ვწევარ გათანგული. გარეთ აპრილია,
შიგნით-აგვისტო და ხაზი ორიოდე...
გული უშენობით ისე დაილია,
მართლა რომ გესმოდეს-ფეხით მოხვიდოდი-
მისი ფორიაქი. თუმცა, სულ ერთია...
(ასეც ხდება ხოლმე, როცა ავადმყოფობს
სული.) გასისხლული ზეცა სურათია,
ჩემი ბრმა ლექსებით უნდა გადავთოფო!
გუშინ დამეკარგა ძველი საპირწონე,
მაჯა ლულასავით რომ არ გადამიხსნას
გრძნობამ უთაურმა- მოდი, ამიწონე,
კოვზით დამაძალე გრძნობა ადამისგან
ნეკნად ამოცლილო. მხართან შემიკეცე
ჭრელი საბანივით,-დედა გამახსენოს-
შენი მონატრება... ფრთები შემიკვეცეს,
შურით შემიკვეცეს, ჩემო სანატრელო!
ჰოდა, მაისია. ვწევარ გათანგული.
ოცდათვრამეტი მაქვს. ხაზიც-ორიოდე...
გული მარტოობით ისე განადგურდა,
მისი რომ გესმოდეს, ეხლავ მოხვიდოდი.