მათი სიმღერები იყო გულუბრყვილო,
ისეთი გულუბრყვილო,
რომ მე, ისედაც გულუბრყვილო,
ვხდებოდი სულ უფრო და უფრო გულუბრყვილო,
გულუბრყვილოდ ვგლეჯდი თონის პურს
და გულუბრყვილოდ ვაწობდი აჯიკაში,
გულუბრყვილოდ ვჭამდი და
გულუბრყვილოდ ვუსმენდი ერთმანეთში აზელილ
ქართულს, ბელარუსულს, ლიტვურს, ესპანურს,
რუსულს და ინგლისურს.
მერე დავწექი მიწაზე და
მიწაც მომეჩვენა გულუბრყვილო.
მოვსვი ღვინო, რომელშიც ეყარა ატმის ნათალები და
ეს ღვინოც მომეჩვენა გულუბრყვილო.
მაღლა ავიხედე და - თუ ღმერთი არსებობს,
ალბათ გულუბრყვილოა მეთქი - გავიფიქრე,
ღმერთმა ეშმაკი გამახსენა და
თუ ეშმაკი არსებობს,
ალბათ ისიც გულუბრყვილოა მეთქი - გავიფიქრე.
შინდისში ამოსული კოლუმბიელი ფერმერები კი
გულუბრყვილო სიმღერებს განაგრძობდნენ,
მამუკა ჯაფარიძე კი, ჩვენი მასპინძელი,
გულუბრყვილოდ წვავდა კუპატებს თონეში,
გულუბრყვილოდ გვისხამდა ბადაგს და
გულუბრყვილოდ გველაპარაკებოდა უკვდავებაზე.