გული დამიბუჟდა, ღმერთო,
უჭერს კაპილარებს სისხლი,
თუმცა არსებობას ვერ ვთმობ,
მიმძიმს, უსაშველოდ მიმძიმს.
რა დროს რითმაა და სიტყვებს
ვეღარ მოვუყარე თავი,
უნდა ემოციას მივყვე,
მიწისქვეშიდან რომ ჩხავის.
ისე აირია ზეცა,
უფრო დავემსგავსე შეშლილს,
უკვე ნატვრად მექცა, მზეც არ
გამოირთვებოდეს ჩვენთვის.
რა დროს ოცნებაა, როცა
ფიქრსაც შეეჩვია შიში,
წამებს მოგონება ხოცავს,
ცრემლი თვალთახედვას მიშლის.
და ხელაპყრობილი შეგთხოვ,
თრთოლვით, მდგარი ხიდზე ბეწვის,
სული შემიბერე, ღმერთო,
გულზე… საქართველო მეწვის.