. მოვიარეთ მარია ანტუანეტას ყაიდის სამუსიკო დარბაზები, რესტავრაციის ეპოქის სტილით გაწყობილი სალონები. მეჩვენებოდა, თითქოს სტუმრები ყოველი ტახტის თუ მაგიდის უკან იყვნენ დამალული და ნაბრძანები ჰქონდათ სუნთქვა შეეკრათ ვიდრე იქ ვიყავით. როცა მშვენიერი ბიბლიოთეკიდან გამოვედით და გეტსბიმ კარი მიხურა, დავიფიცებ, გავიგონე როგორ ხარხარებდა იმ ბუსთვალა მამაკაცის აჩრდილი.
ზედა სართულზე თანამედროვე ავეჯით გაწყობილი საძილე ოთახები დავათვალიერეთ. ყველაფერი ვარდისფერ თუ ლავანდისფერ აბრეშუმში იყო ჩაფლული. ახლად დაკრეფილი ყვავილები სიცოცხლეს მატებდა იქაურობას, შემოვიარეთ ტანსაცმლის შესანახი ოთახები, გასართობი დარბაზები, სააბაზანოები - იატაკში ჩადგმული აბაზანებით. ერთ საძილე ოთახში შევიჭერით - თმააბურძგნილი მამაკაცი იატაკზე გაშხლართულიყო და ღვიძლის ვარჯიშს აკეთებდა - ბატონი კლიპსპრინგერი გახლდათ, „მდგმური“; დილით დავინახე, დამშეულივით დაეხეტებოდა სანაპიროზე. ბოლოს და ბოლოს, გეტსბის პირადი სარგებლობის ოთახებს მივადექით: საძილე ოთახი, სააბაზანო, ძვირფასი ავეჯით გაწყობილი
სამუშაო ოთახი. აქ დავსხედით. მასპინძელმა კედელში ჩადგმული კარადა გამოაღო და თითო ჭიქა შარტრეზი გიახელით.
გეტსბის არც ერთ წუთს თვალი არ მოუშორებია დეიზისთვის. მგონი, თავიდან აფასებდა ყველაფერს, იმის მიხედვით, თუ რამდენად გამოკრთებოდა ამა თუ იმ საგნით კმაყოფილება. მისთვის ესოდენ საყვარელ თვალებში. ზოგჯერ, გაოგნებული მიაშტერდებოდა თავის ავლა-დიდებას, თითქოს ახლა, როცა მისი საყვარელი არსების აქ ყოფნა წარმოუდგენელი სინამდვილე იყო, სხვას ყველაფერს რეალური აზრი დაჰკარგვოდა. ერთხელ კიბიდან კინაღამ გადავარდა.
საწოლი ოთახი სადა გახლდათ. მხოლოდ სარკესთან ეწყო ბაჯაღლო ოქროს ნივთები. დეიზიმ ნეტარებით აიღო ოქროს ჯაგრისი და თმაზე გადაისვა. ეს რომ შენიშნა, გეტსბი იქვე ჩამოჯდა. თვალი მოიჩრდილა და სიცილი აუვარდა.
– საოცარია, ძმაკაცო, ვერაფრით ვერ ... თუმც ვცდილობ...
ცხადი იყო, მის აფორიაქებულ სულს უკვე გაევლო ორი სტადია და ახლა მესამე ეწყებოდა. დეიზის აქ ყოფნით გამოწვეული დამორცხვებისა და განუსჯელი სიხარულის შემდეგ ახლა გაოცებამ შეიპყრო. ერთობ დიდხანს ფიქრობდა ამ დღეზე, უკანასკნელ წუთამდე მხოლოდ ამაზე ოცნებობდა, დაძაბული კრიჭაშეკრული ელოდა ამ წუთს და, ახლა, ზამბარაგაწყვეტილი საათივით მოიშალა.
მყისვე გონს მოეგო და ორი ვეება კარადა გამოაღო - ტანსაცმლით, ხალათებით, ჰალსტუხებით, გატენილი; პერანგთა დასტები აგურებივით იყო აკოკოლავებული.
– ინგლისში მყავს კაცი, ყოველ გაზაფხულსა და შემოდგომაზე საუკეთესო ტანსაცმელს მიგზავნის.
პერანგების დასტა აიღო და თითო-თითოდ ისროლა ჩვენკენ. ზოგი თხელი ტილოსი იყო, ზოგი სქელი აბრეშუმისა, ზოგი ძვირფასი ფლანელის. პერანგები დაცემისას იშლებოდა, ნაირფერი გროვა ფარავდა მაგიდას. ვიდრე ჩვენ ვტკბებოდით, გეტსბი კიდევ და კიდევ უმატებდა: ნაზი, ძვირფასი გროვა მაღლა მიიწევდა - ზოლიანი თუ კუბოკრული, დაქარგული პერანგები, მარჯნისფერი და ხასხასა მწვანე, ლავანდისფერი და ღია ნარინჯისფერი, მუქი ლურჯი, მონოგრამებიანი. მოულოდნელად დეიზიმ პერანგებში ჩარგო თავი და აზლუქუნდა.
– რა ლამაზი პერანგებია, - მოთქვამდა და პერანგებში ქრებოდა მისი ხმა; - სევდა მომერია. ასეთი პერანგები, ასე ლამაზი, არასოდეს მინახავს.
სახლის შემდეგ ბაღჩა და საცურაო აუზი, ჰიდროპლანი და ახლად გაშლილი ყვავილები უნდა გვენახა, მაგრამ კვლავ წვიმამ წამოუშინა. ოთახში დავრჩით; სარკმელთან ჩამწკრივებულნი მივაჩერდით ტალღააქოჩრილ სრუტეს.
– ნისლი რომ არ იყოს, თქვენს სახლს დავინახავდით, გაღმა. - უთხრა ქალს გეტსბიმ. - მწვანე სინათლე, ყოველღამ, გათენებამდე კიაფობს თქვენს ნავმისადგომში.
დეიზიმ უეცრად მკლავი გამოსდო, მაგრამ გეტსბი თავისივე სიტყვებს ჩაეფიქრებინა და ვერ გაეგო. სწორედ მაშინ მიხვდა, რომ მწვანე შუქი მისთვის აღარაფერს ნიშნავდა. აქამდე, ვიდრე დეიზისთან დიდი მანძილით იყო დაშორებული, ეჩვენებოდა, შუქი ქალთან ძალიან ახლოს არისო, ვით ვარსკვლავი მთვარესთან, თითქოს სხივებითაც კი ელამუნებაო. მაგრამ ახლა ნავმისადგომის მწვანე სინათლეღა იყო იგი და სხვა არაფერი. მომხიბვლელ საგნებს ერთი თილისმა გამოკლებოდა.
ოთახში გავიარ-გამოვიარე. ნახევრად ბნელში ვათვალიერებდი გაურკვეველი დანიშნულების სხვადასხვა საგნებს. დამაინტერესა მეზღვაურის ტანსაცმელში გამოწყობილი ხანდაზმული კაცის ფოტოსურათმა, რომელიც გეტსბის საწერ მაგიდასთან ეკიდა.
– ეს ვინ არის?
– ეგ? ეგ ბატონი დენ კოდია, ძმაკაცო.
სახელი და გვარი რაღაც მეცნობოდა.
– ცოცხალი აღარ არის. ჩემი საუკეთესო მეგობარი იყო, დიდი ხნის წინ.
საწერ მაგიდაზე იყო გეტსბის პატარა სურათი; მეზღვაურის ტანსაცმელი ეცვა და თავი გამომწვევად ჰქონდა უკან გადაყინჩული - თვრამეტისა თუ იქნებოდა.
– როგორ მიყვარს ასეთი ქოჩორი! - წამოიძახა დეიზიმ, - რატომ არ გითქვამს, რომ ასეთ ქოჩორს ატარებდი, ან იახტა თუ გქონდა!
– ამ დასტებს ხედავ? - ჩქარობდა გეტსბი, - გაზეთის ამონაჭრებია, შენს შესახებ.
გვერდიგვერდ იდგნენ და ამონაჭრებს ათვალიერებდნენ. უნდა მეთხოვა, ლალის ქვები გვიჩვენე-მეთქი, მაგრამ ტელეფონმა დარეკა და გეტსბი ყურმილს დასწვდა.
– დიახ... არა, ახლა ვერ გეტყვით... ახლა ვერ გეტყვით, ძმაკაცო... მე ვთქვი პატარა ქალაქში...
უნდა იცოდეს რომელია პატარა ქალაქი... ისეთი კაცი, ვისაც დეტროიტი პატარა ქალაქი ჰგონია, არ გამოგვადგება.
ყურმილი დააგდო.
– მოდი აქ, ჩქარა! - ფანჯარასთან უხმობდა დეიზი.
ისევ წვიმდა. მაგრამ დასავლეთით ბნელს პირი გახსნოდა და მოვარდისფრო, ოქროცურვილი ღრუბლის ფთილები ზღვის თავზე აელვარებულიყვნენ.
– ერთი შეხედე, - ჩაიღუღუნა ქალმა და უმალვე დაუმატა, - ნეტავ ასეთი ვარდისფერი ღრუბელი მქონდეს. დაგსვამდი ზედ, გიბიძგებდი და აღმა-დაღმა ინავარდებდი.
წასვლა დავაპირე, მაგრამ გაგონებაც არ ისურვეს. ერთმანეთთან ყოფნა, მგონი, მაშინ უფრო მეტ კმაყოფილებას ჰგვრიდათ, როცა მეც მათთან ვიყავი.
– იცით რა გავაკეთოთ, - შემოგვთავაზა გეტსბიმ, - კლიპსპრინგერს ვთხოვოთ დაგვიკრას რამე.
ოთახიდან გავიდა და გასძახა: - იუნგ! ხუთი წუთის შემდეგ დაბრუნდა. დარცხვენილი, ცოტა დაღლილი შესახედაობის ახალგაზრდა კაცი შემოჰყვა; ჩალისფერთმიან ყმაწვილს კუს ბანკის ჩარჩოიანი სათვალე ეკეთა. ახლა კოხტად ეცვა საკინძეშეხსნილი სპორტული პერანგი, სპორტული ფეხსაცმელი და გაურკვეველი ფერის სქელი ტილოს შარვალი.
– ვარჯიშში შეგიშალეთ ხელი, არა? - თავაზიანად ჰკითხა დეიზიმ.
– მეძინა, - წამოაყრანტალა ბატონმა კლიპსპრინგერმა და კიდევ უფრო დაიმორცხვა. - ესე იგი, ადრე მეძინა, მერე ავდექი.
– კლიპსპრინგერი პიანინოზე უკრავს, - სიტყვა შეაწყვეტინა გეტსბიმ, - არა, იუნგ, ძმაკაცო?
– არა. კარგად ვერ ვუკრავ. ვაცოდვილებ რაღაცას. დიდი ხანია არ დამიკრავს...
– ჰო, კარგი, ქვემოთ ჩავდივართ, - მოუჭრა გეტსბიმ და ელექტროჩამრთველი გააწკაპუნა.
როგორც კი სახლი შუქმა ააელვარა, რუხი ფანჯრები გაუჩინარდნენ.
სამუსიკო ოთახში პიანინოსთან, გეტსბიმ ერთადერთი ნათურა აანთო. ათრთოლებული ხელით ასანთი გაჰკრა და დეიზის სიგარეტზე ცეცხლი მოუკიდა. მერე ოთახის ბნელ კუთხეში. სადაც დერეფნის იატაკიდან არეკლილი შუქიღა ლიცლიცებდა, დეიზისთან ერთად ტახტზე მოიკალათა.
კლიპსპრინგერმა „სიყვარულის სავანე“ დაუკრა. მერე სკამზე შემობრუნდა და, შეწუხებულმა, სიბნელეში გეტსბის დაუწყო ძებნა.
– ხომ იცით, დიდი ხანია აღარ ვუკრავ. აკი გითხარით, ვერ დავუკრავ-მეთქი. დიდი ხანია აღარ ვუკრ...
– ბევრს ნუ ლაპარაკობ, ძმაკაცო, - უბრძანა გეტსბიმ, - დაუკარი!
„გინდა იყოს საღამო,
გინდა დილა საამო,
აბა ლხენას რა დალევს...“
გარეთ ქარაშოტი ღმუოდა. სრუტიდან ისმოდა ჭექა-ქუხილი. შუქს ანთებდნენ უესტ-ეგის ქუჩებში. ამ თქეშში, გაჭედილი საგარეუბნო მატარებლებით, ხალხი ნიუ-იორკიდან სახლებისკენ მიიჩქაროდა. დგებოდა ჟამი, როცა მთლიანად იცვლება ადამიანის ყოფა; გარემო გზნებით ივსებოდა.
„მდიდარს მიწყივ-სიმდიდრე, ღარიბს ეს ხომ ნაღდია,
უმრავლდება წვრილშვილი, უმრავლდება ნათლია;
დღისით, თუ გინდ ღამითა,
ყოველ ცისმარ წამითა“.
წამოვდექი და დასამშვიდობებლად მივეახლე. გეტსბი კვლავ შეცბუნებული ჩანდა. ცოტა დაეეჭვებინა მოპოვებულ ბედნიერებას. უკვე თითქოს ხუთი წელი გასულიყო! ალბათ იმავე საღამოს იგრძნო, რომ დეიზი ვერ უტოლდებოდა მის ნაოცნებარს, მაგრამ ეს ქალის ბრალი როდი იყო; ამის მიზეზი გახლდათ გეტსბის განუზომლად ცხოველი წარმოსახვა. იგი აღემატებოდა დეიზის, აღემატებოდა ყველაფერს მათ გარშემო. შემოქმედის აღტყინებით ოცნებაში ჩაფლული გეტსბი ყოველ წუთს ამშვენიერებდა თავის მიერ შეთხზულ სურათს, რთავდა მას ელვარე ბუმბულ-ფრთით, თუკი სადმე მოიხელთებდა. რა მიწიერი ეშხი და ხიბლი გაუტოლდებოდა გულანთებული კაცის მიერ ოცნებით შექმნილ ჰაეროვან მშვენიერებას.
მე სულ გეტსბის ვუთვალთვალებდი. ემჩნეოდა, რომ თავს იკავებდა. ქალს ხელზე ხელი მოჰკიდა. მან ყურში უთხრა რაღაც და გეტსბი გრძნობააშლილი შებრუნდა მისკენ. მგონი სწორედ ხმა აჯადოებდა, ხიბლავდა მისი სინარნარე, მისი მხურვალება; უკეთესს ოცნებითაც ვერავინ წარმოიდგენდა, იგი უკვდავი სიმღერა გახლდათ.
მე აღარავის ვახსოვდი. მხოლოდ დეიზიმ ამომხედა და ხელი გამომიწოდა. გეტსბი ვეღარც კი მცნობდა. ერთი კიდევ შევხედე მათ, მიბნედილი თვალებით ძლივსღა გამომხედეს და აგზნებულნი, ბედნიერებამ შთანთქა. ოთახიდან გამოვიპარე, მარმარილოს კიბეებით დავეშვი და წვიმაში გავედი. ისინი მარტო დავტოვე.
თავი VI
ამასობაში, ერთ მშვენიერ დილას, ნიუ-იორკიდან ვიღაც სახელის მაძიებელი ახალგაზრდა რეპორტიორი ეწვია გეტსბის და ჰკითხა - სათქმელი ხომ არაფერი გაქვთო.
– რა სათქმელი, რაზე? - ზრდილობიანად ჩაეკითხა გეტსბი.
– რამე, გამოსაქვეყნებლად.
ხუთიოდე წუთის შემდეგ, როცა უხერხულობამ გაუარათ, გამოირკვა, რომ ყმაწვილს გეტსბის სახელისთვის სამსახურში მოეკრა ყური. რა შინაარსის საუბარში - ამის გამხელა ან არ სურდა, ან კარგად თვითონაც ვერ გაეგო. იმ დღეს დასვენების დღე ჰქონია, მაგრამ საქმის სიყვარულმა არ მოასვენა თურმე და აქეთ გამოუწევია „მოსასინჯად“.
ალალბედზე მიადგა, მაგრამ რეპორტიორის ინსტინქტს არ უღალატნია მისთვის. გეტსბის სახელი გაუთქვა ასობით ადამიანმა, რომლებიც სარგებლობდნენ ამ კაცის სტუმართმოყვარეობით და თავი მოქონდათ მისი წარსულის ავტორიტეტულ მცოდნედ. გეტსბის პოპულარობა იმ ზაფხულს სწრაფად იზრდებოდა და კინაღამ გაზეთშიც გაწერეს. მოარული ლეგენდა, გეტსბი „ამერიკა-კანადის მიწისქვეშა ნავთობსადენის“ მესვეურიაო, და სხვა, ამის მსგავსი, საოცარი ძალით იზიდავდა ხალხს. უფრო გავრცელებული მაინც ერთი ამბავი იყო - სახლში კი არა, სასახლის
მსგავს გემზე ცხოვრობსო და საიდუმლოდ დაცურავსო ლონგ-აილენდის სანაპიროს გასწვრივ, ხან აღმა, ხან დაღმა. ძნელია ახსნა, რატომ სიამოვნებდა ასეთი ზღაპრები ჩრდილოეთ დაკოტელ ჯეიმზ გეცს.
ჯეიმზ გეცი - ეს იყო მისი ნამდვილი, ყოველ შემთხვევაში, კანონიერი სახელი და გვარი. ჩვიდმეტი წლისამ შეიცვალა იგი იმ ღირსახსოვარ ჟამს, როცა მისი კარიერა დაიწყო - ოდეს პირველად იხილა დენ კოდის ხომალდი. ზემო ტბაზე, ყველაზე სახიფათო, ჭორომთან ღუზაჩაშვებული. იმ საღამოს, სანაპიროზე, დახეული ჯემპრით და თეთრი ტილოს შარვლით ჯერ ისევ ჯეიმზ გეცი დაეხეტებოდა, მაგრამ ნათხოვარი ნავით „ტუოლომიისთან“ რომ მისცურა და კოდის აუწყა, ნახევარ საათში შეიძლება ქარიშხალი ამოვარდეს, ხომალდი მოიტაცოს და დაამტვრიოსო, იგი უკვე ჯეი გეტსბი გამხდარიყო.
ახალი სახელი და გვარი დიდი ხნის შერჩეული უნდა ჰქონოდა. უნიათო მშობლები ჰყავდა - უგერგილო ფერმერები. თავის ოცნებაში მშობლებად იხსენიებდა მათ. მართლაც, უესტ-ეგელი ჯეი გეტსბი იშვა საკუთარ თავზე პლატონური წარმოდგენიდან, უფლის შვილი გახლდათ - ეს სიტყვები თუ რამეს ნიშნავს, ნიშნავს მხოლოდ ამას - და მოვალე იყო მამა-უფლის კვალს გაჰყოლოდა, გამხდარიყო მსახური აურაცხელი, ვულგარული და თვალისმომჭრელი მშვენიერებისა. ასე შეთხზა მან სახე ჯეი გეტსბისა, და შეთხზა რამდენადაც შეეძლო ჩვიდმეტი წლის ყმაწვილს, და მთელი სიცოცხლე ამ მონაგონის ერთგული დარჩა.
ერთ წელიწადზე მეტ ხანს ტბის სამხრეთ სანაპიროს ტკეპნიდა. ხან საჭმელ ლოკოკინებს დაეძებდა, ხან ორაგულებზე თევზაობდა ან რამე სხვა ძალისხმევით შოულობდა იმდენს, რომ თავი ერჩინა და ღამის გასათევიც ჰქონდა. მაშინ ფუძეს უყრიდა მომავალს და არ ზარმაცობდა, თუმც არც შრომას გადაჰყოლია - ლაღად ცხოვრობდა, ვით ბუნების შვილი, და გარუჯული სხეული თანდათან უმკვრივდებოდა. ქალებში ადრევე გაერთო, მათ ისე გააფუჭეს, რომ ყველას ედიდგულებოდა. უმანკო ქალწულებს იმიტომ - არაფერი ესმითო. სხვებს კი იმიტომ, რომ ისეთ რამეზე ცხარდებოდნენ, რაც უსაზღვრო ეგოცენტრიზმის გამო თვისთავად ნაგულისხმევ და ნებადართულ რამედ მიაჩნდა.
მაგრამ მშფოთვარე გული არ ასვენებდა. ღამით, ლოგინში, საოცარზე საოცარი ფიქრები ეძალებოდა. ვიდრე პირსაბანზე შემოდგმულ საათს წიკწიკი გაჰქონდა და იატაკზე უწესრიგოდ მიყრილი ტანსაცმელი მთვარის ლაჭე შუქზე ინამებოდა, თვალწინ ეშლებოდა ენითუთქმელი, ბრწყინვალე სამყარო. ყოველღამ, სანამ ჩაეძინებოდა და უკვალოდ გაქრებოდა სულჩადგმული ზმანება, იგი რაღაც ახალს მატებდა თავის ნაოცნებარს. ერთხანს ოცნებებით იოხებდა გულს და მათვე ასმინეს, რომ არარეალურია თვით რეალობაც, დააჯერეს, რომ ეს კლდოვანი სამყარო ფერიის ნაზ ფრთებზე იყო საიმედოდ დაყრდნობილი.
რამდენიმე თვით ადრე, სამხრეთ მინესოტაში წმინდა ოლაფის პატარა ლუთერანულ კოლეჯში, თითქოს მომავალი დიდების ინსტინქტმა მიიყვანა იგი. მაგრამ სულ ორ კვირას გასძლო იქ, რადგან შეაძრწუნა მისი ბედის ყივილისადმი, თვით ბედისადმი გაუგონარმა გულქვაობამ. მეეზოვეობა იუკადრისა, სწავლის ქირას კი სხვაგვარად ვერ გადაიხდიდა. მერე ისევ ზემო ტბას დაუბრუნდა და იმ დღეს, როდესაც დენ კოდის იახტამ ღუზა წყალმარჩხ სანაპიროზე ჩაუშვა, იგი კვლავ საქმეს ეძებდა.
კოდი მაშინ ორმოცდაათი წლისა იქნებოდა. იუკონის და ნევადის ვერცხლის საბადოებში იყო გამობრძმედილი; 1875 წლიდან მონაწილეობდა ლითონისთვის ატეხილ ყოველ აურზაურში, მონტანას სპილენძის საბადოებმა ხომ მრავალი მილიონი შესძინა. მაშინ ჯანმრთელად იყო, მაგრამ მერე ამსუბუქება დაეტყო და, როგორც კი ეს იეჭვეს, ქალებმაც ცდა არ დააკლეს, რომ იგი ფულთან განეშორებინათ. 1902 წლის ჟურნალ-გაზეთებმა ყრუდ, ქარაგმულად თუ მაღალფარდოვანი მიკიბვ-მოკიბვით, ქვეყანას ამცნეს იმ პიკანტური ქსელის ამბავი, ჟურნალისტმა ქალმა ელლა კეიმ რომ გაბლანდა და ამით მადამ დე მეინტენანობა გაუწია ამჩატებულ მილიონერს. კოდი იძულებული გახდა გარიდებოდა მას და ზღვას შეაფარა თავი. ხუთი წელი დასეირნობდა სტუმართმოყვარე სანაპიროების გასწვრივ და ერთ მშვენიერ დღეს, ვით ჯეიმზ გეცის ბედ-იღბალი, პატარა გოგოს ყურეში ჩამოდგა.
ახალგაზრდა ჯეიმზ გეცი ნიჩბებაკრეფილი (ამას ბედს მინდობილ კაცზე იტყვიან) მიაჩერდა მოაჯირშემოვლებულ გემბანს. ეს ხომალდი ამქვეყნიური ხიბლისა თუ სიტურფის სრულყოფილი ხატი ეგონა. დარწმუნებული ვარ, შესცინა კოდის - ალბათ ეცოდინებოდა, რომ მოსწონდათ მისი ღიმილი. ასე იყო თუ ისე, კოდი გამოესაუბრა, რაღაც გამოკითხა (ერთ-ერთი შეკითხვა მისი ახალი სახელისა და გვარის დასაბამი გახდა) და მყისვე მიხვდა, რომ ყოჩაღ, თავმოყვარე ყმაწვილთან ჰქონდა საქმე. რამდენიმე დღის შემდეგ დულუთში წაიყვანა, ცისფერი ხალათი, თეთრი ტილოს ექვსი შარვალი და მეზღვაურის კეპი უყიდა. როდესაც „ტულომიი“ ვესტ-ინდოეთისა და ბარბარიის სანაპიროებისკენ გაემართა, გეტსბიც გაჰყვა მას.
რა საქმეს არ აკეთებინებდა გემზე - ხან ლაქია იყო, ხან თანაშემწე, ხან კაპიტანი, მდივანი. ბოლოს საპატიმროს ზედამხედველობაც კი უბოძა, რადგან ფხიზელმა დენ კოდიმ მშვენივრად იცოდა რა მფლანგველიც იყო სიმთვრალეში და კვიმატი რომ არაფერი შემთხვეოდა, უფრო და უფრო მეტად ენდობოდა გეტსბის, მისი ზედამხედველობის იმედზე იყო. ამ ყოფაში გაატარა გეტსბიმ ხუთი წელი. ამასობაში ხომალდმა სამჯერ შემოუარა კონტინენტს. ასე გაგრძელდებოდა ალბათ უსასრულოდ, მაგრამ ერთ საღამოს, ბოსტონში, ელლა კეი ავიდა გემზე და დენ კოდიმ ერთ კვირაში უღალატა სტუმარ-მასპინძლობის წესს - სული განუტევა.
კარგად მახსოვს მისი სურათი, გეტსბის საძილე ოთახში ეკიდა - თმაშევერცხლილი, მედიდური, მკაცრი და გამოფიტული სახის კაცი, იმ მრუშთა პიონერი, რომლებმაც, ერთ დროს, ამერიკის აღმოსავლეთ სანაპიროზე, უკუმოაქციეს განაპირა მხარის სალონთა და საროსკიპოთა ველური მძვინვარება. ნაწილობრივ კოდის დამსახურება იყო, რომ გეტსბი ასე ცოტას სვამდა. ზოგჯერ, როცა მღვივანთა ლხინი იმართებოდა, ქალები შამპანურით უნამავდნენ თმას. თვითონ წესად დაიდგინა, თუ დალევდა - მხოლოდ ტკბილი სასმელი დაელია.
კოდიმ ფულიც დაუტოვა. მემკვიდრეობით 25 000 დოლარი ერგო, მაგრამ არ მიუღია. ვერაფრით გაიგო რა წესით, რა კანონით ააღებინეს ხელი მემკვიდრეობაზე და კოდის მილიონებიდან მორჩენილი მთელი თანხა ხელუხლებლად ჩააბარეს ელლა კეის. შერჩა მხოლოდ თავისებური ცოდნა და გამოცდილება. ჯეი გეტსბის პიროვნული უსახურობა თანდათან ივსებოდა და გარკვეულ იერს იღებდა.
ეს ამბავი დაწვრილებით გვიან შევიტყვე, მაგრამ მე ახლა მოგითხრობთ, რათა გაგიქარწყლოთ ცუდი წარმოდგენა მის წარსულზე, რაც უთუოდ შეგექმნებოდათ ადრე გაგონილი ჭორებით, რომლებშიც სიმართლის ნასახიც არ ერია. მით უფრო, რომ იმ მღელვარე დღეებში მიამბო. მეც იმ ზომამდე ვიყავი მაშინ მისული, ან სულ ვერაფერს დავუჯერებდი, ანდა ვირწმუნებდი ყველაფერს, რაც გნებავთ. მოკლედ, ვისარგებლებ ამ მცირე შესვენებით, ვიდრე გეტსბი სულს მოითქვამდეს, და შევეცდები გაგიქარწყლოთ მცდარი წარმოდგენა.
ერთხელ ჩვენც დავშორდით ერთმანეთს, რამდენიმე კვირით. არც შევხვედრივართ სადმე, არც ტელეფონით გამიგონია მისი ხმა. მეტწილად ნიუ-იორკში გახლდით, დავხეტიალობდი ჯორდანთან ერთად და მის მიხრწნილ დეიდას გულმოდგინედ ვეფარისევლებოდი. ბოლოს, ერთ კვირას ნაშუადღევი იქნებოდა, გეტსბისთან შევირბინე. ორი წუთის მისული არც კივიქნებოდი, რომ ვიღაც მამაკაცი მობრძანდა და თან მოიყვანა ტომი. წყურვილით პირი უშრებოდათ. დამცეცხლა თუმც გასაკვირი ის იყო, რომ ტომი მანამდე არ გამოჩენილა.
სამნი იყვნენ, ცხენებით: ტომი, ვიღაც სლოუნი და ლამაზი, ყავისფერ მხედრულ სამოსელში გამოწყობილი ქალბატონი, რომელიც ამასწინათაც ყოფილა თურმე აქ.
– კეთილი იყოს თქვენი მობრძანება, - პარმაღზე გამოეგება გეტსბი, - მესიამოვნა, რომ შემოიარეთ.
თითქოს დიდად ენაღვლებოდათ!
– დაბრძანდით, სიგარეტს ინებებთ თუ სიგარას? - ოთახში მარდად მიდი-მოდიოდა, ხან ერთ ზარს დარეკავდა, ხან მეორეს. - ამ წუთში რამე სასმელსაც გავაჩენ.
ტომის მოსვლამ ძალიან ააღელვა. უხერხულობას თავს ვერ დააღწევდა, ვიდრე არ გაუმასპინძლდებოდა და როგორღაც არ დარწმუნდებოდა, რომ მხოლოდ ეს იყო მათი მოსვლის მიზანი. მაგრამ ბატონ სლოუნს არაფერი უნდოდა. ლიმონათი? არა, გმადლობთ... შამპანური? არაფერი არ მინდა, გმადლობთ... მაპატიეთ...
– კარგად აჭენეთ ცხენები?
– მშვენიერი გზები გაქვთ.
– მე ვფიქრობ, მანქანები...
– ო, დიახ...
ტომთან საუბრის დაუოკებელმა სურვილმა აიტაცა გეტსბი, მაგრამ იგი გულგრილად შეხვდა მის სიტყვებს.
– მგონი, სადღაც შევხვედრილვართ ერთმანეთს, ბატონი ბიუქენენ.
– ო, როგორ არა, - ნაძალადევი ზრდილობით უპასუხა ტომმა, მაგრამ აშკარად შეეტყო, გახსენება არც კი უცდია, - ასე იყო. კარგად მახსოვს.
– ორი კვირის წინ.
– სწორია. ნიკთან ერთად იყავით.
– თქვენს მეუღლეს ვიცნობ, - შეუპოვრად განაგრძო გეტსბიმ.
– ნუთუ?
ტომი მე მომიბრუნდა.
– სადღაც ახლოს ცხოვრობ, არა, ნიკ?
– მეზობელ ეზოში.
– მართლა?
ბატონი სლოუნი საუბარში არ ერეოდა, ქედმაღლურად გადათხლაშულიყო სავარძელში. კრინტი არ დაუძრავს არც ქალს. მაგრამ როცა ორი წერწეტა ჭიქა სოდიან-ყინულიანი ვისკი გადაჰკრა, უეცრად ენა ამოიდგა.
– მომავალ წვეულებაზე ყველა გესტუმრებით, ბატონო გეტსბი, - უყოყმანოდ გადაწყვიტა, თქვენ რას იტყვით?
– კარგი იქნება, ძალიან გამახარებთ.
– ძალიან კარგი, - მადლობა არ გადაუხდია, ისე ჩაიდუდუნა ბატონმა სლოუნმა, - ჰო, მგონი, წასვლის დროა.
– ნუ იჩქარებთ, გეთაყვათ, - ეპატიჟებოდა გეტსბი. თავი დაეურვებინა და იცოდა რასაც იქმოდა. უფრო დიდხანს უნდოდა ტომთან ყოფნა. - რა იქნება, რომ ... რა იქნება, ვახშმად რომ დარჩეთ? იქნებ სხვებმაც შემოიარონ ნიუ-იორკიდან.
– თქვენ წამოდით ჩემთან ვახშმად, - შეეხვეწა ქალბატონი. - ორივე.
ესე იგი, მეც მგულისხმობდა. ბატონი სლოუნი წამოდგა.
– წავიდეთ. - მხოლოდ ქალს მიმართა.
– მეც ამას ვამბობ, - დაიჩემა ქალმა, - გამახარებთ, თუ მეწვევით. ადგილი ყველასთვის მეყოფა.
გეტსბიმ მე გამომხედა. თითქოს შემეკითხა, რა ვქნაო. წასვლა სურდა და ვერ ამჩნევდა, რომ ბატონ სლოუნს არ ეჭაშნიკებოდა.
– მე ვერ შევძლებ, - ვთქვი.
– კეთილი, თქვენ წამოდით, - ეხვეწებოდა ქალი გეტსბის.
ბატონმა სლოუნმა ყურში რაღაც ჩასჩურჩულა ქალს.
– არ დაგვაგვიანდება, ახლავე თუ წავალთ, - ხმამაღლა შეედავა იგი.
– ცხენი არ მყავს, - თქვა გეტსბიმ, - ჯარში ცხენით დავჯირითობდი, მაგრამ მერე აღარ მიყიდია. მანქანით გამოგყვებით. უკაცრავად, ამ წუთშივე გამოვალ.
დანარჩენებმა პარმაღისკენ გავწიეთ. სლოუნი და მისი ქალბატონი განზედ გადგნენ და ცხარე კამათი გააბეს.
– ღმერთო ჩემო, ეგ კაცი მგონი წამოსვლას აპირებს, - მითხრა ტომმა, - ვერ ხვდება, რომ ქალს არ ეპიტნავება?
– ქალმა თვითონ უთხრა, გამახარებო .
– დიდი ნადიმი აქვს, ეგ კი ნაცნობს ვერავის ნახავს. - დუდუნებდა მოქუფრული. - ნეტავ სად ეშმაკში შეხვდა დეიზის. ღმერთსა ვფიცავ, თუგინდ ჩამორჩენილ კაცად ჩამთვალონ, არ მომწონს ქალების ასე აღმა-დაღმა წანწალი. ყველა დამთხვეულს იცნობენ.
მოულოდნელად სლოუნმა და მისმა ქალბატონმა კიბეებზე ჩაირბინეს და ცხენებზე შესხდნენ.
– წავიდეთ, - ტომს გამოსძახა ბატონმა სლოუნმა, - დაგვაგვიანდა. აქამდეც უნდა წავსულიყავით. - მერე მე გადმომიგდო; - უთხარით, ვეღარ დაიცადეს-თქო, კარგი?
ტომს ხელის ჩამორთმევით დავემშვიდობე, დანარჩენებმა ცივად დავუქნიეთ ერთმანეთს თავი. მყისვე მოსხლიტეს ცხენები, ჭენებით გაყვნენ გზას და აგვისტოს ხვატით ფერდაკრულ მწვანეში გაუჩინარდნენ. ამ დროს გეტსბიც მოადგა პარმაღს. ხელში ქუდი და ლაბადა ეჭირა.
დეიზის ასე მარტო ხეტიალმა ეტყობა ააფორიაქა ტომი და შემდეგ შაბათს სანადიმოდ გამოჰყვა უესტ-ეგში. ალბათ ტომი იყო იმის მიზეზი, რომ ის საღამო, გეტსბისთან გატარებულ ყველა სხვა საღამოსთან შედარებით, ჩემს მეხსიერებაში გამოირჩევა რაღაც განსაკუთრებული, სულისშემხუთავი ატმოსფეროთი. იგივე ხალხმა მოიყარა თავი, ყოველ შემთხვევაში, იმავე ყაიდის ხალხმა; ისევ უამრავი შამპანური დაილია, ისევ დაუცხრომლად ფუთფუთებდნენ ხმაურიანი, მოზიმზიმე სტუმრები მაგრამ მე მაინც უსიამოვნო გრძნობა დამეუფლა. უხეში და გაურანდავი მეჩვენა ყველაფერი; ადრე ეს არ შემიმჩნევია. იქნებ უბრალოდ, შეგუებული ვიყავი აქაურობას, შევეჩვიე იმას, რომ უესტ-ეგს სრულყოფილ სამყაროდ ვაღიარებდი საკუთარი წეს-საწყაოთი, თუ გამოჩენილი ხალხი, შეუდარებელ სამყაროდ, რადგან თვითონ ასეთად ვერ გრძნობდა თავს. ახლა ყველაფერს დეიზის თვალით ვუყურებდი. ერთობ ძნელი და გულის გამაწვრილებელია, სხვისი თვალით შეხედო იმას, რაც უკვე აითვისე და ადგილი მიუჩინე შენს გულში.
ტომი და დეიზი დაბინდებისას მოვიდნენ. მოზიმზიმე ხალხში გავერიეთ, გავისეირნეთ. დეიზის ხმა ყელში ნარნარით მუშაითობდა.
– ყველაფერი მომწონს, - ჩამჩურჩულა, - ამ საღამოს ჩემი კოცნა თუ მოგინდეს, ნიკ, მანიშნე და სიამოვნებით მოგიხერხებ, მხოლოდ სახელი ახსენე ჩემი, ანდა მწვანე ბარათი მომართვი. მე მწვანე ბარათებს ვაძლევ...
– გაიხედ-გამოიხედეთ, - გვირჩია გეტსბიმ.
– გაოცებული სულ აქეთ-იქით ვიყურები.
– აქ ისეთ ადამიანებსაც ნახავთ, ვის შესახებაც ბევრი რამ გსმენიათ...
ტომი ამაყად ათვალიერებდა ბრბოს.
– იშვიათად დავდივარ სხვაგან, - ჩაილაპარაკა, - მართლაც, ახლა ვფიქრობდი, არც ერთს არ ვიცნობ.
– იქნებ ამ ქალბატონს იცნობდეთ, - გეტსბიმ მომხიბვლელ ბანოვანზე მიუთითა, ქალად გამოსახულ ორქიდეას გავდა იგი, ყელმოღერებული იჯდა თეთრი ქლიავის
ძირას. ტომი და დეიზი შეაჩერდნენ იმ განსაკუთრებული ურწმუნოებით, რომელიც ყოველთვის გიჩნდება, როცა საკუთარი თვალით ნახავ სახელგანთქმულ კინოვარსკვლავს, დღემდე რომ აჩრდილივით უხორცო გეგონა.
– რა მშვენიერია, - აღმოხდა დეიზის.
– ის კაცი, მისკენ რომ არის გადახრილი, რეჟისორია.
გეტსბი დიდის ამბით მიუძღოდა მათ და ხან ერთ ჯგუფს აცნობდა, ხან მეორეს.
– ქალბატონი ბიუქენენი... და ბატონი ბიუქენენი, - წამით შეყოყმანდა და მერე დაუმატა, - პოლოს ოსტატი.
– ოჰ, არა, - იუარა ტომმა, - მე არა.
გეტსბის ალბათ მოეწონა ამ სიტყვების ჟღერადობა და ტომს მთელი საღამო შერჩა „პოლოს ოსტატის“ ტიტული.
– ამდენი გამოჩენილი ადამიანი არასოდეს მინახავს, - წამოიძახა დეიზიმ. - მომეწონა ის კაცი. რა ერქვა? აი იმას, ცხვირგალურჯებულს!
გეტსბიმ უთხრა მისი სახელი და ისიც დაუმატა, რომ მცირე სტუდიის მფლობელიაო.
– მერე რა, მე მაინც მომეწონა.
– მგონი მერჩია პოლოს არ ვთამაშობდე, - მხიარულად ჩაილაპარაკა ტომმა, - ამდენ გამოჩენილ ადამიანს თავისუფლად ვუთვალთვალებდი, მე კი ვერავინ შემამჩნევდა.
დეიზიმ და გეტსბიმ იცეკვეს. მახსოვს, გამაოცა გრაციოზულმა ძველმოდურმა ფოქსტროტმა - ადრე გეტსბის ცეკვა არ მენახა. მერე ჩემი სახლისკენ გაისეირნეს და ნახევარ საათს კიბეებზე ისხდნენ. დეიზის თხოვნით მე ბაღში ვდარაჯობდი მათ. თუ, ვინიცობაა, ხანძარი გაჩნდა ან წყალი ადიდდაო, - ამიხსნა, - ან თუ სხვა რამ ღვთისრისხვა დატრიალდაო.
ტომი მართლაც აღარსად შეგვიმჩნევია და მაშინ გამოჩნდა, როცა უკვე ვახშმად ვსხდებოდით.
– თუ არ გეწყინებათ, სხვებთან ვივახშმებ, - მოგვახსენა. - ვიღაც ყმაწვილი სასაცილო ამბებს გვიყვება.
– აბა შენ იცი, - ნაზად მიუგო დეიზიმ, - მისამართის ჩაწერა თუ დაგჭირდეს ჩემს ოქროს კალამს გაგატან...
ცოტა ხნის შემდეგ ქმარს გახედა და შთაბეჭდილება გამიზიარა.
– ქარაფშუტა გოგო ჩანს, მაგრამ ლამაზია.
ვიცი, დეიზის ჩამწარებული ჰქონდა მთელი საღამო, იმ ნახევარი საათის გარდა, რომელიც გეტსბისთან გაატარა.
ჩვენი თანამესუფრენი გვარიანად დამთვრალიყვნენ. ჩემი ბრალი იყო მათთან რომ დავსხედით. გეტსბის მალევე ტელეფონთან უხმეს, მე კი ეს ხალხი ორი კვირის წინ
გავიცანი და მაშინ ძალიანაც ვისიამოვნე მათთან, მაგრამ რამაც იმ დღეს გამართო, ახლა შხამივით წამლავდა ჰაერს.
– თავს როგორ გრძნობთ, მისს ბედეკერ?
ის ქალიშვილი, ვისაც ასე მიმართეს, ჩემს მხარზე თავის ჩამოდებას ლამობდა, მაგრამ ამაოდ. შეკითხვამ გამოარკვია, წელში გასწორდა და თვალი გაახილა.
– აა?
ვიღაც ზონზროხა, თონთლო დედაკაცი, ცოტა ხნის წინ დეიზის რომ ეხვეწებოდა ადგილობრივ კლუბში ხვალ გოლფი ვითამაშოთო, მისს ბედეკერს გამოესარჩლა.
– ახლა მშვენივრადაა. ხუთ ან ექვს კოქტეილს როცა დალევს, ასე წივის და კივის. ვუჩიჩინებ, გადაეჩვიე-მეთქი.
– აკი გადავეჩვიე, - ყრუ ხმით შეესიტყვა ბრალდებული.
– შენი ღმუილის გაგონებისთანავე დოკ სივეტს ვუთხარი. ვიღაცას შენი დახმარება ესაჭიროება-მეთქი.
– დარწმუნებული ვარ, თქვენი დიდად მადლობელია, - უკმეხად ჩაურთო მეორე მეგობარმა, - მაგრამ კაბა სულ დაუსველეთ, აუზში როცა აყოფინებდით თავს.
– ყველაფერზე უფრო ეგ მეჯავრება, წყალში რომ მაყოფინებენ თავს, - წაილუღლუღა მის ბედეკერმა, - ერთხელ, კინაღამ დამახრჩვეს, ნიუ-ჯერსიში.
– ჰოდა, თავი უნდა დაანებო სმას, - ჩამოუმარცვლა ექიმმა სივეტმა.
– ეგ შენს თავს უთხარი! - შეუღრინა გაცეცხლებულმა ბედეკერმა. - ხელები გიკანკალებს; არა, ოპერაციას შენ არ გაგაკეთებინებ.
ასე იყო მთელი საღამო. ბოლოს, როგორც მახსოვს, მე და დეიზი ერთად ვიდექით, მივჩერებოდით კინორეჟისორსა და მის ვარსკვლავს. კვლავ თეთრი ქლიავის ძირას ისხდნენ, სახით თითქმის მიხუტებოდნენ ერთმანეთს. მთვარის ფერმკრთალი შუქის ვიწრო ზოლიღა ჭიატობდა მათ შორის. ერთი კი გამიელვა - ალბათ მთელი საღამო ასე ნელ-ნელა იხრება და ფრთხილად უახლოვდება-მეთქი ქალს, მაგრამ სწორედ ამ დროს მოვკარი თვალი - ცოტაც დაიხარა, ზღვარი მოიშალა და მამაკაცმა ქალს ლოყაზე აკოცა.
– მომწონს ეს ქალი, - თქვა დეიზიმ, - მგონი მშვენიერიც კია.
მაგრამ სხვა ყველაფერი ეზიზღებოდა; არ მეტიჩრობდა, გულწრფელად არ მოსწონდა. შეაშინა უესტ-ეგმა, ამ უჩვეულო „ადგილმა“, ლონგ აილენდის მეთევზეთა სოფელში ბროდვეის გავლენით რომ გაჩენილიყო. შეაშინა მისმა უნდილმა ძალამ, გაცვეთილი ზრდილობის მიღმა რომ იწმახნებოდა; შეუვალმა ბედმა, მის მკვიდრთ უმოკლესი გზით რომ მილალავდა არარაიდან არარაისკენ. აქაური უბრალოებაც, ვერ გაეგო, აუტანელ საშინელებად ეჩვენებოდა.
მათი მანქანის მოლოდინში სახლის წინ კიბეებზე ჩამოვსხედით. აქეთა მხარე ჩაბნელებული იყო; აისის მკრთალ ბინდს შუქი მხოლოდ კარიდან ეფინებოდა. ზედა სართულზე, საგარდერობოს ფარდასთან აჩრდილივით აიტუზებოდა ვინმე, მერე
მეორე შეენაცვლებოდა მას და ასე ჩაივლიდა მთელი პროცესია - იღიმებოდნენ, უმარულით იფეთქებოდნენ უხილავ სარკესთან.
– მაინც ვინ არის ეს გეტსბი? - მოულოდნელად დაიწყო ტომმა, - ვინმე დიდი ბუტლეგერია?
– საიდან მოიგონე? - შევუბრუნე კითხვა.
– არსაიდან ჩემით. წარმოვიდგინე. ახლად გამდიდრებული ხალხის უმრავლესობა ბუტლეგერები არიან, შენც კარგად იცი.
– გეტსბი არ არის, - მოკლედ მოვუჭერი.
ერთხანს დუმდა. კენჭებს ხრაშახრუში გაჰქონდათ მის ფეხქვეშ.
– კეთილი. ალბათ რამდენი იწვალა, ვიდრე ამ სამხეცეს მოუყრიდა თავს.
ნიავმა დაუბერა და ბეწვის საყელო ლეგა კვამლივით აუშალა დეიზის.
– ბოლოს და ბოლოს, ესენი უფრო საინტერესო ხალხია ვიდრე ისინი ვისაც ჩვენ ვიცნობთ, - თავს ძალა დაატანა და სიტყვა ჩაურთო დეიზიმ.
– არც ასე დაინტერესებული ჩანდი.
– რატომაც არა, მაინტერესებდა.
ტომმა გაიცინა და მე მომიბრუნდა.
– დეიზის სახე თუ დაინახე მაშინ, როცა იმ გოგომ ცივი შხაპი მოითხოვა?
დეიზი ხმადაბალი ღიღინით რიტმულად აჰყვა მუსიკას. ყოველ სიტყვაში რაღაც მნიშვნელობას აქსოვდა, ისეთს, ადრე რომ არასოდეს ჰქონია და არც შემდეგ ექნებოდა. როცა მელოდია მაღლა მიიწევდა, ისიც მიყვებოდა, მაგრამ გადასვლისას ხმა საამურად ებზარებოდა, როგორც სჩვევია კონტრალტოს, და სწორედ მაშინ აფრქვევდა გულთბილ, ადამიანურ მომხიბვლელობას.
– უამრავი ხალხი მოდის დაუპატიჟებლად, - თქვა უეცრად დეიზიმ. - არც ის გოგო იყო დაპატიჟებული. ასეთები ძალით შემოდიან, გეტსბი კი თავაზიანობის გამო უარს ვერ ეუბნება.
– მაინტერესებს ვინ არის ეს კაცი და რას აკეთებს, - დაიჩემა ტომმა, - გავიგებ კიდეც.
– ახლავე შემიძლია გითხრა, - უპასუხა ქალმა. - აფთიაქები აქვს. ბევრი აფთიაქი. თვითონვე აუშენებია.
ლიმუზინმა ზანტად გამოირა მოსახვევი.
– ღამე მშვიდობისა, ნიკ, - მითხრა დეიზიმ.
თვალი შემავლო და მყისვე ზევით აიხედა. განათებული კიბის თავზე, ღია კარიდან, მდორედ იღვრებოდა იმ წელს გავრცელებული მარტივი, სევდიანი ვალსი „დილის სამი საათია“.
გეტსბის ნადიმებისათვის ასერიგად ნიშანდობლივი შემთხვევითობა და მოულოდნელობა ქმნიდა რომანტიკულ გარემოს, რაც დეიზის სამყაროს სრულიად არ გააჩნდა. რა იზიდავდა მას იმ სიმღერაში, რა ეძახდა უკან? რაღა უნდა მომხდარიყო ახლა ამ ბინდბუნდში და უჟამო ჟამს? იქნებ კიდევ გამოჩენილიყო მოულოდნელი სტუმარი, იშვიათი და საოცარი, ან უზადო მშვენების ქალწული, რომლის ერთი წყლიანი შემოხედვა, ერთი ჯადოსნური წამი შეხვედრისა მთლიანად წაშლიდა გეტსბის ხუთი წლის ურყევი ერთგულების კვალს.
იმ ღამით გვიანობამდე დავრჩი. გეტსბიმ მთხოვა დამეცადა, ვიდრე განთავისუფლდებოდა. ბაღში ვიბორიალე ვიდრე შემცივნული, მაგრამ ხასიათზე მოსული ცურვის ტრფიალნი ბინდით მოცული სანაპიროდან დაბრუნდებოდნენ, ვიდრე ზემო სართულზე, სასტუმრო ოთახებში სინათლე ჩაქრებოდა. ბოლოს გეტსბიც ძირს ჩამოვიდა. გარუჯული სახე უჩვეულოდ დაძაბვოდა, ანთებულ თვალებში დაქანცულობა ემჩნეოდა.
– არ მოეწონა აქაურობა, - მითხრა მოულოდნელად.
– როგორ არ მოეწონა.
– არ მოეწონა, - არ იშლიდა თავისას, - ვერ ისიამოვნა.
ეს თქვა და გაჩუმდა. მივხვდი, რომ სასოწარკვეთილებამ დაადუმა.
– ძალიან შორს ვართ ერთმანეთისგან, - ამოთქვა ბოლოს, - გაუძნელდება გაგება.
– ცეკვაზე ამბობთ?
– ცეკვაზე? - თითი ისე გაატკაცუნა, რომ ყველა საცეკვაო მეჯლისი ერთბაშად უარყო. - ძმაკაცო, ცეკვას რა მნიშვნელობა აქვს.
გეტსბი დეიზისგან ამაზე ნაკლებს როდი მოითხოვდა: ქალი თვითონვე უნდა მისულიყო ტომთან და ეთქვა - არასოდეს არ მყვარებიხარო. როცა ამ ერთი წინადადებით გადაშლიდა განვლილ ოთხ წელიწადს, მერე სხვა პრაქტიკულ ღონისძიებებზე ზრუნვას შეუდგებოდა. ერთი ამ ღონისძიებათაგანი ისიც იყო, რომ ტომისგან განთავისუფლდებოდა თუ არა, ლუისვილში ჩავიდოდნენ და დეიზის სახლში იქორწინებდნენ - ისე, თითქოს ხუთი წლის წინ ხდებოდა ეს.
– ვერ გამიგო, - შემომჩივლა, - ადრე ადვილად მიგებდა. საათობით ვისხედით...
სიტყვა გაუწყდა. ხილის ნათალით, დამჭკნარი ყვავილებით, დაჭმუჭნული ქაღალდებით დაფარულ ბილიკზე ბოლთას სცემდა.
– მე ამდენს ვერ მოვთხოვდი, - შევბედე, - წარსული არ განმეორდება.
– წარსული არ განმეორდებაო? - უნდობლად შემომძახა. - როგორ არა, განმეორდება! - გაფაციცებით მიმოიხედა, თითქოს წარსული იქვე იმალებოდა, მისი სახლის ჩრდილში, ორ ნაბიჯზე.
– ყველაფერს ისე მოვაწყობ, როგორც გუშინ იყო. - მითხრა და მტკიცედ დააქნია თავი, - თვითონვე ნახავს.
ბევრს მესაუბრა თავის წარსულზე. მივხვდი, რაც სწადდა: რაღაც უნდოდა ეპოვა და აღედგინა, ალბათ საკუთარი მეობის რაღაც ნაწილი, რაღაც, რაც მთლიანად შეალია დეიზის სიყვარულს. იმ დროიდან აეწეწა და აერია მთელი ცხოვრება, მაგრამ თავიდან თუ დაიწყებდა და ხელახლა დინჯად გაივლიდა ამ გზას, იქნებ მაშინ აღმოეჩინა ეს რაღაც...
... ერთხელ, შემოდგომაზე, ფოთოლცვენისას, ამ ხუთიოდე წლის წინ, შუაღამით, ქუჩა-ქუჩა რომ დასეირნობდნენ, უეცრად შედგნენ ერთმანეთის პირისპირ ისეთ ადგილას, სადაც ახლომახლო არც ერთი ხე არ იდგა და მთვარის შუქი თეთრად დაფენოდა ქვაფენილს. ღამე იყო გრილი და იდუმალი მღელვარებით აღსავსე, სწორედ ისეთი, როგორიც იცის წლის ორივე ბუნიობისას; სახლების მშვიდი შუქი მკრთალად ბჟუტავდა ბნელში. ჩახჩახებდნენ მოციმციმე ვარსკვლავები. ღამის შუქ-ჩრდილში გეტსბის მოეჩვენა, თითქოს ქვაფენილის ფილები კიბეებივით მიემართებოდნენ სადღაც, იდუმალი ადგილისაკენ, ხეების თავზე. მარტო თუ წავიდოდა, აივლიდა ამ კიბეს და დაეწაფებოდა იქ სიცოცხლის წყაროს, ხარბად შესვამდა მის უბადლო, სასწაულებრივ რძეს.
რაც უფრო ახლოს მიჰქონდა დეიზის თავისი სპეტაკი სახე გეტსბისთან, მით უფრო ჩქარა უცემდა ვაჟს გული. დარწმუნებული იყო, თუ აკოცებდა ასულს და ენით უთქმელ ხილვებს სამარადისოდ დაუკავშირებდა მის მილეულ სუნთქვას, სამუდამოდ გაუქარწყლდებოდა აზრის ღვთაებრივი ქროლვის უნარი. ამიტომ არ ჩქარობდა. ერთ ხანს უსმინა ვარსკვლავის სხივზე აწკრიალებულ კამერტონს და ბოლოს აკოცა. როგორც კი ბაგე შეახო ასულს, იგი მის წინაშე ყვავილივით გადაიშალა და ოცნებამ ხორცი შეისხა.
ყველაფერი რაც მიამბო, მისი აუტანელი სანტიმენტალობაც კი, რაღაცას მაგონებდა - ძნელად შესამჩნევ რიტმს, დავიწყებულ სიტყვებს, რომლებიც სადღაც, დიდი ხნის წინ მქონდა გაგონილი. ერთი წამით რაღაც წინადადებაც კი მომადგა ენაზე, ტუჩებიც კი ავაცმაცუნე მუნჯივით, მაგრამ ხმა ვერ ამოვიღე, ჰაერიც კი ვერ შევარხიე. ის, რაც მაშინ თითქმის გამახსენდა, სამუდამოდ დამრჩა უთქმელი.
თავი VII
ერთ შაბათ საღამოს, სწორედ მაშინ, როცა გეტსბისადმი საერთო ინტერესმა მწვერვალს მიაღწია, მისი სასახლე აღარ გაჩირაღდნებულა. ასე გამოცანასავით დაიწყო და დაამთავრა მან ტრიმალქიონის მოღვაწეობა. მოგვიანებით შევნიშნე, მანქანები იმედიანად შეგრიალდებოდნენ მისი ეზოს კარიბჭეში, შეჩერდებოდნენ რამდენიმე წუთს და უხალისოდ ბრუნდებოდნენ უკან. ვიფიქრე, ავად ხომ არ გახდა-მეთქი და ამ ამბის გასაგებად გავედი. ვიღაც უკმეხმა, უსიამოვნო სახის კარისკაცმა ეჭვის თვალით გამომხედა.
– ბატონი გეტსბი ავად არის?
– არაჰ, - როყიოდ ამოიძახა. ცოტა ხნის შემდეგ „ბატონო“-ც დაუმატა, ზანტად და ნაძალადევად.
– დიდი ხანია არ გამოჩენილა და შევწუხდი. გადაეცით, ბატონმა კაროუეიმ გიკითხათ-თქო.
– ვინა? - უკმეხად ჩამეკითხა.
– კაროუეიმ.
– კარგით, ვეტყვი.
კარი ცხვირწინ მომიჯახუნა.
ჩემმა ფინელმა მოსამსახურემ მომახსენა, გეტსბიმ ამ ერთი კვირის წინ ყველა მსახური დაითხოვა და სანაცვლოდ ექვსიოდე კაცი დაიყენაო. არც გარეთ გამოდიან და ვერც სურსათ-სანოვაგის მოვაჭრეები ახერხებენ მათ მოსყიდვას - ტელეფონით უკვეთავენ სანოვაგეს, თანაც ზომიერი რაოდენობითო. ბაყალის მსახურ ბიჭს უთქვამს, სამზარეულო საღორეს დაემსგავსაო. ჩუმ-ჩუმად იმასაც ამბობენ - მსახურების არაფერი სცხიათო.
მეორე დღეს გეტსბიმ დამირეკა.
– გადადიხართ? - შევეკითხე.
– არა, ძმაკაცო.
– გავიგე, მსახურები დაგითხოვიათ.
– ისეთი ხალხი მინდა, ვინც არ იჭორავებს. დეიზი ხშირად მოდის ჩემთან, საღამოობით.
დიახ, ამ ქალის თვალებში გამომკრთალი უკმაყოფილება კმაროდა, რომ ეს ვეება ქარვასლა ბანქოს ხუხულასავით დაშლილიყო.
– ამ ხალხის მოწყობა ვულფშიმს უნდოდა. და-ძმანი არიან. ადრე პატარა სასტუმრო ჰქონიათ.
– მესმის.
დეიზის დავალებით მირეკავდა - ხვალ საუზმეზე ხომ არ მეწვევიო? მისს ბეიკერიც იქნებაო. ნახევარი საათის შემდეგ დეიზიმ თვითონ დამირეკა და რომ გაიგო მისვლას ვაპირებდი, შვებით ამოისუნთქა. უთუოდ რაღაც ამბავი იყო, მაგრამ როგორ ვიფიქრებდი რომ სწორედ იმ დღეს აირჩევდნენ იმ შემზარავი სცენის გასათამაშებლად, გეტსბიმ რომ ამიწერა მაშინ, ბაღში.
მეორე დღეს პაპანება იყო - ზაფხულის ერთ-ერთი ბოლო და ალბათ უმცხუნვარესი დღე იდგა. ჩემი მატარებელი გვირაბიდან მზის შუქზე რომ გამოვიდა, ხვატით გათანგულ შუადღეს მხოლოდ „ნეიშნლ ბისკუიტ კომპანის“ ორთქლის საყვირები აფორიაქებდა. ვაგონის ჩალის სავარძლებს ცეცხლი ეკიდებოდა. თეთრკაბიანი ქალი, ჩემს გვერდით ერთხანს ღირსებით უძლებდა ოფლსა და ალმურს, მაგრამ როცა ხელში გაზეთიც დაენამა, გატეხა უსაშველო სიცხემ და სასოწარკვეთილმა ამოიგმინა. ამ დროს საფულეც გაუვარდა და იატაკზე დაეცა.
– ვაიმე! - აღმოხდა.
მოთენთილი ძლივს დავიხარე, ავიღე და შორიდანვე გავუწოდე პატრონს, ხელი კიდეზე მოვკიდე, რომ სხვა არაფერი ეფიქრათ, მაგრამ მაინც ეჭვით გამომხედა ყველამ, თვით იმ ქალმაც.
– ცხელა! - შესჩიოდა კონდუქტორი თითოეულ მგზავრს, ვისაც შეიცნობდა. - ეს რა სიცხეა!... ცხელა! ... ცხელა!... ძალიან გცხელათ? სიცხეა! სიცხე! ...
ჩემს მუდმივ რკინიგზის ბილეთს მისი შავი ნათითურები დააჩნდა. ასეთ სიცხეში ვინღა დაეძებს ვის ჩაუკოცნის ალმურმოდებულ ტუჩებს, ან ვისი თავი დაულღობს პიჟამოს ჯიბეს, გულთან!
... ბიუქენენების ბინის წინკართან საამურ სიოს ტელეფონის წკრიალი გამოჰყვა. გეტსბი და მე, ამ დროს, სადარბაზო კართან ვიცდიდით.
– თვით პატრონის გვამი გნებავთ? - ჩაყვირა მსახურმა ყურმილში, - ვწუხვარ, ქალბატონო, მაგრამ, ახლა არ მოხერხდება; ისეა გახურებული, ამ ხვატში ხელსაც ვერ ვახლებთ!
სინამდვილეში აი ეს გავიგონეთ: „დიახ... დიახ... გავიგებ“.
ყურმილი დადო და ჩვენკენ გამოეშურა. ჩალის ქუდები ღიმილით ჩამოგვართვა.
– ქალბატონი დარბაზში გელოდებათ! - მოგვახსენა და გზაც თავაზიანად მიგვითითა, თუმცა არ იყო საჭირო. ასეთ სიცხეში ყოველი ზედმეტი მოძრაობა სასიცოცხლო ძალის აბუჩად აგდებაა და სხვა არაფერი.
ჩარდახებით ფანჯრებმოჩრდილულ ოთახში ბნელოდა. სიგრილე იდგა. ვეება ტახტზე ვერცხლის კერპებივით მიწოლილი დეიზი და ჯორდანი ვენტილატორის მოზუზუნე ნიავით აფრიალებულ თეთრ კაბებს დაბლა ექაჩებოდნენ.
– ჩვენ ვერ გავინძრევით, - ერთხმად შემოგვძახეს.
ჯორდანის გარუჯული, პუდრით გათეთრებული თითები ერთხანს ჩემს ხელისგულზე დაყოვნდა.
– ბატონი ტომას ბიუქენენი, ცნობილი ატლეტი, სადღაა? - ვიკითხე.
ამ დროს შემომესმა მისი უხეში, დაგუდული, ხრიწიანი ხმა. წინკარში ტელეფონით ვიღაცას ელაპარაკებოდა.
გეტსბი მუქ-წითელი ხალიჩის შუაგულში გაჩერებულიყო და აღფრთოვანებული აცეცებდა თვალებს. დეიზიმ შეხედა და გაიცინა, ტკბილად, მომხიბლავად. მკერდზე პუდრის მქრქალი მტვერი აეშალა.
– ასე ამბობენ, - წაიჩურჩულა ჯორდანმა, -ტომი ტელეფონით თავის გოგოს ელაპარაკებაო.
გავიტრუნეთ. წინკარში ხმა თანდათან ძლიერდებოდა. ტომს გაბრაზება დაეტყო.
– კეთილი, მაშინ სულ არ მოგყიდით მანქანას... ვალდებული ვარ თუ რა?... თანაც, საუზმობისას რომ მაწუხებთ ასეთ საქმეზე, რასა ჰგავს ეს!
– ყურმილს ხელი დააფარა, - იქედნურად შენიშნა დეიზიმ.
– არა, არა, - ვცადე დამერწმუნებინა. - მართლაა ვიღაცასთან გარიგებული. შემთხვევით გავხდი ამის მოწმე.
ტომმა კარი შემოაღო, ზორბა სხეულით წამით ამოქოლა ის სივრცე და ოთახში სწრაფად შემოვიდა.
– ბატონი გეტსბი! - მარჯვედ შენიღბული ზიზღით გაუწოდა ფართო, ბრტყელი ხელი. - გამიხარდა თქვენი ნახვა, სერ... ნიკ..
– ცივი სასმელი გაგვიმზადე რამე, - სთხოვა დეიზიმ.
ტომი ოთახიდან გავიდა თუ არა, დეიზი გეტსბისთან მიიჭრა, მისი სახე ხელებით მიიზიდა და ტუჩებში აკოცა.
– იცოდე, მიყვარხარ, - უთხრა ჩურჩულით.
– დაგავიწყდა, რომ აქ სხვა ქალიცაა! - უსაყვედურა ჯორდანმა.
– შენც აკოცე ნიკს.
– რა სულმოკლე, ვულგარული გოგო ხარ.
– რა ვქნა მერე! - წამოიძახა დეიზიმ და ბუხრის პირას აგურის იატაკზე ფეხი დააბაკუნა. მერე გაახსენდა, რომ ცხელოდა და დამნაშავესავით ჩამოჯდა ტახტზე. სწორედ ამ დროს ქათქათა სამოსიანი ძიძა ოთახში შემოუძღვა პატარა გოგონას.
– ჩემო სანეტარო, ჩემო საყვარელო, - შეღუღუნა დეიზიმ და ხელები მისკენ გაიშვირა. - მოდი შენს დედიკოსთან. ძალიან მიყვარხარ.
ბავშვი ძიძას დაუსხლტა, ოთახი სირბილით გადაკვეთა და დედამისის კალთაში ჩარგო თავი.
– ჩემო სანეტარო, ჩემო საყვარელო! დედიკომ პუდრით დაგისვარა ჩალისფერი თმა? წამოდექი და ყველას მიესალმე: გამალძობათ...
ჯერ გეტსბი, მერე მე, რიგრიგობით დავიხარეთ და ძალით ჩამოვართვით პაწაწინა ხელი. გეტსბი გაკვირვებული მიაჩერდა ბავშვს. არა მგონია, რომ აქამდე მართლა სჯეროდა მისი არსებობა.
– ალ მისაუზმია და მაინც ჩამაცვეს, - უთხრა გოგონამ და ცნობისმოყვარედ მიაჩერდა დეიზის.
– ეს იმიტომ, რომ შენს დედიკოს სურდა ლამაზი და მშვენიერი ეჩვენებინე სტუმრებისათვის. - დაიხარა და ჩვილი ყელის ერთადერთ ნაკეცზე მიეხუტა, - ჩემო საოცნებო, ჩემო ერთადერთო პატარა ოცნებავ.
– დიახ, - მშვიდად ჩაილაპარაკა ბავშვმა. - დეიდა ჯოლდანსაც თეთრი კაბა აცვია.
– როგორ მოგწონს დედიკოს მეგობრები? - დეიზიმ გეტსბისაკენ შემოატრიალა ბავშვი, - როგორ ფიქრობ ლამაზები არიან?
– მამიკო სად არის?
– მამამისს არ ჰგავს, - აგვიხსნა დეიზიმ. - მე მგავს. თმაც ჩემი აქვს და სახის მოყვანილობაც.
დეიზი ისევ ტახტზე ჩამოჯდა. ძიძამ ნაბიჯი წინ წადგა და ბავშვს ხელი გაუწოდა.
– წამოდი, პემმი.
– ნახვამდის, ჩემო გულის ვარდო!
სანიმუშოდ აღზრდილ ბავშვს კისერი მოეღრიცა, მაგრამ მაინც ჩაჰკიდა ხელი ძიძას და გაჰყვა. სწორედ ამ დროს ოთახში ტომი შემობრუნდა, შემოუძღვა მსახურს, რომელსაც ოთხი დიდი სასმისით ჯინი მოჰქონდა. ყინულის ნატეხებით ავსებულ სასმისებს წკრიალ-წკრიალი გაუდიოდა.
გეტსბიმ თავისი ჭიქა აიღო.
– მართლა ცივი უნდა იყოს, - აშკარად ნაძალადევად ამოღერღა მან.
ხარბად დავეწაფეთ სასმისებს.
– სადღაც ამოვიკითხე, მზე ყოველწლიურად უფრო და უფრო ცხელი ხდებაო, - მხიარულად შენიშნა ტომმა. - ალბათ სულ მალე დედამიწა მზეს დაეცემა; არა, რას ვამბობ, მგონი პირიქით ეწერა, მზე ყოველწლიურად ცივდებაო.
– გარეთ გავიდეთ, - მიმართა გეტსბის, - აქაურობა მინდა დაგათვალიერებინოთ.
აივანზე მეც გავყევი. მწვანე სრუტე პაპანებაში განაბულიყო. პატარა ხომალდი დინჯად მიაპობდა წყალს, გაშლილი ზღვისაკენ აეღო გეზი. გეტსბიმ წამით თვალი გააყოლა, მერე ხელი გაიშვირა და უბის გაღმა ნაპირზე მიუთითა.
– სწორედ თქვენს პირდაპირ ვცხოვრობ, გაღმა ნაპირზე.
– მართლაც.
თვალით გადავევლეთ ვარდის ბუჩქებს, გავარვარებულ ბაღჩა-ბაღებს, აუტანელი სიცხით გადაბუგულ სანაპიროს, თეთრიალქნიანი ნავი ნელა, ტაატით მიიწევდა წინ და უახლოვდებოდა ჰორიზონტის ლურჯ, გრილ ზღვარს. ჩვენს თვალწინ გადაშლილიყო ნაპირებდაკბილული ოკეანე უამრავი მშვენიერი კუნძულით.
– აი, გასართობი, - თავით გვანიშნა ტომმა. - ერთ საათს სიამოვნებით გავატარებდი მაგ ორჩხომელზე.
სასადილო ოთახში ვისაუზმეთ. სიცხის გამო ისიც ჩაებნელებინათ. ცივ ლუდს შევექეცით და უხერხული, ნერვიული მხიარულება ამით შევალამაზეთ.
– ნასაუზმევს რას ვაპირებთ? - იკითხა დეიზიმ, - ან ზეგ, ან მომდევნო ოცდაათი წლის მანძილზე?
– ნუ იდარდებ, - უთხრა ჯორდანმა, - შემოდგომაზე, გრილი ნიავი რომ დაუბერავს, ცხოვრება თავიდან დაიწყება.
– ძალიან ცხელა, - თავისას არ იშლიდა დეიზი და ცრემლს ძლივს იკავებდა, - ბუღი ასდის ყველაფერს. მოდით, ქალაქში წავიდეთ!
ქალის ხმა ბორგავდა ამ პაპანაქებაში, ებრძოდა სიცხეს და აცხრობდა მის უაზრო თარეშს.
– საჯინიბო რომ გარაჟად გადაუკეთებიათ, ეს ხშირად გამიგონია, - ესაუბრებოდა ტომი გეტსბის, - მე, ალბათ, ერთადერთი კაცი ვარ, რომელმაც გარაჟი გადააკეთა საჯინიბოდ.
– ვის უნდა ქალაქში წასვლა? - მტკიცედ იკითხა დეიზიმ. გეტსბის მისკენ გაეპარა თვალი. - ოჰ, - აღმოხდა ქალს, - თქვენ სულ არა გცხელათ!
თვალებით შეხვდნენ და ჩააშტერდნენ ერთმანეთს, თითქოს ამქვეყნად მათ გარდა სხვა აღარავინ არსებობდა; როგორც იქნა, თავს ძალა დაატანა დეიზიმ და მზერა მაგიდაზე გადაიტანა.
– თქვენ არასოდეს გცხელათ! - გაიმეორა ქალმა.
ამით გეტსბის უთხრა, მიყვარხარო. ეს ტომ ბიუქენენმაც შენიშნა და საშინლად გაოცდა. პირი უნებურად დააღო, ხან გეტსბის შეხედავდა და, ხან ისევ დეიზის, თითქოს ეს არის ახლა იცნო ვიღაც ძველისძველი ნაცნობი.
– სარეკლამო სურათს ჰგავხართ, - გულწრფელად განაგრძო დეიზიმ, - იცით სარეკლამო სურათი...
– საუცხოოა, - სასწრაფოდ ჩაერია ტომი, - ხალისით წავალ ქალაქში. წავიდეთ, ყველა წამოვალთ.
ტომი წამოდგა. თვალებით ცეცხლს აკვესებდა, ხან გეტსბის შეხედავდა, ხან საკუთარ მეუღლეს. არავინ განძრეულა.
– წავედით! - აღელვება ოდნავ დაეტყო ტომს. - რა მოხდა, ბოლოს და ბოლოს? თუ ქალაქში მივდივართ, ბარემ წავიდეთ.
თავს ძლივსღა იკავებდა. ოდნავ ათრთოლებული ხელით ბოლო ჭიქა ლუდი ტუჩთან მიიტანა და დალია. დეიზის დაძახებაზე წამოვდექით და გარეთ გავედით. მოხრეშილ გზას ალმური ასდიოდა.
– რა უკვე მივდივართ? - უკმაყოფილოდ ჩაურთო დეიზიმ, - ასე? სიგარეტის მოწევაც არავის დავაცალოთ?
– საუზმობისას ყველამ მოწია.
– გვაცადე, ვისიამოვნოთ რამე, - შეეხვეწა ქმარს, - რა დროს ფაცაფუცია ამ სიცხეში.
ტომმა არ უპასუხა.
– შენი ნება იყოს, - დათმო დეიზიმ, - წამოდი, ჯორდან.
მოსამზადებლად ზედა სართულზე ავიდნენ. ჩვენ კი, სამი მამაკაცი, მათ მოლოდინში ადგილზე ვწრიალებდით. გახურებულ სილას ჩვენს ფეხქვეშ ხრაშახრუში გაჰქონდა.
მთვარის ვერცხლისფერი რკალი აჩნდა ცის დასავალს. გეტსბი რაღაცის თქმას აპირებდა და გადაიფიქრა, მაგრამ ტომი უკვე შემობრუნებულიყო მისკენ და პირში მისჩერებოდა.
– თქვენი საჯინიბო აქ არის სადმე? - ძლივსღა იკითხა გეტსბიმ.
– ქვემოთ არის. აქედან მეოთხედი მილი იქნება.
– ჰოო.
დუმილი.
– ვერ გამიგია, რა დროს ქალაქში წასვლაა, - აღმოხდა ბოღმამოწოლილ ტომს. - ქალს თუ მოუვა თავში აზრი...
– სასმელი წავიღოთ რამე? - ზედა სართულის სარკმლიდან გადმოსძახა დეიზიმ.
– ვისკის წამოვიღებ, - მიუგო ტომმა და სახლში შევიდა.
გეტსბი აღელვებული მომიბრუნდა:
– მაგ კაცის სახლში ხმის ამოღება მიჭირს, ძმაკაცო.
– რა დაურიდებელი ხმა გაუხდა დეიზის, - გავუზიარე ჩემი აზრი, - სავსეა რაღაცით... - სიტყვას თავი ვეღარ მოვაბი.
– ფულის წკრიალით, - მოულოდნელად ჩამომიმარცვლა.
მართლაც ასე იყო. აქამდე ვერ მივხვდი. ფულის წკრიალით იყო ავსილი მისი ხმა. ეს გახლდათ მიზეზი იმ უცვლელი ეშხისა, ხან რომ აღზევდებოდა და ხან ჩაიფერფლებოდა. ამის გამო რეკდა ზარივით, ციმბალივით რაკრაკებდა. სადღაც, მიუწვდომლად მაღლა სუფევდა თეთრ სასახლეში, ვით მეფის ასული, ვით ქალწული ოქროსი...
ტომი მალევე დაბრუნდა. დიდ ბოთლს ტილოში ახვევდა.
დეიზი და ჯორდანიც უკან მოსდევდნენ. ოქრომკედით ნაქარგი კოხტა ქუდები დაეხურათ და მსუბუქი მოსასხამები მკლავზე გადაეკიდათ.
– ჩემი მანქანით ხომ არ წავიდეთ, ყველა ჩავეტევით, - იკითხა გეტსბიმ. გახურებული სავარძლის მწვანე ტყავი ხელით მოსინჯა. - ჩრდილში უნდა დამეყენებინა.
– გადართვის სისტემა სტანდარტული აქვს? - დაინტერესდა ტომი.
– დიახ.
– მაშინ, თქვენ ჩემს ორადგილიან ავტომობილში ჩაჯექით, მე თქვენი მანქანით წავალ.
გეტსბის არ მოეწონა ეს წინადადება.
– მგონი, ბენზინი მითავდება, - იუარა მან.
– უამრავი ბენზინია, - აბობოქრდა ტომი. საზომს დახედა. - თუ არ მეყო, სადმე აფთიაქთან შევჩერდები. აფთიაქებში ახლა რასაც გინდა იშოვნი.
ამ თითქოსდა უვნებელ სიტყვებს უხერხული დუმილი მოჰყვა. დეიზიმ შეუბღვირა ტომს. გეტსბის ნირი ეცვალა. მეყსეულად გადაუარა სრულიად უცხო, მაგრამ
რაღაცით საცნაურმა იერმა, რომელიც თითქოს აღწერით ვიცოდი მხოლოდ და არ მენახა.
– წამო, დეიზი, - მიმართა ტომმა და ხელი შემოხვია, ძალით წაიყვანა გეტსბის მანქანისკენ. - ამ ცირკის ფორნით წაგიყვან.
ტომმა მანქანის კარი გამოაღო, მაგრამ დეიზი ხელიდან დაუსხლტა.
– ნიკი და ჯორდანი წაიყვანე, ჩვენ შენი ორადგილიანი მანქანით გამოგყვებით.
დეიზი გეტსბისთან მივიდა, სულ ახლოს, და პიჯაკზე შეავლო ხელი. ჯორდანმა, ტომმა და მე გეტსბის მანქანის წინა სკამზე მოვიკალათეთ. ტომმა ალალბედზე ჩართო უცხო მანქანის ძრავა და უსაშველო სიცხეში შურდულივით გავვარდით. უკან ჩამოტოვებული დეიზი და გეტსბი თვალს მიეფარნენ.
– თქვენც თუ შენიშნეთ? - იკითხა ტომმა.
– რა შევნიშნეთ?
ჯიქურ შემომხედა, მიხვდა, რომ მე და ჯორდანს ყველაფერი უნდა გვცოდნოდა.
– სულ შტერი გგონივართ, არა? - ჩაგვეკითხა. - იქნებ ასეც იყოს. მაგრამ ზოგჯერ მეორე... ჰო, თითქმის მეორე მხედველობა მიჩნდება და ის მკარნახობს, როგორ მოვიქცე. იქნებ არ გჯერათ, მაგრამ მეცნიერება...
გაჩუმდა. მოულოდნელმა გარემოებამ იმდენად შესძრა იგი, რომ თეორიათა უფსკრულის პირას სჯა-ბაასის მადა დაუკარგა.
– ზოგი რამ გავიგე მაგ ყმაწვილზე. - განაგრძო მან, - უფრო მეტ ცნობებს შევაგროვებდი, რომ მცოდნოდა...
– რა, ნათელმხილველთან იყავით? - ხუმრობით იკითხა ჯორდანმა.
– რაო? - აღმოხდა გაბრაზებულს და მოგვაჩერდა. ჩვენ სიცილი აგვიტყდა. - ნათელმხილველთან?
– გეტსბის თაობაზე.
– გეტსბიზე? არა, არ ვყოფილვარ. მე გითხარით, ზოგი რამ გავიგე-მეთქი მისი წარსულის შესახებ.
– და აღმოაჩინეთ, რომ ოქსფორდში სწავლობდა, - ვითომ სათქმელი გაუადვილა ჯორდანმა.
– ოქსფორდში! - იჭვნეულად ჩაილაპარაკა ტომმა. - მისმა მზემ! ვარდისფერ კოსტიუმზე ეტყობა.
– მიუხედავად ამისა, მაინც ოქსფორდში სწავლობდა.
– ნიუ-მექსიკის შტატის ოქსფორდში, - ზიზღით ჩაიდუდუნა, - ან სადღაც მაგის მსგავს ადგილას.
– მისმინეთ, ტომ. თუ ასეთი სნობი და კუდაბზიკა ხართ, რატომ დაპატიჟეთ? - მკვახედ მიუგო ჯორდანმა.
– დეიზიმ დაპატიჟა. ჩვენს ქორწინებამდე იცნობდა თურმე, ღმერთმა უწყის სად გადაეყარა.
საუბრისას ლუდის სუნი ამოგვდიოდა, შევაწუხეთ ერთმანეთი. ამიტომ, კარგახანს ხმა არ ამოგვიღია. ექიმ ეკლბარგის ჩამქრალი თვალები რომ გამოჩნდა, გამახსენდა, გეტსბი შიშობდა ბენზინი არ მეყოფაო.
– ქალაქამდე გვეყოფა, - მითხრა ტომმა.
– კი მაგრამ, აქვეა გარაჟი, - გაჯიუტდა ჯორდანი. - სულაც არ მინდა ამ თორნეში ჩარჩენა. გაბეზრებული ტომი ორივე მუხრუჭს დააწვა და უილსონის აბრასთან, მტვრიან ადგილას, ჭრიალით შევჩერდით, ცოტა ხნის შემდეგ პატრონიც გამოვიდა და თვალებამოღამებული მიაშტერდა ჩვენს მანქანას.
– ბენზინი მოგვეცით, - უხეშად შესძახა ტომმა. - როგორ ფიქრობთ, რატომ გავჩერდით, ტურფა ხედმა მიგვიზიდა თუ რა?
– ავად ვარ, - ისე გვითხრა, ადგილიდან არ განძრეულა უილსონი, - მთელი დღეა ცუდად ვარ.
– რა მოგივიდათ?
– სულ დავუძლურდი.
– მაშ, ჩემით ჩავისხა? - იკითხა ტომმა. - ტელეფონზე ყოჩაღად მელაპარაკებოდით.
უილსონი ძლივს მოერია სისუსტეს. ხელი უშვა აივნის მოაჯირს, რომელსაც ეყრდნობოდა, ჩრდილი მიატოვა, ქოშინით მილასლასდა ბენზინის ავზთან და სახურავი მოხსნა. მზის შუქზე სახე მწვანე უჩანდა.
– არ მინდოდა საუზმობისას თქვენი შეწუხება, - მოუბოდიშა ტომს, - მაგრამ ძალიან მჭირდება ფული. თქვენი ძველი მანქანის ამბავი მინდოდა გამეგო.
– ეს როგორ მოგწონთ? - ჩაეკითხა ტომი. - გასულ კვირას ვიყიდე.
– მშვენიერი ყვითელი მანქანაა, - უთხრა უილსონმა და ავზის სახელურს დააწვა.
– იყიდდით?
– მაგდენი სად შემიძლია, - ძლივს გაიღიმა სახემიმქრალმა უილსონმა. არა, იმ მანქანაზე კი მოვიგებდი ცოტაოდენს.
– რისთვის დაგჭირდათ ფული, ასე მოულოდნელად?
– დიდხანს შევრჩი ამ მხარეს. სხვაგან მინდა გადავბარგდე. მე და ჩემს ცოლს დასავლეთში გვინდა წასვლა.
– ცოლსაც? - წამოიძახა შეცბუნებულმა ტომმა.
– ათი წელია ამას მეხვეწება. - წამით ავზთან შეისვენა და თვალი მოიჩრდილა. - ახლა, სურს თუ არ სურს, რა მნიშვნელობა აქვს. მაინც წავიყვან აქედან.
ორადგილიანმა მანქანამ ჩაგვიქროლა. ავარდნილ მტვრის ბუღში ვიღაც ხელს გვიქნევდა.
– რამდენი უნდა მოგცეთ? - უხეშად იკითხა ტომმა.
– ორიოდე დღეა, რაც უსიამოვნო რამ გავიგე და, - განაგრძო უილსონმა, - აქედან წასვლა გადავწყვიტე. ამიტომ შეგაწუხეთ.
– რამდენი გერგებათ? – დოლარი და ოცი ცენტი.
სიცხე ისე უღვთოდ აჭერდა, თავი აღარაფრის მქონდა. ძლივს მივხვდი, უილსონი ტომზე არ ეჭვიანობდა. მხოლოდ ის შეუნიშნავს რომ მირტლი მის გარეშეც, სხვა სამყაროშიც ზიარებოდა ცხოვრებისეულ სიხარულს და ელდანაცემს ძალ-ღონე
წართმეოდა. ხან უილსონს მივჩერებოდი, ხან ტომს, რომელმაც ერთი საათის წინ ასეთივე რამ აღმოაჩინა. თურმე არც გონებრივი, არც რასობრივი სხვაობა არ არის ისე ღრმა, როგორც განსხვავება ავადმყოფსა და ჯანმრთელ კაცს შორის. უილსონი ისე იყო დაძაბუნებული, თითქოს ვიღაც საწყალი გოგო ეცთუნებინოს.
– მოგყიდით იმ მანქანას, - უთხრა ტომმა, - ხვალ ნაშუადღევს გამოგიგზავნით.
აქ, ამ ადგილას, რაღაც გაურკვეველი მოუსვენრობა მიპყრობს ყოველთვის, თუნდა ბდღვრიალა შუადღის ხვატში. ახლაც თითქოს რაღაც მაწუხებდა; უკან მივიხედე. ნაცრის ბორცვებს ფხიზლად გადმოჰყურებდნენ ექიმ ტ. ჯ. ეკლბარგის ვეება თვალები. მაგრამ ცოტა ხნის შემდეგ დავინახე, რომ იქვე, ორიოდ ნაბიჯზე, გაფაციცებით სხვაც გვითვალთვალებდა.
გარაჟის თავზე ერთ-ერთი ფანჯრის ფარდა ოდნავ იყო გადაწეული, მირტლ უილსონი მანქანისკენ იჭყიტებოდა. ისე იყო გართული, აზრადაც არ მოსდიოდა, რომ სხვასაც შეეძლო მისი შემჩნევა. როგორც ფოტოზე, გამჟღავნებისას, ჯერ ერთი საგანი ჩნდება, მერე მეორე, ისე მის სახეზეც თანდათანობით აღიბეჭდა სხვადასხვა განცდა. ნაცნობი გამომეტყველება, რომელიც ქალის სახეზე ბევრჯერ შემინიშნავს, ამჯერად, მირტლ უილსონისთვის შეუფერებელი, უადგილო მეჩვენა, ვიდრე შევამჩნევდი, რომ ქალი ეჭვით აგზნებული, გადმოქაჩული თვალებით ტომს კი არა, ჯორდან ბეიკერს მისჩერებოდა. იგი მისი ცოლი ეგონა.
მარტივი კაცის აფორიაქებას ვერაფერი გაუტოლდება. ქალაქისაკენ გამოვემართეთ.
შეშინებული ტომი გამათრახებულივით იყო გახელებული. ცოლიცა და საყვარელიც, ერთი საათის წინ უყოყმანოდ თავისად რომ ეგულებოდნენ, ახლა სწრაფზე-უსწრაფესად უსხლტებოდნენ ხელიდან. გაზს ინსტინქტურად აჭერდა ფეხს, თითქოს ორი კურდღლის დაჭერას ლამობდა - უნდა დასწეოდა დეიზის და უკან ჩამოეტოვებინა უილსონი. მივქროდით „ასტორიისკენ“ საათში ორმოცდაათი მილის სიჩქარით. როგორც იქნა, მიწისზედა რკინიგზის ხიდქვეშ დავლანდეთ ორადგილიანი ცისფერი მანქანა - აბლაბუდასავით დაქსელილ ძელთა შორის მსუბუქად მისრიალებდა.
– ორმოცდამეათე ქუჩაზე, დიდ კინოთეატრში, სიგრილეა, - გვითხრა ჯორდანმა. - მიყვარს ნიუ-იორკი ზაფხულში, ნაშუადღევს, როცა ქალაქში აღარავინ არის. იგი ერთობ გრძნობაამშლელია, როგორღაც ჩამწიფებული, თითქოს მზად არის ნაირ-ნაირი უცხო ხილით აგივსოს კალთა.
სიტყვა „გრძნობაამშლელმა“ კვლავ ააფორიაქა ტომი, მაგრამ ვიდრე რამე საწინააღმდეგოს მოისაზრებდა, ორადგილიანი მანქანა გაჩერდა და დეიზიმ გვანიშნა, თქვენც შეჩერდითო.
– სად მივდივართ? - შემოგვძახა.
– კინოზე რას იტყვით?
– ძალიან ცხელა, - იუარა მან. - თქვენ წადით; ჩვენ ცოტას გავისეირნებთ და მერე შეგხვდებით, - თავს ძალა დაატანა დეიზიმ და იოხუნჯა, - რომელიმე ქუჩის კუთხეში შევხვდეთ; პირში ორ სიგარეტგაჩრილი კაცი მე ვიქნები.
– აქ კამათის დრო არ არის. - მიახალა მოთმინებადაკარგულმა ტომმა. სატვირთო მანქანა ყურისწამღებ სიგნალს გვაძლევდა, გზა მომეცითო. - უკან მომყევი, ცენტრალური პარკის სამხრეთ ნაწილისკენ, სასტუმრო „პლაზას“ პირდაპირ შევჩერდები.
რამდენჯერმე უკან მიიხედა, თვალს ადევნებდა მანქანას; თუ რამე ჩამოეფარებოდა, სვლას შეანელებდა ხოლმე, ვიდრე კვლავ არ დაინახავდა. მგონი, ეშინოდა, სადმე არ გადაუხვიონ და სამუდამოდ არ დამეკარგონო.
მაგრამ ეს არ მომხდარა. არც ვიცი, ყველამ ერთხმად რატომ გადავწყვიტეთ სასტუმრო „პლაზაში“ გვექირავებინა ცალკე ნომერი.
არც კი მახსენდება რას ვკამათობდით და ვყაყანებდით იმდენ ხანს. საბოლოოდ სასტუმრო ოთახში აღმოვჩნდით გამომწყვდეული. მხოლოდ ის მახსოვს, რა უსიამო შეგრძნებას მგვრიდა საცვალი, რომელიც სველი გველივით შემომტმასნოდა ბარძაყებზე. არ მსიამოვნებდა ზურგზე წამდაუწუმ რომ მოგორავდა ოფლის ცივი მძივები. თავდაპირველად დეიზის წინადადებით დაიწყო - ხუთი სააბაზანო ოთახი ვიქირაოთ და ცივი აბაზანით გავგრილდეთო. შემდეგ უფრო ნაღდი სურვილი გაჩნდა - ისეთი ადგილი ვიპოვოთ, სადაც ცივ, პიტნიან კოკტეილს დავლევთო. თითოეული ცალ-ცალკე სულ იმას გავიძახოდით, რა სისულელეაო, მაგრამ ყველა ერთად ვეცით სასტუმროს გაოგნებულ კლერკს და მოველაპარაკეთ. ყველა დარწმუნებული ვიყავით, ან იქნებ თავს ვიტყუებდით, რომ ეს ერთობ სამხიარულო იყო...
ოთახი დიდი და უჰაერო გახლდათ. უკვე ოთხი საათი იქნებოდა, მაგრამ ფანჯრების გაღებისთანავე, ბაღიდან გახურებული ფოთლებისა და გადახრუკული ბალახის სურნელი შემოვარდა. დეიზი სარკესთან მივიდა, ზურგი მოგვაქცია და თმის სწორება დაიწყო.
– რა დიდებულია აქაურობა, - ნაძალადევი სიდარბაისლით წაიდუდუნა ჯორდანმა. ყველას გაგვეცინა.
– მეორე ფანჯარაც გამოაღეთ, - ბრძანა დეიზიმ ისე, რომ ჩვენსკენ არც კი შემობრუნებულა.
– მეტი ფანჯარა აქ აღარ არის.
– რას იზამ, მაშინ ტელეფონით ნაჯახი მოვითხოვოთ...
– პირველ რიგში სიცხე უნდა დავივიწყოთ, - თქვა მოთმინებადაკარგულმა ტომმა. - როცა ამდენს კრუსუნებ, ათჯერ უფრო ძნელია სიცხის ატანა.
ტომმა ტილო შემოხსნა ვისკით სავსე ბოთლს და მაგიდაზე დადგა.
– რას ჩააცივდით მაგას, ძმაკაცო? - შენიშნა გეტსბიმ, - თქვენ მოინდომეთ ქალაქში წამოსვლა.
ცოტა ხნით დუმილი ჩამოვარდა, ამ დროს ტელეფონის წიგნი საკიდიდან მოწყდა და იატაკზე მოადინა ზღართანი; ჯორდანმა ხუმრობით წაიჩურჩულა, „ბოდიშიო“, მაგრამ ამჯერად არავის გაუცინია.
– მე ავიღებ, - გავიწიე წიგნის ასაღებად.
– უკვე ავიღე. - გეტსბიმ ყურადღებით დაათვალიერა გაწყვეტილი ზონარი. გაკვირვების ნიშნად ჩაიდუდუნა, „ჰმ!“ და ტელეფონის წიგნი სკამზე დააგდო.
– რა დიდებული გამოთქმა გაქვთ დაჩემებული, არა? - მკვახედ გადაუგდო ტომმა.
– რაზე ამბობთ?
– გაუთავებელ „ძმაკაცოზე“ მოგახსენებთ, ნეტავ საიდან შეიძინეთ?
– აბა, გამიგონე, ტომ, - თქვა დეიზიმ და ჩვენკენ შემობრუნდა, - შენ თუ გინდა შენიშვნები მისცე ვინმეს, მაშინ მე ერთ წამსაც არ გავჩერდები აქ. დარეკე და უთხარი ყინული მოგვიტანონ პიტნიანი ვისკისთვის.
ტომმა ყურმილი აიღო თუ არა, დახუთულმა სიცხემ ბგერებად იფეთქა. ქვედა სართულის სამეჯლისო ოთახიდან მენდელსონის საქორწინო მარშის საოცარი აკორდები მოგვესმა.
– წარმოიდგინეთ გათხოვება ასეთ პაპანებაში, - წამოიძახა შეწუხებულმა ჯორდანმა.
– მერე რა, მეც შუა ივლისში გავთხოვდი, - გაიხსენა დეიზიმ, - ლუისვილი ივნისში! ვიღაცას გულიც შეუწუხდა. ვინ იყო, ტომ?
– ბილოქსი, - მოკლედ მოუჭრა ტომმა.
– ჰო, ვიღაც მამაკაცი, რომელსაც ბილოქსი ერქვა. „ბლოკს“ ბილოქსი, უყვარდა ბოქსი. მართლა, წარმოშობითაც ბილოქსელი იყო, მისისიპიდან.
– ჩვენთან შემოიყვანეს მაშინ, - მხარი აუბა ჯორდანმა, - რადგან ეკლესიასთან ახლოს ვცხოვრობდით. სამ კვირას დარჩა, ბოლოს მამა იძულებული გახდა ეთქვა, უნდა წახვიდეთო. მისი წასვლის მეორე დღეს მამაჩემი გარდაიცვალა.
ცოტა ხნის შემდეგ, თითქოს იმის შიშით, აგდებულად ნათქვამი ხომ არ გამომივიდაო, დაუმატა:
– შემთხვევით დაემთხვა.
– მე ვიცნობდი ერთ ბილ ბილოქსის, მემფისიდან, - შევნიშნე.
– მისი ბიძაშვილი იყო. წასვლამდე თავისი გვარის მთელი ისტორია მიამბო. ალუმინის ჩოგანი მაჩუქა გოლფისთვის. დღესაც იმას ვხმარობ.
მუსიკა შეწყდა, საქორწინო ცერემონია დაიწყო.
– ვბერდებით, - თქვა დეიზიმ, - ახალგაზრდები რომ ვიყოთ, ავდგებოდით და ვიცეკვებდით.
– ბილოქსის ვიხსენებთ, - უსაყვედურა ჯორდანმა, - საიდან იცნობდი მას, ტომ?
– ბილოქსის? - თავს ძალა დაატანა და აზრი მოიკრიბა. - მე არ ვიცნობდი. დეიზის მეგობარი იყო.
– ჩემი მეგობარი საიდან იყო, - იუარა მან, - იმ დღემდე არც მენახა. თქვენი საგანგებო ვაგონით ჩამოვიდა.
– კი მაგრამ, ჩვენთან მოვიდა როგორც შენი ნაცნობი. ლუისვილში გავიზარდეო. ესა ბერდმა მოიყვანა უკანასკნელ წუთს და გვთხოვა, ადგილი უპოვეთო.
ჯორდანს გაეღიმა.
– ალბათ სამშობლოში მუქთად ჩამოსვლა უნდოდა. მე მითხრა, ვითომ იელში თქვენი ჯგუფის პრეზიდენტი იყო.
მე და ტომმა გაკვირვებულებმა შევხედეთ ერთმანეთს.
– ბილოქსი?
– ჯერ ერთი, არავითარი პრეზიდენტი ჩვენ არ გვყოლია...
გეტსბი ვერ ისვენებდა. ფეხსაცმლის წვერს ჩქარა და რიტმულად აკაკუნებდა. ტომმა მოულოდნელად თვალი თვალში გაუყარა.
– მართლა, ბატონო გეტსბი, მე როგორც ვიცი, თქვენ ოქსფორდელი ხართ.
– არც მთლად მასეა.
– ჰო, რა თქმა უნდა; მე ვიცი, რომ სწავლობდით ოქსფორდში.
– დიახ, ვსწავლობდი.
დუმილი. შემდეგ ტომის ურწმუნო და თავხედური ხმა გაისმა.
– ალბათ იმ დროს, როცა ბილოქსი ნიუ-ჰეივენში სწავლობდა.
კვლავ დუმილი. ლაქიამ დააკაკუნა, დანაყილი პიტნა და ყინული შემოიტანა. სიჩუმე არაფერს დაურღვევია. არავის გაუგონია არც „გმადლობთო“, არც კარების ფრთხილი მიხურვის ხმა. ახლა, ბოლოს და ბოლოს, უნდა გამოაშკარავებულიყო გეტსბის ცხოვრების უმნიშვნელოვანესი დეტალი.
– უკვე გითხარით, ვსწავლობდი-მეთქი, - მოუჭრა გეტსბიმ.
– გავიგონე, მაგრამ მინდა ვიცოდე, როდის სწავლობდით.
– ცხრაას ცხრამეტში. მხოლოდ ხუთ თვეს დავრჩი. ამიტომ თამამად ვერ ვიჩემებ ოქსფორდობას.
ტომმა თვალი მოგვავლო ყველას. აინტერესებდა, ჩვენც ვიზიარებდით თუ არა მის ეჭვს. მაგრამ ყველა გეტსბის მივჩერებოდით.
– ომის დამთავრების შემდეგ ზოგიერთ ოფიცერს მოგვცეს ამის საშუალება, - განაგრძო მან, - შეგვეძლო სასწავლებლად წავსულიყავით ინგლისსა და საფრანგეთის ნებისმიერ უნივერსიტეტში.
წამოხტომა მინდოდა და გეტსბისთვის ბეჭზე ხელის მოთათუნება. კვლავ ვიწამე მისი სიმართლე, რომელშიც უკვე ეჭვი მეპარებოდა.
– ვისკი გახსენი, ტომ, - უბრძანა, - პიტნიან ვისკის მოგიმზადებ და მოგართმევ; ეგებ ძალიან სულელი აღარ მოგეჩვენოს თავი... შეხე, პიტნაა.
– მაცადე, - გამოსცრა ტომმა, - კიდევ ერთი შეკითხვა მაქვს მისტერ გეტსბისთან.
– ბრძანეთ, - ზრდილობიანად შეაგება გეტსბიმ.
– მაინც რა აურზაურის ატეხა გსურთ ჩემს ოჯახში?
როგორც იქნა, გადავიდნენ გულღია ლაპარაკზე. ამით გეტსბი კმაყოფილი იყო.
– არავითარი აურზაური, - შეშინებული დეიზი ხან ერთისკენ გააცეცებდა თვალებს, ხან მეორისკენ. - აურზაურს შენ ტეხავ. გეხვეწები, ცოტა შეიკავე თავი.
– თავი შეიკავე! - გაიმეორა გამწარებულმა ტომმა, - იქნებ ახალი მოდაა, იჯდე შენთვის და ელოდო როდის მოისიყვარულებს ბატონი არავინ არასაიდანელი შენს ცოლს. თუ ასეა, მე ამ მოდის მიმდევრად ნუ ჩამთვლით. დღეს ოჯახური ცხოვრების სიმტკიცეს და ოჯახის ინსტიტუტს აღარაფრად აგდებენ, ხვალ ყველაფერს თავდაყირა დააყენებენ და თეთრკანიანებზე შავკანიანთა დაქორწინება ჩვეულებრივ რამედ გადაიქცევა.
ამ ქადაგებით აღგზნებულსა და სახეალეწილ ტომს ცივილიზაციის უკანასკნელი მიჯნის ეულ დამცველად მიაჩნდა თავი.
– აქ ყველა თეთრკანიანები ვართ, - წაიჩურჩულა ჯორდანმა.
– ვიცი, არა ვარ დიდად პოპულარული. დიდ ნადიმებს არ ვმართავ. შენ კი საღორედ იმიტომ აქციე სახლი, რომ თანამედროვე სამყაროში ვინმე ამხანაგი შეგეძინა.
ყველა იქ მყოფი ძალიან გაგვაბრაზა ამ განცხადებამ. მაგრამ ტომის ყოველ სიტყვაზე სიცილს ძლივს ვიკავებდით, იმდენად მოულოდნელად და სრულად გარდაიქმნა აღვირახსნილი კაციდან წესიერ ადამიანად.
– სათქმელი მაქვს რაღაც, ძმაკაცო... - წამოიწყო გეტსბიმ. დეიზი განზრახვას მიუხვდა.
– ნუ, გთხოვთ! - სიტყვა მიაწია იმედგადაწურულმა. - გთხოვთ შინ წავიდეთ. ყველა წავიდეთ.
– კარგი აზრია, - ფეხზე ავდექი, - წავიდეთ, ტომ. სასმელი არავის სურს.
– უნდა გავიგო, რისი თქმა სწადია ბატონ გეტსბის.
– თქვენს მეუღლეს არ უყვარხართ, - უთხრა გეტსბიმ, - არც არასდროს ყვარებიხართ. მე ვუყვარვარ.
– შენ გიჟი ხომ არა ხარ! - უნებლიედ აღმოხდა ტომს.
გეტსბი ფეხზე წამოდგა აღელვებული, აღგზნებული.
– არასოდეს არ ყვარებიხართ, გესმით? - წამოიძახა, - მხოლოდ იმიტომ გამოგყვათ ცოლად, რომ ღარიბი ვიყავი და ლოდინმა დაღალა. შეცდა, საშინლად შეცდა. გულის სიღრმეში ჩემს გარდა სხვა არავინ ყვარებია!
მე და ჯორდანმა წასვლა დავაპირეთ, დარჩითო, აქაოდა დასამალი არაფერი გვაქვს და საშუალება გეძლევათ ჩვენი ვნებათაღელვის თანაზიარი გახდეთო.
– დაჯექი, დეიზი, - ტომი ამაოდ ცდილობდა გულითადი კილო მიეღო. - რა ხდება? ყველაფერი მინდა გავიგო.
– უკვე გითხარით, რაც ხდება, - მიუგო გეტსბიმ. - უკვე ხუთი წელია, თქვენ კი არაფერი იცოდით.
ტომი უეცრად მიუბრუნდა დეიზის.
– ხუთი წელია რაც ამ კაცს ხვდები?
– არ ვხვდებოდით, - გეტსბიმ უპასუხა, - არა. შეხვედრა არ შეგვეძლო, მაგრამ ამ ხნის მანძილზე ორივეს გვიყვარდა ერთმანეთი, ძმაკაცო, და თქვენ არ იცოდით.
– უჰ... სულ ეგ არის. - ტომმა მსხვილი თითები ხუცესივით შეაწება ერთმანეთს და სკამის საზურგეს მიეყრდნო.
– გიჟი ხარ ვიღაცა! - აღმოხდა მას. - რა ვიცი რა იყო ხუთი წლის წინ, მაშინ დეიზის არც ვიცნობდი. თავს ლაფი დამასხით თუ იმის წარმოდგენა შემეძლოს, რომ შენ დეიზისთან ერთ მილზე ახლოს მისვლას გაბედავდი. ალბათ ბაყალთან ნაყიდ სანოვაგეს ეზიდებოდი სამზარეულოს კარიდან. სხვა ყველაფერი ღვთის პირისაგან შეჩვენებული კაცის მონაჭორია. დეიზის მაშინაც ვუყვარდი, როცა ცოლად გამომყვა და ახლაც ვუყვარვარ.
– არა, - მტკიცედ გააქნია თავი გეტსბიმ.
– მიუხედავად ამისა, მაინც ვუყვარვარ. უბედურება ისაა, ზოგჯერ სულელური აზრები აეკვიატება და თვითონაც არ იცის, რას სჩადის - ბრძენკაცივით დააქნია თავი. - მთავარი ის გახლავთ, რომ მეც მიყვარს დეიზი. ათასში ერთხელ წავიცუღლუტებ ხოლმე, ვიმაიმუნებ, მაგრამ ისევ დეიზისთან მოვრბივარ, გულის სიღრმეში ყოველთვის ეგ მიყვარს.
– საზიზღარი ხარ, - უთხრა დეიზიმ.
მომიბრუნდა და ხმადაბლა მომმართა, ერთი ოქტავით დაბლა აჟღერდა მისი მთრთოლვარე და ზიზღით გამსჭვალული ხმა:
– იცი, რატომ წამოვედით ჩიკაგოდან? მიკვირს, აქამდე რომ არ გითხრა ამ ცუღლუტობის ამბავი.
გეტსბი მივიდა და გვერდში ამოუდგა.
– დეიზი, ეგ ყველაფერი წარსულს ჩაბარდა, - უთხრა გულწრფელად, - ახლა აღარ აქვს არავითარი მნიშვნელობა. უთხარი სიმართლე, უთხარი, რომ არასოდეს გყვარებია და სამუდამოდ გაწყვიტე კავშირი.
დეიზიმ დაბინდული მზერა მიაპყრო.
– აბა... როგორ მეყვარებოდა... მართლაც?
– არასოდეს არ გყვარებია.
ქალი შეყოყმანდა. ჯერ ჯორდანს შეხედა მუდარით, მერე მე. თითქოს ახლა მიხვდა, რასაც იქმოდა, თითქოს აქამდე არც ჰქონოდა განზრახული რაიმე მოემოქმედებინა, მაგრამ ახლა რაღას უშველიდა, გვიანი იყო, ჰოდა, გადადგა ეს ნაბიჯი.
– არასოდეს არ მყვარებია, - აშკარა იყო, რომ ნაძალადევად თქვა.
– არც კაპიოლაში? - მოულოდნელად ჰკითხა ტომმა.
– არა.
ჰაერის ცხელ ტალღას დაგუდული, ყრუ აკორდები ამოჰყვა ქვედა სართულის სამეჯლისო დარბაზიდან.
– არც იმ დღეს, გახსოვს, პანჩ ბოულიდან ხელში ატაცებული რომ წამოგიყვანე, ფეხსაცმელი არ დაგისველდეს-მეთქი? ... ნაძალადევად გაინაზა ხმა... - დეიზი?
– კარგი, გეყოფა, - ცივად თქვა დეიზიმ, თუმც მტრული კილო უკვე გაჰქრობოდა. გეტსბის შეხედა, - აჰა, ჯეი, - უთხრა, მაგრამ ხელი ისე უცახცახებდა, რომ სიგარეტს ცეცხლი ვეღარ მოუკიდა. უეცრად სიგარეტიც ძირს ისროლა, ხალიჩაზე, და ანთებული ასანთიც. - ოო, ნამეტანს მოითხოვ ჩემგან! - შესტირა გეტსბის. - ახლა შენ მიყვარხარ. განა ეს არ არის საკმარისი? წარსულს როგორღა შევცვლი. - ძალ-ღონე გამოცლილი დეიზი ატირდა. - ერთ დროს ეგ მიყვარდა, მაგრამ შენც მიყვარდი.
– მეც გიყვარდი? - გაიმეორა.
– ეგეც ტყუილია, - შეება გაავებული ტომი. - არც კი იცოდა ცოცხალი ვიყავი თუ მკვდარი. იცოდე, მე და დეიზის ისეთი რამ გვაკავშირებს, რაც შენ არასოდეს გეცოდინება, ისეთი რამ, რასაც მთელი სიცოცხლე ვერ დავივიწყებთ ვერც ერთი.
ეს სიტყვები გეტსბის ისარივით დაესო და გული ატკინა.
– დეიზის ცალკე მინდა მოველაპარაკო, - მოითხოვა მან, - ძალიან აღელვებულია...
– ცალკეც ვერ გეტყვი, არასოდეს არ მყვარებია-მეთქი. - საცოდავი ხმით ჩაურთო ქალმა. - ეს არ იქნება მართალი.
– რა თქმა უნდა, არ იქნება მართალი, - დაეთანხმა ტომი.
დეიზი ქმრისკენ შებრუნდა.
– ვითომ შენთვის სულერთი არ იყოს, - უთხრა ქალმა.
– რაღა თქმა უნდა, არ არის. დღეიდან უფრო გაგიფრთხილდები.
– თქვენ ვერ გაიგეთ, - ჩაურთო ოდნავ შეშინებულმა გეტსბიმ, - ამიერიდან თქვენი მოფრთხილება და მზრუნველობა აღარ დასჭირდება.
– ჩემი? - ტომმა ფართოდ დაჭყიტა თვალები და გადაიხარხარა. სიმტკიცე დაბრუნებოდა. - ვითომ რატომ?
– დეიზი გტოვებთ.
– სისულელეა.
– მაგრამ მართლა ასეა, - აშკარად ნაძალადევად ჩაურთო დეიზიმ.
– არ დამტოვებს! - სხაპასხუპით დააყარა ტომმა. - ცხადია. არ მიმატოვებს ქუჩის ბაცაცასავით, რომელიც თითზეც კი ნაქურდალ ბეჭედს გაუკეთებს.
– ამას ვეღარ ავიტან! გთხოვთ, წავიდეთ აქედან.
– ვინ ხარ, ბოლოს და ბოლოს? - განაგრძო ტომმა. - იმ ჯგუფის ერთ-ერთი წევრი ხარ, რომელსაც მეიერ ვულფშიმი ხელმძღვანელობს. გამოვიძიე და ცოტა რამ გავიგე თქვენს საქმეებზე, მომავალში მეტსაც გავიგებ.
– ძალიან კარგი, თუკი გსიამოვნებთ, ძმაკაცო, - მტკიცედ უთხრა გეტსბიმ.
– გავიგე, რაც ყოფილა ეგ თქვენი „აფთიაქები“, - ტომი ჩვენკენ შემობრუნდა და სხაპასხუპით მოგვახსენა, - მაგან და იმ ვულფშიმმა უამრავი აფთიაქი შეისყიდეს აქა
და ჩიკაგოში, მიყრუებულ ქუჩებზე. დახლს ქვეშიდან ხორბლის არაყს ჰყიდიან. ეს არის მაგის შემოსავლის ერთ-ერთი წყარო. პირველად რომ ვნახე, მაშინვე ბუტლეგერად შევიცანი და ძალიან არ შევმცდარვარ.
– აბა ამაზე რაღას მეტყვით? - ზრდილობიანად მიმართა გეტსბიმ. - თქვენს მეგობარს უოლტერ ჩეიზს მაინცდამაინც არ რცხვენოდა ჩვენთან თანამშრომლობის.
– მაგრამ გაჭირვების დროს მიატოვეთ, ასე არ იყო? ნიუ-ჯერსიში ერთი თვით ციხეშიც ჩააყუდეთ. ღმერთო დიდებულო, ერთი მოგასმენინათ რას ჰყვება თქვენზე.
– ჩვენთან გაძვალტყავებული მობრძანდა. დიდი სიამოვნებით იჯიბავდა ფულს, ძმაკაცო.
– „ძმაკაცოს“ ნუ მეძახით! - შეუტია ტომმა. გეტსბის ხმა არ ამოუღია. - უოლტერს თქვენი გამოჭერა შეეძლო უკანონო საქმიანობაში, მაგრამ ვულფშიმმა დააშინა და ხმა ჩააკმენდინა.
უჩვეულო, მაგრამ მაინც საცნაური გამომეტყველება კვლავ დაუბრუნდა გეტსბის.
– აფთიაქებით ცოტათი მოითბეთ ხელი, ახლა ისეთი საქმე წამოგიწყიათ, რომ უოლტერს თქმისაც კი შეეშინდა.
დეიზის გავხედე. გეტსბისა და თავის ქმარს შორის იდგა და შეშინებული იმზირებოდა. ჯორდანს თავი მაღლა აეწია და ნიკაპის წვერით კვლავ უჩინარი საგნის გაჩერებას ლამობდა. მერე გეტსბის მივუბრუნდი, შემაშინა მისმა გამომეტყველებამ. ისეთი სახე ჰქონდა, თითქო „კაცი მოეკლა“ - ვიმეორებ ამ სიტყვებს და ზიზღი მერევა გეტსბის ბაღში გამართული ავყიობის გამო. სულ ერთ წამს ჰქონდა ისეთი იერი, რომ ასე ფანტასტიკური რამ გაგეფიქრა.
ელდამ მალევე გაუარა და მყისვე დეიზისთან გააბა გაცხარებული საუბარი, ყველაფერი უნდოდა განემარტა. ყველაფერს უარყოფდა, თავს იმართლებდა. იმ ბრალდებებსაც უარყოფდა, რომლებიც არავის წამოუყენებია. მაგრამ დეიზი ყოველ სიტყვაზე უფრო და უფრო იკეტებოდა საკუთარ თავში და გეტსბი მოეშვა. შუადღეც თვალსა და ხელს შუა გასხლტა. მხოლოდ დაფერფლილი ოცნებაღა შემორჩა გეტსბის, ოცნებითღა ცდილობდა შეხებოდა იმას, რაც უკვე მისთვის აღარ არსებობდა; უიღბლოდ, უიმედოდ იბრძოდა ამ ხმისათვის, აქ, ამ ოთახში რომ ნარნარებდა, მაგრამ გეტსბისთვის დაკარგული იყო.
ეს ხმა კი იხვეწებოდა, აქედან წავიდეთო.
– გეხვეწები, ტომ! მეტის ატანა არ შემიძლია.
შეშინებულ თვალებში ემჩნეოდა, რომ გაბედულება და სიმტკიცე მთლიანად წართმეოდა.
– თქვენ ერთად წადით, დეიზი, - უთხრა ტომმა, - ბატონ გეტსბის მანქანით.
დეიზიმ ტომს შეშფოთებულმა შეხედა, მაგრამ იგი ჯიუტად მოითხოვდა, ზიზღნარევი სულგრძელობით:
– წადი, არ შეგაწუხებს. მგონი მიხვდა, რომ მაგის კადნიერ არშიყობას ბოლო მოეღო.
დეიზი და გეტსბი ისე წავიდნენ, ხმაც არ ამოუღიათ, მოკვეთილებივით; გარიყულთ ჩვენც აღარ თანავუგრძნობდით.
ცოტა ხნის შემდეგ ტომი წამოდგა და ვისკის გაუხსნელ ბოთლს ისევ ხელსახოცი შემოახვია.
– ცოტას ხომ არ დალევდით? ჯორდან? ... ნიკ?
მე პასუხი არ გამიცია.
– ნიკ? - განმეორებით შემეკითხა.
– რა იყო?
– არა... ახლა გამახსენდა, დღეს ჩემი დაბადების დღეა.
ოცდაათის შევსრულდი. წინ მედო შემდგომი დეკადის ხიფათიანი და ავბედითი გზა.
შვიდი საათი იქნებოდა, როცა ტომის ორადგილიან მანქანაში ჩავსხედით და გავწიეთ ლონგ აილენდისკენ. ტომი ენად გაიკრიფა. ხუმრობდა, იცინოდა, მაგრამ მისი ხმა ისე არ გვეკარებოდა მე და ჯორდანს, როგორც ქუჩის ყიჟინა ან მიწისზედა რკინიგზის ზანზარი. ადამიანურ თანაგრძნობას თავისი საზღვარი აქვს. კმაყოფილები ვიყავით, რადგან ტრაგიკული შეხლა-შემოხლა, უკან მოტოვებული ქალაქის შუქივით, უკვე ჩანავლებულიყო. ოცდაათი წელი. მარტოობას მპირდებოდა ეს დეკადა, მარტოხელა მეგობრების შეთხელებულ სიას, ნაკლებ ხალისს და შეთხელებულ თმას. მაგრამ გვერდით მეჯდა ჯორდანი, რომელიც დეიზიზე უფრო გონიერი იყო და წლიდან წლამდე როდი ზიდავდა წარსულის გამქრალ ოცნებას. ჩაბნელებულ ხიდზე რომ გადავდიოდით, სახეგაცრეცილმა მხარზე მძიმედ მომაყრდნო თავი და როცა ხელიც ხალისიანად მომხვია, ოცდაათი წლის მძიმე ტვირთი მყისვე ჩამომეხსნა.
ასე მივქროდით სიკვდილისაკენ და დაისის სიგრილე მიგვაცილებდა.
ბერძენი ახალგაზრდა კაცი მიხაელისი, რომელსაც იქვე, ნაცრის ბორცვებთან ჰქონდა პატარა ყავახანა, გამოძიებისას ძირითადად მოწმე იყო. იმ დღეს, სიცხეში ხუთ საათამდე სძინებია. მერე გარაჟში შესულა, ჯორჯ უილსონი დახვედრია ავად - ძალიან ცუდად ყოფილა, მთლად ცახცახებდა, თავისივე თმასავით გაყვითლებული. მიხაელისმა დაწოლა ურჩია, მაგრამ უილსონმა არ ქნა, უამრავ საქმეს მოვცდებიო. ამ საუბარში იყვნენ, როცა ზედა სართულზე საშინელი ხმაური ატყდა.
– ცოლი ჩავკეტე ზემოთ, - წყნარად აუხსნა უილსონმა, - ხვალამდე იქ მეყოლება და მერე წავალთ აქედან.
მიხაელისი გაოცდა. ოთხი წელია მეზობლად ცხოვრობდნენ და ვერაფრით წარმოიდგენდა, რომ იმას იზამდა უილსონი, ცხოვრებისაგან დაღლილი და გამოფიტული კაცი, რომელიც, საქმე რომ შემოელეოდა, კარის წინ სკამზე ჩამომჯდარი ხან გამვლელ-გამოვლელს აყოლებდა თვალს, ხან მანქანებს. თუ ვინმე დაელაპარაკებოდა, თანხმობის ნიშნად უღიმღამოდ ჩაიცინებდა ხოლმე. ცოლის მონა-მორჩილი იყო, მის ჭკუას აყოლილი.
ბუნებრივია, მიხაელისს ცნობისმოყვარეობა აღეძრა. მოიწადინა ამბის გაგება, მაგრამ უილსონი კრინტსაც არ სძრავდა. ამის ნაცვლად, დაეჭვებული უბღვერდა სტუმარს და გამოკითხვა დაუწყო - ამა და ამ დღეს და ამ დროს სად იყავი და რას აკეთებდიო.
მიხაელისმა უხერხულობა იგრძნო. იღბლად, შეამჩნია, რომ მისი დუქნისკენ მუშები მიეშურებოდნენ და ამ საბაბით გაეცალა უილსონს, მოგვიანებით ისევ შემოგივლიო. მაგრამ აღარ მისულა, უილსონი ალბათ იფიქრებდა, დაავიწყდაო. შვიდს უკვე გადაცილებული იქნებოდა, როცა მიხაელისი ისევ გარეთ გამოვიდა. გარაჟიდან ქალბატონი უილსონის გაცოფებული, ხმამაღალი ყვირილი შემოესმა და ამან გაახსენა წეღანდელი საუბარი.
– მცემე! - გაიგონა ქალის ღრიალი, - დამაგდე და მირტყი, შე წუნკლიანო, ლაჩარო!
ცოტა ხნის შემდეგ ქალი გარეთ გამოვარდა, ბინდბუნდში. ხელებს იქნევდა და რაღაცას იძახდა. ვიდრე მიხაელისი ნაბიჯის გადადგმას მოასწრებდა, მოსახდენი მოხდა.
„სიკვდილის მანქანა“, ასე უწოდეს გაზეთებმა, არ გაჩერებულა. ახლად ჩამოწოლილი ბინდიდან უეცრად გამოვარდა, უბედურებამ წამით შეაყოვნა, მაგრამ მყისვე მთელი სიჩქარით გაქანდა და უახლოეს მოსახვევში მიიმალა. მიხაელისმა წესიერად ფერიც ვერ გაარჩია - პირველ პოლიციელს უთხრა, ღია მწვანე იყოო. მეორე მანქანამ, რომელიც ნიუ-იორკისკენ მიჰქროდა, ასამდე იარდი გაიარა და მერე გაჩერდა. მძღოლი სწრაფად გამოვარდა და იმ ადგილს მიაშურა, სადაც მირტლ უილსონმა ჩაიმუხლა და მტვერში სქელი, მუქი სისხლის ტბორი დააყენა
პირველად მიხაელისი და ის კაცი მიეშველნენ; ჯერ ისევ ოფლიანი ზედა სამოსი შემოახიეს და საშინელი რამ დაინახეს - მარცხენა ძუძუ, მოგლეჯილ ჯიბესავით, კანზეღა კონწიალობდა. გულის მოსმენა რაღა საჭირო იყო. სიმწრისგან პირი ისე დაეღო, რომ კუთხეებში დასკდომოდა, თითქოს დიდი ხნის ნაგროვებ სასიცოცხლო ძალასთან განშორებისას წამით სასულე გადაეკეტაო.
ჩვენ შორიდანვე შევნიშნეთ: რამდენიმე მანქანა იდგა და ხალხიც შეჯგუფებულიყო.
– დაჯახებულან! - ჩაილაპარაკა ტომმა. - კარგია, ბოლოს და ბოლოს უილსონი ცოტა საქმეს მაინც იშოვის.
სვლა შეანელა, მაგრამ გაჩერებას არ აპირებდა. როცა, გარაჟს კიდევ უფრო მივუახლოვდით, შეჯგუფებული ხალხის მდუმარე, შეძრწუნებულმა სახეებმა უნებლიედ აიძულა მუხრუჭს დასწოლოდა.
– შევხედოთ მხოლოდ, - გვითხრა გაუბედავად, - მხოლოდ შევხედოთ.
ახლაც ყურში მიდგას ის ხმა - ყრუ, საბრალობელი ზლუქუნი, რომელიც გარაჟიდან ისმოდა. მანქანიდან რომ ჩამოვედით და კარებს მივაშურეთ, მაშინღა გავარჩიეთ - ვიღაც ზედიზედ, მოთქმით იმეორებდა: „ო, ღმერთო ჩემო!“ და მწუხარებისგან სუნთქვა ეკვროდა.
– ცუდი ამბავი უნდა იყოს, - ჩაილაპარაკა შეშფოთებულმა ტომმა.
ფეხის წვერებზე აიწია და ხალხის თავებს ზემოდან გარაჟში შეიჭყიტა. მავთულის ბადეში ჩამჯდარი ერთადერთი ყვითელი ნათურა ანათებდა გარაჟს. უეცრად ტომს მოკლე, ხრიწიანი ბგერა აღმოხდა, ძლიერი მკლავებით ხალხი მისწი-მოსწია და გზა გაიკაფა.
ბრბო უკმაყოფილოდ შეჩოჩქოლდა და ისევ წრედ შეიკრა; სრულებით ვერაფერს ვხედავდი. შემდეგ ახლადმოსულმა ხალხმა ბრბო ისევ მისწი-მოსწია და მე და ჯორდანი წრის შიგნით აღმოვჩნდით.
მირტლ უილსონის ცხედარი კედელთან იყო დასვენებული, დაზგაზე. ამ სიცხეში ციებიანივით ორ საბანში იყო გახვეული. ტომი ჩვენკენ ზურგით იდგა, გარინდებული დაჰყურებდა ცხედარს. მოტოციკლიანი პოლიციელი გვერდით ედგა. იგი ოფლად იღვრებოდა და პატარა უბის წიგნაკში ვაი-ვაგლახით, სწორებ-სწორებით იწერდა გვარებს. თავდაპირველად ვერ გავარჩიე ვის აღმოხდებოდა ხოლმე ხმამაღალი, მწუხარე შეძახილი, ექოსავით რომ ედებოდა ცარიელ გარაჟს. ბოლოს უილსონი შევიცანი. იდგა იგი თავისი კანტორის შემაღლებულ შესასვლელთან, ორივე ხელით კარს ჩასჭიდებოდა და აქეთ-იქით ირწეოდა. ვიღაც მამაკაცი დაბალი ხმით რაღაცას ეუბნებოდა და ზოგჯერ მხარზეც ადებდა ხელს, მაგრამ უილსონს არაფერი ესმოდა და ვერც ხედავდა რამეს. ხან ნათურას მიაშტერებდა თვალს, ხან მაგიდისკენ ფრთხილად გადაიტანდა მზერას და სასწრაფოდ ისევ ნათურას მიაჩერდებოდა, თან შემზარავი, მაღალი ხმით განუწყვეტლივ გაიძახოდა:
– ო, ღმერთო ჩემო! ო, ღმე-ერთო ჩემო! ო, ღმე-ერთო ჩემო!
ტომმა უეცრად თავი ასწია, დაბნეულმა მიმოიხედა და პოლიციელს რაღაც გაურკვევლად ჩაულაპარაკა.
– მ... ა... ვ... - მარცვლავდა პოლიციელი, - ო...
– არა, რ... - გაუსწორა ბერძენმა, - მ-ა-ვ-რ-ო....
– მომისმინეთ! - გაბრაზებით შეუტია ტომმა.
– რ... - თქვა პოლიციელმა, - ო...
– გ...
– გ... - პოლიციელმა მხარზე ტომის ფართო ხელის სიმძიმე იგრძნო და თავი ასწია! - რა გინდა, ძამია?
– რა მოხდა? გამაგებინეთ.
– მანქანამ დაარტყა, მოკლა იქავე.
– იქვე მოკლა, - გაიმეორა გაშტერებულმა ტომმა.
– ქუჩაში გამოვარდნილა. იმ მამაძაღლმა მანქანა არ შეაჩერა.
– ორი მანქანა იყო, - აუხსნა მიხაელისმა, - ერთი მოდიოდა, მეორე მიდიოდა, გამიგე?
– საით მიდიოდა? - სასწრაფოდ ჩაეკითხა პოლიციელი.
– თავ-თავის გზით მიდიოდნენ. მერე ეს, - საბნებში გახვეული ცხედრისკენ დააპირა ხელის გაშვერა, მაგრამ იმწამსვე ძირს დაუშვა, - ეს სირბილით გამოვარდა და ის, რომელიც ნიუ-იორკიდან მოდიოდა, - პირდაპირ დაეჯახა. საათში ოცდაათი თუ ორმოცი მილის სისწრაფით მიქროდა.
– რა ქვია ამ ალაგს, თუ იცი? - იკითხა პოლიციელმა.
– არაფერი არ ჰქვია.
ვიღაც კარგად ჩაცმულმა მულატმა აცნობა:
– ყვითელი მანქანა იყო. დიდი, ყვითელი მანქანა. ახალი.
– შემთხვევა შენი თვალით ნახე? - იკითხა პოლიციელმა.
– არა, მაგრამ მანქანამ გზაზე ჩამიქროლა. ორმოცზე ჩქარა მიდიოდა. ალბათ, ორმოცდაათით, სამოცით.
– მოდი აქ და გვითხარი სახელი და გვარი უნდა ჩავიწერო.
ეტყობა, ეს საუბარი უილსონსაც შემოესმა. იგი ისევ კანტორის კარებში იდგა და ირხეოდა. მოულოდნელად, მოთქმა-ტირილით სულშეხუთულმა ამოიძახა:
– თქვენ ვერ მასწავლით რა მანქანა იყო! ვიცი, რომელიც იყო!
მე ტომს მივჩერებოდი. აშკარად შეეტყო შემოტმასნილი ტანსაცმლის ქვეშ როგორ დაეძაბა ბეჭის კუნთები. იგი სწრაფად მიიჭრა უილსონთან, წინ დაუდგა და ორივე მკლავში ღონივრად ჩაჰკიდა ხელი.
– რა მოგივიდათ, თავი გაიმაგრეთ, - უხეშად გაამხნევა.
უილსონმა ტომს შეხედა. ის იყო ფეხის წვერებზე წამოიმართა, მაგრამ მუხლი მოეკვეთა და ძირს დაეცემოდა, ტომს რომ მარჯვედ არ სჭეროდა ხელში.
– მომისმინეთ! - უთხრა ტომმა და ცოტა შეანჯღრია, - ეს წუთია ნიუ-იორკიდან მოვედი. ის ორადგილიანი მანქანა მოგიყვანეთ, ყიდვა რომ გინდოდათ. შუადღისას რომ მნახეთ, ის ყვითელი მანქანა ჩემი არ იყო, გესმით? შუადღის შემდეგ თვალით აღარ მინახავს.
მხოლოდ მე და ზანგი ვიდექით იმ მანძილზე, რომ გვესმოდა ტომის ხმა. პოლიციელმა მხოლოდ კილოში შენიშნა რაღაც საეჭვო და თვალები გადმოკარკლა.
– რაო, რაო? - იკითხა მან.
– ამის მეგობარი ვარ. - ტომმა თავი მიაბრუნა, მაგრამ უილსონისთვის ხელი არ გაუშვია, - ასე მითხრა, ვიცი, რომელი მანქანაც დაეჯახაო... ყვითელი მანქანა იყოო.
რაღაც გაურკვეველმა წინათგრძნობამ პოლიციელი ტომზე შეაეჭვიანა.
– მერე, რა ფერია თქვენი მანქანა?
– ცისფერი გახლავთ, ორადგილიანია.
– ახლახან მოვედით ნიუ-იორკიდან, - ვუთხარი მე.
ვიღაცამ, ალბათ ჩვენს უკან ვინც მოდიოდა მანქანით, დაგვიდასტურა ეს და პოლიციელმა თავი გაგვანება.
– აბა, ახლა თუ ჩამაწერინებთ იმ გვარს სწორად...
ტომმა თოჯინასავით აიტაცა ხელში უილსონი, კანტორაში შეიყვანა, სკამზე დასვა და უკან გამოვიდა.
– იქნებ ვინმე შევიდეს და დაჯდეს მის გვერდით, - დარბაისლურად ბრძანა და დაელოდა, ვიდრე იქვე მდგომი ორი მამაკაცი უხალისოდ შევიდოდა ოთახში. ტომმა კარი მიუხურა მათ, ერთადერთი საფეხურიდან ჩამოაბიჯა, ცხედარს თვალი აარიდა და მე რომ ჩამიარა, წამჩურჩულა, - წავედით.
გვეუხერხულებოდა, მაგრამ ტომმა მძლავრი მკლავებით გზა გაგვიკვალა და თავი დავაღწიეთ ბრბოს, რომელსაც ხალხი ისევ ემატებოდა და ემატებოდა. ნახევარი საათის წინ ექიმი გამოეძახებინათ, სასწაულის იმედით; წინ შემოგვხვდა იგი, ჩანთით ხელში აჩქარებული მოაბიჯებდა.
მოსახვევამდე ტომი ნელა მიდიოდა, მერე ფეხი დააჭირა გაზს და ორადგილიანი მანქანა ღამეში სწრაფად გაქანდა. ცოტა ხნის შემდეგ ჩუმი ზლუქუნი გავიგონე; დავინახე ტომს ცრემლი ღვარად ჩამოსდიოდა.
– ღვთის გლახა, მხდალი! - ამოიგმინა, - მანქანაც კი არ გააჩერა!
ხშირ, მოშრიალე ხეებში უეცრად ამოტივტივდა ბიუქენენების სახლი. ტომმა შესასვლელთან გააჩერა მანქანა და მეორე სართულს ახედა. ფანჯარაში, ვაზის ლერწებს შორის, ძლიერი შუქი ელვარებდა.
– დეიზი სახლშია, - ჩაილაპარაკა. ჩვენ მანქანიდან გადმოვედით. შემომხედა და ცოტა მოიღუშა.
– უესტ-ეგში უნდა ჩამეყვანე, ნიკ. ახლა მაინც რაღას გავაკეთებთ.
შეცვლილი იყო. დინჯად, თავდაჯერებული ლაპარაკობდა. ვიდრე მთვარის შუქით განათებულ ქვაფენილს გავივლიდით და სახლის შესასვლელს მივადგებოდით, შექმნილი ვითარება რამდენიმე თადარიგიანი სიტყვით მოაწესრიგა.
– ტაქსს გამოვიძახებ და იმით წადი. ვიდრე მოვიდოდეს, შენ და ჯორდანი სამზარეულოში შედით და უთხარით, გავახშმონ, თუ გშიათ. - კარი გააღო და შეგვიპატიჟა, - შემოდით.
– არა, გმადლობთ; კარგი იქნება, ტაქსს თუ შევუკვეთავ. გარეთ დავიცდი.
ჯორდანმა მკლავზე დამადო ხელი.
– არ შემოხვალ, ნიკ?
– არა, გმადლობთ.
თავს ცუდად ვგრძნობდი და მარტო მინდოდა ყოფნა, მაგრამ ჯორდანი ფეხს ითრევდა.
– ათის ნახევარია ჯერ, - მითხრა.
ჯოჯოხეთად მიმაჩნდა იქ შესვლა. მთელი დღის მანძილზე ყელში ამომივიდნენ, თურმე ჯორდანიც კი მომბეზრებოდა. უთუოდ სახეზე მეწერა ეს, რადგან მყისვე ზურგი შემაქცია და ისე აირბინა კიბეები, უკანაც არ მოუხედავს. ცოტა ხნით ჩამოვჯექი, თავი ხელებში ჩავრგე და ასე ვიყავი, ვიდრე მოსამსახურის ხმა არ მომესმა, რომელმაც ტელეფონით ტაქსი გამოიძახა. ავდექი და ნელ-ნელა ქუჩისკენ გავწიე. ჭიშკართან უნდა დავხვედროდი მანქანას.
ოცი იარდიც არ მექნებოდა გავლილი, ვიღაცამ დამიძახა; ბუჩქებიდან გეტსბი გამოძვრა და მომიახლოვდა. მაშინ, რაღაც უჩვეულო განცდით ვიყავი ატანილი, რადგან მხოლოდ ის შევამჩნიე, როგორ ელვარებდა მისი ვარდისფერი სამოსი მთვარის შუქზე. სხვაზე ფიქრიც არაფერზე შემეძლო.
– რას აკეთებთ? - შევეკითხე.
– არაფერს, ვდგავარ, ძმაკაცო.
რატომღაც საეჭვოდ მომეჩვენა მისი საქციელი. ლამის ისიც კი გავიფიქრე, ამ სახლის გაძარცვას აპირებს-მეთქი. არ გამიკვირდებოდა „ვულფშიმის ხალხის“ ბოროტი სახეები რომ დამენახა მის ზურგს უკან, ამ ბნელ ბუჩქნარში.
– გზაში რამე უბედური შემთხვევა ხომ არ გინახავთ? - მკითხა ცოტა ხნის შემდეგ.
– ვნახეთ.
შეცბუნდა.
– მკვდარი იყო?
– დიახ.
– ასეც ვფიქრობდი. დეიზისაც ვუთხარი, ასე იქნება-მეთქი. უმჯობესია თავზარდამცემი ამბავი თავიდანვე უთხრა კაცს. მშვენივრად გაუძლო.
ისე ამბობდა, თითქოს უმთავრესი ის იყო, როგორ გადაიტანდა დეიზი მომხდარ ამბავს.
– უესტ-ეგში სხვა გზით ჩავედით, - განაგრძო, - მანქანა გარაჟში დავტოვე. მგონი არავის დავუნახივარ, მაგრამ ვინ იცის...
იმ წუთს ისე მეჯავრებოდა, რომ სიმართლე არ ვუთხარი.
– ვინ იყო ის ქალი? - ისევ შემეკითხა.
– გვარად უილსონი იყო. მის ქმარს გარაჟი და სახელოსნო აქვს. მაინც რა ჯანდაბა დაგემართათ, რა მოხდა?
– რა ვქნა, ბევრი ვეცადე, საჭე გამომერთმია... - სიტყვა გაუწყდა. უეცრად მივხვდი რაშიც იყო საქმე.
– დეიზის მიჰყავდა?
– დიახ, - ცოტა ხანს შეყოვნდა და მერე მიპასუხა, - მაგრამ რა თქმა უნდა, ყველგან ვიტყვი, რომ მე ვიჯექი საჭესთან. ნიუ-იორკიდან რომ წამოვედით, ძალიან განერვიულებული იყო და ასე ეგონა, მანქანის ტარება დამაწყნარებსო. ეს ქალი მაშინ შემოგვეფეთა, როცა შემხვედრ მანქანას გვერდი ავუქციეთ. ყველაფერი ერთ წამში მოხდა. მე მგონი, ჩვენთან დალაპარაკება სურდა, ნაცნობები ვეგონეთ. დეიზიმ ჯერ სცადა ამ ქალისთვის გვერდი აევლო და მანქანისკენ აიღო გეზი, მაგრამ ნერვებმა უმტყუნეს და ისევ ქალისკენ შეატრიალა. საჭეს რომ მივწვდი, უკვე დაჯახებაც ვიგრძენი... უთუოდ იქვე მოკლავდა.
– სულ დაგლიჯა ...
– ნუ, ძმაკაცო, ნუ მომიყვები... შეკრთა იგი, - ასე იყო თუ ისე... დეიზიმ მანქანა გააქროლა.
რამდენი ვარწმუნე, მანქანა გააჩერე-მეთქი, მაგრამ ძალა არ ეყო. იძულებული ვიყავი ხელის მუხრუჭი გამომეყენებინა, დეიზი კალთაში ჩამივარდა და გზა მე განვაგრძე. - დილამდე დამშვიდდება, - დაუმატა ცოტა ხნის შემდეგ. - აქ უნდა ვიცადო და ვუთვალთვალო, რომ ტომმა არ შეაწუხოს ამ საღამოს მომხდარი ამბის გამო. თავის ოთახშია ჩაკეტილი. ტომი თუ უხეშად მოექცა, დეიზი ნიშანს მომცემს - სინათლეს ჩააქრობს და აანთებს.
– ხელსაც არ ახლებს, - ვუთხარი, - ახლა დეიზიზე არც ფიქრობს.
– ვერ ვენდობი, ძმაკაცო.
– როდემდე უნდა იცადო?
– მთელ ღამეს, თუ საჭირო იქნა. ყოველ შემთხვევაში მანამ, ვიდრე ყველა დაიძინებდეს.
უეცრად სხვა აზრმა გამიელვა. თუ ტომი გაიგებდა, რომ საჭესთან დეიზი იჯდა, ეგებ ყველაფერი ერთმანეთთან დაკავშირებული ჰგონებოდა და რაღაც სხვა ეჭვი გასჩენოდა.
სახლს გავხედე. ქვედა სართულზე ორი თუ სამი ფანჯარა იყო გაჩირაღდნებული, მეორე სართულზე მხოლოდ დეიზის ოთახში იდგა ვარდისფერი შუქი.
– აქ დამიცადეთ, - ვუთხარი გეტსბის. - ვნახავ, რა ხდება.
უკან გავყევი კვალედის ნაპირს, ფრთხილად გადავსერე ქვაფენილი და აივნის საფეხურები ფეხის წვერებზე ავიარე. სასტუმრო ოთახის ფარდები გადაწეული იყო. ოთახში არავინ ჩანდა. როცა ის აივანი გავიარე, სადაც ამ სამი თვის წინ, ივნისის ერთ საღამოს, ვისადილეთ, უეცრად სწორკუთხა მკრთალ შუქს მივადექი. მივხვდი, რომ ეს სამზარეულო ოთახი იყო. ფარდა ბოლომდე ჰქონდათ ჩამოშვებული, მაგრამ ძირს, რაფასთან, პატარა ღრიჭო აღმოვაჩინე.
დეიზი და ტომი სამზარეულოს მაგიდასთან პირისპირ ისხდნენ. სუფრაზე ედოთ ცივი, შემწვარი წიწილი და ორი ბოთლი ლუდი. ტომი რაღაცას ჯიუტად უქადაგებდა და თავდავიწყებულს ხელი ხელზე დაედო დეიზისთვის. დეიზი ხანდახან ახედავდა და თანხმობის ნიშნად თავს უქნევდა.
ბედნიერები როდი იყვნენ - წიწილისა და ლუდისთვის არც ერთს არ უხლია ხელი, მაგრამ არც გაუბედურებულებს ჰგავდნენ. მათ შორის წრფელი გულითადობა სუფევდა; გარეშე კაცი იფიქრებდა, რაღაც საიდუმლო მოლაპარაკებით არიანო გართული.
აივნიდან ფეხის წვერებზე ჩამოვდიოდი, როცა ტაქსის ხმა მომესმა. მანქანა სიბნელეში გზას ძლივს იკვლევდა. გეტსბი იქვე იცდიდა, სადაც დავტოვე.
– ხომ მშვიდობაა? - შეშფოთებულმა სიტყვა შემაგება.
– სრული სიწყნარეა. - ცოტა ხანს შევყოყმანდი, - უმჯობესია სახლში წამოხვიდეთ და გამოიძინოთ.
გეტსბიმ თავი გააქნია.
– აქ უნდა ვიდგე, ვიდრე დეიზი დაიძინებდეს. ღამე მშვიდობისა, ძმაკაცო.
პიჯაკის ჯიბეებში ჩაიწყო ხელები; ზურგი ისე შემაქცია და ისეთი სასოებით განაგრძო დარაჯობა, თითქოს ჩემი იქ ყოფნით იბღალებოდა მისი სიფხიზლის ღვთაებრივი სიწმინდე, რაღას ვიზამდი. გავუდექი ჩემს გზას და არარაის დარაჯად მთვარის შუქზე მდგარი გეტსბი მეც მივატოვე.
თავი VIII
თელი ღამე ვერ დავიძინე. ნისლი იდგა და სრუტეში საყვირის ხმა არ შეწყვეტილა. ვერ მოვისვენე. სნეულივით ვბორგავდი საზარელი სინამდვილისა და შემაწუხებელი სიზმრების პირირსპირ შთენილი. გარიჟრაჟზე ტაქსის ხმა შემომესმა - გეტსბის კარიბჭეს უახლოვდებოდა იგი. ლოგინიდან სასწრაფოდ წამოვხტი და ჩავიცვი. მახსოვდა, გეტსბისთვის რაღაც უნდა მეთქვა, ახლავე უნდა გამეფრთხილებინა იგი, რადგან დილით ვაითუ გვიან ყოფილიყო.
ბაღი გადავიარე. გეტსბის კარი ისევ ღია ჰქონდა. თავად წინკარში იდგა მაგიდას მიყრდნობილი. ცუდ გუნება-განწყობას თუ უძილობას მთლად მოეთენთა.
– არაფერი მომხდარა, - მითხრა გადაქანცულმა, - ერთხანს ვიცადე; დაახლოებით ოთხ საათზე დეიზი ფანჯარას მოადგა და წამით გაჩერდა. მერე შუქი ჩააქრო.
გეტსბის სახლი არასოდეს მომჩვენებია ისე ვეება, როგორც იმ ღამეს. სიგარეტის ძებნაში უზარმაზარი ოთახები მოვიარეთ; გავწი-გამოვწიეთ საჩარდახე ტილოსავით სქელი კრეტსაბმელები. სიბნელეში კედელზე ხელის ფათურით ვეძებდით სინათლის ჩამრთველს. ბნელში პიანინო ვერ შევნიშნე, წავბორძიკდი, დავეჯახე და უცაბედად კლავიშებს დავეყრდენი - საკრავი უცნაურ ხმაზე აჟღერდა. დიდი ხნის გაუნიავებელ ოთახებში მტვერი დასდებოდა ყველაფერს, სინესტე იდგა. უცხოურ მაგიდაზე სიგარეტების კოლოფი შევნიშნე. შიგ ორი ძველი, გამომშრალი სიგარეტი ეგდო. სასტუმრო ოთახში ფანჯრები გამოვაღეთ და კუნაპეტ სიბნელეში გავაბოლეთ.
– უნდა წახვიდე აქედან, - ვურჩიე, - რაღა თქმა უნდა, მოაგნებენ მანქანის კვალს.
– ახლავე წავიდე, ძმაკაცო?
– ერთი კვირით გაისეირნე ატლანტიკ-სიტიში, ან მონრეალში.
არ დამიჯერა. ვერ მიატოვებდა დეიზის, ვიდრე არ გაიგებდა რა გადაწყვიტა ქალმა. რაღაც უკანასკნელ იმედს ებღაუჭებოდა და ვერ შევძელი მისი გამოფხიზლება.
სწორედ იმ ღამეს მიამბო თავისი უცნაური თავგადასავალი, როგორ შეხვდა დენ კოდის. მიამბო, რადგან „ჯეი გეტსბი“ შუშასავით შემსხვრეოდა ტომის ღვარძლიან გულს, ყავლი გასვლოდა იდუმალებით მოცულ ამდენი ხნის ზღაპარს. ალბათ ყველაფერს დაწვრილებით მიამბობდა, არაფერს დამიმალავდა, მაგრამ ახლა მხოლოდ დეიზიზე სურდა საუბარი.
დეიზი გახლდათ პირველი „დახვეწილი“ გოგო მის ნაცნობებს შორის. სხვადასხვა გაუმხელელ საქმიანობას ბევრჯერ შეუხვედრებია იგი ასეთი წრის ხალხთან, მაგრამ ყოველთვის გრძნობდა, რომ ეკლიანი მავთული აშორებდა მათ. დეიზი კი ერთობ სანდომიანი და სასურველი მოეჩვენა. დადიოდა მასთან სტუმრად, ჯერ კემპ
ტეილორის ოფიცრებთან ერთან, შემდეგ მარტო. ქალწულის სახლმა გააოცა - ასეთ ლამაზ სახლში მანამდე არც ყოფილიყო. მაგრამ გამაოგნებლად მომხიბვლელი მხოლოდ იმიტომ ეჩვენებოდა, რომ დეიზი ცხოვრობდა იქ, დეიზისთვის აქაურობა ისეთივე ჩვეულებრივი იყო, როგორც გეტსბისთვის კარავი ოფიცერთა ბანაკში. აქ, ამ სასახლეში წარმოსახვა უცხოველდებოდა - წარმოიდგენდა ხოლმე ზედა სართულზე ჩამწკრივებულ საწოლ ოთახებს, რომლებიც ყველაზე ლამაზი და გრილი ეგონა; მხიარულებით და სიცოცხლით სავსე დერეფნებს, მიჯნურთა ვნებებს - არა გაცვეთილს და ობმოკიდებულს, ლავანდის ხმელ ფოთლებში შენახულს, არამედ კისკასსა და მჩქეფარეს; ახალთახალი მანქანების სურნელსა და ელვარებას, მეჯლისებზე უხვად მოტანილ ცინცხალ ყვავილებს. ისიც აღაგზნებდა, რომ მანამდე უკვე ბევრ მამაკაცს ჰყვარებოდა დეიზი. ეს მის თვალში ღირსებას მატებდა ასულს. გეტსბი გრძნობდა იმ მამაკაცთა სუნთქვას სახლის ყოველ კუნჭულში, თითქოს ყველაფერი გაჟღენთილი იყო მათი მთრთოლვარე განცდების შორეული ზმანებით და გამოძახილით.
გულის საოხად შემორჩათ იგი, ვით დაუვიწყარი სახსოვარი ხანგრძლივი განშორებისას, ხვალინდელი დღე რომ ჰპირდებოდათ. ერთი თვე იყო, რაც ერთმანეთი უყვარდათ, მაგრამ არასოდეს ყოფილან ისე ახლოს და ისე ერთსულნი, როგორც იმ წამებში, ქალი ბაგეებით რომ ეალერსებოდა მხარზე და ეხუტებოდა მის სამხედრო ხალათს, ან როცა კაცი ქალის თითებს ხელით ელაციცებოდა, თითქოს შიშობდა, ძილი არ დავუფრთხოო.
ომის დროს, სამხედრო საქმიანობას გეტსბიმ მშვენივრად გაართვა თავი. ფრონტზე წასვლის წინ კაპიტანი იყო, ხოლო არგონის ბრძოლების შემდეგ მაიორის წოდება მიიღო და დივიზიის მეტყვიამფრქვევეთა ნაწილის უფროსი გახდა. საომარ მოქმედებათა შეწყვეტისთანავე, სახლში დაბრუნებას ცდილობდა, მაგრამ რაღაც აირ-დაირია თუ უბრალო გაუგებრობის მეოხებით ოქსფორდში ამოყო თავი. აქ კი მოუსვენრობამ შეიპყრო - დეიზის წერილებში ერთგვარი შიში და უიმედობა გამოსჭვიოდა. ქალს ვერ გაეგო, რატომ არ ჩამოდიოდა გეტსბი. გარემო მძიმე ტვირთად აწვა ასულს და სულს უხუთავდა. ამიტომ ეჩქარებოდა გეტსბის ნახვა, სურდა თავის გვერდით ჰგულებოდა იგი, რათა დაბრუნებოდა თუნდ იმის რწმენა, რომ არაფერს იქმოდა მცდარსა და უგვანოს.
დეიზი ჯერ კიდევ ნორჩი გახლდათ და მის ოცნებაში სამყარო ორქიდეების სურნელით ფშვინავდა, იზიდავდა იგი ხალისიანი, სნობური ყოფით, ორკესტრებით, მხოლოდ წლის უახლეს რიტმებს რომ სცნობდნენ და ახლა სასიმღერო კილოკავებში გამოხატავდნენ ამქვეყნიურ დარდს თუ საფიქრალს. საქსაფონები მთელი ღამე მოთქვამდნენ „ბილ სტრიტ ბლიუზის“ სევდიან ჰანგებს; მათ რიტმს აყოლილი ასობით წყვილი ოქროს თუ ვერცხლის სირმით გაწყობილი საცეკვაო ფეხსაცმელი მტვრის ლიცლიცა ბუღს აყენებდა. მაშინ, როცა ჩაის სმის ყომრალი ჟამი დგებოდა, ბევრგან, სასტუმრო ოთახებში, გულის ჩქროლვით აჰყვებოდნენ ხოლმე ამ სუსტ და საამო თრთოლვას; სიცოცხლით სავსე სახეები ვარდის ფურცლებივით ხან სად დაფარფატებდნენ, ხან სად, თითქოს საყვირების სევდიან ჰანგს აეტაცა ისინი და ოთახში ანანავებდა.
მალევე, დეიზი კვლავ აჰყვა მიმწუხრის სამყაროს. უმალვე გაუჩნდა ექვსიოდე თაყვანისმცემელი. დღეში ექვს პაემანზე ასწრებდა წასვლას, ექვს მამაკაცთან შეხვედრას.
გათენებისას ბრუნდებოდა შინ. დაქანცულს უმალვე ეძინებოდა. ძლივსღა იხდიდა მძივებითა და თხელი აბრეშუმით გაწყობილ სამეჯლისო კაბას და იქვე ლოგინთან მიაგდებდა ხოლმე, იატაკზე, დამჭკნარ ორქიდეებთან ერთად. ამ ხნის განმავლობაში შინაგანი ხმა მიწყივ ეძახდა და სთხოვდა გადაეწყვიტა რამე. სურდა ახლავე, დაუყოვნებლივ მოეწყო თავისი ცხოვრება და გადაწყვეტდა კიდეც ამ ნაბიჯის გადადგმას, თუკი აიძულებდა რაიმე ძალა - სიყვარული იქნებოდა ეს, ფული თუ აშკარად ხელსაყრელი რამ გარიგება.
შუა გაზაფხულზე, ტომ ბიუქენენის ჩამოსვლის შემდეგ, ეს ძალაც გამოჩნდა. ტომი თავადაც ზორბა კაცი იყო და ცხოვრებაც ასეთი ჰქონდა. ამან მოხიბლა დეიზი. ცხადია, ვიდრე გადაწყვეტდა, საკუთარ თავთან ბრძოლაც დასჭირდა და მერე, უთუოდ, შვებაც იგრძნო. წერილმა გეტსბის ოქსფორდშივე ჩაუსწრო.
ლონგ-აილენდზე ირიჟრაჟა. ახლა ქვედა სართულის ფანჯრებს ვაღებდით. ოთახები მორუხო-მოოქროსფერო შუქით ივსებოდა. ხის ჩრდილი დაფენოდა დაცვარულ მოლს. ლურჯ ფოთლებში გალობდნენ აჩრდილებივით მიმალული ჩიტები. ჰაერი ზანტად, საამოდ იშმუშნებოდა - ნიავი არც კი ეთქმოდა ამას; აშკარა იყო, გრილი, წარმტაცი დღე თენდებოდა.
– არა მგონია, დეიზის ოდესმე ყვარებოდა იგი, - ფანჯარას ზურგი აქცია გეტსბიმ და გამომწვევად შემომხედა, - უთუოდ გახსოვს, ძმაკაცო, დეიზი ძალიან აღელვებული იყო.
იმანაც ისე ჩამოუკაკლა ის ამბები, რომ ქალს შეეშინდა. ალბათ ვიღაც ბაცაცა ვეგონე. შედეგი თავადაც ნახეთ, აღარ ესმოდა რას ამბობდა.
ნაღვლიანი ჩამოჯდა.
– რა თქმა უნდოდა, ახლად დაქორწინებულმა ეგებ სიყვარულიც იგრძნო მისდამი, წამით, მაგრამ მაშინაც კი მე უფრო ძლიერ ვუყვარდი, გესმის?
მოულოდნელად უცნაური რამ მითხრა:
– ასე იყო თუ ისე, მისი პირადი საქმეა ეს.
როგორ გაიგებ კაცი ამ სიტყვებს?! უნდა იფიქრო, ალბათ, იმდენად ღრმა იყო გეტსბის შეხედულება დეიზისთან მის ურთიერთობაზე, რომ ვერც გაზომავდი.
საფრანგეთიდან მაშინ დაბრუნდა, როცა ტომი და დეიზი ჯერ ისევ საქორწინო მოგზაურობაში იყვნენ. ვეღარ მოითმინა და გულგატეხილი გაემგზავრა ლუისვილს. მიიარ-მოიარა ის ქუჩები, სადაც ერთად დააბიჯებდნენ და თეთრად ათენებდნენ
ნოემბრის ღამეებს. ის ადგილებიც მოინახულა ქალაქგარეთ, სადაც დეიზის თეთრი მანქანით ჩაგრიალდებოდნენ ხოლმე. ერთ კვირას დარჩა იქ და ჯარში აღებული უკანასკნელი ხელფასი ამ სევდიან მოგზაურობას მიახარჯა. როგორც დეიზის სახლი ეჩვენებოდა ყველა სხვა სახლზე უფრო მხიარული და იდუმალებით მოცული, ისე ეს ქალაქი, - ახლაც, როცა დეიზი აქ აღარ ცხოვრობდა, - სევდით მოცული მშვენიერების განსახიერებად მიაჩნდა.
ლუისვილიდან უკან დაბრუნებისას, ისეთი განცდა ჰქონდა, თითქოს უფრო ბეჯითად რომ ეძებნა, იპოვიდა დეიზის. ასე ეგონა, დეიზი აქ რჩებოდა, ქალაქში. გროშიც აღარ უჭყაოდა ჯიბეში. საერთო ვაგონში იჯდა; საშინლად დასცხა. დერეფანში გავიდა და გადმოსაწევ სკამზე ჩამოჯდა. სადგური თვალს მიეფარა; უცხო შენობებმაც სწრაფად ჩაიქროლეს. მერე გაზაფხულის მინდვრები გადაიშალა. ერთხანს ხალხით გაჭედილი ყვითელი ტრამვაი აედევნა მატარებელს. იმ ხალხში ალბათ ისეთებიც იყვნენ, ვისაც ქალაქის ქუჩებში ერთხელ მაინც ეხილა დეიზის ფერმკრთალი სახის მშვენება.
მატარებელმა მოუხვია და მზეს ზურგი აქცია. მნათობი დასავლეთისკენ გადახრილიყო და, თითქოს კურთხევას უთვლისო, სხივგაშლილი დასჩერებოდა შორს დარჩენილ ქალაქს, სადაც ერთ დროს სუნთქავდა დეიზი. გულამღვრეულმა გეტსბიმ ფანჯარაში გაჰყო ხელი - კაცს ეგონებოდა ჰაერის ფშვენა სურს დაიჭიროსო, ხელის გულში სურს მოიქციოსო მცირე რამ ქულა იმ გარემოსი, რომელიც გეტსბის სიყვარულით გაუთბია ასულს. მაგრამ ახლა ყველაფერი ერთობ სწრაფად მიჰქროდა მის დალიბრულ თვალთა წინაშე და იცოდა, რომ დეიზის სამყაროს უმშვენიერესი და უნორჩესი ნაწილი სამუდამოდ იყო დაკარგული.
ცხრა საათი იქნებოდა, საუზმე რომ დავამთავრეთ და აივანზე გავედით. ღამით ამინდი მკვეთრად შეცვლილიყო, ჰაერში შემოდგომის სურნელი ტრიალებდა. კიბეს მებაღე მოადგა - ისღა შემორჩენოდა ძველ მსახურთაგან.
– აუზი უნდა დავცალო დღეს, ბატონო გეტსბი. მალე ფოთოლცვენას დაიწყებს და, ხომ იცით, მილები დაიგმანება.
– დღეს ნუ იზამ, - სთხოვა გეტსბიმ და მე მომმართა, თითქოს თავი იმართლაო, - იცი, ძმაკაცო, ამ ზაფხულს ერთხელაც არ მისარგებლია აუზით.
საათზე დავიხედე და წამოვდექი.
– თორმეტ წუთში გადის ჩემი მატარებელი.
მეზარებოდა ქალაქში წასვლა. მუშაობას მაინც ვერ შევძლებდი, ერთ უბრალო სტრიქონსაც ვერ დავწერდი, მაგრამ უმთავრესი მაინც ის იყო, რომ გეტსბის მარტო დატოვება არ მინდოდა. ის მატარებელიც გავუშვი, მეორეც და როგორც იქნა თავს მოვერიე, წავედი.
– დაგირეკავთ, - ვუთხარი ბოლოს.
– კარგი იქნება, ძმაკაცო.
– შუადღისათვის დაგირეკავთ.
ნელი ნაბიჯით დავეშვი კიბეებზე.
– ალბათ დეიზიც დამირეკავს, - მითხრა და შეშფოთებულმა შემომხედა, თითქოს იმედი ჰქონდა, რომ მეც დავუდასტურებდი.
– მეც ასე მგონია.
– კეთილი, ნახვამდის.
ერთმანეთს ხელი ჩამოვართვით და ჩემს გზას გავუდექი. ვიდრე მესერს მივაღწევდი, რაღაც გამახსენდა და უკან გავიხედე.
– დამპალი ბრბოა, - გავძახე, - მაგ წყეულთა ბანდას ბევრად სჯობიხარ.
მერე ყოველთვის კმაყოფილი ვიყავი, ეს რომ ვუთხარი. ამის მეტად არასოდეს შემიქია, რადგან თავიდანვე უნდობლად ვეკიდებოდი და ბოლომდე ასე დავრჩი. ჯერ ზრდილობიანად დამიქნია თავი, მაგრამ შემდეგ სახე ღიმილით გადაებადრა, ნათელი, თანამდგომი კაცის ღიმილით, თითქო ისეთი რამ მეთქვას, რასაც იმთავითვე სიხარულით ვიზიარებდით ორივე. მისი მყვირალა ვარდისფერი ტანისამოსი ელვარე ლაქად მოსჩანდა თეთრი მარმარილოს კიბეების ფონზე.
ის ღამე გამახსენდა, სამიოდე თვის წინ პირველად რომ ვეწვიე ამ მამა-პაპურ სასახლეში. ბაღი, ეზო-გარემო, მისასვლელი გზა, ხალხით იყო გაჭედილი; ყოველი მათგანი მარჩიელობდა მასპინძლის ბიწიერებაზე. თვით მასპინძელი კი, მიამიტად რომ იდგა კიბეებზე და ხელის ქნევით ემშვიდობებოდა მათ, გულით უბიწო ოცნებას დაატარებდა და არავის უმხელდა.
სტუმართმოყვარეობისთვის მადლობა გადავუხადე. ყოველთვის ასე იყო - მადლობას ვუხდიდით ყველა, მეც და სხვებიც.
– ნახვამდის, - გავძახე, - მშვენივრად ვისაუზმე, გეტსბი.
ალაქში ჩავედი. ერთხანს ვებრძოლე თავს და სამსახურის საქმე ვაკეთე - ათასნაირი საქონლის მიმდინარე ღირებულების სიას ვადგენდი, მაგრამ ჩემს მბრუნავ სავარძელში მალევე ჩამძინებოდა. შუადღე ჯერ არ იქნებოდა, ტელეფონის ზარმა რომ გამაღვიძა. შევკრთი, შუბლზე ოფლიც გამომსვლოდა. ჯორდან ბეიკერი იყო, ხშირად რეკავდა ამ დროს; თვითონ მირეკავდა, რადგან იცოდა, მის პოვნას მე ვერ შევძლებდი - ხან სად იყო, ხან სად, ან სასტუმროში ან კლუბში ან ვინმესთან ოჯახში. საამოდ გადმოიღვრებოდა ხოლმე ყურმილიდან მისი ხალისიანი, ხასხასა ხმა, თითქოს დაწესებულების ფანჯარაში გოლფის ლორთქო მინდვრის მცირე რამ კორდი შემოტივტივდაო. მაგრამ, იმ დღეს, ხმაში ხრინწი და უხეში კილო შეპარვოდა.
– წამოვედი დეიზისგან, - მითხრა, - ჰემსტედში ვარ. ნაშუადღევს საუთემპტონში უნდა წავიდე.
ალბათ სწორად მოიქცა, დეიზისგან რომ წამოვიდა, მაგრამ მე მაინც გავღიზიანდი. მომდევნო სიტყვებმა საერთოდ გამაცოფა.
– წუხელ თავაზიანად ვერ მომექეცით.
– მაშ რა უნდა მექნა?
წამიერი დუმილი ჩამოვარდა. მერე მომახალა:
– მაინც მინდა თქვენი ნახვა.
– მეც მინდა თქვენი ნახვა.
– ვთქვათ, რომ არ წავიდე საუთემპტონში და ამ საღამოს მანდ ჩამოვიდე?
– არა, ამ საღამოს არ მოხერხდება.
– როგორ მასიამოვნეთ.
– ამ საღამოს შეუძლებელია. ათასი ...
ერთხანს ასე ვიქაქანეთ და უეცრად შევწყვიტეთ ლაპარაკი. არ ვიცი, პირველად რომელმა დავაგდეთ ყურმილი. ვიცი მხოლოდ ის, რომ გული არ დამწყვეტია. ვერ მივუჯდებოდი ჩაის სუფრას და ვერ გავუბამდი ტკბილ საუბარს, სულაც რომ აღარასოდეს დამლაპარაკებოდა.
რამდენიმე წუთის შემდეგ გეტსბისთან დავრეკე. ხაზი დაკავებული იყო. ოთხჯერ გავიმეორე, მაგრამ ბოლოს, ცენტრალური სადგურის მორიგემ გაწიწმატებულმა მითხრა, ხაზზე დეტროიტი არისო. მატარებლის მიმოსვლის განრიგი ამოვიღე და მორიგი მატარებლის გასვლის დრო - 3 საათი და 50 წუთი შემოვხაზე. მერე მივეყრდენი სავარძლის ზურგს და ფიქრებში წავედი. შუადღე იდგა.
დილით, მატარებლით ნაცრის მთებს რომ ჩავუარე, განზრახ გადავჯექი ვაგონის მეორე მხარეს. დარწმუნებული ვიყავი, ცნობისმოყვარეთა ბრბო მთელი დღე არ დაიშლებოდა. პატარა ბიჭები ალბათ მტვერში დაეძებდნენ სისხლის მუქ ლაქებს და ვინმე ყბედი მამაკაცი, უთუოდ, გამუდმებით ჰყვებოდა მომხდარ ამბავს, ვიდრე მის თვალშიც ნაკლებ დამაჯერებელი არ გახდებოდა იგი. ამის მერე აღარც ეს ენადგაკრეფილი გაიხსენებდა მირტლ უილსონის ტრაგიკულ თავგადასავალს და იგი სამუდამო დავიწყებას მიეცემოდა. ახლა ისევ იმ ამბავს უნდა დავუბრუნდე. უნდა მოგითხროთ, რა მოხდა იმ ღამით, გარაჟთან, ჩვენი წამოსვლის შემდეგ.
გაუძნელდათ მირტლის დის, ქეთრინის მონახვა, მაინცდამაინც იმ ღამით გაუტეხია სიტყვა და დაულევია. როცა ჩამოუყვანიათ, ისე ყოფილა სასმელისგან გამოთაყვანებული, ვერაფრით შეასმინეს თურმე, რომ ცხედარი სანიტარული მანქანით სასაფლაოზე წაასვენეს. მაგრამ ბოლოს, როცა შეუგნია, ქეთრინს გული შეწუხებია. თითქოს ყველაფერზე საშინელი და წარმოუდგენელი მთელ ამ უბედურებაში სწორედ ეს ყოფილიყო. ვიღაც კეთილმა თუ ცნობისმოყვარე კაცმა დის ცხედარს მანქანით დაადევნა იგი.
გარაჟის წინ შუაღამემდე ირეოდა ხალხი, ზოგი მიდიოდა, ზოგი მოდიოდა. უილსონი მერხზე იჯდა და ნელა ირწეოდა. კანტორის კარი ერთხანს ღია იყო. ყველა, ვინც კი
გარაჟს შეყოფდა თავს, ძალაუნებურად მის ოთახში იჭყიტებოდა. ბოლოს, ვიღაცამ იფიქრა, უხერხულიაო და კარი მიხურა. უილსონთან იყვნენ მიხაელისი და რამდენიმე სხვა მამაკაცი. თავდაპირველად ოთხი თუ ხუთი კაცი იქნებოდა, მაგრამ მოგვიანებით ორიოდეღა შემორჩა. კიდევ უფრო გვიან, მიხაელისი იძულებული გახდა ბოლოს შემორჩენილი ერთადერთი უცხო კაცისთვის ეთხოვა, თხუთმეტ წუთს დაიცადეთ, ვიდრე სახლში გადავირბენ და ყავას მოვხარშავო. ამის შემდეგ გათენებამდე უილსონს არ მოშორებია.
სამი საათი იქნებოდა, როცა უილსონი ცოტა დაწყნარდა. გაუგებარი დუდუნი უფრო აზრიანი სიტყვით შეეცვალა - ყვითელი მანქანის შესახებ ალაპარაკდა. ვიცი, ვისგანაც გავიგებო ყვითელი მანქანის პატრონის ვინაობას. ბოლოს ისიც წამოსცდა, რომ ორიოდე თვის წინ მისი ცოლი ქალაქიდან სახედალილავებული და ცხვირდასიებული დაბრუნებულა.
თავისივე ნათქვამი რომ გაიგო, შეკრთა და კვლავ საბრალობელი მოთქმა დაიწყო - „ოჰ, ღმერთო ჩემო!“ გაიძახოდა სევდიანი ხმით. მიხაელისმა თავისებურად სცადა მისი გართობა.
– რამდენი ხანია ცოლ-ქმარი ხართ, ჯორჯ? გეყოფა ახლა, თავი შეიკავე, მშვიდად დაჯექი და მიპასუხე. როდის იქორწინეთ?
– თორმეტი წელია.
– ბავშვები თუ გყავდათ? კარგი, ჯორჯ, წყნარად იჯექი. შვილი გყოლიათ? მუქი ყავისფერი ხოჭოები მიმქრალ შუქზე დაფუთფუთებდნენ. რამდენჯერაც ქუჩაში მანქანა ჩაიქროლებდა ხმაურითა და ჭრიალით, მიხაელისს ის მანქანა ახსენდებოდა, ამ რამდენიმე საათის წინ ადამიანი რომ გაიტანა და არ გაჩერდა. გარაჟში გასვლა ეზარებოდა, რადგან დაზგას, სადაც მიცვალებული პირველად დაასვენეს, სისხლის ლაქები ეცხო. კანტორის იქით არსად მიდიოდა, იქ დაბორიალობდა დილამდე და დაიზეპირა სად რა იდგა. დრო და დრო უილსონს მიუჯდებოდა და ანუგეშებდა.
– რომელიმე ეკლესიაში თუ დადიხარ, ჯორჯ? ან დიდი ხნის წინ თუ დადიოდი? მღვდელს გამოვუძახებ, მოვა, დაგელაპარაკება, კარგი?
– არც ერთი ეკლესია არ მწამს.
– უნდა გწამდეს; რომელიმე ეკლესიას უნდა აღიარებდე, ასეთ დროს მაინც გამოგადგებოდა. ოდესმე მაინც იქნებოდი ეკლესიაში. ჯვარი ეკლესიაში არ დაიწერე? მისმინე ჯორჯ, მომისმინე, განა ეკლესიაში არ დაიწერე ჯვარი?
– ეგ დიდი ხნის წინ იყო.
პასუხის გაცემასაც ძალა უნდოდა და რომ მოიკრიბა, რწევის ერთფეროვანი რიტმი დაერღვა. ერთხანს გაყუჩდა. შემდეგ, მიმქრალ თვალებში კვლავ ის ძველი გამომეტყველება ჩაუდგა - რაღაც იცოდა თითქოს და ვერ ერკვეოდა რაში იყო საქმე.
– იმ უჯრაში ჩაიხედე, - უთხრა მიხაელისს და მაგიდაზე მიუშვირა ხელი.
– რომელ უჯრაში?
– აი მაგ უჯრაში, მაგაში.
მიხაელისმა უჯრა გამოსწია. შიგ მხოლოდ ძაღლის პატარა, ძვირფასი საყელო ეგდო. ტყავის იყო, წნული ვერცხლით გაწყობილი. სრულიად ახალი გახლდათ.
– ეს? - საყელოს ამოღებისთანავე იკითხა მიხაელისმა.
უილსონი მიაჩერდა და თავი დაუქნია.
– გუშინ საღამოს ვიპოვე. რაღაც მიამბო მაგის შესახებ, მაგრამ ვიცი, რომ სისულელეს ამბობდა.
– თქვენმა მეუღლემ იყიდა?
– თხელ ქაღალდში გაუხვევია და თავის განჯინაში შეუნახავს.
მიხაელისი ამაში ცუდს ვერაფერს ხედავდა. უამრავი მიზეზი ჩამოთვალა, რატომ დასჭირდებოდა მის მეუღლეს ძაღლის საყელო. უილსონს უთუოდ მირტლისგანაც ასეთივე ახლნა-განმარტება ჰქონდა მოსმენილი და ამიტომ ისევ მოთქმა განაგრძო, ჩურჩულით კვლავ იგივეს იმეორებდა: „ოჰ, ღმერთო ჩემო!“. მისი გამრთობისა და მანუგეშებლის მეცადინეობა ამაო აღმოჩნდა.
– ჰოდა, იმ კაცმა მოკლა, - აღმოხდა უილსონს. პირი უნებურად დააფჩინა.
– ვინ?
– გავიგებ მაგას.
– ავად ხარ, ჯორჯ. - უთხრა მეგობრულად, - აღელვებული ხარ და არ იცი რას ამბობ. უმჯობესია, თავი შეიკავო დილამდე წყნარად იჯექი.
– იმან მოკლა.
– შემთხვევით მოხდა, ჯორჯ.
უილსონმა თავი გააქნია, თვალები დაუვიწროვდა, ბაგე ოდნავ შეარხია, მაგრამ ურყევი რწმენის ნიშნად „ჰმ!“-ო არც კი უთქვამს, მხოლოდ მისი აჩრდილი დაეფინა ტუჩზე.
– ვიცი, - მკაფიოდ წარმოთქვა, - მიმნდობი კაცი ვარ, ცუდი არავისთვის მინდა, მაგრამ გულში თუ ამოვიჭერი რამე, მივაღწევ კიდეც. იმ მანქანაში იყო ის კაცი, მასთან დასალაპარაკებლად გამოვარდა გარეთ, მაგრამ მანქანა არ გაუჩერა.
ეს მიხაელისმაც დაინახა, მაგრამ აზრადაც არ მოსდიოდა განსაკუთრებით ნიშანდობლივად მიეჩნია რამე. დარწმუნებული იყო, ქალბატონი უილსონი თავის ქმარს გაურბოდა და სულაც არ აპირებდა მაინცდამაინც იმ მანქანის გაჩერებას.
– ან რად უნდოდა?
– ძალიან გულჩათხრობილი იყო, - ისე თქვა უილსონმა, თითქოს ამით უპასუხაო შეკითხვას. -ააჰ... ჰ... ჰ....
ისევ რწევას მოჰყვა. მიხაელისს ძაღლის საყელო ხელში შერჩა.
– იქნებ ვინმე მეგობარი გყავს, დავურეკავ, ჯორჯ!
ესეც ფუჭი იმედი იყო. მშვენივრად იცოდა, რომ უილსონს არც ერთი მეგობარი არ ჰყავდა, არც ჰქონდა ამის თავი; სხვას კი არა, თავის მეუღლესაც ძლივს აუდიოდა. ცოტა ხნის შემდეგ მიხაელისმა კმაყოფილმა შეამჩნია, რომ ოთახის ფანჯარაში
რიჟრაჟის მოლურჯო სხივი ალიცლიცდა. გათენებას ბევრი აღარაფერი აკლდა. ხუთი საათისთვის იმდენად ინათა, რომ ოთახში შუქის ჩაქრობა შეიძლებოდა.
უილსონი გაყინული თვალებით მისჩერებოდა ნაცრის მთებს, სადაც მხრჩოლავი ნაცრის პატარა ლეგა ღრუბლები აისის სიოს ხან აღმა აჰყვებოდნენ, ხან დაღმა და უცნაურად იცვლიდნენ სახეს.
– ველაპარაკე ჩემს მეუღლეს, - წაიჩურჩულა უილსონმა კარგა ხნის დუმილის შემდეგ; - ვუთხარი, ჩემი გაბრიყვება კი შეგიძლია, მაგრამ ღმერთს ვერ მოატყუებ-მეთქი. ფანჯარასთან მივიყვანე, -უილსონი ძლივს წამოდგა, ფანჯარასთან მილასლასდა და პირისახით შუშას მიეხუტა, - ვუთხარი, ღმერთმა ყველაფერი იცის, რაც ჩაგიდენია, ყველაფერი. ჩემი გაბრიყვება ადვილია, მაგრამ ღმერთს ვერ გააბრიყვებ-მეთქი!
მიხაელისი ზურგს უკან ედგა და შეძრწუნებულმა შენიშნა, რომ უილსონი მისჩერებოდა ექიმ ტ.ჯ. ეკლბარგის უფერულსა და ვეება თვალებს, გარიჟრაჟზე რომ გამოჩნდა ახლად გაფანტულ ბნელში.
– ღმერთი ხედავს ყველაფერს, - გაიმეორა უილსონმა.
– ეგ რეკლამაა, - არწმუნებდა მიხაელისი. მერე რატომღაც შემობრუნდა, ფანჯარას ზურგი აქცია და ოთახს გახედა.
უილსონი ადგილიდანაც არ დაძრულა, დიდხანს იდგა ფანჯარასთან და აისის შუქს თავს უკანტურებდა.
გადაქანცული მიხაელისი დილის ექვს საათზე მანქანის დამუხრუჭების ხმამ გაახარა. ღამით დატრიალებული უბედურების ერთ-ერთ მოწმეთაგანი იყო. დაჰპირებოდა, უკან დავბრუნდებიო. მიხაელისმა საუზმე სამი კაცისთვის მოამზადა, მაგრამ მხოლოდ ახლად მოსული დაეწვია. უილსონი შედარებით დამშვიდებული ჩანდა. მიხაელისმა შინ წასვლა და გამოძინება გადაწყვიტა. ოთხი საათის შემდეგ გაეღვიძა. ადგა და საჩქაროდ მიაშურა მგლოვიარე მეზობელს, მაგრამ უილსონი სადღაც წასულიყო.
მის კვალს მერე მიაგნეს - მთელი გზა ფეხით ევლო; ჯერ პორტ-რუზველტში მისულა, მერე გედს-ჰილზე; იქ თითო ნაჭერი ძეხვი და პური უყიდია, მაგრამ არ შეუჭამია. ერთი ფინჯანი ყავა დაულევია მხოლოდ. როგორც ჩანს, დაქანცული იყო და ნელა უვლია, რადგან გედს-ჰილამდე მხოლოდ შუადღისას მიუღწევია. არ გაძნელებულა მისი გზის აღდგენა - პატარა ბიჭუნებს შეუნიშნავთ უცხო კაცი, გიჟივით იქცეოდაო, მძღოლებსაც მიუქცევიათ ყურადღება, რომ ვიღაც მამაკაცი გზის პირას იდგა და გაფაციცებით მისჩერებოდა მანქანებს. შემდეგ, სამს საათს აღარავის უნახავს, გაქრა სადღაც. მიხაელისისთვის ნათქვამი სიტყვის მიხედვით - მე გავიგებო, პოლიცია ვარაუდობდა, რომ ამ სამი საათის განმავლობაში უთუოდ გარაჟიდან გარაჟში დადიოდა და ყვითელ მანქანას ეძებდა. მეორე მხრივ, გარაჟის არც ერთ მფლობელს არ შეუნიშნავს იგი. საფიქრებელი იყო, რომ უფრო იოლი გზა იცოდა იმის გასაგებად, რაც აინტერესებდა. სამის ნახევარზე უკვე უესტ-ეგში ყოფილა, გეტსბის სახლის გზა უკითხავს. ასე რომ, ამ დროისათვის უკვე გეტსბის სახელიც სცოდნია.
ორ საათზე გეტსბიმ საბანაო ტანსაცმელი ჩაიცვა და მსახურს დაუბარა - თუ ვინმემ დარეკოს, აუზში ვიქნები და შემატყობინეო. გარაჟთან ცოტა ხნით შეჩერდა გასაბერი ლეიბისთვის, მთელი ზაფხული მის სტუმრებს რომ ართობდა; ლეიბი შოფერმა გააბერინა. მერე გააფრთხილა იგი, რაც უნდა მოხდეს, ღია მანქანა გარეთ არ გაიყვანოო. მძღოლს ეს გაუკვირდა, რადგან მანქანის წინა მარჯვენა ფრთა შესაკეთებელი იყო. გეტსბიმ ლეიბი მხარზე გაიდო და აუზისკენ გასწია. გზაში ერთხელ შეჩერდა, მხარზე ლეიბი შეისწორა. მძღოლმა კიდეც ჰკითხა, ხომ არ მოგეშველოთო. გეტსბიმ თავი გააქნია და სიყვითლე შეპარულ ხეებში გაუჩინარდა.
ტელეფონზე არავის დაურეკია, მაგრამ მსახურს ძილი მაინც გაუტყდა. ოთხ საათამდე იყარაულა ყურმილთან - ბევრად უფრო მეტ ხანს, ვიდრე ამქვეყნად იყო ის ვისთვისაც ტელეფონით დანაბარები უნდა გადაეცა. ჩემი აზრით, არც გეტსბის სჯეროდა, რომ დეიზი დაურეკავდა და ალბათ უკვე შეგუებული იყო ამას. თუ ჩემი ვარაუდი სწორია, გეტსბი მიხვედრილი იქნებოდა, რომ ძველ სამყაროს სამუდამოდ დაემშვიდობა; მეტად ძვირი დაუჯდა ამდენ ხანს ერთადერთი ოცნების ამარა ყოფნა. იწვა ალბათ და შეჰყურებდა ფერშეცვლილ ფოთლებში აჭიატებულ უცხო ზეცას; ალბათ ტანში გასცრა, როცა მიხვდა, რომ ვარდიც კი უცნაურია და რომ მზის სხივსაც თურმე ახლად ამოწვერილი ბალახისათვის სითბო არ ჰყოფნის. შეჰყურებდა იგი ხორციელ, მაგრამ არარეალურ ახალ სამყაროს, რომელიც ავსილიყო საბრალობელი აჩრდილებით, ჰაერის ნაცვლად ოცნებით რომ სუნთქავდნენ და უმიზნოდ დალასლასებდნენ... ვით ის ნაცარმოდებული იდუმალი არსება, დაღვლარჭნილ ხეებს ამოფარებული, ფრთხილად რომ ეპარებოდა მას.
მძღოლმა - ვულფშიმის ერთ-ერთი პროტეჟეთაგანი იყო - სროლის ხმა გაიგონა. მერე მხოლოდ იმასღა ამბობდა, ამისთვის ყურადღება არ მიმიქცევიაო. სადგურიდან პირდაპირ გეტსბის სახლს მივაშურე. კიბეებთან აღელვებული რომ მივიჭერი, მაშინღა გამოფხიზლდა ყველა. დარწმუნებული ვარ, ყველაფერი უკვე იცოდნენ. სიტყვაც არ დაგვცდენია, ისე გავეშურეთ აუზისაკენ ოთხი კაცი - მძღოლი, მოახლე, მებაღე და მე.
წყალი ოდნავ ირხეოდა, ძლივს შეამჩნევდით, რომ ერთი მხრიდან ახალი ნაკადი შემოდიოდა და მეორე მხარეს მოიწევდა, საწრეტი მილისკენ. წყლის ლივლივს - პაწაწინა ტალღების აჩრდილს, უწესრიგოდ მიჰყვებოდა დამძიმებული ლეიბი. სულ მცირე ნიავიც კი, ოდნავ რომ აჭრიდა წყლის მშვიდ ზედაპირს, ისედაც შემთხვევით მიმართულებას უცვლიდა შემთხვევითი ტვირთით დამძიმებულ ლეიბს. როგორც კი ჩამოცვენილ ფოთლებს შეეხებოდა, ლეიბი ერთ ადგილზე იწყებდა ნელ-ნელა ტრიალს და წყალში ტოვებდა მოწითალო კვალს, თითქოს ფარგლით წრე შემოხაზესო.
გეტსბი სახლისკენ როცა მიგვქონდა, მებაღემ ბალახებში შენიშნა უილსონის გვამი. ეს იყო და ეს, მსხვერპლთა შეწირვა ამით დასრულდა.
თავი IX
ორი წლის შემდეგაც, როცა მახსენდება ის საღამო, ის ღამე და მეორე დღე, თვალწინ მიდგას პოლიციელთა, ფოტოგრაფთა და ჟურნალისტთა დაუსრულებელი რიალი
გეტსბის კარ-მიდამოში. ცნობისმოყვარეთა შესაკავებლად ეზოს კარიბჭესთან თოკი გარდიგარდმო გაეჭიმათ და პოლიციელიც დაეყენებინათ. მაგრამ პატარა ბიჭებმა მალევე მიაგნეს ჩემი ეზოდან გეტსბისკენ გასასვლელ გზას. პირაღია ბიჭუნები აუზს არ შორდებოდნენ. ვიღაც დარბაისელმა კაცმა, ალბათ გამომძიებელი იყო, უილსონზე თქვა - შეშლილი ყოფილაო. დილის გაზეთებში გამოქვეყნებული ანგარიშები ამ რიხიანი განცხადების გამოძახილი გახლდათ.
გაზეთებში გამოქვეყნებული ცნობების უმრავლესობა სიზმარივით შეუსაბამო, დაწვრილმანებული და გულმოდგინე, მაგრამ ყალბი იყო. გამოძიების დროს მიხაელისის ჩვენებით ნათელი გახდა, რომ უილსონი ცოლზე ეჭვიანობდა. მე მეგონა, ყველაფერს დაფქვავდნენ - ბილწი სიტყვით, უშნოდ, უხეშად; მაგრამ ქეთრინმა, - მას უნდა ეთქვა რამე, - სიტყვაც არ დაძრა. პირიქით, საოცარი სიმტკიცე გამოიჩინა - შეღებილ-შესწორებულ წარბებს ქვემოდან ჯიუტად მისჩერებოდა მოსამართლეს და იფიცებოდა, ჩემ დას არასოდეს უნახავსო გეტსბი, ჩემი დაი შეხმატკბილებულად, ბედნიერად ცხოვრობდა ქმართან და არავითარი უსიამოვნება არ შეხვედრიაო. ეს თვითონაც დაიჯერა და ცხვირსახოცაფარებული ისე აზლუქუნდა, თითქოს ამაზე ფიქრიც კი აუტანელი იყო მისთვის. ამრიგად, უილსონი „დარდის გამო შეურაცხად“ ადამიანად აღიარეს, რაც საქმის გასამარტივებლადაც იყო საჭირო, და ყველაფერი ამით დასრულდა.
ყოველივე ეს უმნიშვნელოდ და არაარსებითად მიმაჩნდა. საქმე ის იყო, რომ გეტსბის ჭირისუფალი მარტო მე აღმოვჩნდი. იმის მერე, რაც უბედურების შესახებ უესტ-ეგ ვილიჯში ტელეფონით შევატყობინე, თუ რამე დააეჭვებდათ, ან რაიმე პრაქტიკული საკითხი წამოიჭრებოდა, მე მომმართავდნენ. პირველად გამიკვირდა და ვიუხერხულე. მერე კი, რადგან გეტსბი საკუთარ სახლში გაუნძრევლად იწვა და არც სუნთქავდა, არც ლაპარაკობდა, თანდათანობით შევეჩვიე იმ აზრს, რომ პასუხისმგებლობა მე მეკისრებოდა. სხვა არავინ იჩენდა რამე ინტერესს, მე ვგულისხმობ იმ ძლიერ პიროვნულ ინტერესს, რომლის უფლება, თუნდ მცირედი, ყოველ ადამიანს აქვს.
გეტსბის პოვნიდან ნახევარი საათის შემდეგ დეიზის დავურეკე. დავურეკე უნებლიედ, არც კი დავფიქრებულვარ. მაგრამ ტომი და დეიზი იმ დღეს სადღაც წასულიყვნენ და ბარგი-ბარხანაც წაეღოთ.
– მისამართი არ დაუტოვებიათ?
– არა.
– არც ის უთქვამთ, როდის დავბრუნდებითო?
– არა.
– არც სავარაუდოდ უთქვამთ რამე, სად ვიქნებითო? ან მე როგორ მივაწვდინო ხმა?
– არ ვიცი. ვერაფერს გეტყვით.
გულით მინდოდა გეტსბისთვის ჭირისუფალი მეპოვნა. მინდოდა შევსულიყავი იმ ოთახში, სადაც ესვენა იგი და დამერწმუნებინა: „გიპოვი ვინმეს, გეტსბი, ნუ იწუხებ. ჩემი იმედი გქონდეს, ვიპოვი ვინმეს...“
მეიერ ვულფშიმის გვარი ტელეფონების წიგნში არ აღმოჩნდა. მსახურმა მითხრა მისი კანტორის მისამართი ბროდუეიზე. ცნობათა ბიურომ ტელეფონის ნომერი რომ მომცა, უკვე ხუთს გადაცილებული იქნებოდა და ვულფშიმის კანტორა აღარ პასუხობდა.
– კიდევ ხომ არ დარეკავთ?
– სამჯერ დავრეკე.
– საჩქარო საქმე მაქვს.
– სამწუხაროა. ალბათ წასულები არიან.
სასტუმრო ოთახში რომ დავბრუნდი, ჯერ ვიფიქრე, ძველი სტუმრები მოსულან-მეთქი, მაგრამ, თურმე ხელისუფლების წარმომადგენელ ოფიციალურ პირთ აევსოთ ოთახი. მიცვალებულთან მივიდნენ, ზეწარიც გადახადეს და თვალდახუჭულ გეტსბის დააჩერდნენ. მე არ მშორდებოდა მისი ხმა: „მომხედე, ძმაკაცო, უნდა მიპოვი ვინმე. დიდი ჯაფაც რომ დაგადგეს, მაინც უნდა მიპოვო. ასეთ დროს მარტო ნუ მიმატოვებ“.
ვიღაცამ შეკითხვები დამაყარა, მაგრამ ყურადღება არ მიმიქცევია, ზედა სართულზე ავვარდი და საჩქაროდ გადავქექე გეტსბის საწერი მაგიდის დაუკეტავი უჯრები - გარკვევით არასოდეს უთქვამს, მშობლები ცოცხალი აღარ მყავსო. ვერაფერი ვნახე. კედლიდან მხოლოდ დენ კოდის სურათი მომჩერებოდა, ვით სახსოვარი დავიწყებულ ვნებათა ღელვისა.
მეორე დილას ნიუ-იორკში მსახური გავგზავნე, წერილი გავატანე ვულფშიმთან. გეტსბის შესახებ მინდოდა გამეგო რამე და ვთხოვდი, შემდეგი მატარებლით ჩამოსულიყო. წერის დროს გავიფიქრე, ამის თხოვნა რა საჭიროა-მეთქი. ეჭვიც არ მეპარებოდა, გაზეთების წაკითხვისთანავე აქეთ გამოეშურებოდა. დეიზიც, დარწმუნებული ვიყავი, უმალვე დეპეშას გამოგზავნიდა და ნაშუადღევისთვის მივიღებთ-მეთქი. მაგრამ არც დეპეშა მოსულა და არც ბატონი ვულფშიმი გამოჩენილა. საერთოდ არავინ ჩამოსულა რამდენიმე პოლიციელის, ფოტოკორესპონდენტისა და ჟურნალისტის გარდა. მსახურმა ვულფშიმის პასუხი რომ ჩამომიტანა, აღვშფოთდი. ვიფიქრე, გეტსბიც ჩემსავით აუმხედრდებოდა და შეიზიზღებდა მათ.
„ძვირფასო ბატონო კაროუეი, ჩემთვის, მთელს სიცოცხლეში, ერთი ყველაზე უფრო თავზარდამცემი ამბავი ეს უბედურებაა. დაჯერებაც კი მიჭირს, ნუთუ მართალია. იმ კაცის გიჟურმა საქციელმა ყველა უნდა დაგვაფიქროს. ახლა მანდ ვერაფრით ვერ ჩამოვალ, მეტად მნიშვნელოვანი საქმით ვარ დაკავებული და ასეთ ამბავში გარევა არ შემიძლია. თუ რამე ისეთი იქნება, რომ ცოტა მოგვიანებით გამოგადგებით, გამომიგზავნეთ წერილი ედგარის ხელით. ელდა მეცემა და ძალ-ღონე წამერთმევა ხოლმე, როცა ასეთ ამბავს შევიტყობ.
ჭეშმარიტად თქვენი მეიერ ვულფშიმი“.
ბოლოს ნაჩქარევი მინაწერიც ჰქონდა:
„გამაგებინეთ დაკრძალვის და სხვათა შესახებ. მის ოჯახს საერთოდ არ ვიცნობდი“.
ნაშუადღევს ტელეფონმა დარეკა. საქალაქთაშორისომ მითხრა, ჩიკაგო გეძახითო. გადავწყვიტე, დეიზი რეკავს-მეთქი. მაგრამ ხაზს მამაკაცის ხმა მოჰყვა, წვრილი, ძლივს ისმოდა.
– სლეგელი ვარ...
– გისმენთ! - ასეთი გვარისას არავის ვიცნობდი.
– ეს რა ჯანდაბა მოხდა? მოვიდა ჩემი დეპეშა?
– არავითარი დეპეშა არ მოსულა.
– ყმაწვილი პარკერი გაება, - სწრაფად მომახალა. - მაშინ დაიჭირეს, როცა ქაღალდებს მოლარეს აწვდიდა. თურმე ნომრები ნიუ-იორკიდან ხუთი წუთის წინ ჰქონიათ მიღებული.
იცით რამე ამის შესახებ, ჰა? წინასწარ ვერაფერს გაითვალისწინებ ასეთ მიყრუებულ დაბაში...
– ალლო! - სიტყვა გავაწყვეტინე. სუნთქვა შემეკრა. - მომისმინეთ, მე ბატონი გეტსბი არა ვარ, ბატონი გეტსბი გარდაიცვალა.
ყურმილში დიდხანს ჩქამიც არ ისმოდა. უეცრად რაღაც შეძახილი შემომესმა... მერე რაღაცამ ჩხაკანი გაიღო და გამოითიშა.
მგონი მესამე დღეს, მინესოტას რომელიღაც ქალაქიდან მოვიდა დეპეშა. ხელს აწერდა ჰენრი ჩ. გეცი. იგი იტყობინებოდა, რომ დაუყოვნებლივ გამოემგზავრა და ითხოვდა დაკრძალვა მის ჩამოსვლამდე გადაედოთ.
ეს გეტსბის მამა გახლდათ, დარბაისელი მოხუცი კაცი, სასოწარკვეთილი, შეძრწუნებული; ანაფორასავით თბილი დღე იდგა. თვალებში დაუოკებელი დარდი ჩასდგომოდა. ჩემოდანი და ქოლგა რომ გამოვართვი, მეჩხერ, ჭაღარა წვერზე წაივლო ხელი და წიწკნა დაუწყო. პალტო ძლივს გავხადე. ძალა აღარაფრისა ჰქონდა, წაქცევაზე იყო. სამუსიკო ოთახში შევიყვანე, იქ დავსვი და მსახურს საჭმელი მოვატანინე, მაგრამ პირი არაფერს დააკარა. აცახცახებული ხელით მხოლოდ რძიანი ჭიქა აიღო, მაგრამ ისიც სანახევროდ დაეღვარა.
– ჩიკაგოს გაზეთში წავიკითხე, - მითხრა, - ჩიკაგოს გაზეთში ყველაფერი ეწერა. იმწუთშივე აქეთ გამოვწიე.
– არ ვიცოდი, თქვენთვის სად შემომეთვალა.
თვალებს უაზროდ აცეცებდა, ვერ ისვენებდა.
– გიჟი იყო ის კაცი, - აღმოხდა, - მხოლოდ გიჟს შეეძლო ამის ჩადენა.
– ყავას ხომ არ მიირთმევდით? - შევეხვეწე.
– არაფერი არ მინდა. ახლა არა მიშავს რა, ბატონო... – კაროუეი.
– დიახ, ახლა უკეთ ვარ. სად არის ჯიმი?
სასტუმრო ოთახში ესვენა მისი ვაჟი. შევიყვანე იქ და დავტოვე. კიბეებზე პატარა ბიჭები ამოსულიყვნენ, წინკარში იჭყიტებოდნენ, ვუთხარი ვინც იყო ჩამოსული და ზლაზვნით გაბრუნდნენ უკან.
ცოტა ხნის შემდეგ ბატონმა გეცმა სასტუმრო ოთახის კარი გააღო და გამოვიდა. ქვედა ყბა ჩამოვარდნოდა, სახე აწითლებოდა, თვალიდან დროდადრო ობოლი ცრემლი ჩამოუგორდებოდა. უკვე იმ ასაკში იყო, როცა სიკვდილი საშინელ ზმანებად აღარ ეჩვენებათ. პირველად ახლა ნახა შვილის სახლ-კარი. მაღალი და დიდებული წინკარი რომ იხილა და აქედან გაჰხედა ერთიმეორეზე გადაბმულ უზარმაზარ ოთახებს, მის მგლოვიარე გულს კრძალვისა და სიამაყის გრძნობა შეეპარა. საწოლ ოთახამდე მივაცილე, მეორე სართულზე. ვიდრე პიჯაკს და ჟილეტს იხდიდა, ვუთხარი, ყოველგვარი სამზადისი თქვენს ჩამოსვლამდე შევაჩერე-მეთქი.
– არ ვიცოდი, რას მოისურვებდით, ბატონო გეტსბი...
– ჩემი გვარია გეცი.
– ... ბატონო გეც, ვიფიქრე, იქნებ დასავლეთში წასვენება ისურვოს-მეთქი.
თავი გააქნია.
– ჯიმის ყოველთვის აღმოსავლეთი მოსწონდა. აღმოსავლეთში მიაღწია მაღალ მდგომარეობას. ჩემი ბიჭის მეგობარი იყავით, ბატონო...?
– უახლოესი მეგობრები ვიყავით.
– დიდი მომავალი ჰქონდა, ხომ იცით. ჯერ სულ ახალგაზრდა იყო, მაგრამ აქ ჰქონდა დიდი ძალა. - შუბლზე მრავალმნიშვნელოვნად მიიდო ხელი; თანხმობის ნიშნად მეც თავი დავუქნიე.
– რომ ეცოცხლა, დიდი კაცი გახდებოდა, ჯეიმზ ჯ. ჰილისნაირი კაცი. ქვეყნის შენებაში მიიღებდა მონაწილეობას.
– მართალს ბრძანებთ, - უხერხულობა ვიგრძენი, მაგრამ მაინც კვერი დავუკარი.
ერთხანს უგერგილოდ აწვალა საწოლის ლამაზი გადასაფარებელი, მერე როგორც იქნა, აიღო იგი და მოუქნელად ჩაწვა ლოგინში. მყისვე დაეძინა.
ღამით ვიღაც კაცმა დარეკა, აშკარად დაფეთებული იყო. ჯერ მითხარით თქვენ ვინა ხართ და მერე გეტყვითო ჩემს გვარს.
– ბატონი კაროუეი გახლავართ, - ვუთხარი.
– ოჰ! - შვებით ამოისუნთქა. - კლიპსპრინგერი ვარ.
მეც გულზე მომეშვა. ვიფიქრე, გეტსბის დაკრძალვას მეორე მეგობარიც დაესწრება-მეთქი. არ მინდოდა გაზეთში გამოცხადება და ცნობისმოყვარეთა ბრბოს მოზიდვა. გადავწყვიტე, ტელეფონით მეცნობებინა მხოლოდ რამდენიმე გულშემატკივარი კაცისთვის, მაგრამ ვერავინ დავიჭირე.
– ხვალ არის დაკრძალვა, - ვუთხარი, - პანაშვიდი სამ საათზე დაიწყება აქვე, სახლში. კარგს იზამთ, თუ დაურეკავთ ვინმეს, ვისაც გული შესტკივა.
– ო, რა თქმა უნდა, - უეცრად ხმა ჩაუწყდა, - არა მგონია შევხვდე ვინმეს, მაგრამ თუკი ვნახე, უსათუოდ ვეტყვი.
ამ სიტყვებმა დამაეჭვა.
– თქვენ, რა თქმა უნდა, ჩამოხვალთ.
– იცით, ცხადია, შევეცდები. ახლა იმიტომ დავრეკე...
– მოიცათ, - სიტყვა შევაწყვეტინე, - მითხარით, მოხვალთ თუ არა?
– იცით, ფაქტია, რომ... საქმე ნამდვილად ასეა: ახლა, რამდენიმე ნაცნობთან ერთად აქ, გრინვიჩში ვცხოვრობ. მთხოვეს, ხვალ ჩვენთან ერთად იყავიო. პიკნიკი აქვთ თუ რაღაც ამის მსგავსი. მე, რა თქმა უნდა, ყოველნაირად შევეცდები თავი დავაღწიო.
– ეჰ! - აღმომხდა უნებლიედ. ალბათ გაიგონა, რადგან ნერვიულად, სხაპასხუპით მომაყარა:
– ახლა იმისთვის დავრეკე, რომ გთხოვოთ: სპორტული ფეხსაცმელი დამრჩა მანდ და თუ ძალიან არ გაძნელდება, იქნებ მსახურმა გამომიგზავნოს. ჩოგბურთის ფეხსაცმელია და უმაგისოდ უმწეო ვარ. ჩემი მისამართია ბ. ფ...
ვეღარ მოვუსმინე, დავკიდე ყურმილი.
ამის მერე უაღრესად გავწბილდი - ერთ ჯენტლმენს დავურეკე და ასე მითხრა, ახია მაგაზე, რასაც იმსახურებდა, ის მოიმკაო. ჩემი ბრალი იყო, არ უნდა დამერეკა ასეთი კაცისთვის: ერთი იმათგანი იყო, ვინც ყოველთვის მწარედ დასცინოდა გეტსბის, როცა მისი ღვინით ზარხოშზე იყო მოსული. დარეკვამდე უნდა დავფიქრებულიყავი.
დაკრძალვის დღეს, დილაადრიან, ნიუ-იორკს მივაშურე მეიერ ვულფშიმის სანახავად. სხვაგვარად მასთან დაკავშირება შეუძლებელი აღმოჩნდა. მელიფტე ბიჭმა ერთ-ერთ კარზე მიმითითა, რომელზეც ასეთი წარწერა იყო: „სვასტიკის აქციონერთა საზოგადოება“. ოთახში არავინ ჩანდა. „ჰელოუ“, რამდენჯერმე ამაოდ დავიძახე; ბოლოს, ტიხარს უკან კამათის ხმა გაისმა და იმავე წამს ოთახის კარებში მშვენიერი ებრაელი ქალი გამოჩნდა. შავი თვალებით მტრულად ამათვალიერ-ჩამათვალიერა:
– არავინ გახლავთ. ბატონი ვულფშიმი ჩიკაგოშია.
პასუხის პირველი ნაწილი აშკარა ტყუილი იყო, რადგან შიგ ვიღაც უსტვენდა „ვარდის ბუჩქის“ მელოდიას, მაგრამ უსწოროდ.
– გეთაყვა, გადაეცით, რომ ბატონ კაროუეის სურს მისი ნახვა.
– ჩიკაგოდან აქ როგორ გაგიჩინოთ, განა ამდენი ძალა მაქვს?
ამ დროს შიგნიდან დაძახილი მოისმა:
– სტელა.
– თქვენი გვარი მაგიდაზე დადევით, - საჩქაროდ მითხრა, - გადავცემ, როცა დაბრუნდება.
– მე კი ვიცი, რომ აქ არის.
გაბრაზებულმა ჩემკენ გადმოდგა ნაბიჯი და აღშფოთებისგან ხელები გაასავსავა.
– ახალგაზრდებს ასე გგონიათ, აქ ყოველთვის შეიძლება შემოსვლა, როცა თქვენ მოისურვებთ, თუნდაც ძალით, - შემომიღრინა, - გავბეზრდი. მე რომ გეუბნებით, ჩიკაგოშია-მეთქი, ესე იგი, ჩიკაგოშია.
გეტსბის სახელი ვუხსენე.
– ოჰ-ჰო! - ისევ შემათვალიერა. - ხომ არ... რა გვარი ვარო, როგორ მითხარით?
გვარი გავუმეორე და გავიდა. იმავე წამს კარებში დარბაისლურად ჩამოდგა მეიერ ვულფშიმი და ორივე ხელი ჩემკენ გამოიშვირა. შემიყვანა თავის სამუშაო ოთახში. სევდიანად მითხრა, დღევანდელი დღე ჩვენთვის ყველასათვის სამგლოვიაროაო და სიგარა შემომთავაზა.
– ის დღე მახსენდება, პირველად რომ ვნახე, - გამიბა ბაასი, - ახალგაზრდა მაიორი იყო, ჯარიდან ახალი დაბრუნებული. გულ-მკერდი ომში მიღებული მედლებით ჰქონდა დაფარული. ისე უჭირდა, ფორმას ვერ იხდიდა, სამოქალაქო ტანსაცმლის ყიდვა არ შეეძლო. პირველად იცით სად ვნახე: უაინბრენერის საბილიარდოში მოვიდა, ორმოცდამესამე ქუჩაზე. სამუშაო ითხოვა, რამდენიმე დღის უჭმელი იყო. წამოდი, წავისაუზმოთ-მეთქი, შევეპატიჟე.
ნახევარ საათში იმდენი საჭმელი შეჭამა, ოთხი დოლარი არც კი ეყო.
– საქმე თქვენ დააწყებინეთ? - შევეკითხე.
– დავაწყებინე?! მე ვაქციე კაცად.
– ოჰ!
– არაფრიდან; მართლაც რომ წუმპედან გზაზე გამოვიყვანე. ზრდილი, კარგი შესახედაობის ყმაწვილი იყო. როცა ისიც მითხრა, ოგსფორტის კაცი ვარო, იმავე წუთს განვჭვრიტე, რომ საქმეში გამომადგებოდა. ჩემი რჩევით ამერიკულ ლეგიონში შევიდა და მალევე დაწინაურდა. მაშინ, რაღაც სამუშაოს უსრულებდა ჩემს ერთ კლიენტს ოლბანში; ასე ვიყავით ერთმანეთთან, - ტყუპად გამოიშვირა ორი კოტიტა თითი, - განუყრელნი.
დამაინტერესა, ეს თანამოღვაწეობა მოიცავდა თუ არა 1919 წელს, როცა ბეისბოლის „მსოფლიო სერიები“ „გაასაქმეს“.
– ახლა მკვდარია, - ვთქვი მე ცოტა ხნის შემდეგ. - თქვენ მისი უახლოესი მეგობარი იყავით. ალბათ დღეს დაკრძალვაზე მოხვალთ.
– მე კი მოვიდოდი.
– ჰოდა, მოდით მერე.
ნესტოებში ბალანი შეუთამაშდა, თავი გააქნია და თვალები ცრემლით აევსო.
– ვერ ვიზამ ამას, ვერ გავერევი ეგეთ საქმეში, - მითხრა.
– არაფერში გარევა არ დაგჭირდებათ. ყველაფერი გათავებულია.
– როცა ადამიანს კლავენ, ასეთ საქმეში არ ვერევი, განზე ვდგები. ახალგაზრდობაში სხვაგვარად ვიქცეოდი. მეგობარი თუ მომიკვდებოდა, რაც არ უნდა ყოფილიყო, ბოლომდე არ მოვშორდებოდი. თქვენ იქნებ სანტიმენტალურად მოგეჩვენოთ, მაგრამ მართლა გეუბნებით - საფლავამდე მასთან ვიყავი.
მივხვდი, რაღაც მიზეზით მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი დასაფლავებაზე არ წამოსულიყო. რაღას ვიზამდი, წასასვლელად გავემზადე.
– თქვენ უნივერსიტეტელი ხართ? - შემეკითხა მოულოდნელად.
მე მეგონა ისევ „გონტაქტებზე“ დამიწყებდა საუბარს, მაგრამ მხოლოდ თავი დამიქნია და ხელი ჩამომართვა.
– ერთხელ და სამუდამოდ დავიხსომოთ, ადამიანს სიცოცხლეში უნდა ვუმეგობროთ და არა გარდაცვალების შემდეგ, - გამიზიარა თავისი აზრი, - მე ჩემი წესი მაქვს, გარდაცვლილი უმჯობესია მარტო დატოვო.
ვულფშიმის კანტორიდან გარეთ რომ გამოვედი, ცა შავი ღრუბლებით იყო დაფარული. უესტ-ეგს როცა მივაღწიე, უკვე სცრიდა. ტანსაცმელი გამოვიცვალე და გეტსბის სახლში გადავედი. ბატონი გეცი ბოლთასა სცემდა წინკარში. აღტაცებული იყო თავისი ვაჟით, მისი სიმდიდრე თანდათან ჰმატებდა სიამაყეს. ახლა ჩემთვის რაღაცის ჩვენება სურდა.
– ეს სურათი ჯიმიმ გამომიგზავნა, - მთრთოლვარე თითებით ჯიბიდან საფულე ამოიღო და გამომიწოდა, - აი, ნახეთ.
კუთხეებში უკვე დამსკდარ, გაცვეთილ და დასვრილ ფოტოსურათზე გეტსბის სახლი იყო გამოსახული. ბერიკაცი აღგზნებული მიჩვენებდა ხან ერთ დეტალს, ხან მეორეს : „აი, შეხედეთ!“ მერე ჩემს თვალებში ეძებდა აღფრთოვანების სხივს. ფოტოსურათს ისე ხშირად მაჩვენებდა, რომ უთუოდ სურათი უფრო რეალურ რაიმედ მიაჩნდა, ვიდრე თვით სახლი.
– ჯიმიმ გამომიგზავნა. მე მგონი ძალიან ლამაზი სურათია. ყველაფერი ისე კარგად ჩანს.
– ძალიან. ბოლო ხანს თუ ნახეთ?
– ორი წლის წინ ჩამოვიდა და სახლი მიყიდა, სადაც ახლა ვცხოვრობ. წელში გაგვტეხა სახლიდან მაგის გაქცევამ. მაგრამ ახლა ვრწმუნდები, ჰქონდა საამისო მიზეზი. იცოდა, რომ დიდი მომავალი ექნებოდა. იმის შემდეგ, რაც წარმატებას მიაღწია და ფეხი მოიმაგრა, ერთობ კეთილად მექცეოდა.
სურათს თვალიდან არ მაშორებდა, მერე ისევ საფულეში შეინახა და ჯიბიდან ამოიღო დაფურცლული წიგნი „გადახტი, კესიდი“.
– აი, ნახეთ, პატარაობისას ჰქონდა ეს წიგნი. აშკარად ჩანს მისი ბუნება.
წიგნი გადაშალა და ჩემკენ შემოაბრუნა, რომ კარგად დამენახა. წიგნის ბოლო, სუფთა გვერდზე მკაფიო ასოებით იყო გამოყვანილი: „განრიგი“ და თარიღი ჰქონდა დასმული - „12 სექტემბერი, 1906 წელი“. ქვემოთ კი შემდეგი ეწერა:
„ადგომა . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 6:00 (დილით)
ჰანტელებით ვარჯიში და კედელზე ცოცვა . . . . . . . 6:15 - 6:30
ელექტრობის შესწავლა და სხვა . . . . . . . . . . . . . . 7:15 - 8:30
შრომა . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 8:30 - 4:30 (საღამ.)
ბეისბოლი და სპორტი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 4:30 - 5:00
ვარჯიში მჭერმეტყველებაში და ტანის დაყენება . . . . 5:00 - 6:00
საჭირო გამოგონებებზე მუშაობა . . . . . . . . . . . . . .7:00 - 9:00
საერთო წესები:
არ გავცდე შაფტერსთან ან (გვარი გაურკვევლად წერია).
არ მოვწიო, არ ვღეჭო რეზიზი.
აბაზანა - ყოველ დღეგამოშვებით.
ზოგადი განათლებისთვის წავიკითხო კვირაში ერთი წიგნი ან ჟურნალი.
უკეთ მოვექცე მშობლებს“.
– ეს წიგნი შემთხვევით ვნახე, - მითხრა ბერიკაცმა, - პირდაპირ გიჩვენებს მის ხასიათს, არა?
– ჯიმი ძალიან დაწინაურდა. ყოველთვის რაღაც წესს იცავდა, ან ასეთს ან რამე სხვას. შეამჩნიეთ, როგორ ზრუნავდა ცოდნის გაღრმავებაზე? ყოველთვის დიდად მოწადინებული იყო. ერთხელ მითხრა, რა ღორივით ჭამო. გავლახე ამისთვის.
არ უნდოდა წიგნის დახურვა. თითოეულ მუხლს ხმამაღლა კითხულობდა და ცნობისმოყვარეობით შემომყურებდა. მგონი, იმასაც კი მოელოდა, რომ საჩქაროდ გადავიწერდი ამ განრიგს.
სამს რაღაც წუთები აკლდა, როცა ფლაშინგიდან ლუთერანელი მღვდელი მოვიდა.
ჩემდაუნებურად თვალი ფანჯრებისკენ გამექცა, სხვა მანქანებიც ხომ არ მოდიან-მეთქი. გეტსბის მამასაც იგივე დაემართა. დრო კი მიდიოდა. ყველა მსახური დარბაზში შემოსულიყო და გამოსვენებას ელოდებოდა. შეწუხებული ბერიკაცი თვალებს აფახურებდა, წვიმასა და უამინდობაზე ბუზღუნებდა. ხუცესმა რამდენჯერმე დახედა საათს. განზე გავიხმე და ვთხოვე ნახევარი საათი კიდევ დაეცადა. მაგრამ ამაოდ: არც ერთი კაცი აღარ მოსულა.
ხუთი საათისთვის სამი მანქანისაგან შემდგარმა პროცესიამ სასაფლაოს მიაღწია და ჭიშკართან შეჩერდა; წვიმა გაძლიერებულიყო. წინ იდგა ცხედრიანი მანქანა, შემდეგ ლიმუზინი, რომელშიც ბატონი გეცი, მღვდელი და მე ვისხედით; ცოტა მოშორებით, გეტსბის საბარგულიან მსუბუქ მანქანაში, მთლიანად გალუმპული ისხდნენ ოთხი თუ ხუთი მსახური და უესტ-ეგელი ფოსტალიონი. სასაფლაოს ჭიშკარში როგორც კი შევედით, მანქანის გაჩერების ხმა გავიგონე, მერე ჭყაპსა და ტალახში ვიღაც ტყაპატყუპით დაგვედევნა. უკან მოვიხედე. ეს ის ბუსთვალა კაცი იყო, ამ სამი თვის წინ გეტსბის წიგნებით აღფრთოვანებული რომ დაბორიალებდა მის ბიბლიოთეკაში.
მას შემდეგ აღარ მენახა. არ ვიცი, საიდან გაიგო დაკრძალვის ამბავი, არც გვარი ვიცი მისი. წვიმამ სათვალის სქელი მინები დაუსველა; მოიხსნა სათვალე, გაამშრალა და ბრეზენტის საფარს შეხედა, გეტსბის საფლავის თავზე რომ ჭიმავდნენ.
მაშინ მხოლოდ გეტსბიზე მინდოდა მეფიქრა, მაგრამ უკვე ისე შორს იყო ჩემგან, ისღა მახსენდებოდა, რომ დეიზიმ არც დეპეშა გამოგზავნა, არც ყვავილები. გულიც აღარ მომდიოდა, ბუნდოვნად შემომესმა ვიღაცის სიტყვები: „კურთხეულ არიან მიცვალებულნი, რომელთაც დააწვიმთ“; მას ბუსთვალებიანმა ომახიანად მიუგო: „ამინ“.
ჩქარი ნაბიჯით დავეშვით უკან, მანქანებისკენ. წვიმა არ შენელებულა. ჭიშკართან ბუსთვალა გამომელაპარაკა.
– გამოსვენებას ვეღარ მოვუსწარი, - მითხრა.
– ვერავინ ვერ მოუსწრო.
– რას ბრძანებთ? - შეიცხადა, - როგორ, ღმერთო ჩემო? როცა სურდათ, ასობით მოდიოდნენ.
სათვალე მოიხსნა და ისევ გაამშრალა, შიგნიდანაც, გარედანაც.
– როგორ მეცოდება ეს მამაძაღლი! - ჩაილაპარაკა.
... ერთ-ერთ ყველაზე საამურ მოგონებად დამრჩა ის დრო, როცა მოსამზადებელ სკოლაში და, შემდეგ, უნივერსიტეტში სწავლისას, საშობაოდ ჩიკაგოდან გავდიოდით, საღამოს ექვსი საათისთვის თავს ვიყრიდით ძველ, ჩამოქურუხებულ სადგურში - „იუნიონ სტეიშნ“ - უკვე საზეიმო ორომტრიალში ჩაბმული თითო-ოროლა ჩიკაგოელი მეგობარი დასამშვიდობებლად იქ შემოგვირბენდა ხოლმე. კარგად მახსოვს ბეწვის ქურქში გამოწყობილი გოგონები, სახლში რომ ბრუნდებოდნენ რომელიღაც ქალბატონის პანსიონიდან; თვალწინ მიდგას სიცივით დამზრალთა ფშვინვა და ბაბანი; ანდა ძველ ნაცნობებთან შეხვედრა, ხელშემართული შორიდანვე რომ ვესალმებოდით ერთმანეთს. შემდეგ ჯიქურ ვიწყებდით გამოკითხვას ვინ სად იყო დაპატიჟებული: „ორდუეებთან მიდიხართ? ჰერსეიებთან? შულცებთან?“ მახსოვს ხელთათმანებში ჩაჭმუჭნული გრძელი, მწვანე ბილეთები; შობადღესავით ხალისიანი იერი ჰქონდა კარიბჭის იქით ჩიკაგო-მილუოკი-სენტპოლის რკინიგზაზე ჩამწკრივებულ მუქ ყვითელ ვაგონებს.
მატარებელი რომ დაიძვრებოდა და ქშენით შეუტევდა ზამთრის ღამეს, ვაგონის ფანჯრებში ალიცლიცდებოდა ნამდვილი თოვლით, ჩვენებური თოვლით დაფარული მიდამო.
დროდადრო გაიქროლებდა ვისკონსინის პატარა სადგურების მბჟუტავი შუქი; ჰაერი უეცრად გაიმსჭვალებოდა პირველყოფილი სიწმინდითა და სიმსუბუქით. ნასადილევს, როცა ჩვენს ვაგონებში ვბრუნდებოდით, ცივ ბაქნებზე ხარბად ვსუნთქავდით ცინცხალ ჰაერს და ვგრძნობდით, რომ ამ მხარის ღვიძლი შვილები ვიყავით. ერთხანს ამ უცნაური განცდის მორჩილებაში გახლდათ, მაგრამ თანდათან ისევ უკვალოდ ვერწყმოდით მშობლიურ წიაღს.
ეს არის ჩემი შუა დასავლეთი - არა ყანები და მინდვრები, ან სადღაც ჩაკარგული შვედური ქალაქები, არამედ აი ეს თრთოლვის მომგვრელი მატარებლები, ჩემს ბავშვობაში სახლისაკენ რომ მიმაქროლებდნენ, ანდა ქუჩის შუქი თუ ციგის ჟღარუნი ყინვიან ღამეში, ან დეკას წნულების ჩრდილი, განათებული ფანჯრებიდან თოვლზე რომ ეფინებოდა. მეც ყოველივე ამის ნაწილი გახლავართ, ოდნავ დაღვრემილი - გრძელი ზამთრების გამო, ოდნავ თავდაჯერებული იმის გამო, რომ კაროუეების ოჯახში აღვიზარდე. აღვიზარდე იმ ქალაქში, სადაც საცხოვრებელ სახლს დღესაც, წლების მანძილზე მფლობელის გვარით იხსენიებენ.
ახლა ვამჩნევ, რომ მოთხრობილი ამბავი ნამდვილი დასავლური თავგადასავალია. ბოლოს და ბოლოს, ტომიც და გეტსბიც, დეიზიც და ჯორდანიც, მეც - ყველა დასავლეთიდან ვართ. იქნებ ყველას რაღაც გვაკლდა ისეთი, რომ გვიჭირდა აღმოსავლურ ცხოვრებასთან შეგუება.
მაშინაც კი, როცა აღმოსავლეთი უფრო მომწონდა, როცა უფრო აშკარად ვამჩნევდი, რომ იგი სჯობდა მდინარე ოჰაიოს გაღმა გაფანტულ მოსაწყენ და გაქსუებულ ქალაქებს, სადაც მძვინვარე ინკვიზიცია მხოლოდ ბავშვებს ან ღრმა მოხუცებს თუ დაინდობდა, მაშინაც კი უკეთური მეჩვენებოდა იგი. ახლაც ხშირად ვხედავ მათ შემზარავ სიზმრებში, განსაკუთრებით უესტ-ეგს. ვხედავ ვით ელ გრეკოს ღამეულ სურათებს: ასობით სახლს, თავისი არქიტექტურით, ერთსა და იმავე დროს ჩვეულებრივიც რომ არის და უცნაურიც, ქედი მოუდრეკია გადმომხობილი ცისა და გაცრეცილი მთვარის წინაშე; ოთხი ფრაკიანი მამაკაცი ქუჩას მიჰყვება და საკაცით მიაქვთ თეთრ კაბაში გამოწყობილი მთვრალი დედაკაცი. ქალს ხელი ძირს ჩამოვარდნია და უსიცოცხლოდ ქანაობს, ცივად ელავს თვალმარგალიტი. დადუმებული მამაკაცები ერთ-ერთ სახლთან შეუხვევენ, მაგრამ თურმე შემცდარან - ეს სხვა სახლი ყოფილა. არავინ იცის ამ ქალის არც გვარი, არც სახელი და არც არავის აინტერესებს ამის გაგება.
გეტსბის სიკვდილის შემდეგ აღმოსავლეთის ეს ავი ზმანება თვალიდან არ მშორდებოდა, მაგრამ თვალს არ შესწევდა იმდენი ძალა დამახინჯებული სურათები შეელამაზებინა. როცა ჰაერში ხმელი ფოთლის ცისფერი კვამლი დატრიალდა და ქარმა გაფენილი სარეცხი უცბად გაახეშეშა, გადავწყვიტე მშობლიურ ქალაქში დავბრუნებულიყავი.
წასვლამდე ერთი საქმე უნდა მომეგვარებინა, საკმაოდ ძნელი და უსიამოვნო. იქნებ თავის განებება სჯობდა, მაგრამ მსურდა ისე წავსულიყავი, ყველაფერი მოწესრიგებული დამეტოვებინა და არა იმის იმედით, რომ დაუზარებელი და გულგრილი ზღვა ჩამორეცხავდა ჩემი უარის დანალექს. ჯორდან ბეიკერს შევხვდი. გავიხსენეთ რაც თავს გადაგვხდა, ჯერ ორივეს ერთად, მერე მე მარტოკას. ბეიკერი დიდ სავარძელში მშვიდად გადაწოლილი მისმენდა.
გოლფის სათამაშოდ იყო გამოწყობილი. მახსოვს, გავიფიქრე, კოპწიად მაღლა აწეული ნიკაპით, შემოდგომის ფოთლის ფერი თმით, სპორტული თათმანებივით მრეში და სახეზე მზემოკიდებული, მშვენიერ ილუსტრაციას ჰგავს-მეთქი. სათქმელი რომ დავამთავრე, პირდაპირ მომახალა, ვთხოვდებიო. ამას ცოტა ეჭვის თვალით შევხედე, თუმც რამდენიმე ჰყავდა ისეთი თაყვანისმცემელი, ერთი რომ დაექნია თავი, მყისვე ცოლად შეირთავდნენ, მაგრამ მე მაინც გავიკვირვე. წამით ჩავფიქრდი,
ხომ არაფერი მეშლება-მეთქი, ერთხელ კიდევ ავწონ-დავწონე ვითარება და დასამშვიდობებლად წამოვდექი.
– ისე, მაინც თქვენ მიღალატეთ, - მოულოდნელად მითხრა ჯორდანმა, - ტელეფონშივე მაგრძნობინეთ. ახლა გამიარა წყენამ, აღარც მახსოვხართ. მაგრამ მაშინ ეს იმდენად უჩვეულო იყო ჩემთვის, რომ ერთხანს თავბრუსხვევამ შემაწუხა.
ერთმანეთს ხელი ჩამოვართვით.
– გახსოვთ, ერთხელ, - განაგრძო ჯორდანმა, - მანქანის ტარების შესახებ ვისაუბრეთ.
– ჰო, დაწვრილებით აღარ მახსოვს.
– თქვენ მითხარით, ცუდი მძღოლი მხოლოდ მანამდეა უხიფათოდ, ვიდრე ასეთსავე ცუდ მძღოლს შეხვდებაო, გახსოვთ? ჰოდა, შევხვდი მეორე ცუდ მძღოლს, არა? მე იმის თქმა მინდა, რომ შევცდი თქვენში, დაუდევრობით მომივიდა ეს. პატიოსან, პირდაპირ კაცად მიმაჩნდით. ასე მეგონა, ჩუმად კიდეც ამაყობდით ამით.
– ოცდაათი წლის კაცი ვარ, - ვუთხარი მე, - უკვე ხუთი წელია გადავაბიჯე იმ ასაკს, როცა შეიძლება კაცი თავს იტყუებდე და ეს პატიოსნებად მიგაჩნდეს.
აღარაფერი მიპასუხა. გაბრაზებულსა და ნახევრად შეყვარებულს საშინლად მწყდებოდა გული, მაგრამ მაინც პირი ვიბრუნე და ჩემს გზას დავადექი.
ოქტომბრის ბოლოს, საღამო ხანს, ტომ ბიუქენენს გადავეყარე მეხუთე ავენიუზე. ჩემს წინ მიაბიჯებდა მხნედ, ჯიქურ. ხელები ოდნავ გან-გან მიჰქონდა, თითქოს რაღაც დაბრკოლებას უნდა შებმოდა და დაეთრგუნა. თავს აქეთ-იქით აქნევდა, მკვეთრად, თითქოს თავისივე მოუსვენარ თვალებს შეხმატკბილებოდა. შეხვედრა არ მინდოდა და ნაბიჯი შევანელე, მაგრამ ამ დროს ოქროულობის მაღაზიასთან შედგა და ფანჯრებში რაღაცას ჩააჩერდა. უცაბედად მეც შემნიშნა. შემომეგება და ხელი გამომიწოდა.
– რა მოხდა, ნიკ? ხელს არ მართმევ?
– არა. იცი რასაც ვფიქრობ შენზე.
– გიჟი ხარ, ნიკ, - შემომიტია, - გადარეული. არ მესმის, რა გემართება.
– ტომ, - მივახალე, - რა უთხარი უილსონს იმ დღეს?
უსიტყვოდ მომაჩერდა. სწორი იყო ჩემი ვარაუდი იმის შესახებ, თუ სად გაატარა უილსონმა ის სამი საათი, რომელიც ძიებამ ვერ გაარკვია. გზა განვაგრძე, მაგრამ ტომი უკან დამედევნა და მკლავში მწვდა.
– სიმართლე ვუთხარი, - პასუხი დამაწია, - ისეთ დროს მოგვადგა, როცა წასასვლელად ვემზადებოდით. მსახური გავაფრთხილე ეთქვა, რომ შინ არ ვიყავით, მაგრამ ძალით დააპირა მაღლა ამოსვლა. ისე აღელვებული ჩანდა, მომკლავდა კიდეც, რომ არ მეთქვა ვისი იყო მანქანა. ჯიბეში რევოლვერი ჰქონდა ხელით ჩაბღუჯული და ერთი წუთითაც არ გაუშვია, ვიდრე ჩვენთან იყო...
უეცრად გამომწვევად ჩამეკითხა:
– მერე რა, თუ ვუთხარი? ეგ ბიჭი მაინც ვერ აცდებოდა ასეთ ხვედრს. თუმცა ნაცარს გაყრიდათ შენცა და დეიზისაც. სინამდვილეში ყაჩაღი ყოფილა. ისე გადაჭყლიტა, მირტლი, თითქოს ძაღლი გაეჭყლიტოს. არც კი შეაჩერა მანქანა.
რა მეთქმოდა, არაფერი, იმ ერთადერთი გაუმხელელი ჭეშმარიტების გარდა, რომ მართალს არ ამბობდა.
– ნეტავ თუ გგონია მე არაფერი მაწუხებს. იცი, ბინის ჩასაბარებლად რომ მივედი და დავინახე ის ოხერტიალი კოლოფი ძაღლის ბისკვიტებით, დავჯექი და ბავშვივით ავზლუქუნდი. ღმერთმანი, რა საშინელება იყო...
პატიებით ვერ ვაპატიებდი, ვერც მოვიწონებდი მის საქციელს, მაგრამ ერთ რამეს კი მივხვდი - ის, რაც ჩაიდინა, სწორ საქციელად მიაჩნდა. ალბათ ქარაფშუტობის და უწესრიგობის გამო. ტომი და დეიზი ქარაფშუტა ხალხი იყო - ჯერ დაუნდობლად დაამსხვრევდნენ საგნებს თუ ცოცხალ არსებებს, მერე შეძვრებოდნენ ფულის ან უკიდეგანო ქარაფშუტობის საფარქვეშ, ან რამე ისეთს ამოეფარებოდნენ, რაც ერთმანეთთან აძლებინებდათ, და სხვებს კი აიძულებდნენ მოეწესრიგებინათ მათ მიერ არეული საქმე...
ტომს ხელი ჩამოვართვი, სისულელედ მომეჩვენა გაჯიუტება, ვიგრძენი, რომ ბავშვივით კაცთან მქონდა საქმე. მერე იგი ოქროულობის მაღაზიაში შევიდა მარგალიტის გულქანდის ან იქნებ მაჯის უბრალო საკინძის საყიდლად და თავი დააღწია ჩემს პროვინციულ ბუტიაობას.
უესტ-ეგიდან როცა წამოვედი, გეტსბის სახლი ისევ დაცარიელებული იყო. მის მშვენიერ ბაღსაც არავინ უვლიდა - ჩემი ეზოსი არ იყოს, ბალახი მორეოდა. ვიღაც ტაქსის მძღოლი, უესტ-ეგ ვილიჯის მკვიდრი, ისე არ ჩაუვლიდა გეტსბის კარიბჭეს, რომ წამით არ შეეჩერებინა მანქანა და მგზავრებისთვის მისი კარ-მიდამო არ დაენახვებინა. იქნებ სწორედ ის მძღოლი იყო, ვინც იმ შემთხვევის ღამეს დეიზი და გეტსბი ისტ-ეგში ჩაიყვანა; იქნებ ტყუილებსაც კი ჰყვებოდა. არ მინდოდა მისი მოსმენა და ყოველთვის, როცა სადგურზე მანქანას ვეძებდი, ამ მძღოლს საგანგებოდ ვერიდებოდი.
ყოველ შაბათ საღამოს ნიუ-იორკში ვატარებდი, რადგან გეტსბის გაჩახჩახებული, თვალისმომჭრელი ნადიმები ისე ცოცხლად ჩამრჩენოდა მეხსიერებაში, რომ მისი ბაღიდან გამუდმებით მესმოდა მუსიკისა და სიცილ-ხორხოცის მიმქრალი ხმა, მანქანების ხმაური. ერთხელ, ღამით, მართლა შემომესმა მანქანის ჭრიალი, შუქიც დავინახე მისი, გეტსბის სადარბაზოს კიბეებთან შეჩერდა. არ გამოვეხმაურე. უთუოდ ვიღაც უკანასკნელი სტუმარი იქნებოდა. ალბათ მოგზაურობდა სადმე, ქვეყნის დასალიერში და არ გაუგია, რომ ნადიმი სამუდამოდ იყო დამთავრებული.
წამოსვლის წინა ღამეს, როცა ბარგი უკვე ჩაწყობილი მქონდა და მანქანაც გაყიდული (ბაყალმა იყიდა), გადავედი გეტსბის ეზოში, უკანასკნელად მოვავლე თვალი ვეება, უმსგავს და გაუბედურებულ სასახლეს. კიბეების თეთრ საფეხურზე პატარა ბიჭებს უხამსი სიტყვა დაებღაჯნათ აგურის ნატეხით; მთვარის შუქზე იგი მკაფიოდ
მოჩანდა. ფეხით გადავშალე ნაჯღაბნი, მერე ჩავედი სანაპიროზე და სილაში გავიშხლართე.
სანაპიროზე გაშენებული ყველა დიდი აგარაკი უკვე გამოეკეტათ, სინათლე არსაიდან მოჩანდა, ოდნავ ბჟუტავდა მხოლოდ ბორანი, რომელიც სრუტეს გარდიგარდმო სერავდა ხოლმე. მთვარე მაღლა და მაღლა მიცურავდა. თანდათან უჩინარდებოდა შენობები, ვით რაღაც უმნიშვნელო რამ და მე წარმოვიდგინე ეს კუნძული უკაცრიელი, ვით იმ უძველეს დროს, როცა ჰოლანდიელ მეზღვაურთა თვალწინ პირველად გადაიშალა იგი, როგორც ახალი სამყაროს მწვანე, ლორთქო გულმკერდი. აწ გარდასულ ხეთა ჩრდილში, იმ ხეთა ჩრდილში, რომელთაც ადგილი დაუთმეს გეტსბის სასახლეს, მათ ჩურჩულ-შრიალში, იფურჩქნებოდა საბოლოო და უდიდესი ოცნება ადამიანისა. ამ მიწის ხილვით წამიერად მოხიბლულ ადამიანს, რომელიც, ისტორიაში უკანასკნელად, პირისპირ იდგა რაღაც ისეთთან, რაც შეესაბამებოდა გაოცებისა და აღფრთოვანების მისეულ უნარს, უთუოდ სულთქმა შეეკვროდა და დაემორჩილებოდა მშვენიერების ჭვრეტის მომნუსხავ ძალას, თუმც არც ესმოდა იგი და არც ენატრებოდა.
სანაპიროზე გაშხლართული, ოცნებით ვხედავდი ძველ, უცნობ სამყაროს და იმაზე ვფიქრობდი, როგორ გაოცდებოდა გეტსბი, როცა პირველად შენიშნავდა მწვანე შუქს დეიზის ნავმისადგომის კიდეზე. გრძელი გზა გამოიარა, ვიდრე ამ ლურჯ ბაღნარში დაივანებდა, თავისი ოცნება აქ ისე ახლო და ხელშესახები ეჩვენებოდა, ვერც კი წარმოიდგენდა, რომ თვალსა და ხელს შუა გამოეცლებოდა იგი. როდი ეგონა, თუ ყველაფერი უკვე განვლილი იყო, ჩამოტოვებული ჰქონდა სადღაც უკან, ამ ქალაქის მიღმა განრთხმულ უსასრულო ბნელეთში, სადაც რესპუბლიკის მრუმე მინდვრები ღამეული ცის ქვეშ ლივლივებდნენ.
გეტსბის სწამდა მწვანე შუქისა, სწამდა სიცოცხლით სავსე მომავალი ბედნიერების, რომელიც ყოველ წელს სულ უკან-უკან მიიწევს ჩვენგან. მერე რა მოხდა, თუ ახლა გაგვისხლტა, ხვალ უფრო ჩქარა გავიქცევით, უფრო შორს გავიწვდით ხელებს... და ერთ მშვენიერ დილას...
ასე ვებრძვით დინებას და აღმა მიგვყავს ჩვენი ხომალდი, მაგრამ ცხოვრება მიწყივ უკანვე გვრიყავს, წარსულისაკენ.