მზე ღრუბლებიდან გამოქექილი,
ისევ ნაცარში არის ჩამძვრალი,
შეხსნილ პერანგში ირმის რქებივით,
გაშლილა შენი ლავიწის ძვალი.
ღამე იღვრება როგორც ნავთობი,
მზე კი ჩამქრალი ასანთის ღერი,
მოულოდნელად გახდი დამთმობი,
მოულოდნელად გახდა დამღლელი -
ის მისამღერი რომ ღიღინებდი,
შენ უფრო მეტი გაქვს გასამხელი
და ხერხემალზე როგორც ღილები,
გახსნას ითხოვენ შენი ხალები.
ნუ გაზღაპრდები, ნუ გამითდები,
ნუ დაუჯერებ ამბებს არაკებს,
ვალაპარაკოთ ჩვენი თითები,
სანამ თითები გვალაპარაკებს.