სამოთხის ბაღებს ჯერ ხელ უხლებელს
კაცი დღედაღამ მარტო უვლიდა,
ნელ-ნელა ტკივილს გძნობდა მუხლები
და ამიტომაც თავის გულითად,
უფრო სწორად კი თავის ერთადერთ,
მეგობარს სთხოვა, რამე ეშველა,
ბევრი იმსჯელეს, ბოლოს შეთანხმდნენ,
ღმერთი დიდი და ეს ფეხშიშველა
და ტანშიშველა, ვინმე ნუგეშის
მცემი, რომ კარგი იყო იდეა,
და ქალი გაჩნდა, თუმცა მუხლებში,
არც შვებაა და არც სიმშვიდეა.
და უცებ მიხვდა ქალი - პანდორა,
არ გაუვლია ღმერთსაც, რომ ეჭვად,
"ხერხი და ღონე", ჩამოსაჯდომად
აკრძალული ხე უნდა მოეჭრათ.
მანამდე მხოლოდ ღმერთი, რომ ღლიდა
ამაოება, ღრუბლებს სარძევეს
აჯდა და ვიცი რომ სამოთხიდან
სკამის გულისთვის გამოგვაძევეს.
აქედან იღებს სკამი სათავეს,
სკამი და ქალი თურმე ორთავე,
მიყვარს სკამები როგორც მკათათვეს
მიყვარს მინდვრები მთებს რომ მორთავენ.
გადის დრო და მეც მეტად განვიცდი
სად გაქრა ჩემი სკამის ფერია,
დღეს ყველა ტრაკი იბრძვის სკამისთვის,
თუმც დასაჯდომი ძალზედ ბევრია:
კრესლო, დივანი, სკამი ბალიშით,
ტაბურეტკა და პუფის სკამია,
სკამი ოცნება, სკამი ხალისი,
სკამი უხდება დილას ნამიანს.
მრავალნაირი სკამი არსებობს,
სკამი ზალაში, სკამი ოპელის,
ვაფასებს, ვუვლი ჰოდა ასე, რომ
მეც ვარ ერთ-ერთის სკამის მფლობელი.
პაპაჩემისგან სკამი ნაქონი,
მიყვარს ძალიან, ძლიერ, ძალიან,
მას ვერ წამართმებს ქურდი, დრაკონი,
და ვერც მანანა - უბნის რძალია.
არის ასევე ზომით სხვადასხვა,
დიდი, პატარა, სკამი ფერადი,
ზოგს დღეს სჭირდება ტილოს გადასმა,
ზოგი სკამს, ზოგსაც სკამი შენატრის.
სკამზე ჯდებოდა შუთა რუსთველი,
სკამი რკინის და სკამი გრძელია,
სკამი ერთი და სკამი უთვლელი,
სკამი უცვლელი მასპინძელია.
სკამი ბარის და სკამი სკანდალი,
ფეხმორყეული სკამი ბიძგებით,
სიამოვნების მთავარსარდალი,
ვინც სკამზე ზიხართ მიდით, იგრძენით.
დანიშნულება მისი რთულია,
როგორც ნოემბრის ბოლოს ფოთლების,
სკამი უყვართ და სკამებს უვლია,
მეც სადმე სკამის ფეხთან მოვკვდები.
ქარონიც სკამზე მჯდომი დამიცდის,
სკამზე იჯდება არსთა გამრიგეც,
მე კი მანამდე დიდი სკამისთვის,
პატარ-პატარა სკამებს ვარიგებ.