კითხულობს თვალი ბედ-იღბლის წერილს
და ვარსკვლავების ფარსაგად შემხმარ
ტოტიდან ფეხით ჩამოდის ბნელი -
ბნელი გახურავს და ბნელზე წევხარ.
მოძრაობს გზა თუ მოძრაობს თოკი
და ქარის ტირილს პასუხობს მინა,
და ოპტიმიზმით დამძღარი ჯოგი
დაყრილა აქვე და მშვიდად ხვრინავს.
მამლის ყივილი - ასანთის ღერი -
ეს ერთადერთი იმედი ხსნისთვის,
გაკრული რამე იდუმალ ხელით
აქა-იქ მბჟუტავ ნაპერწკალს ისვრის
და ჩნდება ბზარი და ბნელის ფსკერზე
დაცურავს თვალი შიშით და თრთოლვით,
და მიზეზ-მიზეზ მწვანე ხავსს ეძებს
და ხავსის ნაცვლად - თრთვილი და თოვლი!
"დაიქცეს!" - ყვირი და მერე წუხარ,
რაზე და რატომ, ჩვენ შორის დარჩეს,
გატეხავ შეშას და მშიერ ბუხარს
სულ თითო-თითო მუგუზლით არჩენ.
და დგება წუთით, როდესაც მთენთავ
დუმილზე ზანტად ეყრდნობი მხრებით,
მერე უეცრად უბიძგებ შენს თავს
შენგან და მაინც შენშივე რჩები.
თუ რამე ამდროს ღარღილობს - რუა,
და როცა ისიც ვერაფერს ვერ ცვლის,
ჭიშკარზე მთვარის გალეულ ყუას
აჭედებ ფრთხილად და ავთვალს ებრძვი.