ვასილ ზაქარიას ძე ბარნოვი (ბარნაველი) (22 მაისი, 3 ივნისი, 1856, სოფ. კოდა (ახლანდელი თეთრი წყაროს რაიონი) ― 4 ნოემბერი, 1934, თბილისი), ქართველი მწერალი, პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე, ქართული ისტორიული რომანის ერთ-ერთი ფუძემდებელი.
დაიბადა სასულიერო მოღვაწის, დეკანოზ ზაქარია ბარნაველის ოჯახში. თბილისის სასულიერო სემინარიის დამთავრების შემდეგ იქვე მასწავლებლობდა (1877-1878). 1882 წელს დაამთავრა მოსკოვის სასულიერო აკადემიის ისტორიის განყოფილება. მასწავლებლობდა სენაკში, თელავსა და თბილისში. 1918-1924 წლებში ქართულ სიტყვიერებას ასწავლიდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებულ სრული გიმნაზიის უფლებით მოქმედ "შ. ნუცუბიძის კურსებზე". გარდა ამისა, 1918-1921 წლებში პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა თბილისის იუნკერთა სასწავლებელში. 1921-1930 წლებში ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლიდა თბილისის უნივერსიტეტის მუშფაკში. 1917 წლიდან გარდაცვალებამდე იყო საქართველოს მწერალთა კავშირის გამგეობის წევრი (იყო კავშირის ერთ-ერთი ფუძემდებელი). 1880-იანი წლების დამლევს არჩეულ იქნა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრად და აქტიურად მონაწილეობდა მის საქმიანობაში.აღსანიშნავია, რომ მწერალი აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში (1880-იან-1910-იან წლებში), თუმცა არ ეკუთვნოდა არც ერთ პარტიას. იმავდროულად, იგი აქტიურად იყო ჩაბმული ბრძოლაში ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღსადგენად (რაც წარმატებით დაგვირგვინდა 1917 წელს).
ვასილ ბარნოვი გარდაიცვალა 1934 წელს. დაკრძალულია თბილისში, მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში. მისი სახელი მწერლის სიცოცხლეშივე მიენიჭა თბილისის ერთ-ერთ ქუჩას.