Litclub.ge

ქარიზმატული ტავტონეტი (ტავტოლოგიური სონეტი)
ხელიდან ხელში, ხიდან ხეში გადადის ქარი,
უუფლობას კი ვერ გრძნობს ქარი_ზეცის მიგრანტი,
შენი უბნიდან მოშორებას ქარივით ვჩქარობთ,
ნაბიჯებს უკან მიმქრალ ხეებს ქარი მირანდავს.

მოკლე ძელკამზე ვსხდებით, გქარგავს ქარაგმა ჩემი,
სიტყვით ვერ ვავსებ ქარში მთრთოლავ წვიმის დეფისებს,
თმას კვლავ გიწეწავს ქარის გრძელი, ზღვისპირა ხემი,
მსურს, ქარაფშუტა სიცივეში შენ რომ გეფიცხო,

ხოლო ტაეპში მოშრიალე სურნელი ქარის
კვლავ, უწინდურად, უწმინდურად ბობოქარია,
ვიქნებით ერთად სადმე, თუკი ქარი იქ არის,
თუ იქ ველურად დასეირნობს ქარის არია.

ჩვენ შევხვდით ქარში, ავიტაცეთ ნაბიჯი ჩქარი,
ხელიდან ხელში, ხიდან ხეში გადადის ქარი!