მე ტყვე ვარ თითქოს... უცნობი მხარე...
წინ მიმაქანებს ბადრაგი ჩქარი.
როგორც მათრახის ტლაშუნი მწარე,
გინებასავით ჩაირბენს ქარი.
ვით ერთი პეშვი მიწა მამულის,
თან დამაქვს უბით ორიოდ ბწკარი.
შური კი... ჩრდილის კოშკში მიმელის
ურჩხულის სახით და ბასრი ბრჭყალით.
შეისვენებენ ღელესთან ღამით,
დახეთქილ ტერფებს წყალში ვყოფ შვებით
და მოლოდინით დაღლილი შხამი
ატოკებს ფირუზს ფერმიხდილ ვნებით.
და როგორც ნამუსახდილი ქალი,
ჭოტი კივის და ამბოხით მავსებს
და ჩემი ყველა გაქცევის კვალი
დაისებივით მაყრია ტანზე.
გამოჩნდა კოშკიც, ცაა ყვითელი,
ფართხალებს მიწა ბავშვის გულივით,
და ჰა, ჯალათის ჩრდილი წითელი
ჩამორბის სისხლის ნაკადულივით.
და დადგა ჟამი და ვიცი თვითაც,
რომ უნდა ვიყო მტკიცე და მშვიდი,
მიმაქვს ბაგესთან მთრთოლარე თითი,
ინგრევა კოშკის ქონგური შვიდი.
ვით ბეჭდის თვალში მალული შხამი,
ეხება ბაგეს ლექსის თარეში,
იელვებს, მერე ჩაქრება წამი
და დაბრუნდება მშობელ მხარეში.