Litclub.ge

* * * ამ პაწაწინა სახელმწიფოში

ამ პაწაწინა სახელმწიფოში,
რომელსაც ჩემი ოჯახი ჰქვია,
გასაოცარი ამბები ხდება:
აჯანყებები,
გაფიცვები,
რევოლუცია...
მეზობელ სახელმწიფოებიდან
არანაკლები პროტესტი ისმის,
შუაღამემდე
ბობოქრობენ და
განთიადამდე
აღარ ცხრებიან...
დილით კი
ყოველ
ღია სარკმელთან
გახამებული ბავშვის პერანგი
ჰკიდია -
თეთრი ბაირაღივით.