Litclub.ge

წერილი ნინოს
მე კარგადა ვარ, გიბრუნდები ყველაზე სწრაფი მატარებლით და 
გამოვცდი უკვე იერუსალიმს, მცხეთას, არარატს. 
უკეთეს სიტყვებს კალკუტელი ბრძენიც ალბათ ვერ დაძებნიდა, 
მე კი ვიპოვე, კარგადა ვარ, სხვა გზა არა მაქვს. 

ეს გზაც შენამდე, სადაც ამდენ დაუვიწყარ სახეს ვხედავ და 
ამდენ სიხარულს ვიმახსოვრებ შენთვის მოსართმევს, 
სადაც მოსმენილ ყველა ლექსის ყველა სიტყვაში შენთან ერთად ვარ, 
ღიმილთან ერთად ნაოჭებში რომ გამოვზარდე. 

ნუ მელოდები, მაინც მოვალ, ცხრა მთას იქეთ რომ წახვიდე და 
ცხრა ღმერთის უკან დამემალო - ვერ გამექცევი. 
მოვდივარ, ვტოვებ ღიმილის კვალს ქალაქებთან, ზღვებთან, ხიდებთან, 
შენთან ყოფნა მაქვს სიცოცხლისგან ნაანდერძევი. 

მოვდივარ, შენთან წოლა მინდა, სიზმრად გნახე მილიარდჯერ და 
ვიცი, რომ აწი მხოლოდ ცხადში დამესიზმრები, 
რადგან სურვილით ამ სხეულის თითეული კუნთი გაჯერდა, 
გავათბე შენთვის ლოგინები და ბალიშები. 

მოვხვიე ხელი ყველა ღრუბელს, ყველა ვარსკვლავს, ყველა მზესა და 
მზეზე მცხუნვარე ადამიანს, რომ სიმარტოვეს 
არ წავექციე, წავართვი ცას ფრინველი და თევზი შესართავს 
და რიყეებზე ერთი მშრალი ქვაც არ დავტოვე. 

მოვთხარე გული ფესვიანად, ძველი მიწა ჩამოვფერთხე და 
გადმოვრგი პეშვით კიდევუფროშენსკენმიწაში, 
დავწვი ყველა ცა, ყველა დილა, ყველა ფონი რაც მაფერხებდა, 
დავემშვიდობე მშობელს, და-ძმას, ძმაკაცს, ბიძაშვილს. 

მოვხვეტე ტყეში ყველა სოკო, ავკრიფე ცრემლი საფლავებზე და 
სულმოუთქმელად ამოვაშრე ღმერთი ლოცვანში. 
მე კარგადა ვარ, ამ სამ სიტყვას უთვალავი ღმერთი ეძებდა, 
სამ მთავარ სიტყვას ჩვენს გარშემო წყვდიადს რომ წაშლის. 

ვეკითხებოდი მის შესახებ ბალახს, მწერებს, ცაში ჩიტებს და 
ვეძებდი დიდხანს ქუჩებსა და ვიწრო სანგრებში 
და ახლა მივხვდი, რომ ის იყო ერთადერთი, რაც მარიდებდა 
სუნმოკლულ დღეებს სიკვდილზე და ჩემზე დაგეშილს. 


მე კარგადა ვარ, გიბრუნდები ყველაზე სწრაფი მატარებლით და 
გამოვცდი უკვე იერუსალიმს, მცხეთას, არარატს. 
უკეთეს სიტყვებს კალკუტელი ბრძენიც ალბათ ვერ დაძებნიდა 
მე კი ვიპოვე, კარგადა ვარ, სხვა გზა არა მაქვს.