Litclub.ge

ჩემი ლექსები მაძლევენ ძალას

გამარჯვებულებს უძღვნიან სალამს,

თუმც დამარცხებულს ვინღა იგონებს.

ჩემი ლექსები მაძლევენ ძალას

და ჟრუანტელი უვლის სტრიქონებს.

 

ცაზე ღრუბელი ტირის ქალივით,

წამოვა თოვა, ვით თეთრი მტრედი.

ვერ მიმაჯაჭვეს ამირანივით,

ვერ გადამაკრეს მონობის ღვედი.

 

დეკემბერია, საცაა მოთოვს,

შეიმოსება თეთრად გორები.

მუშის ნაოფლარს იხვეჭენ ოქროს,

ტახტზე დამჯდარი მუქთახორები.

 

ჩამოარიგა ქარმა ბარათი,

თითქოს ფილვებში სუნთქვაც გაჩერდა

და საფიცრად მყავს ჩემი ქალაქი,

რომელიც მუდამ მე ზურგს მაქცევდა.