ჩემს ცხოვრებაში შენ შემოხვედი,
როგორც აპრილი ქარბუქის შემდეგ,
შენ ამაცდინე მაცდური ხვედრი,
დამიძახე და უფსკრულთან შევდექ.
დამიძახე და შევიგრძენ გულით,
შევიგრძენ სითბო დარიან დღეთა,
მას შემდეგ იმ ხმას სათუთად ვუვლი,
მას შემდეგ ზეცას სხვა თვალით ვხედავ.
მას შემდეგ გზა და ფიქრი გვაქვს ერთი,
მიგვაქვს ხალისით მძიმე ჭაპანი,
ვით მდინარენი ერთმანეთს ვერთვით
და მივაგორებთ ლოდებს ჩქაფანით.
დრო და გზის სიგრძე ვერ გაგვაწამებს,
ავსწიეთ მაღლა სახლი და ჭერი,
რა დამავიწყებს იმ დღეს, იმ წამებს,
როცა შენ ჩემში შემოიჭერი.