შეეშვი ამ ტვინის ჩახვეულ ლაბირინთს
არევა აკმარე გონებას, ეყოფა,
აბრუებს ეგ ტანი პირდაპირ ბანგივით,
კაცები საშენო მზერასაც ვერ ვიყოფთ...
მე უკვე მიყვარხარ საზღვრამდე სიგიჟის,
დამითმე მაგ გულის სულ ერთი კუთხე და
გულს გარეთ არ ვეძებ ანგელოსს -შიგ მიზის,
რომ ვხედავ შენს ღიმილს ზეციურ კურთხევად.
კრიალა ზეცაზე ვარსკვლავთა ჭორფლია...
იქნებ მთვარის ნაცვლად თავადვე აენთო...
ვის რაში სჭირდება უშენო მსოფლიო?
უშენოდ რად გვინდა სამყარო საერთოდ?
საგრძნობლად გამოდი გრძნობებით კავშირზე,
თორემ გათენებაც პრინციპში ღამეა,
ბარემ მოექეცი ღრუბლების თავში მზედ,
მიწაზე ხომ მაინც ვნებები ბღავიან...
იქნებ მთვარის ნაცვლად თავადვე აენთო...
კრიალა ზეცაზე ვარსკვლავთა ჭორფლია...
უშენოდ ვის უნდა სამყარო საერთოდ?
ვის რაში სჭირდება უშენო მსოფლიო?!