ორშაბათის ღამეში
თეთრი მთვარე _ თუთა!
დედა, გარეთ გამიშვი,
სული შემეხუთა.
დედა, გარეთ გამიშვი,
შევუერთდე მთვარეს...
ვარსკვლავების თარეში
იკლებს არე-მარეს.
ამქვეყნისა არა ვარ,
მთვარე მიხმობს ბედად
და ცხოვრების კარნავალს
ვერ ავყვები, დედა!
დედა, გემშვიდობები _
ამირჩია მთვარემ
და რჩეულთა მშობლების
ხვედრი მიითვალე.
ორშაბათის ღამეში
თეთრი მთვარე _ თუთა...
დედა, რა ხმა გამეცი,
მთვარესავით სუფთა.
დედაჩემო, ნახვამდის,
ხშირად გამიხსენე!
გახსოვს, როგორ ვხატავდი
მთვარის ეტლის ცხენებს?
ორშაბათის ღამეში
დე, თვალს მივეფარე.
აღარ დავბრუნდები შინ,
წამიყვანა მთვარემ.