ცა პირადულად მევარსკვლავება,
ხვალაც არ ველით წვიმას მეხიანს.
ისევ გაშალა ღამემ მკლავები,
რომ ძმაბიჭივით გადამეხვიოს...
მე სად ვიხილავ ღამეს მთაწმინდის,
რიჟრაჟთან გორის მთვარე შედნება,
ეს სილამაზე ნეტავ სად მიდის,
ღამით, რომელიც აღარ თენდება?!
ანდა თუ მიდის სადმე საერთოდ?!
ეჰ, რას გაუგებ ტიალ საწუთროს..
მე შენთან ყოფნას ნეტავ რად ვერ ვთმობ?!
და რაც დრო გადის, ვერ გთმობ აწ უფრო..
ანდა რად უნდა ამას მჩხიბავი,
ან მკითხაობა ანდა იჭვები,
ყოველთვის მწამდი, მუდამ მხიბლავდი
და ახლაც შენი ტრფობით ვიწვები!
ეს არის განძი სწორედ რაც მე მაქვს
და როგორც ყვავი არ გათეთრდება...
ეს სიყვარული ყველგან თან მიმაქვს,
გათენდება თუ არ გათენდება!