მოწმენდილ ზეცას ნაღვლიანი თვალს გადაავლებ
და მზის სხივები მიგაცილებს გვირაბის წიმპირს.
თუ რა გაწუხებს, რა განაღვლებს არაფერს ავლენ,
ბანცალ-ბანცალით მიუყვები დაბურულ გზისპირს.
მიწის სინესტე მოდის შენში, ძვლებამდე ატანს,
დამდგარმა მტვერმა ამოავსო ღრუები ფილტვის,
დაეძებ იმას, რაც არასდროს არ დაგიკარგავს.
სიმდიდრეს ეძებ არა შენთვის, არამედ სხვისთვის.
მღვრიე ფულებით ამოვისეს სხვებმა ხურჯინი
და დღეს და ღამეს ატარებენ ბიზნესზე ფიქრით,
შენ კი გროშებად გაყიდული, დგახარ მუნჯივით
და ვერას ხედავ, თუ რა ხდება გვირაბის იქით.
თუნდაც ხედავ და კოღოსავით ბეჭებზე გაზის,
ბანკი, რომელიც ეშმაკივით გაცდენს და გტანჯავს,
დაუფიქრდები წასასვლელი არა გაქ სხვა გზით,
ახალგაზრდობის ოქროს წლებსაც მიწაში მარხავ.