Litclub.ge

ჭიათურას

მთვის მწვერვალები ზეცას ედება

ლამაზ ხეობებს მოსავს გვირილა,

როგორც ყორანი არ გათეთრდება,

მუდამ შავია ჩემი ყვირილა.

 

გამონაბოლქვი, ქარხნების ქურა,

მტვერში ეხვევა ხედი მხატვრული

და კლდის სვეტებზე დგას ჭიათურა,

ქალაქი მუცელგამოფატრული.

 

დაჩაგრულო და მაინც ამაყო,

ვერ მოიშორე თავზე ღრუბელი.

გამოიფხიზლე ჩემო ქალაქო,

ჩამოიფერთხე ყველა წურბელი!

 

ვერ ვეგუები მოსულ დანარჩენს,

შენი შვილი ვარ, შენში მაქვს ფესვი.

დღეს ჩემს ქალაქში ცოცხლად დამმარხეს

და დამაბიჯეს წაცეულს ფეხი.

 

სისხლი ძარღვებში გულს არ აცივებს,

მაგრამ ჭრილობა სანამ ვითმინო?!

როდის ყოფილა კლდეში არწივებს,

რომ ბატონობდეს სხვა მხრის მიმინო?!