Litclub.ge

თვალები – დამფრთხალი შველი
                                                   ქეთის

თვალები – დამფრთხალი შველი,
ბაგენი ატმების კრთომა,
წაიღე სიცოცხლე ჩემი...
თორემ დაიწყება თოვა.

თორემ მე სხეული შენი
ვამსგავსე ჩუქურთმას ნაქარგს,
თორემ მე ხსოვნა ვარ ძველი,
ვხატავდი მცხეთას და არმაზს.

ხან ხმალი ვიყავი გორდა,
სისხლით ვისრულებდი წადილს,
ოცნება,ოცნება მქონდა,
მოვჭედე ხახულის ხატი.

ხან მკლავი მოვკვეთე მუცალს,
ავიღე სისხლი და დავტკბი,
ხან ლექსის მორევში მდუღრავ
ხახაბოს, არდოტს და შატილს.

ხან გადარეული მოყმე
ვეფხისგან დამსისხლე მთაში
და ხანაც კრწანისთან მომკლეს 
და პირზე ღიმილად მაჩნდი.

ოცნება, ოცნება მქონდა,
მოვედი და სხვა რა მინდა,
წაიღე სიცოცხლე ჩემი,
მომხსენი ჯვარცმული ჯვრიდან.

თვალები – დამფრთხალი შველი,
ბაგენი ატმების კრთომა,
წაიღე სიცოცხლე ჩემი...
თორემ დაიწყება თოვა.