იყო და არა იყო რა, იყო ერთი პატარა ობობა. ობობას ექვსი ფეხი ჰქონდა და ძალიან უკვირდა, როგორ დადიოდნენ ადამიანები ორ ფეხზე.
ობობიკოს სახელი არ ჰქონდა, თუმცა ძალიან უნდოდა, რომ ჰქონოდა და სულ ეძებდა. ეძებდა და ეძებდა. ხანდახან რაღაცას იპოვნიდა ხოლმე, მაგრამ ეს რაღაც სკამის მომტვრეულ ფეხს, ან მუქმწვანე ღილს, ან კუსტურიცას უფრო წააგავდა, ვიდრე სახელს. მართალია პატარა ობობიკომ არ იცოდა რა იყო სახელი, ანდა როგორი სუნი ჰქონდა, მაგრამ ძალიან უნდოდა, რომ ჰქონოდა და რა ექნა?.ჰოდა, ეძებდა ეძებდა და ეძებდა. ამ ძებნაში და ფაციფუცში ზოგჯერ ისეთი რამ გადახდებოდა თავს, რაც არცერთ ობობას არ გადახდენია.
ხანდახან სხვა ობობებს და ობობიკოებსაც შეუვლიდა ხოლმე და სულ სახელზე ელაპარაკებოდა. თქვენ ხომ არ გინახავთ ჩემი სახელიო, ეკითხებოდა ობობიკო ძია ობობას.
ძია ობობა ვერაფერს ეუბნებოდა, ან რა უნდა ეთქვა, როცა არც მან არ იცოდა, რა იყო სახელი. ყველა ობობას ობობას ეძახიან. არცერთს არ ჰქვია ჩეზარე და ტიბოლა, ან კიდევ ფრანცისკო და გუისკარდო..
დრო გადიოდა, ობობა იზრდებოდა, მაგრამ თავისი სურვილი მაინც არ ავიწყდებოდა და ისევ ეძებდა.
ჰოდა, ერთ საღამოს, როდესაც სახლში ადამიანები მურაბიან ჩაის სვამდნენ და ბუხარს ეფიცხებოდნენ, ობობამ დაინახა სახელი და გახარებული, ფაცხაფუცხით მისკენ გაექანა. საბრალო, ისეთი აღტაცებული და ბედნიერი იყო! მან ხომ თავისი სახელი იპოვნა! ბოლოს ისე გათამამდა, რომ გამხდარ სახელთან ერთად ბუხრის წინ ტანგოს ცეკვა დაიწყო.. ცეცხლის ალი წითლად ანათებდა ხის ძველ იატაკს.
ყველაფერი კი ისე დასრულდა, როგორც შენ დაასრულებდი, შენს წინ სახელთან ერთად ტანგოს მოცეკვავე ბედნიერი ობობა რომ დაგენახა, ჩემო პატარავ!.