ამ დღის სანიშნოდ გეწვიო მინდა,
რა გინობათო, რა სახსოვარი,
რა ვნახო შენი ფიქრივით წმინდა,
რომ დაგრჩეს, როგორც დანატოვარი.
მრავალ სამკაულს ხარბად დავყურებ,
არცერთი მოჩანს შენი სადარი,
უცებ ავიღე ლალის საყურე,
მითხრეს: ,,ქალისთვის ჰოი, რადა ღირს”.
ამასაც ვტოვებ, კვლავ გულს მაკლია,
ვსინჯავ ხან ბეჭედს, ხან ბროლს ვაზას,
თვალმა შესაფერს ვერ მიაკვლია,
რომ წაატანო ეგ ხელი ნაზად.
რომ მომაშუქო თვალი მაყვალი
და ჟრუანტელით ამივსო ტანი,
გადაუხდელი შენი მაქვს ვალი,
შენი ალერსით თბებიან მთანიც.
რაღა გიბოძო არ ვიცი, არა!
შენ, ვინაც დასდე ცხოვრებას ფასი,
განა ხელთქმნილი საჩუქრად კმარა?,
ვინც სიყვარული ფიალით მასვი?
ვინც შემათვისა ეს ზღვა, ეს მიწა,
ხარ სატრფო, დედა, დაი და ცოლი,
შენ ხარ ვინც მამულს რუსთველი მისცა,( შევადარო დედანს!!!)
ვინ არის შენი სწორი და ტოლი.
შენს ღიმილს ახლავს მშვიდობის შუქი,
შენ ხარ ძმობის და ლხენის სათავე,
ქვეყნად კაცობა ბოგინებს თუკი,
შენ აჯეჯილებ, შენ ათავთავებ.
სხვა სახსოვარი რადგან ვერ ვპოვე,
რადგან მოგელტვის ასე ოცნება,
ნუ დაუწუნებ საჩუქარს პოეტს,
აჰა, გული და პატიოსნება . . .