ცის ლაჟვარდებში მზე რად მიაქვს
მაღლა ანგელოზს?!
მე სულ სხვა ნათელს,სულ სხვა სითბოს
ტრფობით შევცქერი.
სულელი წვიმა არის ჩემი
მიქელანჯელო,
ფანჯრის მინაზე ქალწულივით
დნება შედევრი.
სივრცე მომწყურდა და მომაკვდავ
სხეულს ვიშორებ.
დროის ჯალათებს რად აუტყდათ
რეკვა ზარების?!
მე სულ სხვა სევდით ოცნებების
მომკლავს სიშორე,
თვალდახუჭული ცის კამარას
მივეკარები...
თორმეტი ტომის დამწვარ გვერდებს
ვფანტავ ქარდაქარ,
დაიფანტება მტვრის გენია
მოკლულ სივრცეში.
ო,მერი,მერი,მერი,მერი,
მერი,მერი...მიყვარხარ!
და გალაკტიონს მოსაკლავად
ვიწვევ დუელში.