Litclub.ge

*** მოვდივარ შენსკენ

მოვდივარ შენსკენ, შენთან ვერაფრით,

ჩვეული კადრი - მკრთალი ქუჩები,

ნოემბრის სუსხი მაქცევს ენაბლუდ.

გასულ ზაფხულში, რასაც ვუჩენდი

 

სხეულის ნაწილს, იმის მეათედს

ვერ ვუჩენ ქალაქს, თუმცა ათივე

მაქვს, ქარი ყვითელ ფოთლებს მიათრევს

სადარბაზოსთან და იქ ატირებს.

მოვდივარ ასე შენსკენ, შავებში,

მთვარე გამოჩნდა - ცა მშობიარობს,

ვერის დაღმართზე უკვე დავეშვი

და ვფიქრობ ისევ ამოვიარო.

ვერ მოვიყვანე მზე იძულებით,

აქ გვირილები მსურდა მეფოთლა.

და სიძულვილი რომ შემძლებოდა,

პირველი შენ ერთს შეგიძულებდი

 

და ამის შემდეგ უნარს ღვთაებრივს,

კვლავ დავკარგავდი, რადგან მჩვევია

სხვა ერთგულება. გირჩევ ჩაეფლო

ამ სიყვარულში და რაც ჩემია

 

გაჩვენებ... ყველა გრეხილს ვარსკვლავთა,

ცრემლები ცხელი ხელში მიყარე,

რომ აღარ მარჩენ, ბოლოს არც მკლავ და...

სხვა ვეღარავინ ვერ შევიყვარე

 

ვერც მოყვასი და მერე ვერც მტერი,

მჭირს სიყვარულის ყველა ფობია,

და სიკვდილამდე მაინც ვეცდები,

შევაკვდე ასე - ძველს და ობიანს...

და სულელადაც მთვლიან ყველანი,

ამაზე წუწუნს აღარ მოვყვები,

ქარი მიყინავს კანში მელანინს.

თოვს (ვერის აღმართს უკან მოვყვები),

 

გზა იფიქება... მაჯებს აციებს

და ვიწროვდება ქუჩის სიგანე.

ისევ ვკრავ პირჯვრის კომბინაციას

და სამ თითს შორის ვაქცევ სიგარეტს.