უხმო ალერსით მათრობელი რთველობის თვეა,
შემობზარულა მინანქარი,ბროლი,ბალახში;
ჭაობებიდან ბოლო წერო მიდის და მიაქვს
სითბო - საგზალი ამ ქვეყნიდან იმ ქვეყანაში.
ამჩატებულა სანახები ცის თავანებით,
მზის ნატერფალზე სინანულმა გაიზარშინა;
ნეტავი ეს დღე ვის დავანებო,
და მეც წავიდე -წეროს წასვლამ რა მიმანიშნა?!
ელვის ნერვიულ ნათებიდან გამოიხატა
დამუნჯებული სინამდვილის თრთოლვა ფარული;
რჩება მიწაზე გაუვალი ტევრი ნიღაბთა
ძმობა,ღალატი,სიძულვილი და სიყვარული...
და მეც აქა ვარ,ცა მახურია,
აჟღერებული ხეივნების მჩატე სამოსით,
ეს ერთგულება მხოლოდ შენი სამსახურია
და მოლოდინი- ერთხელ მაინც ფეხად ჩამოსვლის.
ჩვენ შორის ზოგჯერ -სიფრიფანაწვიმის მესერი,
ზოგჯერ პირიქით - გაუვალი რამე წყვდიადი,
სწორედ ასეთ დროს შემახსენებ მინდვრის ხელწერით
თავს და ხელახლა ვინათლები ცის სიდიადით.
არის!- წამისად ამოხედვას შევიძლებ როცა,
გამიმთავრისებ გაორებულ ფიქრებს დროებით;
შენს მესენაკეს ბედმა ხელში კელაპტრად მომცა
ძილგატეხილი შემოდგომის საღამოები.