Litclub.ge

o tempora, o mores
გიორგი გაბაიძეს

ღამეთა ჯარი ვადაგასულ სტროფებს მიათრევს,
ამ ბოლოს უფრო ვითავისებთ მგონი ხეტიალს,
დგას დილა როგორც პოეტური სიიშვიათე,
ზეცა კი თითქოს ცარიელი პერგამენტია...

ეპოქამ უკვე ეს ზამთარიც გადააფასა,
მიჰყვება პროცესს დომინანტი დილის წამები,
ჩვენი ფიქრებიც დაღლილან და ფანჯრის რაფაზე
სხდებიან ისე ვით ქაღალდის თვითმფრინავები...

რაღაც არ მოგვწონს, რაღაც არ გვწამს - უფრო ამაღამ,
ხალხი კვლავ ბრბოა… და ნერვებში ვძაბავ იოგებს,
სამამდე ვითვლი, თვალს ვხუჭავ და ვყვირი ხმამაღლა -

ჩვენ საქართველო დაგვიმალეს ჩემო გიორგი!...