Litclub.ge

მინის ქარხანა

პიონერები ექსკურსიაზე წაგვიყვანეს
მინის ტარის მწარმოებელ ქარხანაში.
მამაკაცები იდგნენ ამაყად,
ზეცისაკენ აეშვირათ თავები და
უბერავდნენ...

ისე, როგორც ანგელოზები ბუკ-ნაღარას სახარებაში...

ჩვენ კი ვიდექით გაოგნებულნი და ვუყურებდით
თანდათანობით ბოთლები როგორ იძენდნენ ფორმას...

ვიდექით და ვუყურებდით...

დროც გადიოდა...
ვბერდებოდით ნელა-ნელა.

ბერდებოდნენ და იხოცებოდნენ 
ის საოცარი,
წვერგაუპარსავი, ღიპიანი ანგელოზებიც,
რომლებიც იდგნენ მინის ქარხნებში,
და გამოჰყავდათ სულის შებერვით
ღვინის, არყის, ლუდის ბოთლები...

ბოთლები გვიდგას ახლა სუფრაზე
და ვასხამთ,
ვისხამთ,
ღვინოს, არაყს, ლუდს
და ვსვამთ, მაგრამ
ყველაზე ცუდი არის ის, რომ
არავის გვახსოვს
რომ იდგნენ კაცები, ყელმოღერებულნი,
და უბერავდნენ,
და ბოთლები
იბადებოდნენ, როგორც ბოთლები...

ჩვენ კი ვიდექით - პიონერები.