დგას გაზაფხული, მოელის მერცხლებს,
ცაზე ღრუბლებმა შეიხსნეს ბანტი,
თითქოს ზხამთარი დანაკარგს ეძებს,
მუცელს იტკივებს ორსული მარტი.
გავცქერი ტყეებს მწვანე გორაზე,
გულ-მკერდს მიმძიმებს სევდის ლოდები,
ვიცი, ამ ხეებს შემოდგომაზე,
უხმოდ გასცვივათ ხმელი ფოთლები.
ჩვენი ცხოვრებაც ხესთან ვლინდება,
ბევრჯერ ვნახე და აღარ ვკვირდები.
ხეზე ნაყოფი რომ მომწიფდება,
ნაყოფს ხომ ისევ შეცვლის კვირტები.
ჩვენც ისევ მოვალთ ამ ქვეყნად მერე,
სადღაც, ოდესღაც წყალიც გუბდება
და როგორც ხევში ჩავლილი ღელე,
თავის კალაპოტს კვლავ უბრუნდება.
და შენც მგოსანო რას უცდი, წერე,
გაუზიარე სხვებსაც ფიქრები,
ჩვენ მოვალთ, მოვალთ ასი წლის მერე,
ჩვენ მოვალთ, მაგრამ სულ სხვა ვიქნებით.
დგას გაზაფხული, მოელის მერცხლებს,
ცაზე ღრუბლებმა შეიხსნეს ბანტი,
თითქოს ზამთარი დანაკრგს ეძებს,
მუცელს იტკივებს ორსული მარტი.