Litclub.ge

რომ შემეძლოს
ახლა მოვკვდებოდი... (ბევრჯერ დამიწუნეს
წერა სიკვდილზე და, მაინც მეწერება)
გულზე დავიწყობდი მინდვრის თაიგულებს, -
ღიღილოების ან, მშვიდი ენძელების...

მზერას გავატანდი წყაროს სამღარიანს,
ღიმილს - მაისის ქარს, - ხეებს დაურიგოს.
სადღაც ნიკორები მიწას ჩაბღავიან...
დები იტირებენ ალბათ \"ძამულიკოს\".

მერე დაიწყება წლები დავიწყების,
ცელით დაატყობენ მიწას ნაბილიკარს...
ძვლები გათეთრდება, - დედის საფიცრები,
მხრებში მოიხრება ძველი ბაზილიკაც.

მეხი დააფეთებს სადღაც მიკიოტებს.
(ნატვრით როდის იყო, გზები მოკლდებოდნენ!)
მე ახლა მზისკენ უნდა მივდიოდე,
ჩემი კლდე-ბილიკით უნდა მივდიოდე,
ხევებს და ქარიშხლებს უნდა მივკიოდე,
თუმცა... რომ შემეძლოს, ახლა... მოვკვდებოდი.