Litclub.ge

ჭიათურა
ახლა იმ შორეულს
ნისლის ბადე ჰხურავს,
ბინდში ჩაძირულან
შავი მთაგორები...
სადღაც კონტურები
ძველი ჭიათურის
სადღაც, ბავშვობაში
ბორგავს მოგონება:
ქალაქის სიცოცხლე
ბჟუტავს ნათურებით,
ბექობს შეფენილი
ფიცრული სახლებით,
სადღაც მიჭრიალებს
პატარა ურემი,
მარაოდ მიჰყვება
მტვრის კორიანტელი...
მთები დაწერილი
დამრეც ბილიკებით,
სადღაც გვირილებიც
ძაძით შემოსილან...
ღამეა, ბარბაცით
აღმართს მიიკვლევენ
მაღაროელები-
შავი ნიღბოსნები.
ზემოთ ,,საშევარდნო"
კიაფობს ნუგეშად,
მისაკენ აფრენილა
ოცნება - რამდენი!
წევს შავი ქალაქი
მთების მარწუხებში
და დასიზმრებია
ფრთები შევარდენის...