Litclub.ge

* * * შენს სხეულზე შემოტკეცილი

შენს სხეულზე შემოტკეცილი

საზაფხულო კაბა

ისევე მაღელვებს,

როგორც შენს ზამთრის ქურქში

შეფუთნული სული.

 

მე ხომ მგონია, რომ

ნივთიერებათა ცვლა

მხოლოდ ორგანიზმში არ მიმდინარეობს.

 

მე ხომ მგონია, რომ

კაბის ელემენტები შენს სისხლში გადადიან,

ამონასუნთქის ნახშირორჟანგი კი

შენი ღუნღულა ქურქის ღრუბელია.

 

ეს ქიმიაა და არა ეროტიკა.

 

ეს ქიმიაა და შეიძლება ესთეტიკაც,

მაგრამ არავითარ შემთხვევაში

სიყვარულის ორიგინალური ახსნა.

 

შენი კაბისა და სულის დიფუზიის შესახებ

ჩემს ქიმიის სახელმძღვანელოში წერია.

 

ნე მეტყვი, რომ ვულგარული ქიმიკოსი ვარ.

 

ისედაც ვიცი, რომ

ჩემი ყვითელი მაისური

უცენზუროდ ყვითელია

და ვან-გოგის მზესუმზირებთან

დიფუზიის ნიშანწყალიც

კი არ ეტყობა.