Litclub.ge

ჩემი შეყვარებული მდინარეა

ჩემი შეყვარებული მდინარეა
და არაფერი მდინარული მისთვის უცხო არ არის.
ზოგჯერ იმღვრევა და გამირბის.
გამირბის მაშინაც, როდესაც მშვიდია.

ძირითადად მშვიდია და გამჭვირვალე,
სინათლით და მუსიკით სავსე,
და მისი ფსკერის ყველა კენჭი ყოველ ჯერზე სხვადასხვაა,
როგორც მისი სწრაფი თევზები.

ის ამ ნაპირთან არ დაწყებულა –
ჩემგან არ ჩანს მისი სათავე.
არც ამ ნაპირთან დაგუბდება –
მან უნდა იდინოს.

 

ზოგჯერ შევდივარ მშვიდ ნაკადში.
ზოგჯერ შევდივარ ამღვრეულში.
ზოგჯერ მშვიდია და შევდივარ, მაგრამ იმღვრევა.
ზოგჯერ პირიქით. ძირითადად ნაპირთან ვზივარ

 

და ვფიქრობ ქოხზე,
და ფიქრშივე ინგრევა ქოხი.
ღამღამობით ვანთებ კოცონს
და ვღიღინებ ძველ შეკითხვებს. ის ზოგჯერ მპასუხობს.

 

მე უნდა დავრჩე მის ნაპირთან, მან კი იდინოს.
რად მინდა ქოხი – ღამღამობით დავანთებ კოცონს.
არც მომაკვდავი ჩავეგდები მის ტალღებში, რათა წამიღოს –
ტყეში შევალ, ვითომ ფიჩხზე, და იქ დავწვები.

 

რადგან ჩემი შეყვარებული მდინარეა
და ყველაფერი არამდინარული უცხოა მისთვის.
დაე გარბოდეს, იმღვრეოდეს, მთავარია, არასდროს დაშრეს
და არც ისე წამოდიდდეს, კოცონი ჩამიქროს.