დევს სასთუმალი - ყინულის ლოდი
და საფეთქელის ხმაური ბზარავს;
დამდგარა ფეხზე და შენსკენ მოდის
კაცი კი არა - დეკემბრის ჩალა.
ცეცხლზე შემდგარი ქვაბივით ისვრის
პეპლების შხეფებს ბალახის ტბორი,
და როგორც კარავს ახურავს ისლი -
შენ, ახლა, ჩრდილი გახურავს ქორის.
და მიდის თვალწინ მდინარე, - ლიბერ
ტალღას მიჰყვება სილა და ხრეში;
რა უნებურად აწუხებ ჯიბეს -
კვლავ სიღარიბე ამოგდის ყელში.
მაინც გიხმობენ? - პასუხი გმართებს
და გულის სითბოს გაყოფა სხვისთვის;
ხანდახან დუმილს აუნთებ სანთელს
და მაჯის ნაცვლად ხმაურობს სისხლი.
არის წუთები, როდესაც შიშველ
განცდას გაცრეცილ ნიღაბით მალავ
და ხელს ხავსისკენ იმიტომ იშვერ,
რომ თავის რწმენა შესძინო ბალახს.