Litclub.ge

ლედი მადონები (ოთხი წერილი)
სონეტების რკალს ვუძღვნი დედას


"ლედი მადონა, იკითხავენ ბავშვები ერთ დღეს-
რაც ხდება, ხდება, რა მოხდება შემდეგ და შემდეგ?"

პოლ მაკარტნი და ჯონ ლენონი


ლადო ასათიანის წერილი

"ნეტავ სადა ხარ ან რომელ მხარეს, 
სულზე უტკბესო დედილო ჩემო?"

დ-ეკემბერს, ყოველთვის, რა გასაკვირია, ახლავს
სიცივე. თბილისში კვირაა ირიბად ბარდნის
და თოვლის საფარი მიიწევს მაღლა და მაღლა
და შესაბამისად, სიჩქარე, ფანტელთა ვარდნის

იკლებს. მე ჭლექი მაქვს ძვირფასო დედილო ახლა,
დღეები თუ დამრჩა (სულ რაღაც) ფინალურ გზამდე,
ეგ სენი როდესაც სხეულში მოილევს სახრავს,
სტუმრობით გაბრიელს (სხვა შანსი სადაა) დავდებ

პატივს(ხო). მანამდე წვალებით ამომაქვს წამლად
ლექსები გვამიდან ყოველდღე(სამი თუ ოთხი),
სიკვდილს და ჩემს შორის დაკლაკნილ პარალელს ვავლებ.

მთვარეა ლუდსავსე (ქაფქაფა, ზევიდან) კათხა...
ო, როგორ მჭირდება მე შენი მდუღარე ცრემლი,
წერილსაც აღარ გვწერ, ნეტავი დედილო სად ხარ?!



სერგეი ესენინის წერილი 

"მწერენ, რომ თვალებს განგაშით ავსებ,
რომ მძიმე ფიქრებს ჩემს გამო აშლი,
მერე მალიმალ გადიხარ გზაზე,
ძველმოდური და ფართხუნა თავშლით."

ე-რთგვარი ხიბლი აქვს ქალაქსაც, როდესაც ღამდება,
შენ მწერ, რომ (რატომღაც) სოფელში უფრო ვარ საჭირო,
მწერ, თავის ქებაში თითქოსდა ძალიან ვაჭარბებ,
ტყუილად ვუდგები (გგონია) ჩემს ლექსებს თავდებად.

ჩემთვის ხომ არაა ნაცნობი დედური განცდები,
მე უფრო მჩვევია ქალების ქამანდით დაჭერა,
ცალ ფეხზე მკიდია, ამისთვის ბევრჯერ რომ გამჭორეს,
ვისი რა საქმეა, მე რომელ კახპასთან დავწვები,

ან რომელ დუქანში ვთვრები და მერე კი ვხულიგნობ,
ან რომელ ჯიხურში შევიძენ გაზეთებს ურიგოდ...
მეზმანა წუხელ და ამ დილით პუშკინი გავშალე.

გიგზავნი სასანთლეს, ასევე სპილენძის სამოვარს
და იმედს ვიტოვებ, როდესაც სოფელში ჩამოვალ,
ნახმარი დამხვდება ის შენი ძვირფასი თავშალი!



გალაკტიონ ტაბიძის წერილი

"დედა!... ბევრია გზები სავალი,
ხალხს- სამსახური უფრო მრავალი,
დამლოცოს შენმა კეთილმა ჩრდილმა,
მძიმე ეკლიან გზით მიმავალი!"


დ-უქნები გაიღო, ყორანი მადათოვს დასტრიალებს,
(თქვენთან კი უბერავს ნახევარნიავა- ორპირული),
იღვიძებს ქალაქი ნელ-ნელა (დილაა ადრიანი),
მზის ვიწრო ხვრელიდან ცას სითბო ძალუმად ეპარება...

დღეს სულის სიობემ ჭუჭყიან ცრემლებად გამოჟონა...
იწყება ბურუსი, იქ, სადაც თვალები მთავრდებიან,
მომბეზრდა სიცოცხლე, ხვალ უნდა ვიშოვო კარბოლმჟავა,
ან აქვე მაღალი და ჯერაც ქალწული ფანჯრებია.

ვცადე გადაკარგვა (ორი კვირის უკან) მატარებლით,
მაგრამ რა ხეირი, ბოლო გაჩერება ბათუმია,
ახლა რომ გენახე, ვიცი, რათქმაუნდა მიტირებდი,
ჰოდა, დაგამშვიდებ, შენი საყვარელი გატუნია

რომც მოკვდეს, სიკვდილი დარჩება ურჩხული უთავებო,
მე უკვე მეფე ვარ და ვიცი, მომელის უკვდავება!



ბექა ახალაიას წერილი

"მაწუხებს ის, რომ გრძნობა შენდამი ვერ მოგითარგმნე ბგერებად,
ცრემლების სიმსხო ასოთა დაღვრით მგონი ტყუილად მოვცდი,
ის, რომ მიმაჩნდა ბავშვურ ნაბიჯად მშობელი დედის ფერება
და მე სულელი შუაღამისას მხოლოდ მიპარვით ვკოცნი-

დი და კარგ შვილად თავი მომქონდა (არადა სისხლი გავუშრე),
,,დიდა"(მეგრ.) თბილად მაკრთობდა უფრო, ვიდრე ქართული ,,დედა"...


ა-ხლაც (შენ იცი) ჩემი ცხოვრება მიედინება მდორედ,
ეს ერთად-ერთი განძი შემომრჩა-(რა ვქნა) ღირსებას ვერ ვთმობ,
ჯერ იმ ასაკში მართლა არა ხარ, მოტეხილი რომ ეთქმით,
ჩემი ასეთი უკუღმართობით გაჭაღარავდი თორემ.

პოეზიაზე ლამაზი ქალი მე არ მყოლია ჯერ ხომ,
მას რამდენიმე ჩემზე მაგარი ნამდვილად ჰყავდა გვერდით,
მეც გალასავით მიყვარს დალევა, თუმცა მასავით ვერ ვწერ...
(პულსის ბგერები შემოელია მაჯის დაბზარულ ჭერხოს).

ბევრჯერ გატკინე, დრო რომ ფირივით გადავახვიოთ უკან,
რა ვქნა, კვლავ ასე მოვიქცეოდი, არ შემიძლია რაკი
სხვაგვარად, ჰოდა გთხოვ პატიებას ორგზის (წვალებით ნაშენ

ჩვენს ლამაზ სახლში მზეა ყოველთვის, ღრუბლიანობის მერე).
დე, მე ამაღამ კართან დაგხვდები, შუბლზე გაკოცებ და შენ,
თბილი ამბორი გაუნაწილე თმის გათეთრებულ ღერებს!