Litclub.ge

უშენო რეალობა II
მე კი ავყევი ამ ბავშვურ ყოფას, 
და მჯერა ასე თოვლის პაპისა,
და ყოველ ღამეს მას ვევედრები,
რომ მალე შენი თავი მაღირსაოს.
ჩვენი ნატვრების მცენარეს ცისფერს,
ჩვილი ბავშვივით ისევ ვუვლი მე...
რომ შენს მაღალ და თოვლისფერ კისერს,
კვლავ ავუხდინო კოცნის სურვილი.
ამ დროს ამ მანძილს ახლა რა დათვლის,
უპოეზიოდ, უშენოდ, უღვთოდ,
ჩემი წვიმები სხვა ქალაქს აწვიმს,
ჩემი თოვლი კი სხვა ქალაქს უთოვს.
და ველოდები მწვანე აისად,
ცრემლს ჩამოყოლილ შენი თვალის ფერს,
უშენობამ ვერ გამითავისა,
ვერც უშენობა გავითავისე.
უჩემობას შენ ნუ შეეჩვევი,
მე რა შემაჩვევს ამ უშენობას,
ეს თორმეტბალიანი ეჭვები,
ვერ ანგრევს ჩემი გრძნობის შენობას.
უჩემობისგან ვერ დაგიცავი,
სახლია როგორც ოთხი კედელი,
საწოლი როგორც ოთხი ფიცარი,
და უშენობა განუწყვეტელი.