Litclub.ge

წავიდეთ ძმაო
წავიდეთ ძმაო,ჩვენი მიწა იქაა ისევ,
შენ უკეთ იცი და არ უნდა ამას სიტყვები,
აფხაზეთიდან წამოსულიც სოხუმით ცხოვრობ
და ყოველ ღამით ენგურს გაღმა სიზმრებს მიყვები.

წავიდეთ ძმაო,ნატყვიარი ფესვების ხათრით,
დალეწილ მუხლებს შევაშველოთ ხელი იქნება,
დაგვხვდება ალბათ დანგრეული კედლებით სახლი,
მაგრამ შენს გარდა მის საფასურს სხვა ვინ მიხვდება.

წავიდეთ ძმაო,სადაც შენი ბავშვობა იცდის,
სადაც პალმები თავდახრილი,ტკივილით დგანან,
სადაც ყველაზე ძვირფასია ჩვენთვის სიკვდილი
და ეს ცრემლები თვალში ჩამდგარ ნაპერწკლებს გვანან.

წავიდეთ ძმაო,ჩვენი მიწა იქაა ისევ,
შენ უკეთ იცი და არ უნდა ამას სიტყვები,
აფხაზეთიდან წამოსულიც სოხუმით ცხოვრობ
და ყოველ ღამით ენგურს გაღმა სიზმრებს მიყვები.