აი, შეხედეთ, მოდის ისიც,
XX საუკუნის დასასრულის პოეტი.
მას ხელიდან გააგდებინეს ყვავილების თაიგულები და ვარსკვლავები,
ხოლო პირიდან ამოაგლიჯეს
სიყვარული, ერთგულება, მშვენიერება, სილამაზე
და მსგავსი კოხტაპრუწა სიტყვები.
აი, შეხედეთ, მოდის ისიც,
აცვია ჯინსები, ხელში უჭირავს ცარიელი ბოთლებით სავსე ჩანთა და
მინის ტარის მიმღები პუნქტისაკენ მიემართება.
მას აქვს პესიმიზმით გამოტენილი თავი და ცარიელი ჯიბეები.
მას გული ერევა რითმიანი ლექსებისა და
პოლიტიკური სტატიების კითხვისას.
მან იცის, რომ საუკუნის უზარმაზარი საავადმყოფოს
რეანიმაციულ განყოფილებაში აგდია პოეზია და ის და მისთანანი
სასოწარკვეთით ლამობენ კლინიკური სიკვდილიდან მის გამოყვანას.
ის და მისთანანი - XX საუკუნის დასასრულის პოეზიის კლოუნები.
ცირკი მოკვდა! მოკვდება პოეზიაც! -
ხარხარებენ მილიონიანი ქალქები თავიანთი მყრალი ხახებით.
და ისიც, ამ ხახაში ჩავარდნილი, მილასლასებს მის ენაზე _ ქუჩაზე და აკვირდება საგნებს,
რომლებიც ხელში შეაჩეჩეს ვარსკვლავების და ვარდების ნაცვლად:
ტრამვაი, ასფალტი, კანალიზაცია, ბენზინი,
ერთჯერადი შპრიცი, ტრანსფორმატორი...
აი, ამ სიტყვების ხარახურისგან უნდა ააწყოს
“კონსტრუქტორი” პოეზიისა.
XX საკუნის დასასრული... - ძნელია დაიბადო სუფთა ჰაერზე,
ძნელია დაიბადო სიყვარულის ნიადაგზე მომხდარი
სქესობრივი აქტის შედეგად,
ძნელია დაიბადო საკეისრო კვეთის გარეშე,
ძნელია დაიბადო და სიცოცხლე არ დაგაყვედრონ,
ძნელია დაიბადო პოეტად და არ გიწოდონ ტაკიმასხარა,
ძნელია დაიბადო XX საუკუნის მეორე ნახევარში,
ძნელია დაიბადო...
და ისიც დაიბადა გაჭირვებით, კონვულსიებში,
დაიბადა პოეტი-ჯამბაზი,
ტვინში ჩააყარეს ახლადგამოჩარხული სიტყვების ჯართი,
რათა ოკრობოკრო სტრიქონებად გადაადნოს და
მერე მასზე, როგორც ბეწვის ხიდზე, ისე გაიაროს.
და აი, მიქანაობს ისიც მინის ტარის მიმღები პუნქტისაკენ,
ის, XX საუკუნის დასასრულის პესიმიზმით გამოტენილი პოეტი,
და ხელში ჩანთა უჭირავს, ცარიელი ბოთლებით სავსე...