ახლა ის დროა, ალაგებდე უნდა ჩემოდანს
გასამგზავეებლად, ერთი მიზნით - ორი გაგებით,
ეგუებოდე ოთახში მდგარ ჭარბ უჩემობას,
კეცავდე კაბებს თითქოს იყვნენ ორიგამები.
სანამ გაავსებ ტანსაცმელით მოზრდილ ჩემოდანს,
გადაამოწმე აივანი, სხვენი, სარდაფი,
ეს ისე, მაინც, რომ რაიმე არ დაგრჩენოდა,
არ გამხდარიყო დაბრუნების მცირე საბაბი.
სუვენირები, საჩუქრები, ფოტო ოჯახის,
პატარა პრინცის თასმები და ჭრელი წინდები,
ცარიელდები როგორც ახლა ჩვენი ოთახი,
ივსები ასე უჩემობით და მეც ვმცირდები
შენში, ცოტაც და დაიცლები ბოლო წვეთისგან...
ახლა ისე გვყოფს კარდახშული დროის კანკელი,
თუკი ოდესმე ამ კარების გახსნა მეღირსა,
ან თუ მიმიღებს სხვა ტაძარი შენგან განდევნილს?!
ახლა ის დროა, ალაგებდე უნდა შენს ოდას,
და ამ დარჩენით დაასრულო ორი წამება,
ძილის წინ ფიქრში ეჩვეოდე ჭარბ უჩემობას,
და ღამეების კეცვას წეროს ორიგამებად.